Thursday, May 12, 2011

იქ, სადაც შენია

ყველა ადამიანს  უნდა ჰქონდეს ისეთი ადგილი, სადაც თავს შეაფარებს. არ აქვს მნიშვნელობა, ფიზიკურად იქნები იქ, თუ სულიერად. ბლოგს შეიძლება ჰქონდეს ეს ფუნქცია;  შემოხვიდე, გახსნა ახალი პოსტის კუთხე და წერო ის, რაც  გინდა, რომ ხმამაღლა თქვა და ვერ ამბობ, ან - არ ამბობ. ამ მხრივ ჩემს თავს რაღაც პასუხისმგელობები დავაკისრე და ეს არ მომწონს. უკვე აღარ ვწერ ისე თავისუფლად და იმდენ რამეზე, რაზეც ადრე ვწერდი. არადა, რა შეიცვალა? მკითხველები ისევ ის ხალხია, ვინც ადრე იყო. არც ისე ბევრი, მაგრამ ზუსტად ისინი, ვინც მინდა რომ აქ მყავდეს. არ ვიცი, ოდესმე მითქვამს თუ არა მადლობა იმისათვის, რომ აქ შემოდიხართ და კითხულობთ. სულ არ მიხარია, როცა გუგლიდან დასერჩილი რაღაც სიტყვებით შემოდიან ჩემთან. თითქოს დაუპატიჟებელი სტუმრები მომადგებიან ხოლმე და აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე.

მე სულ თავშესაფრების ადამიანი ვარ. ბევრი ურთიერთობა, ბევრი ადამიანი უცებ, მოკლე დროში, ძალიან მღლის და მაშინვე იმ ადგილის ძებნას ვიწყებ, ’სადა თავი მივიდრიკო’.

ერთი ისეთი ადგილი მაქვს, სადაც ფიზიკურად წავალ, როცა სიმშვიდის მოპოვება მომინდება. აი იმანაც რომ დაკარგოს თავის ფუნქცია, მაშინ მართლა ცუდად ვიგრძნობ თავს.  ხშირად წარმოვიდგენ ხოლმე იქაურობას. როგორც ფილმებში, უცებ კადრი რომ ჩნდება სახლის, იქ არავინ არის, სიჩუმეა და ხვდები, რომ ფილმის გმირი იმ სახლზე ფიქრობს. ასე გამოჩნდება გონებაში და მერე დიდხანს ვაჩერებ ამ კადრს..

ისე მენატრება იქაურობა..  განსაკუთრებით მაშინ, როცა ამწვანებულ ხეებს ვხედავ, ან ქუჩაზე რომ შემოვუხვევ და უცებ საიდანღაც ყვავილების სუნი მოვარდება ხოლმე.

ჩემი თავშესაფარი კი დგას, სიჩუმეში. მხოლოდ ფუტკრების ბზუილი ისმის. წინ მთები ჩანს, გადახასხასებული. მზე ანათებს და გრილი ნიავი უბერავს. არ ვიცი, როგორ ჟღერს ეს ჩვეულებრივი, ყველასთვის რუტინული სიტყვები, მაგრამ ჩემთვის ზუსტად ის ადგილი იხატება, რომელზეც ასე ვოცნებობ.

7 comments:

  1. ნატ, ერთი ფოტო მაქვს, სულ მინდა გაჩვენო, ისეთი კარგი ფოტოა, მზიანი და ბედნიერი, და დანახვის თანავე შენი ბლოგი გამახსენდა, ჭონდერლანდ ალბათ გრაფიკულიდან რეალობაში რომ გადმოიტანო ეს ემოცია გამოვა მეთქი :) აუცილებლად განახებ : ) :**

    ReplyDelete
  2. ჩემთვისაც ასეა შენი ბლოგი, იცი, ნატალია?
    ჩემი ბლოგიც კი აღარ არის ისეთი მყუდრო უკვე და ხანდახან ნერვებსაც მიშლის. უკვე დიდი ხანია, ვერ ვწერ იმას, რაც მინდა. ადრე ინგლისურ ბლოგზე ვწერდი, ახლაც ვცდილობ და ვხვდები, რომ იქაც ნელ–ნელა ვკარგავ გულწრფელობას...

    შენი ბლოგი ერთადერთია, მართლა სასწაული სამყარო, ისეთი, შემოდიხარ, ისვენებ და სასწაულების გჯერა. მადლობა და ასე გააგრძელე, გთხოვ.

    ReplyDelete
  3. ჯერ–ჯერობით ჩემი ბლოგი ჯერ ისევ თავშესაფარია. არ მინდა გუგლიდან სტუმრები :(

    ReplyDelete
  4. აი რა ზუსტად ასახე შენ ჩემი სათქმელი. მე ამაზე პოსტს დავწერ. თუ შეიძლება. მომივიდა იდეები.

    ReplyDelete
  5. მეც ვიღლები ხოლმე და განმარტოება როგორი სასიამოვნოა ამ დროს <3

    ReplyDelete
  6. ნატ მე არ ვიცი ჩემი კომენტარის წაკითხვა მოასწარი თუ არა :) იმის თქმა მინდოდა რომ ერთ ფოტოს წავაწყდი და აი შენ თვითონ ნახე, პირდაპირ შენი ბლოგის სურნელი აქვს : )
    http://s59.radikal.ru/i165/1105/b7/c0118753292d.jpg

    ReplyDelete
  7. An, მოვასწარი და ძალიან დამაინტერესა სურათმა. მაგრამ ამ ლინკს არ ხსნის :/ იქნებ ფეისბუქზე ატვირთო მერე :)

    ReplyDelete