Saturday, February 23, 2013

Darth Vader and his son

   გუშინ ტამბლერზე საინტერესო ნახატებს მივაკვლიე, სრულიად შემთხვევით. სანამ ამ ნახატებს გაგაცნობდეთ, აუცილებლად უნდა გავაკეთო შესავალი.



   აქამდე არ მიხსენებია, რომ ვარსკვლავური ომების თაყვანისმცემელთა სიაში ჩავეწერე. ამ შემთხვევაში სიტყვა "თაყვანისმცემელი" მეტისმეტი სიზუსტით აღწერს ჩემს მდგომარეობას, ვინაიდან მე სწორედაც რომ თაყვანს ვცემ ამ ფილმს და მის გმირებს. დღეში რამდენჯერმე, ლოცვასავით ვიმეორებ – I am father, მთელ ტანში ჭიანჭველები დამირბის, როცა იოდას ბრძოლას ვუყურებ და ენეკინზე ვარ შეყვარებული, ობი ვან კენობის კი ვაღმერთებ; R2-D2–ს როცა ვხედავ, პატარა ბავშვივით ვეფერები.
 მოკლედ ასეა, ალბათ სტარ ვარსზე კიდევ ბევრს დავწერ მომავალში, ახლა კი მთავარ თემაზე გადავალ.

    ტამბლერზე ნანახ ნახატებს გუგლიც მივახმარე და მივიღე ისტორია, სახელწოდებით  "ლორდ ვეიდერი, როგორც მოსიყვარულე მამა".

  დაათვალიერეთ და დატკბით :)




 ..და მათი თავგადასავლები იწყება : )







მზრუნველი მამა


Proud Dad

ეგოისტი ლიუკი ;))

და ბოლოს, family portrait

 

პ.ს ნახატები ეკუთვნის ჯეფრი ბრაუნს.

Thursday, February 21, 2013

Well, the night does funny things inside a man

  ახლა თითქმის პირველი საათია, რაც იმას ნიშნავს, რომ მე უფრო გულახდილი ვარ, ვიდრე ერთი საათის წინ.  ვინმეს ექნება უკვე ნათქვამი, რომ ღამით დაწერილი პოსტები ბევრად უფრო გულახდილია, ვიდრე დღისით. 


 
    წეღან, ფეისბუქზე უსაქმოდ ჯდომისას, მომინდა გადამეხედა, რაზე ვფიქრობდი და რას ვაკეთებდი 1 წლის წინ ამ დროს, თებერვალში. რა კარგი რამეა თაიმლაინი, თითქმის დროში მოგზაურობის ტოლფასია. გადახვალ წინა წლის თებერვალზე და გაგახსენდება, რომ შარშან ამ დროს ტეკილას პერიოდი გქონდა; თებერვალში არა და იანვარში, ვთვლიდი რომ 2012 მოგზაურობის წელი უნდა ყოფილიყო [რაც საშინელი სიცრუე აღმოჩნდა], შარშან ამავე პერიოდში აღმოვაჩინე რომ ხორვატია მშვენიერი ქვეყანა ყოფილა და ზოგადად, მოგზაურობაზე უფრო მეტი ფიქრი დავიწყე : )

