Thursday, December 31, 2009

2009 - ერთი შეხედვით

   მე მაინც ჯიუტად ვცდილობ რომ 2009 წლის ბოლო პოსტი დავწერო, თუნდაც გონების დაძაბვის ფასად დამიჯდეს.. შეიძლება არ მიყვარს ბანალური რაღაცეები, და არ მინდა რომ მიმოხილვითი პოსტი დავწერო, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს სხვა რას წერს - მე მინდა, მომავალში რომ წავიკითხავ, ვიცოდე რას ვაკეთებდი 2009 წელს. 

 და ახლა, როცა სამზარეულოს ორომტრიალს გამოვექეცი, სიმყუდროვის ერთადერთი ელემენტი - ცხელი ყავა გვერდით მოვიდგი, ვცდილობ ყველაფერი გავიხსენო..

 მაინც რა მოხდა მნიშვნელოვანი ზემოთხსენებულ წელს ჩემს ცხოვრებაში?

  • გავხდი ბლოგერი
  • შემიყვარდა ჩოგბურთი

  სულ ეს იყო. თუ არ ჩავთვლით პიროვნულ ცვლილებებს და რაღაცეების შეცვლას საკუთარ თავში, რაც ყოველწლიურად ხდება და 2009 წლის მოვლენად არ შიძლება ჩაითვალოს.

  და აი, ფოტოებს რომ ვეძებდი პოსტისთვის, პირველივე ბარსელონა და რაფა შემომხვდა; უფრო სწორედ, რაფა ბარსელონაში.


  და მხოლოდ ბარსელონა[ც]

  ახალ წელს გილოცავთ. რაფას Grand Slam-ების მოგებას ვუსურვებ, ჩემს თავს ესპანეთს და რეზიდენტურას, თქვენ კი იმას, რაც გულით გსურთ..

 New Year is coming!


  see you in 2010 :)

Wednesday, December 30, 2009

She is Natalie

   მაშინ, როცა მთელი დღეა თავს ვიმტვრევ, თუ რა დავწერო, როგორ შევაჯამო ეს წელი, თავში სულ სხვა პოსტის იდეა მომდის.. 

 თავიდან წერა ასე დავიწყე - ერთ-ერთი იშვიათი ადამიანია, რომელსაც ცალკეული ნაკვთები ძალიან ლამაზი აქვს და ისინი მთლიანობაშიც ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს..

  მაგრამ მერე მივხვდი, რომ არ მეხერხება ეს დახასიათებები და განხილვები, და ისევ ჩემებურად დავწერ - თუ როგორ მომწონს ნატალის ცალკეული დეტალები, როგორ საინტერესო პერსონაჟებს ქმნის ფოტოგადაღებისას და უბრალოდ, როგორ ლამაზია იგი..  რა თქმა უნდა, ამის დასამტკიცებლად ამ პოსტში იქნება ბევრი ფოტო..  [სურათებიან პოსტებზე ყოველთვის ზურიუსი მახსენდება : )].

 დატკბით მათი ხილვით : ) 




  შემდეგი 3 სურათი ისრაელშია გადაღებული [და ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ფოტოებია..]










  და ბოლოს სიმღერა, რომელიც ყველაზე მეტად ’უხდება’ ნატალის, Closer -ის საუნდტრეკი..

  p.s პოსტი განსაკუთრებულად ეძღვნება ბაბისას : )

Monday, December 28, 2009

Bad Romance

   ბოლო დღეები არ ვფიქრობ დიდად, არც წერის სურვილი მაქვს.. უფრო სწორედ, წერის სურვილი მაქვს, მაგრამ რა დავწერო არ ვიცი. 

  გუშინ ბლოგერები მიწვეული იყვნენ ’რუსთაველში’ ფილმის სანახავად. მეც მომივიდა მოწვევა, მაგრამ ვერ წავედი. მაინც ბედნიერი ვარ; აი,  იმიტომ კი არა, რომ ბლოგერები დააფასეს და ა.შ  უბრალოდ ბედნიერი ვარ. 

  ახალი წელი მოდის, მე ყოველდღე ვგეგმავ ნაძვის ხის მორთვას, მეორე დღისათვის. ერთადერთი რაზეც  დიდ სიხარულს გამოვხატავ, რუსთავი 2-ზე სანტა კლაუსი რომ გაირბენს ხოლმე ქვევით ხანდახან, ის არის. ძალიან საყვარელია და დედა რომ ხედავს, ასე მიხარია, როცა დაინახავს ყოველთვის მეძახის. 

