Wednesday, February 23, 2011

All by Myself

   ოპერაციის შემდეგ პირველი 24 საათი კრიტიკულია. ყოველი ჩასუნთქვა და გამოყოფილი სითხე დაწვრილებით იზომება და იწერება, და სიხარულით ან მწუხარებით აღინიშნება..
  მაგრამ, რა იქნება შემდეგ 24 საათში? რა მოხდება, როცა პირველი დღე კვირებად, შემდეგ კი თვედ გადაიქცევა? რა ხდება, როცა უშუალო საფრთხემ გაიარა, როცა აპარატი გამორთულია და ექიმების ჯგუფიც გვერდით აღარ არის? 
  ოპერაცია ნიშნავს, რომ გადარჩი. მაგრამ პოსტოპერაციული, შემდგომი პერიოდი, არის როცა განკურნებას იწყებ.  რა იქნება, თუ ასე არ მოხდა?
ყოველი ოპერაციის მიზანი არის სრული გამოჯანმრთელება. გახდე უფრო უკეთ, ვიდრე მანამდე იყავი. 
   ზოგიერთი პაციენტი სწრაფად იკურნება და შვებას გრძნობს. სხვებისთვის კი გამოჯანმრთელებას თვეები, ზოგჯერ კი წლებიც სჭირდება. როცა ხვდები, რომ აღარ გტკივა.

 ამგვარად, ყოველი ოპერაციის პირობაა, რომ იყო მოთმინებით. თუ შეძლებ, პირველი კვირების და თვეების განმავლობაში და თავს დაარწმუნებ, რომ გამოჯანმრთელება შესაძლებელია, მაშინ დაიბრუნებ შენს ცხოვრებას.


 მაგრამ ყველაფერს წინ უძღვის დიდი თუ.



   ყოველთვის მსიამოვნებს, როცა სხვას ვეხმარები და ცოტა მაინც ვუმსუბუქებ დარდს, თუმცა მე იშვიათად ვაკითხავ იგივე მიზნით ვინმეს. თავს თუ ცუდად ვგრძნობ, რამე პრობლემა მაქვს, ვცდილობ სხვებს არ გავანდო და თითქმის ყოველთვის ჩემთვის გადამაქვს. არ ვიცი, ეს ცუდია და უნდა ვებრძოლო, თუ კარგია და მიხაროდეს.  დრო მართლაც ყველაფერს კურნავს და ყველა დარდი ნელ-ნელა, თავისით გაივლის. ხანდახან, ყოვლად დაუკავშირებელი მოვლენა ან ადამიანი გეხმარება ამაში - ინტერნეტში შემთხვევით შეხვედრილი სურათი, ან ვინმეს თბილი ღიმილი, რომელმაც არც კი იცის, როგორ დაგეხმარა.

  ასე, გაივლის დრო და კომპიუტერის მოციმციმე ეკრანთან მჯდომ ნატალიას მოაგონდება ყველა ის სირთულე, რაც გადაუტანია. მთავარია, ეს სირთულეები რა კვალს ტოვებს. 

პ.ს ოჰ, ღმერთო, მე ხომ შევპირდი საკუთარ თავს, რომ ასე შაბლონურად პირად პოსტებს აღარ დავწერდი?!

 პ.პ.ს ჰო, ის ზედა სიტყვები [და სათაურიც] - გრეის ანატომიიდან არის.

Monday, February 21, 2011

Your own hero

  თინეიჯერული ამბები ხომ იცით - ჰორმონები რომ გმართავენ და მუდმივ ეიფორიაში ხარ. მერე იზრდები და ყველაფერი ის, რაც ეიფორიაში გაგდებდა, სასაცილოდ გეჩვენება. თუმცა მაშინდელი ამბებიდან ზოგიერთი ახლაც მომყვება და ერთ-ერთზე უნდა გიამბოთ.

