Saturday, March 19, 2011

Characters of mine

    ასეთი თვისება მაქვს - ფილმებში ვინმე მეორე [ან მესამე] ხარისხოვანი პერსონაჟი მომეწონება და მერე ვიტანჯები, ვინაიდან როლის ხარისხის გამო, ისინი არც თუ ისე ხშირად ჩანან კადრში [ან ჩანან, მაგრამ მე მინდა რომ უფრო მეტად ჩანდნენ].

  მე თუ მკითხავთ, ძალიან საინტერესო და რთულია, როცა მსახიობს მთავარი როლი არ აქვს. რთული იმიტომ, რომ მათ რამდენიმე წინადადებით/კადრით უნდა მოახერხონ პერსონაჟის ჩამოყალიბება და მაყურებლამდე მიტანა. ზოგი იმდენად კარგად ახერხებს, რომ მთავარი როლის შემსრულებელსაც ჩრდილავს ხოლმე. ამიტომ, ძალიან საინტერესოა მათზე დაკვირვება.

 თუმცა, იმ მსახიობებსა და პერსონაჟებზე, რომლებზეც ქვევით უნდა გიამბოთ,  მთლად შესრულების მანერითა და პერსონაჟის სიღრმით არ მოვხიბლულვარ.

  მაგალითად, არტური ფილმიდან Inception, რომელსაც ჯოზეფ გორდონ-ლევიტი თამაშობს,  უნებურად მომეწონა. აი ასე, ავდექი და მომეწონა [და ბოლო წუთამდე გული მიკანკალებდა, არ მომკვდარიყო]. ამავე ფილმიდან არის იმსი, რომელიც მოთაღლითო ტიპია, საკმაოდ ჰგავს სოიერს და გარდა ამისა, ფიზიკურად მომწონს ძალიან.

Eames & Arthur

  ჰენრი კავილი ფილმში ტრისტანი და იზოლდა, ტრისტანის ძმის როლს თამაშობს. უღმერთოდ სიმპათიურია, ძალიან ცოტა ეპიზოდში ჩანს [ყოველ შემთხვევაში, მე ასე მეჩვენება] და ბოლოს კვდება. მახსოვს, კინოში ვიყავით ამ ფილმზე და როცა მოკვდა, ჩემმა მეგობარმა თანაგრძნობის ნიშნად  ხელი მომიჭირა :D  ცალკე მსახიობიც საოცრად მომწონს და აი, იდეალური მამაკაცი თუ არსებობს სადმე, ალბათ ასეთი გარეგნობისაა.



  ყველაზე ბურუსით მოცული პერსონაჟი ჩემს სიმპათიებს შორის, რომელსაც არანაირი როლი არ აქვს, გარდა ფონის შექმნისა, არის ერთი ინდიელი [კერძოდ ჰურონი] უკანასკნელ მოჰიკანში. ის საკმაოდ ხშირად ჩანს ასე ფონად და მეც ბედნიერი ვარ, როცა ვხედავ ხოლმე :D

მარცხნივ გაიხედეთ <3

   ყველა ასე გაელვებულ პერსონაჟებზე მოყოლით თავს არ შეგაწყენთ, მაგალითებად აქ მოყვანილებიც საკმარისია. სამაგიეროდ, თქვენ მომიყევით თქვენს მეორე ხარისხოვანებზე :)

Wednesday, March 16, 2011

ამომავალი მზე

სოფლიდან დილის 6 საათზე გამოვედით. ჯერ კიდევ ბნელოდა.  უცნაური, ადრიანი დილისთვის დამახასიათებელი სიჩუმე იდგა.

არ ვიცი, თქვენც თუ გქონიათ ოდესმე მსგავსი შეგრძნება, მე ყოველთვის  რომ მაქვს  გამგზავრების წინ - დავრბივარ აქეთ-იქით, ვალაგებ, რამდენიმე წუთში წავალ და აქვე არიან ადამიანები, რომლებსაც მშვიდად სძინავთ და ეს დღეც ისეთივე იქნება, როგორც წინა. ისინი რჩებიან, მე მივდივარ. ამ დროს ყველაფერს სხვა თვალით ვუყურებ - სახლის წინ მდგომ ხეს, ძველ კარადას აივანზე [დაძველებული და ჭიებისგან გამოხრული ხის სუნი რომ აქვს], რკინის საწოლს და ძველ პირსაბანს. არ მიყვარს ეს შეგრძნება.

ჭამას ვერ ვასწრებდი და გზისთვის ყველიანი ბუტერბროდი მოვიმზადე. ჟაკეტი შემოვიცვი და დაბლა ჩავედი.

