Friday, May 27, 2011

ის, რაც არ ვიცით

 მე შემეძლო მეცხოვრა ასეთ ადგილას და ვყოფილიყავი ბედნიერი.


   შემეძლო მეცხოვრა ასეთ ადგილას.

  დილით გამეღვიძა და აივანზე გამოსულს ცივი, ნესტიანი ჰაერი ღრმად ჩამესუნთქა. მამლის ყივილსაც მოვისმენდი, მოწყენილობისგან დავამთქნარებდი და ჯერ კიდევ თბილ საწოლს დავალაგებდი. თმას ორივე ხელით ავიწევდი კეფიდან და დაუდევრად გამოვიკრავდი. მერე ბაღში გავიდოდი და ნამიანი ბალახისგან ფეხები დამისველდებოდა.




  სახლში მობრუნებული, რძიან ყავას დავისხამდი, ჟაკეტს შემოვიცვამდი და ისევ აივანზე გავიდოდი. რიტუალურად დავლევდი ყავას, გავხედავდი ბუნებას და შეიძლება გამეფიქრა კიდეც: "როგორ მომბეზრდა".


    შუადღისას ალბათ რამეს გამოვაცხობდი. ცხობა ერთ–ერთი მნიშვნელოვანი საქმიანობა იქნებოდა დღის განმავლობაში. მერე მეზობლებს ჩამოვუვლიდი და გავუნაწილებდი ნამცხვრებს. შეიძლება ჩემთან გამოსულიყვნენ და ერთად გაგვესინჯა გემო, ვინ იცის.



    ალბათ მე ყველას ვეყვარებოდი, მეზობლებს.  სალმიანი გოგოა და გემრიელ ნამცხვრებს აცხობსო, იტყოდნენ. დაე, ეგონოთ ასე. ის ხომ არ ეცოდინებოდათ, რომ მათთან საუბარი მიყვარს და მხოლოდ ამიტომ გავუღიმებდი და დავპატიჟებდი ჩემთან.


   საღამოს აივანზე სინათლეს დავტოვებდი და ოთახში შევიკეტებოდი, რომელიმე წიგნს გადავშლიდი, ან რადიოს მოვუსმენდი. შეიძლება მეცეკვა კიდეც რომელიმე სიმღერაზე, თუ მეცოდინებოდა, რომ არავინ  დამინახავს.


    ღამით ალბათ ძალიან შემეშინდებოდა და ყველანაირ ხმაურზე გული უფრო სწრაფად დამიწყებდა ცემას. მერე გამახსენდებოდა, რომ დილით ყველა ღამეული შიში ძალიან სასაცილოდ ჩანს და თვალები თავისით დამეხუჭებოდა..

მე შემეძლო, ასეთ ადგილას მეცხოვრა; მაგრამ არ ვიცი, ვიქნებოდი თუ არა ბედნიერი.

Wednesday, May 25, 2011

Stand by me

  ღმერთო ჩემო, ხომ შეიძლება, ყველაფერი გაცილებით მარტივად იყოს?

   მინდა სიმშვიდე, კარგ ადამიანებთან ერთად. როცა მათთან ყოფნა გიხარია, შეგიძლია იჯდე და უბრალოდ უსმინო. მზერა გადაიტანო ერთიდან მეორეზე, გიყვარდეს და ბედნიერი იყო იმ მომენტით. ხომ ყველას გვაქვს არქივში ასეთი ეპიზოდები? რომელსაც მოულოდნელად აფიქსირებ და მერე ტკბები.



  როგორ მომენატრა და მჭირდება.

   მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ურთიერთობის მერე განმარტოებას ვცდილობ და თავშესაფრისკენ გავრბივარ, ადამიანები მჭირდება. მე ასეთი ტიპის პიროვნება ვარ – ურთიერთობები ძალას მაძლევს. ისეთი უმნიშვნელო დეტალები, როგორიცაა ქუჩაში მეზობელთან ორსიტყვიანი, ღიმილიანი დიალოგი მავსებს და ენერგიას მაძლევს. როცა  იგივე წარმატებით ყველაფერ დადებითს  წამართმევს შეხვედრა უსიამოვნო ადამიანთან. მთელი დღის განმავლობაში მიმყვება ეს დადებითი თუ უარყოფითი მუხტები და ღამით ძილი განმუხტავს ხოლმე.

   ადამიანებო, თქვენ ვერც კი შენიშნავთ, როგორ დამცლით უცებ, მერე კი  უდარდელად გააგრძელებთ ცხოვრებას.

    ის შემთხვევითი უცნობები კი, დადებით ენერგიას რომ მიტოვებენ, არც თუ ისე ბევრნი არიან.  ამიტომ მჭირდება ხშირად ზემოთხსენებული სიმშვიდის ეპიზოდები.



  უფრო სხვა მიმართულებით ვაპირებდი პოსტის დაწერას – საწყისი იდეა მხოლოდ ამ ფოტოების გაზიარება იყო – სიმშვიდის და ადამიანური მომენტების ამსახველი  :)

ჰოლი, ჰოლი – ჩვენთან რატომ არ არსებობს მსგავსი უბრალო, ადამიანური დღესასწაულები?

ეს ფოტო ისეთი მშვიდი და ლამაზია..













Monday, May 23, 2011

Road to Roland Garros

  კვირას ჩოგბურთის ერთ–ერთი დიდი ტურნირი – როლან გაროსი [თუ როლან გარო] დაიწყო. საფრანგეთის ღია პირველობა ჩემი ერთ–ერთი საყვარელი ტურნირია და დაწყებისთანავე თავისებური, მისთვის დამახასიათებელი განწყობა შემიქმნა. თქვენთვის უკვე მაქვს ნათქვამი, თუ როგორ მიყვარს ის.

  [მათ, ვისაც ჩოგბურთი არ გაინტერესებთ, კითხვა არ შეწყვიტოთ; ვფიქრობ, თქვენთვისაც მოიძებნება რაღაც საინტერესო :)]

  ამ ინტერნეტის ეპოქაში, უკვე ბევრი რამ არის ხელმისაწვდომი უბრალო მოკვდავთათვის. მაგალითად, ფეისბუქის საშუალებით შეგიძლია 'დაესწრო' რაფაელ ნადალის ვარჯიშს, რომელზეც ის თვითონ მიგიწვევს. ტვიტერი კი პირდაპირ მოვლენების ეპიცენტრში გამყოფებს.

   როლან გაროსის მესვეურნი ტვიტერს აქტიურად იყენებენ  და მსოფლიოს დილიდანვე ამცნობენ, ვინ როდის და სად ვარჯიშობს თუ თამაშობს, ინტერვიუს იძლევა ან ავტოგრაფებს არიგებს. მოკლედ, თუ ტვიტერზე მათი მიმდევარი ხარ, თავი შეგიძლია სულ ცოტათი მაინც იგრძნო იქაურობის მონაწილედ. მითუმეტეს, რომ ზოგიერთი ჩოგბურთელიც ჩაბმულია ამ 'აურზაურში' – მაგალითად, გერმანელი ანდრეა პეტკოვიჩი  ფოტოს  პოსტავს და ამბობს, რომ მას უფრო გაუმართლა სასტუმროს ნომრის ხედში, ვიდრე ივო კარლოვიჩს.

