სოფლიდან დილის 6 საათზე გამოვედით. ჯერ კიდევ ბნელოდა. უცნაური, ადრიანი დილისთვის დამახასიათებელი სიჩუმე იდგა.
არ ვიცი, თქვენც თუ გქონიათ ოდესმე მსგავსი შეგრძნება, მე ყოველთვის რომ მაქვს გამგზავრების წინ - დავრბივარ აქეთ-იქით, ვალაგებ, რამდენიმე წუთში წავალ და აქვე არიან ადამიანები, რომლებსაც მშვიდად სძინავთ და ეს დღეც ისეთივე იქნება, როგორც წინა. ისინი რჩებიან, მე მივდივარ. ამ დროს ყველაფერს სხვა თვალით ვუყურებ - სახლის წინ მდგომ ხეს, ძველ კარადას აივანზე [დაძველებული და ჭიებისგან გამოხრული ხის სუნი რომ აქვს], რკინის საწოლს და ძველ პირსაბანს. არ მიყვარს ეს შეგრძნება.
ჭამას ვერ ვასწრებდი და გზისთვის ყველიანი ბუტერბროდი მოვიმზადე. ჟაკეტი შემოვიცვი და დაბლა ჩავედი.
მეზობლის სახლში სინათლე ენთო. ალბათ, უკვე თავის საქმეებში იყო ჩაფლული. თუმცა რა გასაკვირია, ხანდახან დილის 3 საათზეც ვდგებიო, ნათქვამი აქვს.
ბებო აივანზე იდგა და გადმოგვყურებდა. მარტო რჩებოდა; მართალია ცოტა ხნით, მალე ისიც უნდა დაბრუნებულიყო ქალაქში, მაგრამ ისე იდგა, რომ სურვილი გამიჩნდა, მანქანიდან გადმოვმხტარიყავი და მეთქვა, რომ ვრჩები. ცხადია, ეს არ გავაკეთე და დავიძარით.
გავუარეთ ეკლესიას, პატარა თეთრ ხიდს, წყაროს. ყველაფერი ჯერ კიდევ ბინდშია და ჰაერიც ისეთია, როგორიც ადრიან დილას ახასიათებს - ცვარისგან ოდნავ მძიმე.
ძველი საწყობიც შეგვხვდა, სოფლის შესასვლელში რომ დგას. მერე უკანასკნელად გავხედე სოფელს. ღმერთო, როგორ მიყვარს ეს რომანტიკული სისულელეები - ’უკანასკნელად მივხედე სოფელს’..
გზაში ნელ-ნელა გათენდა. სუფთა ჰაერს ღრმად ვისუნთქავ - მთელი წლის მარაგი მინდა ავიღო.
ერთ-ერთ სოფელში რომ შევდიოდით, მთებიდან მზე ამოვიდა.
ისეთი დიდი და წითელი იყო, როგორიც არასდროს მინახავს. ჯერ არც მცხუნვარება ჰქონდა და არც თვალებს ჭრიდა, ამიტომ თავისუფლად შემეძლო მეყურებინა. მზის ჩასვლა ბევრჯერ მინახავს, ზღვაზე და სოფელშიც. მაშინაც წითელია ხოლმე და გარშემო ყველაფერს აწითლებს. მაგრამ ასეთი მზე - არასდროს მინახავს. თითქოს ცოტა ხნით გაძლევდა საშუალებას, რომ თამამად დამტკბარიყავი მისით.
იმ დროს ვიფიქრე, რომ ასეთი მომენტებისთვის ღირს ცხოვრება. რომ ბუნება ძალიან ძლიერია და ასე მარტივად და ყოველდღიურად გვთავაზობს პატარა საოცრებებს. ყველაზე მეტად მას შეუძლია, აღმაფრთოვანოს. შეუძლებელია, ფოტოსურათით, ნახატით ან სიტყვებით გადმოსცე თუნდაც ის, რაც მაშინ ვნახე.
მას შემდეგ სულ ვფიქრობ იმ დიდ და წითელ მზეზე. მინდოდა, ოდესმე აქაც დამეწერა. თუნდაც იმიტომ, რომ ის შეგრძნებები შემენახა ჩემთვის.
აი, ვწერ კიდეც.