მეზობლის სახლში სინათლე ენთო. ალბათ, უკვე თავის საქმეებში იყო ჩაფლული. თუმცა რა გასაკვირია, ხანდახან დილის 3 საათზეც ვდგებიო, ნათქვამი აქვს.

ბებო აივანზე იდგა და გადმოგვყურებდა. მარტო რჩებოდა; მართალია ცოტა ხნით, მალე ისიც უნდა დაბრუნებულიყო ქალაქში, მაგრამ  ისე იდგა, რომ სურვილი გამიჩნდა, მანქანიდან გადმოვმხტარიყავი და მეთქვა, რომ ვრჩები. ცხადია, ეს არ გავაკეთე და დავიძარით.

გავუარეთ ეკლესიას, პატარა თეთრ ხიდს, წყაროს. ყველაფერი ჯერ კიდევ ბინდშია და ჰაერიც ისეთია, როგორიც ადრიან დილას ახასიათებს - ცვარისგან ოდნავ მძიმე. 

ძველი საწყობიც შეგვხვდა, სოფლის შესასვლელში რომ დგას. მერე უკანასკნელად გავხედე სოფელს. ღმერთო, როგორ მიყვარს ეს რომანტიკული სისულელეები - ’უკანასკნელად მივხედე სოფელს’..

გზაში ნელ-ნელა გათენდა. სუფთა ჰაერს ღრმად ვისუნთქავ - მთელი წლის მარაგი მინდა ავიღო.

ერთ-ერთ სოფელში რომ შევდიოდით, მთებიდან მზე ამოვიდა.

ისეთი დიდი და წითელი იყო, როგორიც არასდროს მინახავს. ჯერ არც მცხუნვარება ჰქონდა და არც თვალებს ჭრიდა, ამიტომ თავისუფლად შემეძლო მეყურებინა.  მზის ჩასვლა ბევრჯერ მინახავს, ზღვაზე და სოფელშიც. მაშინაც წითელია ხოლმე და გარშემო ყველაფერს აწითლებს. მაგრამ ასეთი მზე - არასდროს მინახავს. თითქოს ცოტა ხნით გაძლევდა საშუალებას, რომ თამამად დამტკბარიყავი მისით.

იმ დროს ვიფიქრე, რომ ასეთი მომენტებისთვის ღირს ცხოვრება. რომ ბუნება ძალიან ძლიერია და ასე მარტივად და ყოველდღიურად გვთავაზობს პატარა საოცრებებს. ყველაზე მეტად მას შეუძლია, აღმაფრთოვანოს. შეუძლებელია, ფოტოსურათით, ნახატით ან სიტყვებით გადმოსცე თუნდაც ის, რაც მაშინ ვნახე.

მას შემდეგ სულ ვფიქრობ იმ დიდ და წითელ მზეზე. მინდოდა, ოდესმე აქაც დამეწერა. თუნდაც იმიტომ, რომ ის შეგრძნებები შემენახა ჩემთვის.
 
აი, ვწერ კიდეც.

Wednesday, March 9, 2011

ქალბატონი ნ.-ს საკონდიტრო

მე პატარა საკონდიტრო მაქვს. ერთი [არც თუ ისე მრავალ სართულიანი] სახლის, პირველ სართულზე, კუთხეშია გახსნილი. სახელი ვერაფრით მოვუფიქრე და ამიტომ უბრალოდ, საკონდიტროს ვუწოდებ. თავიდან რომ გაიხსნა,  ყოველ ზარის წკრიალზე [კარის გაღებისას წკრილებს ხოლმე], სულ გული მიფანცქალებდა. ისე ვუყურებდი შემოსულს, რომ მგონი ჩემი თვალები აფრთხობდათ კიდეც. მერე შევეჩვიე და აღარც გულის ფრიალი მაწუხებდა. სამაგიეროდ, ზარის წკრიალი გახშირდა. მოსწონდათ ჩემი გემრიელი ნამცხვრები და რა ექნათ.  შემოსულებს მყიდველებს არ ვეძახი, არც კლიენტებს - ცუდად ჟღერს თითქოს. მსუნაგებს ვუწოდებ. მაგალითად, დღის ბოლოს ვკითხულობ - 'დღეს რამდენი მსუნაგი გვყავდა?' ამაზე ჩემს დიასახლისს ძალიან ეცინება. დიასახლისი ის არის, ვინც ფუნთუშეულს ყიდის. ხომ უფრო კარგად ჟღერს, ვიდრე გამყიდველი?