    ღამის გულახდილობაზე რომ გავაგრძელო, მინდა მოვყვე ჩემი შიშების შესახებ. იცით, ამ სამყარომ სულაც არ იცის, მე როგორი ჭკვიანი გოგო ვარ. მგონი მოვიდა დრო, ყველას გავაგებინო ამის შესახებ. ჯერ თავად უნდა მოვერიო ჩემს მეორე ნაწილს, რომელიც მუდმივად ჩამჩურჩულებს ყურში, რომ მე არც ერთი საქმე არ მიმყავს ბოლომდე, არაფერი არ გამომდის კარგად და მუდმივად რაღაც მაკლდება. მალე მოვერევი ჩემს შინაგან დემენტორებს და ყველა იმ სისულელეს გავაკეთებ და ვიტყვი, რის გაკეთებისგანაც აქამდე თავს ვიკავებდი. თავს ვიკავებდი იმიტომ, რომ შეცდომის დაშვების მეშინოდა მუდმივად, ამიტომ პრევენციის მიზნით, არაფერს ვაკეთებდი. ასეთ უმოძრაობას ჯობია ბევრი შეცდომა დავუშვა და ბევრი ვისწავლო. ის, ვინც ამბობდა, რომ ჭკვიანი სხვის შეცდომებზე სწავლობს და სულელი თავისაზე, საშინლად ცდებოდა. სხვის შეცდომებზე ნასწავლი ვერასდროს შეედრება იმ გამოცდილებას, რასაც საკუთარი შეცდომებიდან იღებ. იმიტომ, რომ კარგად გახსოვს ის ზიანი, რაც ამ შეცდომამ მოგაყენა და არასდროს გაიმეორებ.

   ჰო, კიდევ მინდოდა თქვენთვის მეთქვა – მე ეს სიმღერა დავისწავლე ჟესტების ენაზე, მართალია ნატალივით ჰაეროვნად არ გამომდის, მაგრამ ჯონის უხეშ მოძრაობებზე  მოქნილი კი ვარ  : ) ვფიქრობ, ერთხელაც ვიდეო ხომ არ გადავიღო და ნუ, ფეისბუქზე მაინც დავდო.

 ესეც ფოტო–იდეა. რა კარგი იქნებოდა, ასეთი აბრები რომ გვხვდებოდეს თბილისშიც :)


Monday, February 18, 2013

When I wake, I shall have cake

   საღამოობით, კორპუსში გამოკეტილი, ვუყურებ ათას განათებულ ფანჯარას და ვფიქრობ, რაზე ოცნებობენ ამ ფანჯრებს მიღმა ადამიანები. რომელ ჩაის სვამენ, რას უყურებენ ან რომელ მუსიკას უსმენენ.

   მე ახლა ვუსმენ ამას, რომელიც შემთხვევით ვიპოვე იუტუბზე [თქვენც მოუსმინეთ, კარგი სიმღერაა]. ჭიქაში ასხია გაციებული ყავა, რომელიც იმდენად ცივია, რომ დასალევად აღარ ვარგა.



   მინდა, რომ ერთ დილას კარავში გავახილო თვალები, საძილე ტომარაში გახვეულმა. გარეთ გამოვყო თავი, თვალები დავხუჭო და დილის სუფთა ჰაერი ღრმად ჩავისუნთქო. რამდენიმე წამით ვიქნებოდი ასე,  მერე აუცილებლად ჩავრთავდი დორსის რომელიმე სიმღერას ყურებში. რატომღაც მგონია, რომ ლაშქრობაში დილას ახალგაღვიძებულმა აუცილებლად უნდა მოვუსმინო დორსს.
 
    მინდა მინდორში ვეგდო და ბალახების სუნი მცემდეს, ფეხებზე ჭიანჭველები დაღოღავდნენ და კალიების ხმიანობას ვუსმენდე.  ლამის ცხადად შევიგრძნო ეხლა, როგორ დამნათის მზე და დახუჭულ თვალებს თუ სულ ოდნავ შევახელ, წამწამებს შორის სხივებს დავინახავ.



    რომ გამოვერკვევი,  მინდორი და მზის სხივები სადღაც ქრება და სამსახურში აღმოვჩნდები, გარედან მანქანების ხმა შემოდის, მე მთელი დღე სკამზე ჯდომისგან ხერხემალი მტკივა.
  ჩემს თავს ვეუბნები - არა უშავს, ნატალია. შენ აუცილებლად წახვალ ლაშქრობაში, თან ძალიან მალე. ზუსტად ასე იწვები ბალახებში თვალდახუჭული და მოგაგონდება, ერთ კვირადღეს როგორ ოცნებობდი ამ დღეზე.  როგორი შორს იქნება იმ დროს ეს ყოველდღიური, ყოფითი პრობლემები და ხერხემლის ტკივილები. გაგახსენდება და გაგეღიმება.

