Tuesday, October 18, 2011

ყვითელი

   თავს რაღაცნაირად მშვიდად ვგრძნობ, ცხოვრების დინებას მივყვები წყნარად. ოღონდ ისე კი არა, უღონოდ, უბრალოდ მომწონს ასე, მშვიდი ცურვა [ჰო, ირაკლი ჩარკვიანი გამახსენდა მეც].

     მივხვდი, რომ შემოდგომა მართლა ჩემი სეზონია – მსუყე და სავსე, გადარეული გაზაფხული რომ გადავლილი გაქვს, ზაფხულსაც შეატოვე მსუბუქი ემოციები და ყვითელ შემოდგომას ავსებული ხვდები. შეიძლება ყველაფერი იმის ბრალია, სექტემბერში რომ ვარ დაბადებული. ზაფხული ხომ მიყვარს გაგიჟებით, მაგრამ შემოდგომაზე ვგრძნობ თავს ყველაზე  დაცულად. დაცულად? არ ვიცი, ზუსტად როგორ აღვწერო.



   შემოდგომას ყურძნის სუნი აქვს. ყველა მეზობელს აქვს ვაზი; ჩვენც, რა თქმა უნდა, და მთელ ქუჩაზე ტრიალებს ეს სურნელი. ეს ათასგვარი ფერები ხომ ჭკუიდან მშლის, შემოდგომის ფერთა სპექტრი – ყვითელ–წითელ–ყავისფერი და შემორჩენილი ზაფხულის მწვანე.

   ხანდახან ვფიქრობ, რომ ბედნიერი ადამიანი ვარ, ამგვარი რაღაცები ასეთ ძლიერ ემოციებს რომ იწვევს ჩემში. ყველა ხომ არ არის ასე, ალბათ ზოგიერთი მარტო ტემპერატურით თუ გრძნობს სეზონის ცვალებადობას.

   ბებია ჩამოვიდა სოფლიდან და ათასი ნუგბარი ჩამოიტანა – ახალი კაკალი, მზესუმზირა, ვაშლი, გოგრა.. მთელ სახლში კომშის სუნი ტრიალებს.

   ერთი–ორი დღით სოფელში წავიდოდი სიამოვნებით და ამ თავბრუდამხვევ ფერებს იქ ყველაზე მძაფრად ვნახავდი. წარმომიდგენია, რა ხედი იქნება ჩემი აივნიდან. ვერ ვახერხებ ვერაფრით, დაგეგმვასაც კი.

  მანამდე კი, ამელის არაჩვეულებრივ საუნდტრეკს ვუსმენ და თბილისური შემოდგომით ვტკბები.

3 comments:

  1. შემოდგომა მართლა შეგეფერებათ შენ და შენს ბლოგს. მე ძლივს ვუძლებ ამ დროს. ასე მგონია ნელ-ნელა ვკვდები და მთელი ენეგრიისგან ვიცლები, რაც გაზაფხულზე და ზაფხულში დავაგროვე, არადა ახლა იღვიძებს ხალხი :))

    ReplyDelete
  2. მარი, მე პირიქით ვარ, შემოდგომაზე ყველაფრის ახლიდან დაწყების სურვილი მიჩნდება :)) ალბათ სკოლიდან და უნივერსიტეტიდან გამომყვა :))

    ReplyDelete
  3. როგორ მიყვარს შემოდგომა და ამ დროს დაბადებული ადამიანები :) უმეტესობა საკმაოდ მშვიდი და ისეთივე თბილია, როგორიც ქართული ამინდებია ხოლმე ამ პერიოდში.
    რა კარგი ფოტო გაქვს ნაპოვნი ამ პოსტისთვის, შენი ბებიაც რომ დროზე ჩამოსულა და ათასგვარი ნუგბარი ჩამოუტანია... ასე ტკბილად ვერავინ აღწერდა თავის განწყობასა და შეგრძნებებს შემოდგომაზე. ვერავინ.
    მგონი, ამელიც შემოდგომის გოგოა :)

    ReplyDelete