თუ დიასახლისი გყავს, შენ რაღას აკეთებო, იკითხავთ. მე ღიმილის ფუნქცია მაქვს. ყველა შემოსულ მსუნაგს ვუღიმი. ოღონდ, არ გეგონოთ, რომ ასე რობოტულად, ყველა ზარის წკრიალზე ვიღიმები. არა. ჯერ შევათვალიერებ ვინ არის, მერე თვალებში შევხედავ და თავისით მეღიმება. თითოეულზე რაღაც თავისებური ღიმილი მაქვს. აი, ერთი ახალგაზრდა ქალი რომ შემოდის, თავის პატარა, სასაცილო, წითელ კულულებიან გოგონასთან ერთად, იმათ სულ გაბადრული ვუღიმი ხოლმე. სხვანაირად შეუძლებელია, როცა პატარა პ-ს აპრეხილ ცხვირსა და ცხვირის გარშემო გაბნეულ ჭორფლებს დავინახავ. თავისით მეღიმება ასე, გაბადვრით.

შუადღისას, ასე 3-ის ნახევრიდან 3-მდე, ერთი მოხუცი კაცი მოდის. ორ დარიჩინიან ფუნთუშას ყიდულობს და მიდის. სულ მეგონა, რომ მეორე თავისი ცოლისთვის მიჰქონდა, რომელიც ალბათ სახლში, სარწეველა სავარძელში ელოდებოდა. წარმოვიდგენდი, როგორ მიუტანდა ფუნთუშას და შუბლზე აკოცებდა. ასე დასხდებოდნენ ერთად და ჩაის დალევდნენ. მერე გავიგე, რომ არანაირი ცოლი არ ჰყავს, ორივეს თავისთვის ყიდულობს. საღამომდე ერთი არ მყოფნისო, ამიხსნა. 
როცა ის მაღალი, ხვეულთმიანი ტიპი შემოდის, ვიღიმები და თმასაც ვისწორებ თურმე. მე არ შემიმჩნევია, დიასახლისმა მითხრა. ჯერ თმას ისწორებ, მერე ღრმად ამოისუნთქავ და ისე ხვდებიო.

ზოგჯერ კი მართლა არ მეღიმება. უჰ, ასეთ დროს ძალიან ძნელია. მითუმეტეს, ზოგიერთი არც კი ამჩნევს ჩემს ღიმილს, ისე ჩამივლის გვერდით.  ჩემს ღიმილს კი არა, მეც კი ვერ მამჩნევს. აი, მაგალითად ქალბატონი კ. ყოველ საღამოს შემოდის და პირდაპირ დიასახლისისკენ გაემართება. ისეთი ქალია, გერმანელ არისტოკრატს ჰგავს - ამაყი სახით, სწორი ცხვირით და უზადოდ სუფთად ჩაცმული. მე მგონი, არასდროს დავუნახივარ. ამ დროს სახეზე ღიმილი გეყინებაო, დიასახლისმა მითხრა.

ყველაზე მეტად ბატონი გ. მიყვარს. ბატონს კი ვუწოდებ, მაგრამ ყველაზე თავისუფლად მასთან ვარ. ის ხან როდის შემოდის, ხან - როდის. ხანდახან ისე დაღლილი ვარ, პირდაპირ ვეუბნები - ბოდიში, ბატონო გ. მაგრამ ღიმილის თავი არ მაქვს. თან, თქვენთვისვე ჯობია, რომ ჩემი ძალით გაღიმებული სახე არ ნახოთ. ის შემომხედავს თავის კეთილი თვალებით, მხრებში ხელს მომკიდებს და შემანჯღრევს ხოლმე. ამ დროს, მგონი მთელი დაღლილობა იფერთხება ჩემი მხრებიდან. ამიტომ, მის მოსვლას შვებასავით ველოდები.

კიდევ ბევრი საინტერესო ადამიანია, რომლებზე დაწვრილებით ვერ გიამბობთ.  მაგალითად, ქალბატონი ლ. ყოველდღე ბლინებს  ყიდულობს თავის ზონზროხა ჰარისთვის. ასე თავის 8 წლის ბიჭს ეძახის. 'რა ვქნა, ცხობა მეზარება' - ამბობს ის, როცა ბლინებს გვართმევს. მერე  ჩაიკისკისებს და მიდის.