  მეც ასე ვადევნებ თვალყურს, მაგრამ, მგონი არასდროს მიმიწერია ცნობილი ადამიანებისთვის. ორიოდე დღის წინ კი, თვით როლან გაროსს მივწერე, რაფა ჯერ არ მოსულა სავარჯიშოდ–მეთქი? რა თქმა უნდა, პასუხს არ ველოდი, წარმომიდგენია დღეში რამდენი ადამიანი წერს მათ.
  რამდენიმე ხნის შემდეგ კი, შევდივარ ჯიმეილზე და ინბოქსში მხვდება მეილი, რომ როლან გაროსმა ტვიტერზე პმ მომწერა! გული ამიჩქარდა სიხარულისგან, გავხსენი და ეს დამხვდა –

გადიდებისთვის დააკლიკეთ :)


  ალბათ, პარიზში ვეგონე მათ და ზუსტი დრო მომაწოდეს, რომ ვარჯიშზე მივსულიყავი. უცებ წარმოვიდგინე, მართლა რომ ვყოფილიყავი იქ, 3 საათისთვის გავეშურებოდი როლან გაროსისკენ რაფას ვარჯიშზე დასასწრებად [ჰო, მაგ დღეს ბრიტანელ ენდი მარეისთან ივარჯიშა რაფამ]. მერე კი, ტვიტერზე დავპოსტავდი ფოტოებს ჩემი ჩოგბურთის მეგობრებისთვის და ყველა დეტალს მოვუყვებოდი მათ.

  წლევანდელი როლან გაროსი კიდევ ერთი რამის გამოა განსაკუთრებული  – ქართველი ანა ტატიშვილი ძირითად ბადეში მოხვდა. რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველგვარი წინასწარი წინააღმდეგობების გარეშე, პირდაპირ ცენტრალურ კორტზე მოუწია თამაში, ფრანგ მარიონ ბარტოლისთან. რა თქმა უნდა, ამხელა პუბლიკის წინაშე და თან ფრანგის წინააღმდეგ თამაში დიდი ფსიქოლოგიური წნეხი იყო ანასთვის. ალბათ ამის და სხვა წვრილმანი მიზეზების გამო, ანამ საბოლოოდ წააგო. მაგრამ მე კმაყოფილი ვარ ზოგადად, ძალიან სასიამოვნო იყო საკუთარ ჩოგბურთელს რომ ვგულშემატკივრობდი, აბსოლუტურად განსხვავებული შეგრძნებაა.

ანა როლან გაროსზე
  წარმატებას ვუსურვებ ანას მომავალში, ეს გამოცდილება აუცილებლად გამოადგება. და თუ კიდევ ითამაშებს მსგავს ტურნირზე, ყველამ ერთად ვუგულშემატკივროთ :)

პ.ს არა, რაფას ჯერ არ უთამაშია :)

Saturday, May 21, 2011

Do it like a Dude!

  არ მიყვარს ძალიან ჭკვიანი და რადიკალური ხალხი. ისინი საოცრად სწორხაზოვნები და მოსაწყენები არიან.

  დიდი დოზით ყველაფერი მოსაწყენია.

   არ მიყვარს ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ჰიპ-ჰოპს არასდროს მოუსმენენ. მათთვის მხოლოდ მუსიკის გარკვეული მიმდინარეობები არსებობს, რომელთა იქით არ იხედებიან. არადა არ იციან, რა მაგარია, როცა ხმამაღლა ჩართავ ამ ბინძურ და ცუდი ბიჭების მუსიკას და ცეკვავ..

    რომლებიც მხოლოდ ’მაღალ კინოს’ უყურებენ, რომელიმე რეჟისორზე ამბობენ - ’გენიალურია’ და მისი ყველა ფილმი აქვთ ნანახი. ასეთებს მინდა ვუთხრა - ჰეი, თქვენ ვერასდროს გაიგებთ იდიოტური ჰოლივუდური მელოდრამის გემოს, სადაც ყველაფერი კარგად მთვარდება, იმიტომ, რომ სულ დამთგრუნველ ევროპულ ფილმებს უყურებთ და გგონიათ, რომ ამით განსაკუთრებულები ხდებით.