  უკვე  საკუთარი, რეალური მოგონებები გექნება. მერე დაჯდები და ამ მოგონებებზე დაწერ.

   საკუთარ შიშებთან ბრძოლა უნდა ვისწავლო. პირველ რიგში,  უნდა დავძლიო წყლის შიში.  ჩემი წყლის მიმართ დამოკიდებულება არის გაორებული, მის მიმართ ერთდროულად ვგრძნობ მიზიდულობას და შიშს : ) ადრეც მაქვს მოყოლილი ჩემი სიზმრების შესახებ -  ხშირად ვხედავ, როგორ ვცურავ კამკამა წყალში. რეალურად კი, წყალში ერთხელაც არ ჩამიყვინთავს. ცურვაც, ცხადია, არ ვიცი. მინდა ერთხელაც ამ შიშს შევეჭიდო და აი, ასე გავცურო (ამ სურათის ყოველი დანახვისას მთელ ტანში მაჟრჟოლებს).



     ბუნებასთან ახლო და ხშირი კონტაქტი მინდა მქონდეს, რის შესაძლებლობასაც, პირველ რიგში, ჩემი სამსახურის გრაფიკი არ მაძლევს. თითქმის ყოველ შაბათ-კვირას ერთ-ერთ დღეს მაინც ვმუშაობ. მეორე პრობლემაა თანამგზავრის პოვნა, თუნდაც ერთდღიანი ქალაქგარეთ გასვლისთვის. ვიცი, ძალიან, ძალიან თუ მოვინდომებ, მოვახერხებ ყველაფრის მოგვარებას. მაგრამ თებერვალია, მე ძალიან გამოფიტული ვარ, ქალაქით დავიღალე და მონდომებასაც ვერ ვახერხებ. შემიძლია მხოლოდ დაუსრულებლად ვათვალიერო ტბების, მინდვრების და მთის ძირში შემალული პაწაწინა სახლების ფოტოები და ჩემს წარმოდგენას გასაქანი მივცე. ასე, ყოველდღე, წარმოსახვითი მოგზაურობები მაქვს მსოფლიოს გარშემო, უკვე შემიძლია სურათებზე  ამოვიცნო სლოვენიის, ავსტრიის და შვეიცარიის ტბები.

   ვუყურებ სახლებს ტბის პირას და კიდევ ერთხელ ვეუბნები ჩემს თავს - ნატალია, შენ აუცილებლად ნახავ ბევრ ტბას, იქვე მდგარ ხის სახლებს, მწვანე ფიჭვებს და ტალღების ჩუმ ხმიანობასაც მოუსმენ ღამღამობით.



 
 მანამდე კი, მონიტორიდან ვუყურებ ამ პატარა სამოთხეს და ჩუმად, გულში ვიმღერებ -

Hush-a-bye, don't you cry,
Go to sleep you little baby..
When you wake, you shall have cake,

and all the pretty little horses.

Sunday, February 17, 2013

Everything is connected

    რამდენიმე დღის წინ დედამ  25 წლის გოგოს ამბავი მოყვა, რომელიც მოულოდნელად გარდაიცვალა. საშინელმა შიშმა შემიპყრო, რომ წარმოვიდგინე,  ნებისმიერ დროს შეიძლება, ასე უცებ ავდგე და მოვკვდე.
  
   ასეთ შიშის მომენტებში ვხვდები, რომ არსებობს ძალა, რომელიც ყველაფერზე ძლიერია. თუ გინდათ ღმერთი უწოდეთ, ალაჰი ან ნებისმიერი რამ – ეს ძალა ერთია, იმის მიუხედავად, რას დაარქმევენ მას სხვადასხვა რელიგიის მიმდევრები.

    მე მგონია, რომ ღმერთი ცალკე არსება არ არის, ის თითოეულ ჩვენგანშია. თუ ვიფიქრებთ ატომურ ბომბებზე და ძალაუფლებაზე, ჩვენში არსებული ღმერთი პატარავდება და ინავლება. კარგი საქმეები კი აძლიერებს მის არსებობას. ალბათ სიყვარულიც ეგაა, ბედნიერებაც, ჩვენ უბრალოდ ბევრ სახელს ვარქმევთ, ვინაიდან სხვადასხვა დროს სხვადასხვაგვარად ვგრძნობთ მას. 