   წიგნის პერსონაჟი შეგყვარებიათ? ისე, რომ იდეალად წარმოიდგინო და მასთან შეხვედრაზე იოცნებო. მე მქონდა ასეთი შემთხვევები წლების წინ და ახლაც მაქვს, უფრო მსუბუქ ფორმებში. ამ დღეებში ვიხსენებდი, ვინ შემიყვარდა ისე, რომ დაუფიქრებლად გავყვებოდი ცოლად [აქ ცოტა ვაჭარბებ, სამაგიეროდ, ეფექტი აქვს :)]. აღმოჩნდა, რომ ასეთი არც ისე ბევრია და თან, ყველა ძველი დროის ადამიანები არიან [სასწრაფოდ უნდა ვიპოვო ვინმე თანამედროვე! :)]

     ისტორიული ცნობები ბევრს არაფერს ამბობს მასზე და ალბათ, უცნაურიც იქნებოდა, ისტორიიდან რომ შემყვარებოდა გიორგი პირველი [დიდოსტატის მარჯვენა]. აი, წიგნი სხვა რამეა.  უნივერსიტეტში ძალიან კარგი ლექტორი მყავდა ქართულში, მისი და გამსახურდიას წყალობით, გიორგი მეფეზე უიმედოდ შეყვარებული გავხდი. ახლა უკვე ვერ ვხვდები, რატომ და როგორ, მაგრამ მაშინ მართლა მომწონდა.

  მერე იყო ავთანდილი [ვეფხისტყაოსანი]. აქაც ზემოთხსენებულ ლექტორს მიუძღვის წვლილი, რომელმაც არა მარტო ავთანდილი, არამედ მთლიანად ვეფხისტყაოსანი შემაყვარა [უფრო სწორად, ცოტათი მაინც ჩამახედა მასში და ამის გამო დღემდე მადლიერი ვარ მისი]. ავთანდილს რაც შეეხება, მის პიროვნულ ღირსებებთან ერთად, ეს სურათიც რომ ვნახე,  სრულიად უღონო ვიყავი, რომ არ შემყვარებოდა.


  ისევ კონსტანტინეს გარშემო ვტრიალებ [რომელიც ჯადოქარია და დიდი ხანია, მისი გავლენის ქვეშ ვიმყოფები]. ნიანია ბაკურიანი [დავით აღმაშენებელი] ალბათ იმის გამო მომეწონა, მარიამ დედოფალი რომ უყვარდა ასე ძალიან. თან, მეორეხარისხოვანი პერსონაჟები მიზიდავს და როგორც წიგნებში, ასევე ფილმებშიც გამოვარჩევ ხოლმე.

   საყვარელი, მხიარული, თავისუფალი მანუელო კოსტა [სამოსელი პირველი], რომელიც ერთ-ერთი დიდი კანუდოსელი გახდა. როგორ შეიძლება, არ გიყვარდეს? ეჰ, მანუეელ.. მისი სურათი არ არსებობს, მაგრამ წარმომიდგენია, როგორი ცოცხალი თვალები და ეშმაკური ღიმილი აქვს. აი, დაახლოებით ისეთი, როგორც ჯეიმს ფრანკოს.

  ბოლოს, უნკასი, ჩემი საყვარელი მოჰიკანი. რომელიც, უნდა ვაღიარო, ფილმის შემდეგ უფრო შემიყვარდა, ვიდრე წიგნის კითხვისას [თან, მაშინ ძალიან პატარა ვიყავი, როცა წავიკითხე]. ალბათ, მსახიობმაც იქონია გავლენა, თავისი გრძელი თმით და შავი თვალებით.



შემდეგში ფილმების პერსონაჟებზეც მოგიყვებით ამბებს.

Tuesday, February 15, 2011

ცხოვრება, როგორც კინო

   რა კარგი იქნებოდა, ჩვენს ცხოვრებას ვიდეოფირზე რომ იწერდეს ვინმე. როცა მოგვინდებოდა, ჩამოვჯდებოდით და რომელიმე საინტერესო ეპიზოდს ვუყურებდით.  ან, მუსიკა ახლდეს სხვადასხვა მოვლენას, როგორც ფილმებში. უფრო საინტერესო გახდებოდა ყველაფერი, ისევე როგორც კინო ხდება, კარგი საუნდტრეკის წყალობით.

