Sunday, May 3, 2009

თერაპია vs ქირურგია

ჩაბარებიდან გადაწყვეტილი მქონდა რომ ენდოკრინოლოგობა მინდოდა, კოლეჯის სამივე და უნივერსიტეტის II–III კურსი, ანუ 5 წელი, მტკიცედ მჯეროდა რომ ეს სფერო იყო ჩემი. მე–4 კურსზე, როცა კლინიკური საგნები და, პარალელურად მორიგეობები დავიწყე, აღმოჩნდა რომ კიდევ უამრავი დისციპლინა არსებობდა, რომლებიც არანაკლებ მაინტერესებდა, არანაკლებ კი არა, ენდოკრინოლოგიამ სადღაც ბოლო ადგილებზე გადაინაცვლა.

ოპერაციებზე ხშირმა დასწრებამ ჩემი ქირურგიისადმი ინტერესი გამოიწვია, განსაკუთრებით კი ნეიროქირურგიამ გამიტაცა. ასევე, ძალიან მომწონდა ზოგადი თერაპიაც, მოკლედ, ძალიან დავიბენი და დღემდე ვფიქრობ რა სფერო ავირჩიო. გამორიცხვის მეთოდით რამდენიმე დარგი რჩება, მაგრამ ამ რამდენიმედან არჩევა უკვე ძალიან მიჭირს, არც მრჩეველი მყავს რომ დამეხმაროს, რადგან კომპეტენტური პირები, ანუ ექიმები, ყველა ერთ და იგივეს მიმეორებს მეც და სხვებსაც – გოგოები დიაგნოსტიკაში წადით, ზუსტად ქალის საქმეა, სუფთაა და კარგი შემოსავალი გექნებათ–ო დასძენენ.

ჩემს პასუხზე, რომ ქირურგია ძალიან მომწონს, დანანებით თავს გადააქნევენ და მეუბნებიან რომ ქალისთვის ძნელია, ვერ შევძლებ, ჯობია გადავიფიქრო. ყველა დაზეპირებულივით ერთ წინადადებას ამბობს, უკვე მაღიზიანებს ეს მიდგომა რომ ქირურგია ქალის საქმე არ არის, რომ დიაგნოსტი წყნარად ზის ოთახში, აქვს თავის აპარატი, ბევრი ფული და არ აქვს მორიგეობები. მაგალითად, ნეიროქირურგიის კურაციაზე როცა ვთქვი, რომ ეს სფერო ძალიან მაინტერესებდა და სერიოზულად ვფიქრობდი, ლექტორმა ისე შეიცხადა, ჯგუფელის სიტყვებზე კი, რომ დიაგნოსტიკა უნდოდა, ისე შეაქო, რომ შემრცხვა და გავჩუმდი. არა, მართლა არ მესმის საქართველოში როდემდე უნდა იყოს დაყოფილი მედიცინაში ქალის და კაცის პროფესიები, მესმის რომ კაცები ფიზიკურად ძლიერები არიან, და შესაბამისად, 7–8 საათიან ოპერაციებს მეტად გაუძლებენ, მაგრამ ისტორიაში არიან სასიამოვნო გამონაკლისები ქალი ქირურგების სახით, და როცა მეც მინდა ეს გამონაკლისი ვიყო, ზოგჯერ მაინც სასარგებლოა ვიღაცის მიერ რჩევის მიღება, რასაც ჯერჯერობით ვერ ვეღირსე, თვით ქალებისგანაც კი.

ქირურგიას კონკურენციას, როგორც ზემოთ ვთქვი, თერაპია უწევს. საკმაოდ რთული არჩევანის წინაშე ვარ. თუმცა, საქმე უკვე იქამდეა მისული, რომ თერაპიული დარგებიც კი ქალისთვის მძიმედ ითვლება და რჩება ის ერთადერთი – დიაგნოსტიკა. მაგრამ მე რა ვქნა, თუ ზუსტად ღამის თევა, პაციენტთან ხანგრძლივი ურთიერთობა, დიაგნოზის დასმა და შემდგომი მკურნალობა მაინტერესებს? მაინც უარი უნდა ვთქვა, ვინაიდან დამღლელია, არ დამიფასდება, მალე მომბეზრდება და ა.შ ? თუმცა, სწორედ ის მაძლევს სტიმულს, რასაც მეუბნებიან რომ ვერ შევძლებ, უფრო მეტადაც კი, ვიდრე ქება.

თუმცა, არ გამოვრიცხავ რომ მომავალში, როგორც ენდოკრინოლოგია შემოვდე თაროზე, ასევე დაემართოს ქირურგიასაც, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ინტერესს დავკარგავ, თორემ შემოსავლის გამო არ ვაპირებ პროფესიის არჩევას. პირველ რიგში მინდა რომ ჩემი საქმე მიყვარდეს და იძულებით არ ვაკეთებდე.

თერაპია–ქირურგიის დაპირისპირება კი გრძელდება და თანაბარ ძალებში მიმდინარეობს, რამდენ ხანს ვიქნები ამ გაურკვევლობაში ღმერთმა უწყის, იმედია ერთ მშვენიერ დღეს გონება გამინათდება და 'იმ ერთადერთს' ვიპოვი, რასაც ვეძებდი.

5 comments:

  1. +1 ქირურგია.
    მეც ვსწავლობდი 2 წელი სამედიცინოზე ქირურგიის ხათრით.
    არ ვუსმენდი იმას, რომ გოგოსთვის ცოტა რთულია.
    ვამაყობდი იმით, რომ გოგოებს უფრო დახვეწილი ხელის მოტორიკა აქვთ და ნეიროქირურგობა ან ეგრე, წვრილი ქირურგობა უფრო კარგად გამომივიდოდა.

    ReplyDelete
  2. როგორ მშურს რომ იცოდე
    ჩემი ცხოვრების ოდამეერთე წელს მივხვდი, რომ არასწორი არჩევანი გავაკეთე და რომ მამაჩემის კვალს უნდა გავყოლოდი ...
    კარდიოქირურგია არა?
    OO

    ReplyDelete
  3. –თათია–

    არადა ნეიროქირურგიაზე განსაკუთრებით გიჟდებიან რომ ქალის საქმე არ არისო :(


    -utvino-

    ეგ ცუდია, კიდევ კარგი მე 'ჩემს'სფეროში ვარ, მედიცინის გარდა ჯერჯერობით არაფერი მინდა :))

    პ.ს კარდიოქირურგია მამა? :)

    ReplyDelete
  4. ux me Zlivs mivxvdi ra minda da am so xeppi :D

    ReplyDelete
  5. ეჰჰ,მე დიდ გასაჭირში ვარ :(

    ReplyDelete