Friday, August 7, 2009

08.08 - ნაწილი I

   7 აგვისტოს ღამით, ანუ უკვე 8–ში, არ მეძინებოდა და ღამის 3– საათზე ჭურჭლის რეცხვა დავიწყე. პარალელურად ტვ ჩავრთე, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევდი – კურიერი იყო. დღის სიუჟეტების გამეორება მეგონა, მაგრამ უცებ წამყვანი რომ გამოჩნდა,  თან ჯარისკაცებს და სროლებს აჩვენებდნენ, ცოტა შევშფოთდი. თუმცა მალევე დამავიწყდა და მშვიდად დავიძინე. დილით რაღაც ხმებმა გამაღვიძა, ქუჩაზე ხალხი დარბოდა. მეზობელი შემოვიდა ეზოში და ჩემს მისალმებაზე დაბნეულმა მიპასუხა. მერე გავიგე რომ მისი შვილი რეზერვიდან გორში მიყავდათ.  ნელ–ნელა გავაცნობიერე რომ მართლა რაღაც მოხდა.

   ომი – ამ სიტყვაზე ყოველთვის მაჟრჟოლებდა. მხოლოდ ფილმებში და ფოტოებში მქონდა ნანახი, მაგრამ იმის გაფიქრებაზეც კი, რომ შეიძლებოდა მე აღმოვჩენილიყავი იქ, შიშისგან ჟრუანტელი მივლიდა და მეგონა რომ ჯერ მარტო პანიკისგან მოვკვდებოდი. ამიტომ ომზე ფიქრს ყოველთვის გავურბოდი.

  და აი, ომი დაიწყო. დაიწყო აბა რა – ჩემი მეზობლები მიყავდათ. არავითარი შიში და პანიკა. როცა ამ პროცესში მეც აღმოვჩნდი ჩართული, არაფერი განსაკუთრებული არ მიგვრძნია. ალბათ იმიტომ, რომ ჯერ გააზრებული არ მქონდა, მაგრამ ადრე ხომ წარმოდგენაზეც თავზარი მეცემოდა, ახლა ჩვეულებრივ ვიყავი – დროდადრო ფორუმ.გე–ზე შევდიოდი და ინფორმაციას ვნახულობდი, თვალყურს ვადევნებდი კურიერის გამოშვებებს  და ოლიმპიადაზე ქართველების გამოსვლასაც კი ვუყურე აღლუმზე [თუ რა ქვია მაგას არ ვიცი]. 

   დღემ მშვიდად [ჰმ,მშვიდად] ჩაიარა. რომ დავწექი, ვფიქრობდი, მთავარია არ გვბომბავენ–თქო [აქ ეგოიზმმა იჩინა თავი – მთავარია მე ვარ კარგად, აქ არაფერი ხდება]. დილით ტვ–ს ხმაზე გამეღვიძა, კოპიტნარი დაბომბესო. სკაიპში ჩემს ჯგუფელებს ველაპარაკებოდი, ერთ–ერთმა [რომელიც იმავე საავადმყოფოში მორიგეობდა სადაც მე] მითხრა ეხლა მივდივარ კლინიკაშიო. მეორემ მითხრა - ნატ, შენთან კლინიკა ჰოსპიტლად გადააკეთეს და უამრავი დაჭრილებიაო. ამის წაკითხვაზე წამოვხტი და პარალელურად ჩანთის ჩალაგება დავიწყე – ვყრიდი საჭირო ნივთებს, რაც 2–3 დღისთვის დამჭირდებოდა. თან ვიცვამდი და სკაიპშიც ვწერდი, მივდივარ–თქო. ჩემდა გასაოცრად, დედას არანაირი პროტესტი არ გამოუთქვამს, პროტესტი კი არა, წინა დღესაც მეუბნებოდა, რატომ არ მიდიხარო. მაშინ როდესაც ჩემს მეგობრებს მშობლები ქუჩაშიც კი არ უშვებდნენ.