   ხშირად ვფიქრობ, რამდენად სწორია ის, რასაც ვაკეთებთ ადამიანები დედამიწაზე. ამ  სამყაროს აღსასრული ისევ ჩვენზეა დამოკიდებული. რაც უფრო ბევრი საბრძოლო იარაღი იქმნება,  რაც უფრო მეტი ომი და დაპირისპირებაა მსოფლიოში, მით უფრო ვუახლოვდებით ლოგიკურ დასასრულს. იმიტომ, რომ ბოლოს უკვე აღარაფერი დარჩება ომისა და განადგურებული ქალაქების მეტი და ის ძალა მიხვდება, რომ დედამიწას აღარაფერი ესაქმება გალაქტიკაში.
  თუ მეტს ვიფიქრებთ ხელოვნებაზე, შეიქმნება უფრო მეტი მუსიკა, დაიწერება კარგი წიგნები, მით უფრო გადაიწევს ეს აღსასრული.  ყველაფერი ჩვენს ხელთაა და ამიტომ მეშინია, რამდენად სწორად ვიქცევით, ვწერთ თუ არა საკმარისად ბევრ სიმღერას?  გვინდა თუ არა, რომ კიდევ დიდხანს ვიარსებოთ?

   მინდა, რომ კიდევ დიდხან ეხეთქებოდეს ლურჯი ტალღები ნაპირებს, შრიალებდნენ ტყეები, უბერავდეს ქარი და ჭიკჭიკებდნენ ჩიტები.. როცა ეს ხმები,  ეს მოძრაობა გაჩერდება, ყველაფერი დამთავრდება და ჭაში წყალი დაშრება.

    მინდა ადამიანებმა გაიაზრონ, რომ ყველაფერი ერთი ადამიანიდან იწყება; რომ მთავარია იდეა, მთავარია ვიფიქროთ იმაზე, რა გვინდა მოხდეს და არა იმაზე, რა არ გვინდა.

  იმედია, ძალიან პათეტიკური არ ვარ. ღამის 2 საათზე დაწერილი პოსტები, როგორც წესი, არ არის ხოლმე პათეტიკური : )

 

  პ.ს პოსტის სათაურის ინსპირაცია არის Cloud Atlas. როგორ მინდოდა ამ შესანიშნავ ფილმზე ცალკე პოსტი დამეწერა, მაგრამ არ დავწერე და ალბათ ყოველთვის ვინანებ ამას.

Thursday, February 14, 2013

This Mess We're In

   ხანდახან არის მომენტები, როცა ვგრძნობ, როგორ ვკუმშავ მუშტებს სიბრაზისგან ისე, რომ ფრჩხილების ნაკვალევი ემჩნევა ხელისგულებს და ვნატრობ, რომ მალე მოვიდეს ის წყეული 1 საათი, როცა შემეძლება უბრალოდ ვეგდო გორგოლაჭებიან სავარძელში და ნელ რიტმში ვიტრიალო მარჯვნივ და მარცხნივ, მარჯვნივ და მარცხნივ. ხანდახან ადამიანების მიმართ ისეთ დაუძლეველ ზიზღს ვგრძნობ, რომ მეშინია. მეშინია, რომ ბოროტი ადამიანი გავხდები და სულ ასე შემეზიზღება ისინი.
 
   მე უკვე დავკარგე ადამიანებზე დაკვირვების სურვილი, ქუჩაში აღარ მაინტერესებს გარშემომყოფები და არც შემთხვევით შეხვედრილ უცნობებს ვაკვირდები შეფარვით. პირიქით, ხშირად ვნატრობ მათ სიკვდილს, სულ სულ ერთი წამით და მეორე წამს, როცა ეს აფექტის მდგომარეობა გამივლის, შეშინებული ვიხედები აქეთ-იქით და ველოდები, ჩემიდან შავი ჩრდილისმაგვარი არსება როდის გაღოღდება იმ საშინელი ხმებით, ფილმ ’მოჩვენებაში’ რომ არის.