   ისეთივე ლამაზი ქალები რომ არსებობდნენ ჩვენ გარშემო, როგორიც ფაბიან პერესის ნახატებშია. ფაბიანთან კი ყველანაირ ქალს შეხვდებით - ქერას, წითურს, მეძავს, ორსულს..  ერთი უინტერესოდ იყურება კაფის ვიტრინიდან, მეორე ბართან ზის და მაცდურად იღიმება. ყველა მათგანს შესანიშნავი მკერდი და ლამაზი წვივები აქვს..


   დროში მოგზაურობა უნდა არსებობდეს. უსამართლობაა, რომ არ შემიძლია დავით აღმაშენებლის ეპოქაში გადასვლა, ან ჯეინ ოსტინის გაცნობა.

  იმ პერსონაჟად გადაქცევა უნდა შემეძლოს, რომელიც ასე მომწონს. მერე კი ისევ ვუბრუნდებოდე ჩემს თავს.

ცხოვრება კინოს უნდა ჰგავდეს - ისეთი რაღაცეები ხდებოდეს, რაც რეალურად არასდროს მოხდება.

Sunday, February 13, 2011

ახალი სამყაროს შვილები

    ადამიანები სრულყოფილებისკენ მიისწრაფიან, ან უკვე სრულყოფილები ჰგონიათ თავი. ძლიერი ერები სუსტებს ჩაგრავენ, ვინაიდან მათზე მაღლა მდგომები არიან - ასე ფიქრობენ თვითონ. მსოფლიო ვითარდება, ვითარდება და ვითარდება. უკვე ისეთი რამეებს იგონებენ, გონებით ვერ მივყვები და აღარც მინდა, მივყვე. იმიტომ რომ, მეშინია. სადამდე მივა ეს ყველაფერი.. ეს განვითარება, რას მოგვიტანს ადამიანებს?

    ცოტა ხნის წინ, ჯონ მილის ნაწარმოები წავიკითხე - 'თავისუფლების შესახებ'. მიხარია, რომ რაღაც  გარემოებების გამო, ამ წიგნის წაკითხვა მომიხდა. ვკითხულობდი და ვხვდებოდი, რომ როგორც არ უნდა განვითარდეს ადამიანი, ქვის იარაღიდან ატომურ ბომბამდე, მაინც არაფერი იცვლება და მისი ცნობიერება ზუსტად ისეთი რჩება, როგორიც დასაბამიდან იყო. მილის შესახებ მანამდე არაფერი ვიცოდი და ვიკიპედიაში რომ ვნახე,  მე-19 საუკუნის მოღვაწე ყოფილა, გავოცდი. არადა, ისეთ პრობლემებზე წერდა, რაც დღესაც ცხადად დგას ჩვენს წინაშე.

   ინდიელები მიყვარს, ადრეც მითქვამს. ბოლო დღეებში, სულ მათ გარშემო ვტრიალებ - ფილმებს ვუყურე, წიგნები წავიკითხე. New World - ასეთი ფილმი, გსმენიათ? პოკაჰონტასის ისტორიას მოგვითხრობს. ცოტა უცნაური ფილმია, არასტანდარტული. ბუნების ხმიანობა ისმის სულ.

 მერე უკანასკნელ მოჰიკანს ვუყურე კიდევ ერთხელ და დავრწმუნდი, როგორი საოცარი ფილმია..

 იცოდით, რომ ფილმში, ინდიელების სამივე მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი ინდიური წარმოშობისაა?

რასელ მინსი [ჩინგაჩგუკი] ამერიკელი ინდიელების მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერიც კი იყო და დღემდე ინდიელების უფლებებს იცავს.

ვეს სტადი [მაგუა]  - მის ბიოგრაფიას გადავხედე და ძალიან საინტერესო ადამიანი აღმოჩნდა. ინდიურ სკოლაში დადიოდა და სკოლის დამთავრებამდე, მხოლოდ იროკეზების ენაზე ლაპარაკობდა.

ერიკ შვაიგი  [უნკასი] მამით გერმანელი, თუმცა გერმანელს ყველაზე ნაკლებად ჰგავს. დედისგან მასაც  ინდიური გენი გამოჰყვა. 

