Tuesday, May 5, 2009

First Day

ყველაფერი პირველი დასამახსოვრებელია; თუმცა რაც დრო გადის, ნელ–ნელა ბუნდოვნდება, ყველაზე ძლიერი შთაბეჭდილებებიც კი. ამიტომ გადავწყვიტე რომ ჩემი პირველი მორიგეობა გავიხსენო, რომელიც 2 წლის წინ იყო :)

ზუსტად მახსოვს ის დღე – 2007 წლის 18 ოქტომბერი.

თუმცა ყველაფერი ცოტა კურიოზულად დაიწყო – 1 თვით ადრე მივედი ექიმთან და შევუთანხმდი, მაგრამ რეზერვში გაიწვიეს და გადაიდო ჩემი მისვლა. ოქტომბერში დავურეკე და ვეკითხები – 'ჩამოხვედით ჯარიდან :უსერ: ?' [უსერ იქვე იგულისხმება, ინტონაციაში] გაეცინა და კიო, რომელიღაც დღეს მოდიო მითხრა. დანიშნულ დღეს ჯერ სისხლის ანალიზზე გავიქეცი დილის 9 საათზე და იქედან წავედი კლინიკაში, 10–ის ნახევარზე უკვე იქ ვიყავი. ძალიან მიხაროდა და გული მიფრიალებდა თან. ავედი და... ვერ ვიპოვე განყოფილება :ბიგ_უსერ: მე ჭკვიანმა თერაპიის კათედრა ვიკითხე, განყოფილების ნაცვლად :D ეგეთი არ არისო აქ, მერე როგორც იქნა მითხრეს სადაც იყო, თურმე იქვე ვმდგარვარ [არა ისე იქ მართლა ლაბირინთებია, ყველას უჭირს გზის გაგნება], ერთი დაბრკოლება კი გადავლახე, მაგრამ ეხლა უკვე საორდინატორო ვერ ვიპოვე, დაბნეული და საკუთარ თავზე გაცეცხლებული უკან წამოვედი!

ჩემს ჯგუფელებს რომ ვუთხარი დამცინეს, თან ერთ–ერთიც იქ დადიოდა და ლექციის შემდეგ კიდევ ერთხელ წავედით. ჩემი ჯგუფელი ისეთია, უდაბნოშიც არ დაიკარგება, გველს ან ხვლიკს კითხავს გზას და გამოაღწევს. ხოდა მიმიყვანა აღთქმულ მიწაზე, მაგრამ ექიმი წასული დამხვდა!

მე არ შევეპუე ამ დაბრკოლებებს და მეორე დღეს კიდევ წავედი! მივაგენი ოთახსაც, ექიმსაც :D მითხრა დღეს ვარ მორიგე, საღამოს მოდიო და თეთრეულიც წამოიღეო :))

მოკლედ, საღამოს შევიარაღდი თეთრეულით, ფონენდოსკოპით, ხალათით და წავედი. როგორი ბედნიერი ვიყავი მაშინ ვერ გადმოვცემ – გული მქონდა აჩქარებული, ხელები ოდნავ მიკანკალებდა :)

რომ მივედი ყველა წასული იყო უკვე და მხოლოდ მორიგე პერსონალი იყო დარჩენილი. ექთნების ე.წ პოსტზე დავსხედით და პირველი რამაც გამაკვირვა იყო ექთანი, რომელიც ძაფზე ნიგოზს ასხამდა. საავადმყოფოს შიდა სამზარეულოში მანამდე ჩახედული არ ვიყავი და მეგონა რომ იქ ადამიანები ჩვეულებრივები არ იყვნენ და როცა გვერდით პალატებში ავადმყოფი წევს, შენ მხოლოდ უნდა იჯდე და ელოდო ვინმეს რამე არ გაუჭირდეს..

