Friday, May 27, 2011

ის, რაც არ ვიცით

 მე შემეძლო მეცხოვრა ასეთ ადგილას და ვყოფილიყავი ბედნიერი.


   შემეძლო მეცხოვრა ასეთ ადგილას.

  დილით გამეღვიძა და აივანზე გამოსულს ცივი, ნესტიანი ჰაერი ღრმად ჩამესუნთქა. მამლის ყივილსაც მოვისმენდი, მოწყენილობისგან დავამთქნარებდი და ჯერ კიდევ თბილ საწოლს დავალაგებდი. თმას ორივე ხელით ავიწევდი კეფიდან და დაუდევრად გამოვიკრავდი. მერე ბაღში გავიდოდი და ნამიანი ბალახისგან ფეხები დამისველდებოდა.




  სახლში მობრუნებული, რძიან ყავას დავისხამდი, ჟაკეტს შემოვიცვამდი და ისევ აივანზე გავიდოდი. რიტუალურად დავლევდი ყავას, გავხედავდი ბუნებას და შეიძლება გამეფიქრა კიდეც: "როგორ მომბეზრდა".


    შუადღისას ალბათ რამეს გამოვაცხობდი. ცხობა ერთ–ერთი მნიშვნელოვანი საქმიანობა იქნებოდა დღის განმავლობაში. მერე მეზობლებს ჩამოვუვლიდი და გავუნაწილებდი ნამცხვრებს. შეიძლება ჩემთან გამოსულიყვნენ და ერთად გაგვესინჯა გემო, ვინ იცის.



    ალბათ მე ყველას ვეყვარებოდი, მეზობლებს.  სალმიანი გოგოა და გემრიელ ნამცხვრებს აცხობსო, იტყოდნენ. დაე, ეგონოთ ასე. ის ხომ არ ეცოდინებოდათ, რომ მათთან საუბარი მიყვარს და მხოლოდ ამიტომ გავუღიმებდი და დავპატიჟებდი ჩემთან.


   საღამოს აივანზე სინათლეს დავტოვებდი და ოთახში შევიკეტებოდი, რომელიმე წიგნს გადავშლიდი, ან რადიოს მოვუსმენდი. შეიძლება მეცეკვა კიდეც რომელიმე სიმღერაზე, თუ მეცოდინებოდა, რომ არავინ  დამინახავს.


    ღამით ალბათ ძალიან შემეშინდებოდა და ყველანაირ ხმაურზე გული უფრო სწრაფად დამიწყებდა ცემას. მერე გამახსენდებოდა, რომ დილით ყველა ღამეული შიში ძალიან სასაცილოდ ჩანს და თვალები თავისით დამეხუჭებოდა..

მე შემეძლო, ასეთ ადგილას მეცხოვრა; მაგრამ არ ვიცი, ვიქნებოდი თუ არა ბედნიერი.

10 comments:

  1. არა, არ მოგბეზრდებოდა.. ნუ, მე არ მომბეზრდებიდა და ძაანაც ბედნიერად ვიგრძნობდი თავს ეგრე რომ მეცხოვრა. :) მანდ ყველაფერია, რაც მჭირდება.

    ReplyDelete
  2. ოდესმე ყველაფერი მოგვბეზრდება, ამიტომ მრავალფეროვნება ყველას ჯობს :)

    ReplyDelete
  3. ვისურვებდი ასეთ ადგილას მეცხოვრა, მაგრამ არ ვიცი რამდენად სავსე იქნებოდა ცხოვრება სულ იქ.
    ალბათ, უმჯობესია ქალაქიდან 30კმში იქონიო ასეთი ნაკვეთი და სახლი, სიმშვიდესა და სიმწვანეში, სადაც შემოდგომა-გაზაფხულებს ტკბილად გაატარებ.ძალიან მინდა

    ReplyDelete
  4. მე მიყვარს შენი ოცნებები :)

    ReplyDelete
  5. რას ამბობ, ერთ კვირაზე მეტი რომ გაჩერდე ეგეთ სიტუაციაში, შეიძლება ჭკუიდან შეცდე. აი, რამდენიმე დღით გადსარევია <3 ქალაქის სწრაფი ტემპით დაღლილი რომ წახვალ დასასვენებლად და ჩვილი ბავშვივით მშვიდი რომ ჩამოხვალ :)

    ReplyDelete
  6. მეც იმის დაწერა მინდოდა, არ იცი იქნებოდი თუ არა ბედნიერი მეთქი. მაგრამ ასეთი სახლი რომ მქონდეს, უფრო ბედნიერი რომ ვიქნებოდი, ვიდრე ახლა, ამას ლაპარაკი არ უნდა :)))

    ReplyDelete
  7. :)
    რა ტკბილი პოსტია...
    ყველამ დაწერა, რომ არ იციან, რამდენ ხანს გაძლებდნენ ასე. მაგრამ ჯეინ ოსტინის ემა ხო გახსოვს? :) იმას არსად უნდოდა თავისი "სოფლიდან" წასვლა და იქ ყველაზე ბედნიერი იყო... მერე თავისი საყვარელი კაციც იქვე აღმოაჩინა და ბედნიერი იყო...
    იმის თქმა მინდა, მე ვიცხოვრებდი ასე, შეიძლება დიდი ქალაქიც მომნატრებოდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც ჩემს ხის სახლს და თბილ სამზარეულოს დავუბრუნდებოდი.

    ReplyDelete
  8. http://www.youtube.com/watch?v=YEITVTcGbzc
    და ეს მწვანე და ზაფხულის სურნელივით არომატული მუსიკა შენს მწვანე და ზაფხულის სურნელივით არომატულ პოსტს <3

    ReplyDelete
  9. კი იქნებოდი ბედნიერი და მე ვიქნებოდი შენი მეზობელი.
    და ერთმანეთს ცხოვრებას გავულამაზებდით.
    წარმოიდგინე, მე სადმე გვერდით სახლში ვიცხოვრებდი და დილით, როდესაც შენ ჯერ კიდევ გამოღვიძებული არ იქნებოდი, მე შენ მოგიტანდი ცხელ ფუნთუშებს, ახალდაკრეფილ მარწყვსა და ალუბლის წვენს. შენ გაწეწილი თმით გამოხვიდოდი აივანზე, სადაც მე "კაჩელკა"–ზე ვიქნებოდი წამოწოლილი და მზეს ვუყურებდი.

    ReplyDelete
  10. მინდვრის ოდნავ ნამიან ყვავილებს მოგიტანდი.

    ReplyDelete