  ინდიელები, ეს გულუბრყვილო არსებები, მშვიდად ცხოვრობდნენ. ეთაყვანებოდნენ 'დიდ სულს' და სწამდათ, რომ სიკვდილის შემდეგ, ადამიანი დიდი სანადირო ადგილებისკენ მიემგზავრება, სადაც ნაკადულები და საამური ტყეებია. ისინი სრულყოფილი არსებები იყვნენ - უნაკლო გარეგნობით და საკუთარი ტრადიციებით, რომელსაც მტკიცედ მისდევდნენ. მერე კი, განათლებული და დახვეწილი ევროპელები ჩავიდნენ და მათ მიწები და უფლებები წაართვეს.

  ინდიელების სიყვარული შეიძლება მართლაც რომანტიზმის გამოვლინებაა. მაგრამ მათზე ფიქრისას, კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ სამწუხაროდ, სუფთა და მართალი გულის ადამიანები, ყოველთვის მარცხდებიან ამ ცხოვრებაში. სამყაროს ვერაგი, ამპარტავანი ხალხი სჭირდება, რომელიც სანახაობას ქმნის დანარჩენებისთვის. ეს ასე იყო, დღესაც არის და სამწუხაროდ, მომავალშიც ასე იქნება.

Friday, February 11, 2011

საუბრების კლუბი

   გამარჯობა ჩემო ტკბილო ადამიანებო.. როგორ ხართ, რა საზრუნავი გაქვთ, რა გაწუხებთ? გაზაფხულის მოსვლას ჩემსავით მოუთმენლად ელოდებით?
 თუმცა, არ ვამბობ მართალს. მე გაზაფხულს მოუთმენლად არ ველოდები. ვიცი, რომ მალე მოვა.

    მომიყევით თქვენი ამბები. აი, ასე - დაჯექით, მკლავები დაიკაპიწეთ და დაიწყეთ.. [თუ თქვენც ჩემი სენი შეგეყარათ - ბევრი რამის თქმა გინდათ და ვერ ამბობთ?..]

   მომიყევით ნებისმიერი რამ. რამ გაგახარათ, რამ შეგაწუხათ. მე მორჩილი მსმენელი ვიქნები - დავჯდები, ნიკაპს ხელისგულზე დავაყრდნობ და თვალებში გიყურებთ. თქვენ კი მესაუბრეთ, უბრალოდ მესაუბრეთ.

   მომენატრა თქვენი მოსმენა. აი, უკვე შემდგარი ექიმი რომ ვიყო, ბევრი ამბები მექნებოდა მოსასმენი. მაგრამ ჯერ არ ვარ და ამბებს იქით დავეძებ.

   ჰოდა, მომიყევით, მომწერეთ - მე თქვენს ამბებს ველოდები.

Saturday, February 5, 2011

Vengo de donde hay un río

    მის შესახებ მხოლოდ ცალკეული ფაქტები ვიცი  და აქამდე  დიდად არასდროს დავინტერესებულვარ. მაგრამ მაინც, ძალიან უცნაური იქნება, თუ ვიტყვი, რომ ერთი სიმღერით კუბა გავიცანი?  არც კი ვიცი, კუბა გავიცანი, თუ რამე სხვა - ეს ხომ ჩვეულებრივი სიმღერაა, ჰიპ-ჰოპი ლათინური რიტმებით, სადაც კუბელები თავის ქვეყანას უმღერიან. მაგრამ მაინც, ჩემი ბავშვობის სიმღერა, რომელიც ასე მიყვარდა ერთ დროს და მტვ-ზე მთელი დღეები ველოდი მის დაწყებას, ახლა უფრო სხვანაირი გახდა - როცა ვუსმენ, გონებაში ათასი სახე გაირბენს: ჩე გევარა, ფიდელ კასტრო, ერთი არგენტინელი მხატვარიც კი [რომელიც დიდი ხანია, უკვე მიყვარს].