ზოგადად, კარგია საკონდიტრო და ღიმილის მუშაკობა. მიყვარს, დილით კარს რომ გავაღებ და იქაურობას მოვათვალიერებ. ვამოწმებ,  ყველაფერი წესრიგშია, თუ არა. მერე მოდიან მზარეულები, დიასახლისი და მისი თანაშემწე. ყველა ერთად ვემზადებით, დილის პირველ სიმღერას ვრთავთ და კარს ვაღებთ.. ჩემი ყველაზე საყვარელი დრო კი იცით რომელია? საღამოს, კარს რომ დავკეტავთ და ყველა ერთად ჩამოვსხდებით. დიასახლისი მორჩენილ ფუნთუშეულობას გამოგვიტანს და მაგიდაზე ყავის ჭიქებს შემოაწყობს, ვსვამთ ყავას და ათას რამეზე ვლაყბობთ. მე დამცინიან, რომ იმ ხვეულთმიანი ბიჭის დანახვაზე თმას ვისწორებ უნებურად [არადა, სულ მავიწყდება, რომ ასე არ მოვიქცე]. მერე ცარიელ ჭიქებს ვიღებ და სამზარეულოში გამაქვს. ამასობაში, იქაურობა სუფთავდება, იგვება და ირეცხება. ყველა თავის საქმეს რომ მორჩება, კარებს ვკეტავთ და ნელა მივუყვებით ქუჩას. მე იმაზე ვფიქრობ, ხვალ დილით რომელი სიმღერით დავიწყო მსუნაგების მიღება.

გამოიარეთ ხოლმე. მე ის ვიქნები, თქვენ შემოსვლაზე რომ გავიღიმებ.

Saturday, March 5, 2011

დეტალური ბედნიერება

  გაახსენდა დილის საუზმე სახლში, ომამდე. დედა ცისფერ და თეთრ უჯრედებიან სუფრას გადაუფარებდა ხოლმე მაგიდაზე და ყავასთან ერთად ყოველთვის ჰქონდათ თაფლი, ფუნთუშები და ცხელი რძე. იადონი გალობდა და ზაფხულობით მზე აშუქებდა ფანჯარაზე მდგარ ნემსიწვერებს. ხშირად ხელში გასრესდა ხოლმე ამ ყვავილის მუქ მწვანე ფოთოლს, იყნოსდა მის უცხოსა და მძაფრ სურნელს და უცხო ქვეყნებზე იწყებდა ფიქრს..


  ყველაფერი შეგრძნებებზეა დამყარებული. მოვლენები  იმით კი არ გვამახსოვრდება, თუ რა მოხდა და როგორ, არამედ როგორ ვიგრძენით თავი იმ დროს. მერე, მოგვიანებით, ისეთი რამეები გვახსენებს მათ, როგორიცაა მაგალითად, სუნი ან მუსიკა, და უცებ იმ დროის შეგრძნება მოდის რაღაცნაირი, წამიერი.

   ცხოვრება წვრილმანი ბედნიერებებისგან შედგება. რომლებიც გროვდებიან, გროვდებიან და ერთ მთლიანს ქმნიან. თავის მხრივ, ეს ცალმხრივი არ არის და დინამიკურ წონასწორობაშია უარყოფით მოვლენებთან. უნდა ვეცადოთ, რომ ყველა პატარა ბედნიერება დავიჭიროთ და ამით ეს ნეგატიური, ცივი სამყარო ცოტახნით კედელს მიღმა დავმალოთ.  ძნელია, მაგრამ შესაძლებელი.
  ადრე სადღაც შემხვდა პატარა ჩანაწერი 'ბუნებრივი კაიფები' [natural highs]. სადღაც მაქვს შენახული, მაგრამ აქ იმის დადება კი არა, ჩემი წვრილმანი ბედნიერებების გაზიარება მინდა.


ისინი კი ძალიან მარტივი და ყოველდღიურია:




 - ყავის სურნელი
 - მზის სხივი, რომელიც დილით გაღვიძებს
 - როდესაც კაფეში/მაღაზიაში მოულოდნელად საყვარელი სიმღერა დაიწყება.
 - ახალ ნაწვიმარზე მიწის სუნი
 - როცა თვალებდახუჭული წევხარ, გესმის ზღვის ხმა და გრძნობ, მწველი მზე როგორ აშრობს შენი სხეულიდან წყლის წვეთებს..
 - მეგობრის ღიმილი შენი დანახვისას
 - ჭრიჭინების ხმა მინდორში
 - ახალგამომცხვარი პურის სუნი
 - ქარიანი, წვიმიანი და უბედური დღე, როცა გარეთ ხარ და იცი, რომ სადღაც თბილი სახლი გელოდება.
 - ნამცხვრის ბოლო ნაჭერი შენს მაცივარში
 - თვალებდახუჭული ცეკვა, როცა გარშემო ბევრი ხალხია და შენ მარტო ხარ.
 - ღამით თოვის ხმა და უცნაური სიჩუმე..
 - ფიჭვების სუნი, სიარულისას წიწვების მტვრევის ხმა და ქარი, რომელიც სიჩუმეს არღვევს.
 - საყვარელი წიგნი სასთუმალთან, ბრის სინათლე და წინ მთელი ღამე :)
 - გაზაფხულის პირველი ჭექა-ქუხილი
 - დავიწყებული შოკოლადის ნატეხი უჯრაში
 - ნიავი, რომელიც გრძელ თმას აფრიალებს.
 - დილით გემრიელი საუზმე და მუსიკა, რომელიც მთელი დღის განწყობას გიქმნის.