ბოლოს ნათესავმა წამოგვიყვანა სამეგრელოდან. არც მატარებელი, არც ავტობუსი, არამედ მანქანით. მანქანით სულ სხვაა. მოდიხარ და ყველაფერს უყურებ, აკვირდები. ვუყურებდი ნაცრისფერ სენაკს, რომელის გზად შეგვხვდა, მერე დანარჩენებიც. იმის მერე მგზავრობის მიმართ სხვანაირი გრძნობით ვარ განმსჭვალული. სხვანაირად სევდიანი გახდა.
ReplyDeleteროგორი ნაცნობია ეს პოსტი ჩემთვის.
დიდხანს სიცოცხლე შენს ბებოს :)
ReplyDeleteრა კარგია, რომ ეს შეგრძნებები არსად იფანტება და აქ ვტოვებთ, თუმცა ბუნებისთვის ამას არ აქ მნიშვნელობა.
ესენი ხომ მუდამ იქნებიან შენთანაც.
<3 aisi, tan mowitalo
ReplyDeleteKate, ჰო, მანქანით რომ მგზავრობ და არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით, სადაც ბევრი უცხოა, სულ სხვა გემო აქვს :) ბავშვობიდან მიყვარდა სოფელში გამგზავრების პროცესი :)
ReplyDeleteროდრიგო, დიდი მადლობა. ეს შეგრძნებები მართლა სულ ჩვენთან იქნებიან, მაგრამ როცა დაწერილს კითხულობ, თითქოს თავიდან განიცდი და ეგ არის ძალიან სასიამოვნო :)
ხო, მართალი ხარ.
ReplyDeleteმეც.
როგორ მიყვარს განთიადი მთებში <3 აი ზუსტად, წითელი. ყველგან ასეთი ფერის არ არის ხოლმე :)
ReplyDeleteდა სხვებიც განიცდიან ამ დროს და ეგეც მაგარია :)
ReplyDeleteიმდენად არ მიყვარს დილით ადრე ადგომა, რომ ყველანაირი შეგრძნება მეკარგება, ძალიან ცუადად ვარ მაგ დროს. ამიტომ მზის ამოსვლის ყურებასაც არასდროს გამოუწვევია მსგავსი ემოციები :(
ReplyDeleteშემთხვევით დავაკავშირე იაპონიასთან ეს პოსტი? თუ უნდა დამეკავშირებინა :)
ReplyDeletebabisa, Nina, წითელი აისი მართლა სასწაულია, აი ენით გამოუთქმელი :)
ReplyDeletemkitxveli, დილით ადრე ადგომა მეც მძულს, უბედური ვარ მაგ დროს :)) მაგრამ ამ შემთხვევაში, ყველაფერი გადაფარა მზემ :)
Life, შემთხვევით :) იაპონიასთან არ აქვს კავშირი. ნუ, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ იაპონიაში მომხდარი ამბებით კიდევ ერთხელ დამტკიცდა, ბუნება ადამიანზე ძლიერია.
აი, იცი რა ვიგულისხმე მე, თითქოს შენც ქვეცნობიერად ფიქრობ იაპონიაზე .. ბოლოსდაბოლოს ამომავალი მზე ჰქვია პოსტს.. :)
ReplyDeleteLife, შეიძლება ეგრეც არის.. იაპონიაზე ვფიქრობ ეს დღეები რა თქმა უნდა და ალბათ, მართლა ქვეცნობიერად დავუკავშირე. ხომ შეიძლებოდა, რამე სხვა სათაური დამერქმია პოსტისთვის და არა მაინცდამაინც 'ამომავალი მზე' :)
ReplyDeleteჩემთვის ნაცნობია შეგრძნება მძინარე ადამიანებზე რომ თქვი. როცა სოფლიდან მოვდივარ ქალაქში, ყოველთვის ვფიქრობ იმაზე რომ გაიღვიძებენ, მე აქ აღარ ვიქნები. მათთავის არაფერი იცვლება. მე კი ძველ გარემოში ვბრუნდები მთელი წლით... : ))))
ReplyDeleteმართლა საყვარელ საკონდიტროს ემსგავსება შენი ბლოგი, სადაც შემოხვალ, დაჯდები, რძიან ყავას და ფუნთუშებს შეიძენ, იქვე ყავისფერ, მუხის (ხო ასეთები გაქვთ?) მაგიდას მიუჯდები და საყვარელ მოთხრობებს წაიკითხავ – მზეზე, წვიმაზე, სიყვარულზე, ინდიელებზე......
ReplyDeleteრა ლამაზად წერ...
ReplyDeleteძალიან ცხადად წარმოვიდგინე იმ დილის სურათი.