Friday, August 23, 2013

Biaff - the magic is out there

    მე შემიძლია დავჯდე და ძალიან ბევრი გელაპარაკოთ, თუ როგორ ველოდები უკვე 1 წელია ამ ფესტივალს, როგორ მიფანცქალებს გული ყოველი დღის ბოლოს, ვინაიდან ვიცი, რომ კიდევ უფრო მივუახლოვდი 15 სექტემბერს.
  ძალიან ბევრი შემიძლია ვილაპარაკო ჩემს მოლოდინებზე და განწყობებზე, მაგრამ შევეცდები ეს ემოციები ამჯერად ჩემთვის დავიტოვო და მოკლედ დავწერო.

   მოკლედ უნდა დავწერო ძალიან კარგ, საუცხოო ფესტივალზე, რომელიც 2006 წლიდან, ყოველ შემოდგომას, საქართველოს ერთ  ჯადოსნურ, ზღვისპირა ქალაქში იმართება და
ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი ჰქვია.

   წელს ფესტივალი 15-დან 22 სექტემბრამდე ჩატარდება. ჩვენებებზე დასწრება უფასოა, წინასწარ ადგილების დაჯავშნა იქნება მხოლოდ საჭირო. მიმდინარე ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენი, ბლოგერების საშუალებით, ასევე კინოფესტივალის ფეისბუქის გვერდზე ადევნოთ თვალყური სიახლეებს.

  მე ამ ფესტივალზე მივემგზავრები და გული ლამის საგულედან ამომიხტეს, როცა ვუფიქრდები, რა დღეები მელის წინ.

  ისეთი დღეები მელოდება, როცა შემეძლება დილიდან დაღამებამდე მხოლოდ საყვარელი საქმიანობები ვაკეთო - ვუყურო ფილმებს (რაც შეიძლება ბევრს), ვსვა ყავა, ჩამოვჯდე სანაპიროზე, ვიკითხო წიგნები, გავატარო დრო საყვარელ ადამიან(ებ)თან ერთად, მქონდეს 27 არა და, უამრავი მოპარული კოცნა და უბრალოდ, ვიყო ბედნიერი.

 ღმერთო, შეისმინე ჩემი მოლოდინები, მიიღე და სულ დადებითად დამიბრუნე უკან სექტემბრის 1 მშვენიერ კვირას.

Friday, August 16, 2013

Don't Kill a Mockingbird

  რატომ არ მქონდა აქამდე წაკითხული ეს საოცარი ნაწარმოები, რატომ მითხრა მხოლოდ ახლახან ერთმა კარგმა გოგომ, დაყარე ყველაფერი და სასწრაფოდ ეს წიგნი იყიდეო?  რატომ წავიკითხე ახლა, როცა ასეთი ვარ, დიდი და სიკეთისგან ლამის დაცლილი? და რატომ არ წავიკითხე მაშინ, ბავშვობაში, როცა განურჩევლად ყველაფერს ვკითხულობდი, რაც სახლში მოიძიებოდა?..



    მართალია ჩემს მეზობლად ბუა რედლი არ ცხოვრობს, მაგრამ ყველას გვყავდა ბავშვობაში ბუა, რომლისაც გვეშინოდა, ან გვაშინებდნენ უფროსები; რომელიც მოვიდოდა და წაგვიყვანდა, თუ ცუდად მოვიქცეოდით. მე და ჩემმა ძმამ კი, ბუა ერთ ფაშფაშა ქალში ჩავასახლეთ, რომელიც სულაც არ იყო საშიში, პირიქით, ძალიანაც კეთილი იყო, ჰყავდა ქმარი და შვილი და ჩვენი თამაშების განუყოფელი ნაწილი იყო.  ბუამ, ჩემი წარმოდგენით, ხმამაღალი სიცილი იცოდა და ყოველთვის მიხაროდა, როცა თამაშში ის დრო დადგებოდა, ქმარ-შვილთან ერთად რომ უნდა გვსტუმრებოდა.

  თუმცა არა. ვიცი, რატომ არ მქონდა აქამდე წაკითხული "ნუ მოკლავ ჯაფარას".  სწორედ ახლა იყო დრო, რომ წამეკითხა. ახლა და არა რომელიმე სხვა დროს. მაშინ, როცა გავხდი დიდი და სიკეთისგან ლამის დაცლილი.

    ახლა მე უკვე ვიცი, რომ ასტრიდ ლინდგრენის წიგნების გვერდით დევს კიდევ ერთი დიდებული წიგნი, რომლიდანაც სიკეთე იღვრება, თავის პირვანდელი ფორმით - სუფთა და ხელშეუხებელი, ისეთი სიკეთე, როგორსაც მხოლოდ ბავშვები ხედავენ.

    უკვე ისიც ვიცი, რომ, როცა მომინდება კიდევ ერთხელ შევივსო სიკეთის კოლბა, შემიძლია ავიღო და გადავშალო "ნუ მოკლავ ჯაფარას". თამამად შემიძლია, ეს წიგნი სიკეთის თაროზე შემოვდო, ასტრიდ ლინდგრენთან და "სამოსელი პირველთან" ერთად.

 ძალიან ბედნიერი ვარ. და ასეთი ბედნიერებით ავსება მხოლოდ ასეთ წიგნებს შეუძლიათ.