  ან ისინი, სერიოზული სახით რომ ლაპარაკობენ წიგნებზე, თითქოს მხოლოდ კითხვაში იყოს ცხოვრების აზრი. ათასი უცნაური მწერლის გვარს  დაასახელებენ, ისე, სხვათაშორის, ინტონაცია კი გეუბნება: ’აჰ, დიახ, მე ესეც წაკითხული მაქვს’. ღმერთო ჩემო,  წიგნს ხომ იმიტომ ვკითხულობთ, რომ შემდეგ ცხოვრებაში გამოვიყენოთ მიღებული გამოცდილება, ცოტა უფრო გავიზარდოთ შინაგანად და უბრალოდ, უკეთესები გავხდეთ. თქვენ კი იმიტომ კითხულობთ, რომ მერე ავტორების საშუალებით საზოგადოებაში თავი  წარმოაჩინოთ.

   იმათზე აღარ მაქვს ლაპარაკი, მოდას რომ მისდევენ უკან ქოშინით, იცვამენ ყველაფერს, რაც კი უახლესი და მოდურია, იმას კი არ დაგიდევენ, რამდენად უხდებათ. სხვა ყველაფერზე კი უბრალოდ, წარმოდგენა არ აქვთ. სპორტი - მხოლოდ დევიდ ბექჰემია, კინო - წითელი ხალიჩა და ა.შ და ა.შ მათაც მინდა ვუთხრა - ჰეი, მოდა არ არის ყველაფრის განმსაზღვრელი, დიზაინერები უბრალოდ გთავაზობენ საკუთარ კოლექციას და შენ უნდა გადაწყვიტო, რას ჩაიცვამ და რას - არა.

   მე სულ არ მადარდებს, თქვენ რას კითხულობთ ან იცვამთ, თუ ჩემთან და სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში წინ დიდ კედელს აღმართავთ და ვერაფერზე დაგელაპარაკებით. გაიღიმეთ და იყავით ჩვეულებრივები, mon dieu!

[იმ საკითხზე, რომ სხვის ინტერესებს პატიცი უნდა სცე, ცალკე პოსტის დაწერა შეიძლება კიდევ]

 თქვენ გგონიათ, მე ჩემ მხრივ ვაშენებ კედელს და აქედან გადმოგძახით ქედმაღლურად?

  ყოველთვის იყვნენ ადამიანები, ვინც გავლენას ახდენდნენ ჩემზე. ისინი მართლა ჭკვიანები და წარმატებულები არიან. აქ ყველა სფერო შეგიძლიათ იგულისხმოთ და ყველა ადამიანი - ცნობილები, მეგობრები, ნათესავები..  სულ  მაგალითად მომყავდა რომელიმე მათგანი, გააჩნია სად და რაში დამჭირდებოდა. შესაბამისად, სულ ვიტანჯებოდი. ძნელია, როცა საკუთარ თავს ვიღაც, შენზე უკეთესს ადარებ. არ მითხრათ, რომ განვითარებაში გეხმარება. არაფერშიც არ გეხმარება, მხოლოდ თავს აწვალებ.

  სულ ცოტა ხნის წინ კი ჩემს თავს ვუთხარი - ნატალია, მართალია ყველა ადამიანი დასაფასებელია, მაგრამ ისინი ახლა შენს ადგილზე არ არიან, ამიტომ, ვერავინ გახდება შენთვის მაგალითი. ყველა გადაწყვეტილება შენ უნდა მიიღო, თუ რას გააკეთებ ამ კონკრეტულ მდგომარეობაში. შენ უნდა გადაწყვიტო, როგორ შეიჭრი თმას და არა ენ ჰეტევეიმ.
დაივიწყე ყველა, იმიტომ რომ შენ განსაკუთრებული ხარ. ზუსტად შენნაირი არავინ არის, არავინ.  ვიღაცას შეიძლება უყვარს ჩოგბურთი და რაფაელ ნადალი, მაგრამ  არ ეყვარება გრეის ანატომია.
შენ განსაკუთრებული ხარ.

ყველა განსაკუთრებულია.