  როცა ასეთ სიბრაზეს ვგრძნობ, აკანკალებული ხელებით ვხსნი იუტუბის გვერდს, შევდივარ ჩემს ფავორიტებში და ვრთავ მხსნელ სიმღერებს. ასეთი რამდენიმეა, ჟრუანტელის მომგვრელი სიმღერები, უცებ მთელ ტანში რომ ჩაგეღვრება და ფეხის თითებამდე ჩააღწევს.

 ერთ-ერთი ასეთი არის ეს დიდებული სიმღერა




  თავიდან ტომი იწყებს თავის გამორჩეული ხმით და მერე უცებ პიჯეი ჰარვი შემოდის და ამბობს the city sunset over me,  მე ამ დროს სახეზე ვგრძნობ ჩამავალი მზის სხივების ლიცლიცს, და მგონია, რომ ყველაფერი კარგად იქნება; მე სულაც არ ვარ ბოროტი გოგო და ჩემში არსებული კეთილი საწყისი გაიზრდება და განდევნის იმ შავ მაჯლაჯუნებს, რომლებიც ამ ბოლო დროს მაწევს სულზე და ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევს.
  
   თქვენ არ გეგონოთ, რომ მე სულ ასე მაჯლაჯუნებიანი დავდივარ და არაფერი კარგი აღარ მცხია. მაგალითად, მინდა მოგიყვეთ, როგორ მიყვარს კრისტიან ბეილი. როგორი კარგი ბიჭია, და როგორ იტირა ემ ტი ვის დაჯილდოების ცერემონიალზე პირდაპირ სცენაზე, ათასობით მაყურებლის წინ, როცა ჰიტ ლეჯერზე ვიდეოს უყურა. ვერ შეიკავა ცრემლები და ხმა აკანკალებული წარმოთქვამდა სიტყვას. ასე უპრეტენზიოდ მიყვარს ჩემთვის,  სადაც არის, ბედნიერი იყოს და თავის ჩვეული, კეთილი ღიმილით იღიმოს მუდამ.

ხანდახან ვდევნი ხოლმე ამ მაჯლაჯუნებს.

    თუმცა სულ ცოტა ხნის წინათ, სახლში რომ მოვდიოდი სწრაფი ნაბიჯებით, მუშტები ისევ მაგრად მქონდა შეკრული და ცრემლები მომდიოდა, გზად ვიღაცები მხვდებოდნენ, მაგრამ სახე არ ავარიდე, რა არის გასაკვირი იმაში, რომ ქუჩაში დადიოდეს გოგო, რომელიც ტირის?

   ახლა მე ავდგები, ბერგამოტიან ჩაის დავლევ, ტომი და პიჯეიც ჩემთან იქნებიან და ისევ დამავიწყდება, სულ ცოტა ხნის ხელისგულებზე ფრჩხილების ნაკვალევი რომ მემჩნეოდა.


Saturday, February 9, 2013

Killing in the name of

  They use force, to make you do, what the deciders have decided you must do.



 



   ძმებო,  მოგიწოდებთ, რომ ყოველ დილა დავიწყოთ  მე–9 სიმფონიით, ყველამ გავაღოთ ფანჯრები და თბილისის ქუჩებს მოედოს ეს მუსიკა. 

  ჩავიცვათ თეთრები და დანებით ხელში გამოვიდეთ გარეთ, ვცემოთ ლოთი მათხოვრები, გავაუპატიუროთ ქალები. ვცემოთ მოხუცებს, ვცემოთ ბავშვებს. თუ იტირებენ და შეწყნარებას გვთხოვენ, სახეში კიდევ ერთი მუშტი ვუთავაზოთ.  საღამოობით დავლიოთ ჭიქა რძე და გამთენიისას სახლში მისულებმა, დაძინებამდე კიდევ ერთხელ მოვუსმინოთ ღვთაებრივ სიმფონიას.