   მერე ვფიქრობ, რა კარგია, რომ დედამიწაზე ამდენი საინტერესო ადგილი არსებობს. ცხოვრობს განსხვავებული ხალხი, რომლებსაც უყურებ, უყურებ და რწმუნდები, რომ საბოლოოდ ყველა ერთნაირები ვართ, ადამიანები. ყველას უყვარს თავის ქვეყანა, სადაც  თამბაქო და შაქრის ლერწამი ხარობს.. ყველას გვაქვს სამშობლო, სადაც მდინარე მოდის.


 პოსტი დაუმთავრებელი გამოვიდა. მე თვითონ არ დამიმთავრებია კუბას და სხვა ადგილების აღმოჩენა და იმიტომ :)

Thursday, February 3, 2011

პოსტი ნატალიასათვის

როგორც წესი, სტუმრად საგარეოდ გამოწყობილები დადიან. საგანგებოდ მოწესრიგებული გარეგნობით, თმითა და აზრებით.

მეც სტუმრად ვარ. სტუმრად ბლოგზე, რომელსაც ჩუმ-ჩუმად ვკითხულობ. ბლოგზე, რომელიც იმ ზღვასავით აღელვებულ და აფორიაქებულ შინაგან სამყაროს მიწყნარებს, რომლის ნახვაზეც რამდენიმე წელია ვოცნებობ. 

დიახ, სტუმრად ვარ. მაგრამ ფეხშიშველი, დახეული წინდებით. სკამზე ფეხორთხმული ვზივარ, სათვალით. თმა საშინლად მაქვს აჩეჩილი, აზრები კი თმაზე მეტად. რა შეიძლება დავწერო ბლოგზე, სადაც  ცხელი შოკოლადი, ზაფხულის მზიანი დღე, თივის, რძისა და ახლადგამომცხვარი პურის სუნი ტრიალებს? სადაც დილით მზე გვაღვიძებს, ვსვამთ ცხელ, რძიან შოკოლადს და ქიშმიშიან ფუნთუშას ვაყოლებთ, ხანდახან ტყეში სოკოს საკრეფად დავდივართ, როცა მზე შუბის წვერიდან გადაიხრება, ჩოგანით ან ბადით ხელში, პეპლებს მინდორში დავდევთ. საღამოს, ლამპის შუქზე კი ფეხმორთხმულები ვსხედვართ და ხვალინდელ დღეს ვგეგმავთ - ცხელი შოკოლადით, ტორტით, მზითა და ყვითელი სინათლით სავსე დღეს.

ბედნიერება ხომ წყლისფერია.
სულიერ სიმშვიდესთან ერთად კი - მზიანი.

ეს ყველაფერი ამ ბლოგზე ხდება. მხოლოდ მაშინ, როცა ავტორი წერს. წერს ჩემთვის, მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს შემიკვეთავს რამე. წერს ზუსტად მაშინ, როცა ყველაზე მეტად მჭირდება. ორი თვეა, უჩვეულოდ აქტიურობს. ნეტა რა იცის ნატალიამ, რომ მისი ახალი პოსტები ამ ეტაპზე ჩემთვის უმნიშვნელოვანესია? რომ ახლა ხშირ-ხშირად მჭირდება ამოსუნთქვა;
რომ..
რომ.

წაგიკითხავთ ”მისტერიები?” ხანდახან ჩემი თავი მოთხრობის მისტიკურ გმირ ნაგელს მაგონებს. მართალია, ავტორმა ვერ გადაწყვიტა, კეთილი უნდა ყოფილიყო თუ ბოროტი, მაგრამ გმირი ყოველთვის ცდილობდა, ხალხს იმაზე ცუდი ჰგონებოდა, ვიდრე იყო.

ახლახან ”ერორზე” ჰაუსი განახლდა. არასოდეს მინახავს სერიალი ინტერნეტით. ახლაც ტელევიზორში ვუყურებ. რომელიღაც სერიაში ფსიქიატრი ჰაუსს ეუბნებოდა, გეშინია, რომ ადამიანები ისეთს ვერ მიგიღებენ, როგორიც ხარ და უფრო უარესად ამიტომ გინდა თავი მოაჩვენოო.