  რატომ არ აღიარებთ ამას? რა საჭიროა ამდენი ძალისხმევის დახარჯვა, რის შედეგადაც უფრო ემსგავსებით სხვას და ინდივიდუალიზმს კარგავთ?

  ჯანდაბა, ჩვენ ვერასდროს მივიღებთ ერთმანეთს ისეთს, როგორებიც სინამდვილეში ვართ.

Wednesday, May 18, 2011

The color of Life

  დღეს, როცა ვიჯექი და ბლოგისთვის რაღაც ფოტოებს ვარჩევდი, თვალები ამიჭრელდა და ვეღარ გამერკვია, მაინც რაზე ვწერდი პოსტს, უცებ მივხვდი, რომ მწვანე არის სიცოცხლის ფერი! და მივხვდი, რა თემაზე იქნებოდა პოსტი.

  მწვანე პირველ რიგში, გაზაფხულის ფერია. გაზაფხულზე, თავის მხრივ, ყველა მცენარე  თავიდან იწყებს სიცოცხლეს. და რაში გამოიხატება ეს?

დიახ, გამწვანებაში!

  ჰოდა ახლა, როცა ზოგი საქმისგან არის გადაღლილი, ზოგი უსაქმურობისგან და ორივე ერთად –  ურბანული წვრილმანებისგან, ურიგო არ იქნებოდა, ისეთ ადგილას წავსულიყავით, სადაც სიმწვანე და სიმშვიდეა.

  ინტერნეტის ჯადოსნობის გამოყენებით, ეს საკმაოდ იოლია. ამიტომ, მოემზადეთ დასვენებისთვის – სულ რამდენიმე წუთი დაგვჭირდება.

  ველოსიპედით მგზავრობას რა ჯობია? თან, გზად ყვავილებიც შეგვიძლია დავკრიფოთ :)



 ჩვენი სახლი შეიძლება იყოს ასეთი:


 ან სულაც ასეთი :)


მე პირადად, მთელი ბავშვობა ვოცნებობდი მქონოდა საკუთარი ქოხი.

ბავშვობის ოცნება

პატარა და მომხიბლავი სამზარეულო –

რაც მთავარია – ფერადი!

 დასასვენებელი კუთხე[ები] –


Yep!

საშხაპე :)

გარემო და სიმწვანეები –









და ბოლოს, თუ რამეა, იცოდეთ –

:)

ფოტოწყაროები: 1, 2 და 10, 3, 4, 5,6,8,9, 7, 11, 12, 13, 14,15, 16.

Monday, May 16, 2011

თმა

  ამ ბოლო დროს ვხვდები, როგორ დიდ ყურადღებას ვაქცევ თმას. თუ გგონიათ, ათას ნიღაბს ვიკეთებ, ძვირფასი შამპუნით ვიბან და შემდეგ ასევე ძვირფას თმის კონდიციონერს ვიყენებ, ძალიან შემცდარხართ!

  სინამდვილეში, უბრალოდ ვდგავარ და ქუჩაში სხვის თმებს ვაკვირდები.  ერთი სული მაქვს, როდის გაიზრდება ჩემი თმა, რომელიც შარშან ზაფხულს უმოწყალოდ მოკლედ შევიჭერი. თავიდან მომწონდა და ვფიქრობდი, თმას აღარ გავიზრდი-მეთქი. თან, ასაკით პატარას ვგავდი, ყველას 15-16 წლის ვეგონე, რაც ისე მახარებდა, თითქოს შუახანს გადაბიჯებული შინაბერა ვიყავი.

 მერე ნელ-ნელა მივხვდი, როგორ მყვარებია და  მომენატრა გრძელი თმა. ადრეც მაქვს ნათქვამი, რომ ბუნებრიობას ყველაფერზე წინ ვაყენებ, ამიტომ ყველაფერს მაინც გრძელი, გაშლილი თმა მირჩევნია, ჯანსაღი და მბზინვარე.

