Thursday, February 3, 2011

პოსტი ნატალიასათვის

როგორც წესი, სტუმრად საგარეოდ გამოწყობილები დადიან. საგანგებოდ მოწესრიგებული გარეგნობით, თმითა და აზრებით.

მეც სტუმრად ვარ. სტუმრად ბლოგზე, რომელსაც ჩუმ-ჩუმად ვკითხულობ. ბლოგზე, რომელიც იმ ზღვასავით აღელვებულ და აფორიაქებულ შინაგან სამყაროს მიწყნარებს, რომლის ნახვაზეც რამდენიმე წელია ვოცნებობ. 

დიახ, სტუმრად ვარ. მაგრამ ფეხშიშველი, დახეული წინდებით. სკამზე ფეხორთხმული ვზივარ, სათვალით. თმა საშინლად მაქვს აჩეჩილი, აზრები კი თმაზე მეტად. რა შეიძლება დავწერო ბლოგზე, სადაც  ცხელი შოკოლადი, ზაფხულის მზიანი დღე, თივის, რძისა და ახლადგამომცხვარი პურის სუნი ტრიალებს? სადაც დილით მზე გვაღვიძებს, ვსვამთ ცხელ, რძიან შოკოლადს და ქიშმიშიან ფუნთუშას ვაყოლებთ, ხანდახან ტყეში სოკოს საკრეფად დავდივართ, როცა მზე შუბის წვერიდან გადაიხრება, ჩოგანით ან ბადით ხელში, პეპლებს მინდორში დავდევთ. საღამოს, ლამპის შუქზე კი ფეხმორთხმულები ვსხედვართ და ხვალინდელ დღეს ვგეგმავთ - ცხელი შოკოლადით, ტორტით, მზითა და ყვითელი სინათლით სავსე დღეს.

ბედნიერება ხომ წყლისფერია.
სულიერ სიმშვიდესთან ერთად კი - მზიანი.

ეს ყველაფერი ამ ბლოგზე ხდება. მხოლოდ მაშინ, როცა ავტორი წერს. წერს ჩემთვის, მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს შემიკვეთავს რამე. წერს ზუსტად მაშინ, როცა ყველაზე მეტად მჭირდება. ორი თვეა, უჩვეულოდ აქტიურობს. ნეტა რა იცის ნატალიამ, რომ მისი ახალი პოსტები ამ ეტაპზე ჩემთვის უმნიშვნელოვანესია? რომ ახლა ხშირ-ხშირად მჭირდება ამოსუნთქვა;
რომ..
რომ.

წაგიკითხავთ ”მისტერიები?” ხანდახან ჩემი თავი მოთხრობის მისტიკურ გმირ ნაგელს მაგონებს. მართალია, ავტორმა ვერ გადაწყვიტა, კეთილი უნდა ყოფილიყო თუ ბოროტი, მაგრამ გმირი ყოველთვის ცდილობდა, ხალხს იმაზე ცუდი ჰგონებოდა, ვიდრე იყო.

ახლახან ”ერორზე” ჰაუსი განახლდა. არასოდეს მინახავს სერიალი ინტერნეტით. ახლაც ტელევიზორში ვუყურებ. რომელიღაც სერიაში ფსიქიატრი ჰაუსს ეუბნებოდა, გეშინია, რომ ადამიანები ისეთს ვერ მიგიღებენ, როგორიც ხარ და უფრო უარესად ამიტომ გინდა თავი მოაჩვენოო.

ალბათ, ფსიქიატრი არ მჭირდება. ასეც რომ არ იყოს, ეჭვი მეპარება, ჰაუსის შავი, ფუმფულა და, რაღაცნაირად, სენტიმენტალური ექიმის ჩანაცვლება დათო ზურაბაშვილმა შეძლოს. თუმცა მგონია, რაღაცას მაინც მოვახერხებ.

რაღაცას აუცილებლად.
ოღონდ, გვიან.
ისე გვიან, როცა აღარაფერს ექნება აზრი.
როცა მატარებელი ჩავლილი იქნება.
როცა მას იმასთან დავინახავ, ვისთანაც ყველაზე ნაკლებად მინდა, რომ იყოს.
როცა ამის შესაჩერებლად არაფერს გავაკეთებ.
როცა ბავშვური ინტერესითა და მაზოხისტური სიყვარულით მივადევნებ თვალს პროცესების არასასურველ განვითარებას.
როცა მეტკინება.
ისე ძალიან, როგორც არასდროს.
მერე გამივლის.
დავისვენებ.
ახალ ჯერზე კი ძველებურად მოვიქცევი.
თავს იმაზე ცუდ არსებად მოვაჩვენებ, ვიდრე ვარ.
ისევ მაზოხისტური სიყვარულით მივადევნებ თვალს მიმდინარე პროცესებს.
ისევ ეგოისტურად ვიქნები ჭირვეული მანამ, სანამ არ მობეზრდება.
და სხვასთან არ წავა.
მე კვლავ არაფერს გავაკეთებ.
უბრალოდ ვუყურებ.
ვუყურებ და მეტკინება.
უფრო მეტად, ვიდრე წინა შემთხვევაში და უფრო ნაკლებად, ვიდრე შემდეგ.