ვიჯექი და ხმას არ ვიღებდი, მხოლოდ კითხვებზე ვპასუხობდი, ყველა იქ მყოფი ექიმი მეგონა :)) ჩემმა ექიმმა გვერდით მომისვა და გამომკითხა რაღაცეები, ცოდნის დონე რომ გაეგო ალბათ. თავიდან ისეთი მარტივი კითხვები დამისვა რომ გაოცებული ვპასუხობდი :)) მერე გაართულა და საბოლოოდ ძალიან მოვეწონე. რაღაცეები დავხატე კიდეც – სისხლის მიმოქცევის დიდი და მცირე წრე მაგალითად :))

ექთანმა ყავა ხომ არ გინდათო? მე შემრცხვა და ვუთხარი ყავას იშვიათად ვსვამ–თქო [არადა დღეში 1-2 ჭიქას მაინც ვსვამდი]. მერე შევედით პალატაში [სულ 2 ავადმყოფი იწვა, აქედან 1 ჩემი ექიმის პაციენტი იყო], მოხუცი კაცი იყო, ცალი ფეხი არ ქონდა. რაღაცეები გამოკითხა, ფილტვებში მოვუსმინეთ და გამოვედით, ისტორიასაც გადავხედე.

ჩემი კურსელები იქვე რეანიმაციაში მორიგეობდნენ და ცოტახნით გავუარე. იქ ხომ საერთოდ აღვფრთოვანდი, პაციენტები გამაცნეს გოგოებმა. 1 ქალი იყო რომელიც 3 თვეა კომაშიაო, და კაცი, რომელიც სულ კვნესოდა. ვილაპარაკეთ და წამოვედი, ჩვენს პაციენტს ჰეპარინი უწევდა და უნდა მეყურებინა. მერე შენ გააკეთებო ექიმმა, მაგრამ მე ვუთხარი რომ მეშინია–თქო და იმ დღეს არაფერი გამიკეთებია.

დაახ. 1 საათზე მაჩვენეს ჩემი 'ბუნაგი', გავშალე თეთრეული და დავწექი, დიდხანს არ დამეძინა, ემოციებისგან და თან ხმაურობდნენ სხვები :))

დილით 8–ის ნახევარზე ავდექი, ჯერ სახლში უნდა გამევლო და მერე ლექციებზე, ექიმი გავაღვიძეთ მე და ექთანმა, ჩემი ჩანთა თავის ოთახში ქონდა ჩაკეტილი და.. ავიღე და ბედნიერი დავემშვიდობე ყველას :)

მოკლედ, მორიგეობა განსაკუთრებული ნამდვილად არ ყოფილა, თუ იმას არ ჩავთვლით რომ პირველი იყო. მერე უფრო საინტერესო გახდა :)

პოსტი შექმნილია სიმღერების: Jason Mraz - Lucky, Lenka - Trouble Is A Friend და სერგი გვარჯალაძის – Artificial Love – ფონზე :)

5 comments:

  1. ჰეჰ
    მაგარია
    ყოველთვის მინდოდა, ექიმი ვყოფილიყავი და მემორიგევა და ხალხისთვის მემკურნალა )))
    მერე დიდი გოგო რომ გავიზარდე, აღმოჩნდა რომ სხვა რაღაცის კეთება მინდოდა ექიმობაზე მეტად და შეველიე საოცნებო პროფესიას )))

    ReplyDelete
  2. romel saavadmyofoshi iyavi? :D

    ReplyDelete
  3. ღუდუშაურში :))

    ReplyDelete
  4. ვახ, ღამის პირველიდან დილის 8მდე ძილი მაგარია :)) თან ცალკე, თან თეთრეულით )))))) იიხ

    ReplyDelete
  5. ჩემი კურსელები იქვე რეანიმაციაში მორიგეობდნენ და ცოტახნით გავუარე. იქ ხომ საერთოდ აღვფრთოვანდი, პაციენტები გამაცნეს გოგოებმა, 1 ქალი იყო რომელიც 3 თვეა კომაშიაო, და კაცი, რომელიც სულ კვნესოდა...


    საშინელი ხალხი ხართ ექიმები.. ზუსტად ასეთი რაღაცეების გამო.. :) მაგრამ ყველაზე მეტად ამქვეყნად ექიმები მიყვარს. თავად ვერასოდეს შევძლებდი სხვის მკურნალობას და ალბათ ამიტომ :)

    ReplyDelete