 ჩემი ბოლოდროინდელი ახირება კი წითელი თმაა. ძალიან, ძალიან მომწონს, მაგრამ ჯერჯერობით შეღებვას ვერ ვბედავ.

 ფავორიტი რედჰედები:

 მარსია კროსი, სასოწარკვეთილი ბრი ვან დე კამპი –


 ნახეთ, როგორი ცეცხლოვანი თმა აქვს!



   ჟოზეფინი [Joséphine de La Baume – ფრანგი მოდელი და მსახიობი] სულ შემთხვევით აღმოვაჩინე მანგოს ბლოგზე და მაშინვე თმამ მომტაცა თვალი.

დატკბით ^^




  ესენი კი უკვე არა–რედჰედები არიან, ლამაზი და გრძელი თმით <3

Penelope Cruz
Anne Hathaway

Nicole Scherzinger

Maria Francisca Perello

Sunday, May 15, 2011

Strong is beautiful

  What are the little girls made of? They are made of sugar and spice...


   წარმოიდგინეთ მაღალი, ლამაზი ქალი.. მას მსუბუქი ქსოვილის კაბა აცვია.

   კადრში ნელა შემოდის. გრძელ თმას ქარი უფრიალებს. სხეულის ყველა კუნთი ტონუსშია და მზად არის..

 მზად გადამწყვეტი დარტყმისთვის.

  ის არ არის გამხდარი და არ აქვს იდეალური პარამეტრები. 

  მაგრამ მისი სხეული ჯანმრთელია და – ძლიერი.

 ის მაინც ქალია, ლამაზი ქალი.




 
   ქალთა ჩოგბურთის ასოციაციის ეს წამოწყება ძალიან საინტერესო და ჭკვიანურია. სხვადასხვა რაღაცის აკრძალვას და ამაზე სარეკლამო კამპანიების გაკეთებას [ნარკოტიკები, ნიკოტინი..], ჯობია ის ვუთხრათ ადამიანებს, რა არის კარგი.

   ჩოგბურთია კარგი და ჯანსაღი.

  ჯანმრთელი და ბედნიერი ადამიანი კი – ყველაზე ლამაზი.

  

Thursday, May 12, 2011

იქ, სადაც შენია

ყველა ადამიანს  უნდა ჰქონდეს ისეთი ადგილი, სადაც თავს შეაფარებს. არ აქვს მნიშვნელობა, ფიზიკურად იქნები იქ, თუ სულიერად. ბლოგს შეიძლება ჰქონდეს ეს ფუნქცია;  შემოხვიდე, გახსნა ახალი პოსტის კუთხე და წერო ის, რაც  გინდა, რომ ხმამაღლა თქვა და ვერ ამბობ, ან - არ ამბობ. ამ მხრივ ჩემს თავს რაღაც პასუხისმგელობები დავაკისრე და ეს არ მომწონს. უკვე აღარ ვწერ ისე თავისუფლად და იმდენ რამეზე, რაზეც ადრე ვწერდი. არადა, რა შეიცვალა? მკითხველები ისევ ის ხალხია, ვინც ადრე იყო. არც ისე ბევრი, მაგრამ ზუსტად ისინი, ვინც მინდა რომ აქ მყავდეს. არ ვიცი, ოდესმე მითქვამს თუ არა მადლობა იმისათვის, რომ აქ შემოდიხართ და კითხულობთ. სულ არ მიხარია, როცა გუგლიდან დასერჩილი რაღაც სიტყვებით შემოდიან ჩემთან. თითქოს დაუპატიჟებელი სტუმრები მომადგებიან ხოლმე და აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე.

მე სულ თავშესაფრების ადამიანი ვარ. ბევრი ურთიერთობა, ბევრი ადამიანი უცებ, მოკლე დროში, ძალიან მღლის და მაშინვე იმ ადგილის ძებნას ვიწყებ, ’სადა თავი მივიდრიკო’.