ერთხელ ნატალია ამბობდა, ამ ბლოგზე ჩემი სამყაროს იმ ნაწილს ვავსებ, რომელიც მაკლიაო.
ვიცი, რატომაც.
ნატალიას ბლოგი სხვისთვის არ გაუკეთებია.
ყოველ შემთხვევაში, ასე ეგონა. მან ხომ არ იცოდა, რომ სადღაც, კუთხეში, არსებობს ადამიანი, რომელსაც ეხმარება.

მე კი..
მე მიყვარს ჩემი ბლოგი.
მიყვარს ჩემი მკითველი.
თუმცა ჩემს ბლოგზე ასე ვერასოდეს დავწერ.
იმიტომ, რომ ის მე აღარ მეკუთვნის.
ჩემი ბლოგი მკითხველის საკუთრებაა.
იმ მკითხველისა, რომელიც არასოდეს მაპატიებს ადამიანურ პოსტებს.
აკი, ამის არაერთი პრეცედენტიც მოხდა ბოლო დროს.
ამიტომ დავწანწალებ ბლოგიდან ბლოგზე, სხვაგან ვივსებ ადამიანური პოსტების წერის სურვილს, რადგან ჩემი ბლოგის ავტორი და მკითხველი პრაგმატულ არსებებად ქცეულან.
თუმცა, ალბათ, ესეც პირობითია.
ისევე, როგორც სამყარო.
ისევე, როგორც ჩვენ, რიგითი ადამიანები.

”ყოველთვის იმას ვტკენთ გულს, ვინც ყველაზე მეტად გვიყვარს”, -  მღერის ჰაუსი და უილსონის სუფთა, გაუთოვებული ტანსაცმლით სავსე კალათს კარადისკენ მიათრევს.

ფიქრობთ, მე მგონია, ამერიკა აღმოვჩინე?
სულაც არა. ამერიკა, ჯერ კიდევ კოლუმბამდე აღმოაჩინეს ნორმანებმა. მე, უბრალოდ, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სხვა ადამიანების მსგავსად, ყველაზე მეტად საკუთარი თავი მყვარებია.

ეს, გარკვეულწილად, აღსარებაა - ადამიანური პოსტი. პოსტი, რომელსაც ჩემს ბლოგზე ვერასოდეს დავწერდი.

8 comments:

  1. რატო მე მომეწონებოდა ხანდახან ასეთი პოსტები შენს ბლოგზე :)) ისეთი ნათელი პოსტია :) დახეული წინდები, თივა, ახლადგამომცხვარი პური <3

    ReplyDelete
  2. tamo, ase were shentanac, an meore gaakete da ase were :))

    ReplyDelete
  3. ომგ თამო! რა კარგი იყო, რავიცი იქინებ მართლაც გეცადა ასე წერა შენს ბლოგზე ან სხვა ბლოგი გაგეკეთებინა ან კატეგორია ჩაამატე რამე ;)

    ReplyDelete
  4. WOW!
    სპეციალურად არ ვნახე, ვინ იყო ავტორი, სანამ პოსტის ბოლომდე არ წავიკითხე... ხან ბაბისა მეგონა, ხან – ნატალიას ჰანა, ხან – ნასტასია (თან სათვალეო და...) ერთი პერიოდი, ისიც ვიფიქრე, მე ხომ არ დავწერე სიზმარში–მეთქი...
    გაოცებული ვარ და სასწაულად ნასიამოვნები, ისეთი თბილი და ბლოგის შესაფერისი პოსტი იყო.

    ვერ გეტყვი, შენს ბლოგზეც ასე წერე–მეთქი, იმიტომ, რომ იქ მშვენივრად წერ იმაზე, რაც შენ გინდა და მკითხველს რომ ეკუთვნის, ეგ უკვე ბევრს ნიშნავს.
    (სტუმრად სიარული კიდევ ცუდი არ არის და იარე...)

    ReplyDelete
  5. ამ პოსტს სპეციალურად არ ვკითხულობ ბევრჯერ - ერთხელ წავიკითხე მხოლოდ. ის, რამაც ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა, მინდა რომ იშვიათად ვნახო და დიდხანს შეინარჩუნოს ამ შთაბეჭდილების კიდევ და კიდევ მოხდენის უნარი :)

    ReplyDelete
  6. ყველაფერი რა კარგად არის გადმოცემული, თითოეული სიტყვა თუ წინადადება ისეთი კარგი და დადებითია..
    ვსო, დღეიდან ვიწყებ ამ ბლოგის სისტემატიურად კითხვას.

    ReplyDelete
  7. http://www.vasassi.com/

    ამასაც გადახედე და მიხვდები, როგორ შეიძლება ერთმა ადამიანმა ასე სხვადასხვანაირად წეროს..

    მიხარია, თუ მოგეწონა.. <3

    ReplyDelete