  მე მოგიწოდებთ, რომ დავიცვათ მარხვა, ვიაროთ ეკლესიაში, ყოველ კვირას შესაწირი პატიოსნად გადავიხადოთ. შევცოდოთ და მოვინანიოთ. კიდევ შევცოდოთ და ისევ მოვინანიოთ. სასურველია ეს კომბინაცია თანმიმდევრულად გავიმეოროთ დღეში 3–ჯერ, ჭამამდე, ან ჭამის შემდეგ.

   ხმამაღლა ვიმღეროთ – Fuck you, I won't do what you tell me!   F u c k you!  I won't do what you tell me! 

  მოვკლათ სამშობლოს სახელით, მოვკლათ პატრიარქის სახელით, მოვკლათ დიდი ძმის სახელით.

    მოდი, ვცადოთ ანარქია. სხვა ყველა ხერხი ნაცადია და ჯერჯერობით ვერაფერმა გვიშველა. მეფეები და წმინდანები მოდიოდნენ და მიდიოდნენ, ანარქია კი მუდამ ჩვენთანაა. ყველა ჩვენგანშია დამწყვდეული ჯინივით და ელოდება, როდის გავათავისუფლებთ.

 ანარქია არის თავისუფლება.

  ძმებო, გვძულდეს ერთმანეთი და დანდობა არ იყოს. რა მოგვიტანა სიყვარულმა?

ანარქია, ანარქია გადაგვარჩენს. 




Monday, February 4, 2013

Do more - მოსანახულებელი ადგილები, ნაწილი II

   გუშინ ორჰან ფამუქის "უმანკოების მუზეუმი" დავამთავრე. სტამბული მოსანახულებელ ქალაქთა სიაში უკვე იყო [თან ყველაზე მალე სავარაუდოდ ამ ქალაქში მოვხვდები],  ვოტერსის ბილეთი რაც ვიყიდე, მას შემდეგ დამაინტერესა განსაკუთრებულად, გუშინდელის მერე კი სურვილი გამიათმაგდა.

  ბეიოღლუზე უნდა გავიარო და ჭიქა ჩაი დავლიო [ფინჯანი არ დავწერე შეგნებულად].

 
 

მერე ჩუქურჯუმაში გავივლი და უმანკოების მუზეუმს ვნახავ : )



  საბერძნეთი საოცრად ლამაზი ქვეყანაა, ისტორიული ადგილებით და მშვენიერი სანაპიროებით. მაგრამ მე განსაკუთრებულად სიკლადისი მიზიდავს [თუ არასწორად ვწერ, შემისწორეთ]. ეს არის კუნძულთა ჯგუფი ეგეოსის ზღვაში. ალბათ, ამ კუნძულებიდან სანტორინიზე უფრო გსმენიათ. ეს ადგილიც ერთ–ერთი პატარა სამოთხეა დედამიწაზე. ფერადი სახლებით და ზურმუხტისფერი ზღვით.




აისი : )

   საბერძნეთიდან ცივი გადახტომა ისლანდიაში. ისლანდიაში არის ასეთი ჩანჩქერი, დეტიფოსი, რომელიც არის, უბრალოდ მშვენიერი. ტალახისფერი, მაგრამ მშვენიერი.



  ასევე არის გულფოსი, დეტიფოსზე უფრო მშვენიერი.






  და სკოუგაფოსი, წინა ორზე უკეთესი.





  არის გეიზერები, რომლებიც ძალიან ლამაზ სანახობას ქმნიან.



   მთავარი ადგილი, სადაც ყველაზე მეტად მინდა წავიდე ისლანდიაში არის ჰორნვიკი. ნისლიანი, მწვანე ჰორნვიკი.



აი ერთ ღამეს აქ თუ დავიძინებ კარავში, ვიტყვი რომ ცხოვრება შედგა.


 შემდეგ ნაწილში ალპების გარშემო ვიტრიალებ : )