ერთი ისეთი ადგილი მაქვს, სადაც ფიზიკურად წავალ, როცა სიმშვიდის მოპოვება მომინდება. აი იმანაც რომ დაკარგოს თავის ფუნქცია, მაშინ მართლა ცუდად ვიგრძნობ თავს.  ხშირად წარმოვიდგენ ხოლმე იქაურობას. როგორც ფილმებში, უცებ კადრი რომ ჩნდება სახლის, იქ არავინ არის, სიჩუმეა და ხვდები, რომ ფილმის გმირი იმ სახლზე ფიქრობს. ასე გამოჩნდება გონებაში და მერე დიდხანს ვაჩერებ ამ კადრს..

ისე მენატრება იქაურობა..  განსაკუთრებით მაშინ, როცა ამწვანებულ ხეებს ვხედავ, ან ქუჩაზე რომ შემოვუხვევ და უცებ საიდანღაც ყვავილების სუნი მოვარდება ხოლმე.

ჩემი თავშესაფარი კი დგას, სიჩუმეში. მხოლოდ ფუტკრების ბზუილი ისმის. წინ მთები ჩანს, გადახასხასებული. მზე ანათებს და გრილი ნიავი უბერავს. არ ვიცი, როგორ ჟღერს ეს ჩვეულებრივი, ყველასთვის რუტინული სიტყვები, მაგრამ ჩემთვის ზუსტად ის ადგილი იხატება, რომელზეც ასე ვოცნებობ.

Sunday, May 1, 2011

Gracias a La Vida

  

   დილით მაღვიძარა რეკავს. მერე გამოფხიზლების პროცესი იწყება. საკმაოდ რთული, სხვათაშორის. დაკვირვებიხართ, რომ დილა ახლიდან დაბადებას ჰგავს? როგორ გითხრათ, თითქოს ყველაფერს თავიდან იწყებ. ჯერ სიარულს, მერე ჭამას.. და სხვა დანარჩენს.

   საუზმე. ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია დღის დასაწყებად. ვისურვებდი, რომ უფრო მეტ დროს ვუთმობდე ამ ეპიზოდს, მაგრამ როგორც ხდება ხოლმე, 10 წუთით მეტი ძილი ყოველთვის იმარჯვებს მასზე. ჰო, ძნელია საკუთარ თავთან ბრძოლა.

 მიუხედავად ჩემი ყავისადმი დიდი სიყვარულისა, დილით არასდროს ვსვამ მას. მე არ ვარ ’ვიღვიძებ თუ არა, ეგრევე სამზარეულოში მივლასლასებ და ყავას ვადგამ’ ტიპი. დროს სპეციალურად ვახანგრძლივებ, რომ მერე უფრო ვისიამოვნო.

  10 წუთის სავალი გზა გამამხნევებლად მოქმედებს. ყოველდღე მხვდებიან დედები, რომლებსაც შვილები სკოლაში მიყავთ. მანამდე კი კაცი მხვდება, ძაღლთან ერთად რომ სეირნობს. ტრანსპორტშიც კი ერთი და იგივე ადამიანები ამოდიან და ასე, თავისდაუნებურად, ყველა დღეს ერთად ვიწყებთ.

   დილის ყავის ჯერიც დგება.

  მერე სხვა ამბები.

  ისევ ყავა.

 მერე ისევ ის სხვა ამბები.

  საღამოს მთელ ქუჩაზე ათასგვარი სუნამოს სურნელი ტრიალებს. ხან ერთი ძლიერდება, ხან მეორე..

 ისევ 10 წუთის სავალი გზა, რომელიც უფრო ძნელი გასავლელია, ვიდრე დილით.

  ბოლოს კი ტკბილი, ტკბილი ბალიში.

  თუ დილა ახლიდან დაბადებას ჰგავს, მაშინ ძილი.. თუმცა, რა საჭიროა ამაზე გაგრძელება?