 - მეგობრებთან ერთად ფილმის/სპორტული თამაშის ყურება და ბევრი სიცილი, ბოლოს უკვე ინერციული.
 - დღე, რომელიც მთელ სიცოცხლეს უდრის [ხომ გქონიათ ასეთი?  ბოლო-ბოლო, სალტკროკელებს ჰქონდათ და.. :)]

და კიდევ ბევრი, ბევრი ასეთი წვრილმანი..

თქვენი დეტალური ბედნიერება როგორია?

Tuesday, March 1, 2011

What are you looking at?

  ძალიან მშვიდი დღეები მქონდა, პარასკევი და შაბათ-კვირა. საინტერესო ფილმებს ვუყურებდი, რემარკს ვკითხულობდი და ბევრ ყავას ვსვამდი. დიდი რაოდენობით კომშის ჯემს და შინდის მურაბას ვჭამდი  და სინდისიც არ მქენჯნიდა ამის გამო. შაბათს ღამით ხვავრიელად [რა კარგი სიტყვაა, არა?] რომ თოვდა, ეზოში გავედი და ასე ვიდექი, ჭაღარას დავემსგავსე რამდენიმე წამში. როცა არანაირი გარე ფაქტორები არ გაწუხებს, ადვილია სხვა სამყაროში გადასვლა. მეც ასე ვიყავი, ფილმებში ვცხოვრობდი და  წარმოვიდგინე, რომ თოვლიც რომელიმე ფილმის ნაწილი იყო; მიხაროდა, რომ შემეძლო ასე, ვმდგარიყავი ეზოში და თოვლისგან დავსველებულიყავი.


  პარასკევს მთელი დღე სამხრეთ ამერიკაში ვიყავი. თან, აღმოჩნდა რომ შესაბამისი ფილმიც გადმომიწერია. ფილმს The City of Your Final Destination ჰქვია - საოცრად ვისიამოვნე! დანარჩენს არ მოვყვები, შინაარსს და ა.შ არ მიყვარს განხილვები. მე ასეთი მშვიდი ფილმები მიყვარს, ადამიანებით. ის დღე მართლა სამხრეთ ამერიკაში ვიყავი.


   შაბათს კი ვუყურე ფილმს The Scarlet Letter.  ყველაზე მეტად რაც გულში დამრჩა და აღვშფოთდი, ის ადამიანები იყვნენ, ვინც გაბოროტებულებმა საკუთარი რელიგია შექმნეს და მისი სახელით სჯიდნენ უდანაშაულო ადამიანებს. ინკვიზიცია და მსგავსი ამბები ყოველთვის მაფორიაქებს ხოლმე. კიდევ კარგი, ბოლოს ბედნიერად დასრულდა, ტიპიურად. ამ შემთხვევაში სწორედ ასეთი ბანალური ჰეფი-ენდი მჭირდებოდა.


  და კვირის ფილმი - Manolete. ოჰ, ედრიენ ბროდი და პენელოპე კრუსი შესანიშნავად თამაშობენ. ბევრი წყვილი არ არის, ვისაც ასე მოაქვს მაყურებლამდე თავის გრძნობები. ჯერ რუსულად ვუყურე და ბევრი ვერაფერი ვიგრძენი. მაგრამ ინგლისური იმდენად სხვა იყო, ედრიენის თბილი ხმით და პენელოპეს ესპანური აქცენტით, რომ აუცილებლად ორიგინალში უნდა ნახოთ!



  ეს ჩემი საყვარელი მომენტია. პენელოპე კიბეებზე ადის სასწაულად სექსუალური, წითელი კაბით. უკან ვიღაც მიყვება და თვალს არ აშორებს მის სხეულს. უცებ პენელოპე ჩერდება, ბრუნდება და თავის ესპანურ აქცენტიანი ინგლისურით ეუბნება:

 - What are you looking at?