ალბათ, ფსიქიატრი არ მჭირდება. ასეც რომ არ იყოს, ეჭვი მეპარება, ჰაუსის შავი, ფუმფულა და, რაღაცნაირად, სენტიმენტალური ექიმის ჩანაცვლება დათო ზურაბაშვილმა შეძლოს. თუმცა მგონია, რაღაცას მაინც მოვახერხებ.

რაღაცას აუცილებლად.
ოღონდ, გვიან.
ისე გვიან, როცა აღარაფერს ექნება აზრი.
როცა მატარებელი ჩავლილი იქნება.
როცა მას იმასთან დავინახავ, ვისთანაც ყველაზე ნაკლებად მინდა, რომ იყოს.
როცა ამის შესაჩერებლად არაფერს გავაკეთებ.
როცა ბავშვური ინტერესითა და მაზოხისტური სიყვარულით მივადევნებ თვალს პროცესების არასასურველ განვითარებას.
როცა მეტკინება.
ისე ძალიან, როგორც არასდროს.
მერე გამივლის.
დავისვენებ.
ახალ ჯერზე კი ძველებურად მოვიქცევი.
თავს იმაზე ცუდ არსებად მოვაჩვენებ, ვიდრე ვარ.
ისევ მაზოხისტური სიყვარულით მივადევნებ თვალს მიმდინარე პროცესებს.
ისევ ეგოისტურად ვიქნები ჭირვეული მანამ, სანამ არ მობეზრდება.
და სხვასთან არ წავა.
მე კვლავ არაფერს გავაკეთებ.
უბრალოდ ვუყურებ.
ვუყურებ და მეტკინება.
უფრო მეტად, ვიდრე წინა შემთხვევაში და უფრო ნაკლებად, ვიდრე შემდეგ.

ერთხელ ნატალია ამბობდა, ამ ბლოგზე ჩემი სამყაროს იმ ნაწილს ვავსებ, რომელიც მაკლიაო.
ვიცი, რატომაც.
ნატალიას ბლოგი სხვისთვის არ გაუკეთებია.
ყოველ შემთხვევაში, ასე ეგონა. მან ხომ არ იცოდა, რომ სადღაც, კუთხეში, არსებობს ადამიანი, რომელსაც ეხმარება.

მე კი..
მე მიყვარს ჩემი ბლოგი.
მიყვარს ჩემი მკითველი.
თუმცა ჩემს ბლოგზე ასე ვერასოდეს დავწერ.
იმიტომ, რომ ის მე აღარ მეკუთვნის.
ჩემი ბლოგი მკითხველის საკუთრებაა.
იმ მკითხველისა, რომელიც არასოდეს მაპატიებს ადამიანურ პოსტებს.
აკი, ამის არაერთი პრეცედენტიც მოხდა ბოლო დროს.
ამიტომ დავწანწალებ ბლოგიდან ბლოგზე, სხვაგან ვივსებ ადამიანური პოსტების წერის სურვილს, რადგან ჩემი ბლოგის ავტორი და მკითხველი პრაგმატულ არსებებად ქცეულან.
თუმცა, ალბათ, ესეც პირობითია.
ისევე, როგორც სამყარო.
ისევე, როგორც ჩვენ, რიგითი ადამიანები.

”ყოველთვის იმას ვტკენთ გულს, ვინც ყველაზე მეტად გვიყვარს”, -  მღერის ჰაუსი და უილსონის სუფთა, გაუთოვებული ტანსაცმლით სავსე კალათს კარადისკენ მიათრევს.

ფიქრობთ, მე მგონია, ამერიკა აღმოვჩინე?
სულაც არა. ამერიკა, ჯერ კიდევ კოლუმბამდე აღმოაჩინეს ნორმანებმა. მე, უბრალოდ, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სხვა ადამიანების მსგავსად, ყველაზე მეტად საკუთარი თავი მყვარებია.

ეს, გარკვეულწილად, აღსარებაა - ადამიანური პოსტი. პოსტი, რომელსაც ჩემს ბლოგზე ვერასოდეს დავწერდი.