Monday, February 18, 2013

When I wake, I shall have cake

   საღამოობით, კორპუსში გამოკეტილი, ვუყურებ ათას განათებულ ფანჯარას და ვფიქრობ, რაზე ოცნებობენ ამ ფანჯრებს მიღმა ადამიანები. რომელ ჩაის სვამენ, რას უყურებენ ან რომელ მუსიკას უსმენენ.

   მე ახლა ვუსმენ ამას, რომელიც შემთხვევით ვიპოვე იუტუბზე [თქვენც მოუსმინეთ, კარგი სიმღერაა]. ჭიქაში ასხია გაციებული ყავა, რომელიც იმდენად ცივია, რომ დასალევად აღარ ვარგა.



   მინდა, რომ ერთ დილას კარავში გავახილო თვალები, საძილე ტომარაში გახვეულმა. გარეთ გამოვყო თავი, თვალები დავხუჭო და დილის სუფთა ჰაერი ღრმად ჩავისუნთქო. რამდენიმე წამით ვიქნებოდი ასე,  მერე აუცილებლად ჩავრთავდი დორსის რომელიმე სიმღერას ყურებში. რატომღაც მგონია, რომ ლაშქრობაში დილას ახალგაღვიძებულმა აუცილებლად უნდა მოვუსმინო დორსს.
 
    მინდა მინდორში ვეგდო და ბალახების სუნი მცემდეს, ფეხებზე ჭიანჭველები დაღოღავდნენ და კალიების ხმიანობას ვუსმენდე.  ლამის ცხადად შევიგრძნო ეხლა, როგორ დამნათის მზე და დახუჭულ თვალებს თუ სულ ოდნავ შევახელ, წამწამებს შორის სხივებს დავინახავ.



    რომ გამოვერკვევი,  მინდორი და მზის სხივები სადღაც ქრება და სამსახურში აღმოვჩნდები, გარედან მანქანების ხმა შემოდის, მე მთელი დღე სკამზე ჯდომისგან ხერხემალი მტკივა.
  ჩემს თავს ვეუბნები - არა უშავს, ნატალია. შენ აუცილებლად წახვალ ლაშქრობაში, თან ძალიან მალე. ზუსტად ასე იწვები ბალახებში თვალდახუჭული და მოგაგონდება, ერთ კვირადღეს როგორ ოცნებობდი ამ დღეზე.  როგორი შორს იქნება იმ დროს ეს ყოველდღიური, ყოფითი პრობლემები და ხერხემლის ტკივილები. გაგახსენდება და გაგეღიმება.

  უკვე  საკუთარი, რეალური მოგონებები გექნება. მერე დაჯდები და ამ მოგონებებზე დაწერ.

   საკუთარ შიშებთან ბრძოლა უნდა ვისწავლო. პირველ რიგში,  უნდა დავძლიო წყლის შიში.  ჩემი წყლის მიმართ დამოკიდებულება არის გაორებული, მის მიმართ ერთდროულად ვგრძნობ მიზიდულობას და შიშს : ) ადრეც მაქვს მოყოლილი ჩემი სიზმრების შესახებ -  ხშირად ვხედავ, როგორ ვცურავ კამკამა წყალში. რეალურად კი, წყალში ერთხელაც არ ჩამიყვინთავს. ცურვაც, ცხადია, არ ვიცი. მინდა ერთხელაც ამ შიშს შევეჭიდო და აი, ასე გავცურო (ამ სურათის ყოველი დანახვისას მთელ ტანში მაჟრჟოლებს).



     ბუნებასთან ახლო და ხშირი კონტაქტი მინდა მქონდეს, რის შესაძლებლობასაც, პირველ რიგში, ჩემი სამსახურის გრაფიკი არ მაძლევს. თითქმის ყოველ შაბათ-კვირას ერთ-ერთ დღეს მაინც ვმუშაობ. მეორე პრობლემაა თანამგზავრის პოვნა, თუნდაც ერთდღიანი ქალაქგარეთ გასვლისთვის. ვიცი, ძალიან, ძალიან თუ მოვინდომებ, მოვახერხებ ყველაფრის მოგვარებას. მაგრამ თებერვალია, მე ძალიან გამოფიტული ვარ, ქალაქით დავიღალე და მონდომებასაც ვერ ვახერხებ. შემიძლია მხოლოდ დაუსრულებლად ვათვალიერო ტბების, მინდვრების და მთის ძირში შემალული პაწაწინა სახლების ფოტოები და ჩემს წარმოდგენას გასაქანი მივცე. ასე, ყოველდღე, წარმოსახვითი მოგზაურობები მაქვს მსოფლიოს გარშემო, უკვე შემიძლია სურათებზე  ამოვიცნო სლოვენიის, ავსტრიის და შვეიცარიის ტბები.

   ვუყურებ სახლებს ტბის პირას და კიდევ ერთხელ ვეუბნები ჩემს თავს - ნატალია, შენ აუცილებლად ნახავ ბევრ ტბას, იქვე მდგარ ხის სახლებს, მწვანე ფიჭვებს და ტალღების ჩუმ ხმიანობასაც მოუსმენ ღამღამობით.



 
 მანამდე კი, მონიტორიდან ვუყურებ ამ პატარა სამოთხეს და ჩუმად, გულში ვიმღერებ -

Hush-a-bye, don't you cry,
Go to sleep you little baby..
When you wake, you shall have cake,

and all the pretty little horses.

2 comments:

  1. აუჰ ამის დაწერის დრო იყო ნატალია? ჩემი თავი შემეცოდა. აქ რომ ვზივარ და ისიც არ ვიცი საით მივდივარ.

    ReplyDelete
  2. ნატალია, ამ ყველაფერს რომ ვერ ისრულებ მთლად შენ თავს კი არა სეზონს და ზამთარს უნდა დააბრალო. აი, რომ დათბება და მზე გამოვა მერე ძალიან მარტივად შეიძლება მაგ ყველაფრის ახდენა. ვიაროთ და ვიაროთ <3

    ReplyDelete