Monday, June 15, 2009

And, how was your day?

დღეს გამოცდა მქონდა გინეკოლოგიაში. შაბათ-კვირის დაუზარელი მეცადინეობის შემდეგ კარგი შედეგი მივიღე და კმაყოფილი ვარ. თუმცა, 1-ზე დაწყებული გამოცდა, საბოლოოდ, დაწერა+ტესტების შესწორება+ჩათვლის წიგნაკში ნიშნის ჩაწერა 4 საათამდე გაიწელა და საკმაოდ დავიღალე(თ). თან, გამოცდა მიმდინარეობდა ფიზკულტურის დარბაზში, იყო უამრავი სტუდენტი და შესაბამისად ხმაური - ჩემს უკან მჯდარი ბიჭი ხმამაღლა ეკითხებოდა ჩემს გვერდით მჯდომ გოგოს - ’საშვილოსნოს ყელი როდის უბრუნდება პრეგრავიდალურ მდგომარეობას..’ ან ’მენსტრუაციის წინ რომელი ჰორმონი იმატებს’ და ა.შ ჩემს წინ მჯდომი ბიჭი მე მეკითხებოდა და მოკლედ იყო საშვილოსნოების და სანაყოფე წყლების ძახილი. ამ ალიაქოთს კი აიტანდა კაცი, მაინც მიჩვეული ვარ, მთავარი უბედურება იყო ერთი ჯანსაღი ქალბატონი, რომელიც აკონტროლებდა წესრიგს, და ამ კონტროლში გვარიანად ხმაურობდა. ’გოგონიი’ - ეს იყო ძირითადი ლექსიკონი, ან ’შენ, გადმოჯექი აქ’ და უნდა მიმხვდარიყო ის, ვისაც ’გოგონი’ და ’შენ’ ეხებოდა, რომელიც რა თქმა უნდა ვერ ხვდებოდა და ქალბატონიც იმეორებდა დაუზარელად ხმამაღლა, სანამ ადრესატამდე არ მიაღწევდა. ბოლოს ისე გაოგნებული ვიყავი რომ სასწრაფოდ შემოვხაზე ყველა პასუხი, დროზე რომ დამეღწია თავი. გარეთ უარესი ხმაური იყო, პატარა სივრცეში უამრავი ადამიანი ყაყანებდა და ჟანგბადს უსინდისოდ ანიავებდა.

მოკლედ, როგორც იქნა ყველაფერი დამთავრდა და ჰანნამ შემოგვთავაზა ჩემთან ავიდეთო. მე რა თქმა უნდა მაშინვე დავთანხმდი, სხვებმა ცოტა იფიქრეს და რამდენიმემ თანხმობა განაცხადა. ავედით და აქეთ-იქით მივეყარეთ, აღმოვაჩინეთ რომ თურმე ძააალიან დავღლილვართ..

[იქაური ამბების მოყოლა მეზარება, თან სულ ხელები მიკანკალებს ისე მინდა ქვემოთ მოცემული ამბის დაწერა :D]

სახლში საკმაოდ გვიან მოვედი, სახსრები მტკიოდა და მციოდა კიდევ.

ჩემი ძმა არ დამხვდა და ვიკითხე სად არის-თქო და თურმე... ჯგუფელთან რჩება!!!

აი რატომ მაქვს კარგი დღე!! დიახ, დიახ, ასეთი საოცრებებიც ხდება ხანდახან..

ხოდა, ეხლა ყავას და შოკოლადს მივირთმევ და მაქსიმალურად ვტკბები : )

2 comments:

  1. კომპიუტერის შემცილებელი არ გეყოლება დღეს, თუ სწორად მივხვდი :ლოლ: ENJOY!!!
    უი, გახსენებაზე მეც მომინდა ყავა და შოკოლადი :)

    ReplyDelete
  2. აუ, ბავშვობაში გინეკოლოგობა მინდოდა მაგრად, ოღონდ ამ სიტყვის მნიშვნელობას მაშინ მივხვდი, როცა უკვე გადაფიქრებული მქონდა :)))) ისე, დედმამიშვილების შეცილება კომპიუტერტან - ეს, მგონი, უკვე საზოგადოებრივი პრობლემა გახდა :)

    ReplyDelete