   გაჩერებაზე რომ ავედი, ხალხს ვუყურებდი, აბა ცვლილებას თუ შევამჩნევ–თქო [თავიდანვე ხომ ვთქვი, ომი რაღაც განსაკუთრებული მოვლენა, თითოეული ადამიანის სულიერი მდგომარეობა მეგონა]. ერთი შეხედვით ყველაფერი მშვიდად იყო – ხალხი იდგა, ოდნავ დაღვრემილი, რაც, ისედაც დამახასიათებელია მათთვის. ჩავჯექი ავტობუსში და მთელი მგზავრობის განმავლობაში ვფიქრობდი რა დამხვდებოდა იქ. რომ ჩავედი, ეზოში ჯგუფელი დავინახე, ძალიან გამიხარდა მასთან ერთად რომ შევედი.  შესასვლელთან ხალხი იდგა, დაჭრილების სიებს ნახულობდნენ და დაცვას ეჩხუბებოდნენ, რომელიც მათ შიგნით არ უშვებდა.

  ავედით. ყველგან უჩვეულო სიჩუმე იყო. ანი თავის განყოფილებაში წავიდა, მე თერაპიაში ჩავედი. რატომღაც ქაოსს და ალიაქოთს ველოდი. მაგრამ აქაც სიჩუმე. 

  ჩვენთან მძიმე პაციენტები არ იწვნენ – დიაგნოზში ყველას კონტუზია ეწერა. უმეტესობას აფეთქებისგან ტვინის მსუბუქი დაჟეჟილობა და სმენა ქონდათ დაქვეითებული. პალატები შემოვიარე – ყველა ძალიან ახალგაზრდა იყო, მაქსიმუმ 40 წლამდე თუ იქნებოდნენ, მინიმუმ–18. დერეფანში ავტომატიანი ხალხი შევნიშნე. სწორედ იმ დროს ახალი პაციენტი ამოიყვანეს და ბოლო პალატაში შეიყვანეს. იქ მოიყარა თავი იარაღიანმა ხალხმაც. ბოლო 2 პალატას განსაკუთრებული დაცვა ყავდა - თითოეულში 2 რუსი მფრინავი იწვა და მათ 4 ჯარისკაცი იცავდა.

   საღამო იყო რომ მივედი. ვიღაც მოყავდათ, ვინც ცოტა უკეთ იყო სხვა კლინიკაში გადაყავდათ . ჯარისკაცებს უფასო კვება ეკუთვნოდათ და უზარმაზარი, რახრახა, ბორბლებიანი მაგიდით ამოგვქონდა საჭმელი, იმის ხმა მთელ დერეფანში ისმოდა. განსაკუთრებული საქმე არ გვქონდა - მხოლოდ გადასხმები ჭირდებოდათ პაციენტებს, თითქმის ყველას სიარული შეეძლო. აღმოჩნდა რომ ჯარისკაცების უმეტესობას ნოკია ქონდა, დამტენი კი - არავის და მაგის ძებნაში შემოვიარე მთელი სართული, როგორც იქნა ტრავმაში აღმოაჩნდა ერთ-ერთი ჯარისკაცის პატრონს. ასეთი წვრილმანი საქმეები, მაგრამ ბევრი ერთად - უკვე ძალიან დამღლელი იყო, დრო ფაქტიურად არ გვქონდა, ყველა მუდმივად სადღაც გარბოდა - სისტემებს რომ მოვხსნიდით, ჭამის დრო მოდიოდა და იმ უზარმაზარი მაგიდით ქვემოთ ჩავდიოდით.. 

    რუსებიდან ერთს მარცხენა ხელზე ოპერაცია ქონდა გაკეთებული და ვერ ამოძრავებდა. ორივეს  ხერხემალი ქონდათ დაზიანებული და ვერ დადიოდნენ, მოძრაობაც უჭირდათ. ამიტომ მათ ხელით ვაჭმევდით. ერთ-ერთი მათგანი ძალიან თავაზიანი იყო,  ცდილობდა კონტაქტში შემოსულიყო და სულ მადლობებს გვიხდიდა. აი მეორე კი, ასაკითაც უფროსი იყო და უფრო გამოცდილიც. საერთოდ ხმას არ იღებდა, იშვიათად თუ უპასუხებდა კითხვებზე, გამომეტყველებაც მკაცრი ქონდა და ცოტა გვეშინოდა კიდეც მისი.  რამდენჯერმე მოგვიწია მათი რენტგენზე ჩაყვანა. ყოველ ჩასვლაზე  2 დაცვა მოგვყვებოდა, 2 კი რჩებოდა. ქართველმა ჯარისკაცებმა არ იცოდნენ რომ გვერდით პალატებში მათივე მტრები იწვნენ.

   ერთ-ერთი რომ ჩაგვყავდა ქვევით, ლიფტში  შევაგორეთ საწოლი და თვითმფრინავმა გადაგვიფრინა ძალიან დაბალზე და დიდი ხმა ქონდა. მე ჩავილაპარაკე – ხომ არ გვბომბავენ–თქო და უცებ..  ორივე დაცვა გაიქცა და რაღაც პოზიციები დაიკავა ალბათ, არვიცი - სადღაც გაქრნენ. ლიფტიორიც  გავარდა, ექთანი კიბეებისკენ წავიდა, მე ლიფტის შესასვლელთან ვიდექი და ვუყურებდი ამ წამებში მომხდარ ცვლილებას და არ ვიცოდი რა მექნა. მერე მეც გავიქეცი, აი კამერიანი ხალხი რომ გარბის და თან იღებს, კადრი რომ ქანაობს ხომ იცით? ასე ვხედავდი გარშემო საგნებს. შევვარდი კიბეებთან.  ექთანი ტიროდა. თავს ისე მშვიდად ვგრძნობდი, თითქოს ყველაფერს ეკრანზე ვადევნებდი თვალს. ექთანი შვილებზე დარდობდა, მე ვამშვიდებდი. ნელ-ნელა გამოვედით, ლიფტიორიც გამოჩნდა, დაცვაც. შევედით ლიფტში და რუსი წევს მარტო,  გაოცებული და დაბნეული თვალებით გვიყურებს.

    ქვემოთ სანამ რენტგენამდე მივედით, გრძელი დერეფანი იყო გასავლელი. თითქმის ყველა ცნობდა რუსს, ზოგი თვალს აყოლებდა, ზოგი ეჩხუბებოდა -რა დაგიშავეთო, დაცვას კი ეუბნებოდნენ -  1 ტყვია გენანებათ მაგისთვის? დაცვა კბილებს აღრჭიალებდა, იმათზე მეტად თვითონ უნდოდათ იმ 1 ტყვიის გასროლა..

    უკვე ღამის 12 საათი იყო, მეორე რუსი რომ ჩავიყვანეთ. სიტუაცია უფრო გართულდა, ვინაიდან ზუსტად ამ დროს ჯარისკაცების ნაწილი, რომლებსაც უკვე ეძინათ, გააღვიძეს, სხვა კლინიკაში გადაყავდათ.  ამიტომ ერთად მოგვიწია ლიფტამდე მისვლა. ძალიან დაძაბული მივდიოდი, გვერდით მომყვებოდნენ და ხან მოუახლოვდებოდნენ საწოლს, დახედავდნენ, მერე შორდებოდნენ. საბოლოოდ ლიფტამდე მშვიდობით მივაღწიეთ და დავაშორეთ ერთმანეთს.

    რენტგენზე დიდი რიგები დაგვხვდა და ყველას თვალში რომ არ მოხვედროდა, საწოლი ჩიხში შევაგორეთ [ის სიმშვიდე მისვლისას რომ გამიკვირდა, ნელ–ნელა სადღაც გაქრა – ყველგან დიდი ქაოსი იყო]. იქვე კაცი იჯდა, წვივიდან სისხლი სდიოდა და სიცილით ამბობდა,  ნეტავ ვინმე მომხედავსო? გვერდით ვიღაც ეჯდა და ის მეძახის:  გოგონა, გოგონა! – მივხედე და - ეგ ის არის? ხელებით თვითმფრინავის ფრთების იმიტაცია გააკეთა. არა–თქო ვუთხარი. აა, ჩვენიანიაო? თავი დავუქნიე. მერე გვერდით ჩამიარა, დახედა, იცნო და ჩაიბუზღუნა –კარგად მოუარეთ, კარგად. ვის მოვატყუებდი - ზუსტად იმ დროს ტვ-ში აჩვენებდნენ ორივე რუსს.  

    რენტგენიდან რომ გამოვიყვანეთ, დაძაბულობამ პიკს მიაღწია.  დაცვა წინასწარ გაიქცა და ლიფტი გამოიძახა, ჩვენ კი გრძელი დერეფანი საწოლთან ერთად სირბილით გავიარეთ..

3 comments:

  1. This comment has been removed by the author.

    ReplyDelete
  2. ვაიმე, ძალიან მაინტერესებს მერე რა მოხდა.. :(

    ხვალ დადებ?.

    საზიზღარი ღრუსები!..
    ვერ ვიტან.. ;(

    ReplyDelete
  3. mere ra moxdeba da mere ufro sazizgrebi gaxdebian rusebi :P

    ReplyDelete