  დღეს უცებ ფეისბუქზე გაჩნდა სტატუსები, რომ ნატალი პორტმანი მოკვდა. არ ვიცი, თქვენ იცით თუ არა, რომ ნატალი ჩემი საყვარელი მსახიობია - ერთადერთი, რომელიც ასე ძალიან მიყვარს. მიზეზსაც გეტყვით - კარგი მსახიობი რომ არის, ლამაზი და ა.შ ამათ გარდა, რატომღაც ძალიან მაგონებს ჩემს დეიდას, გარეგნობითაც და ისედაც. შეიძლება თქვენც გქონიათ ასეთი შემთხვევა, უცნობ ადამიანში [მსახიობი, მომღერალი, etc.] ნაცნობ ადამიანს რომ ხედავთ. და უცებ, ვხედავ ასეთ ნიუსებს, რომ ის მოკვდა. თავი ცუდად ვიგრძენი. გადატანითი მნიშვნელობით კი არა - ფიზიკურად გავხდი ცუდად, მერე ნაცნობი ბურთი ყელში და..  გაოგნებული და სახეზე ხელებ აფარებული ცრემლებს რომ ვყლაპავდი, ახალი სტატუსები გაჩნდა - ტყუილი ყოფილა.  

 ახლა კი ვზივარ სტრესისგან დასუსტებული და ხელებაკანკალებული, მაისფეისზე ვუსმენ მუსიკას - მსუბუქს, ძალიან მსუბუქს.. ისეთი, როგორიცაა David Guetta, Lady Gaga, Black eyed peas და ვუყურებ ნატალის ლამაზ, ყავისფერ თვალებს.. She is  a l i v e.

 ვინაიდან ძირითადად ამ სიმღერის ფონზე დავწერე პოსტი, გაგიზიარებთ..

Friday, December 25, 2009

Nobody wants to be alone on Christmas

  ამ დღეებში ბლოგებზე ბევრი დაიწერა ფილმებზე, რომლებიც შობას ეხება.

 მაგრამ არავის გახსენებია ალბათ, ყველაზე სევდიანი საშობაო ფილმი - Noel  

  სიმართლე რომ გითხრათ, მეც აღარ მახსოვდა მის შესახებ და  გუშინ შემთხვევით წავაწყდი იმედზე.

  შობა, ადამიანები, სასწაულები და ურთიერთობები..

  მე მიყვარს კათოლიკური შობა. 7 იანვარი სუფთად რელიგიურია ჩემთვის და თავის დატვირთვა აქვს. 25 დეკემბერს კი ჯადოსნური და სასწაულის მომლოდინე განწყობით ვარ, თითქოს ჰაერში მბრწყინავი ნაწილაკები დაფრინავს და შორიდან ზანზალაკების ხმა ისმის..

  ასეთ დროს უფრო მძაფრად ვფიქრობ ადამიანებზე და ვხვდები, რომ არ მინდა მარტო ვიჯდე, თუნდაც ცხელი ყავის ჭიქით ხელში.. : )

Sunday, December 20, 2009

Natalia's wonderland

  გუშინ ტრანსპორტში  ბლოგზე ვფიქრობდი, მის დანიშნულებაზე ჩემთვის. მერე ფიქრი რომ მობეზრდა, ჩანთიდან წიგნი ამოვიღე და კითხვა დავიწყე.. და უცებ მივხვდი, რომ ქვეცნობიერად ყოველთვის მინდოდა მწერალი ვყოფილიყავი. 

   ბავშვობაში, ფიქრებში ვიგონებდი მთავარ პერსონაჟს [რომელიც აუცილებლად გოგო იყო], ვარქმევდი სახელს, და წარმოვიდგენდი თუ როგორი გარეგნობის უნდა ყოფილიყო, ყველა დეტალს - თმა, ტუჩები, თვალები.. და მერე მის ცხოვრებას ვქმნიდი, თუ როგორ განვითარდებოდა. მოქმედება თითქმის ყოველთვის წინა საუკუნეებში ხდებოდა, და აუცილებლად რომელიმე სხვა ქვეყანაში. მე ძალიან მიყვარს ძველი პერიოდის კაბები - გრძელი და განიერი, ათასი ზიზილ-პიპილებით..  ჩემი გამოგონილი ამბები თითქმის არასდროს მთავრდებოდა ბოლომდე, ვინაიდან რამდენიმე დღეში მბეზრდებოდა და უკვე ახალ პერსონაჟს ვქმნიდი. 

  ამ ბოლო დროს, ცოტა რომ გავიზარდე, პერსონაჟებს აღარ ვიგონებ. მხოლოდ ჩემს თავზე ვფიქრობ ხოლმე, უფრო სწორედ, ვოცნებობ. ძირითადად, ათასგვარ მომავალს წარმოვიდგენ, თუ როგორი მინდა მქონდეს. ან, აწმყოს, როგორი შეიძლებოდა/მინდოდა რომ მქონოდა. საერთოდ, ფანტაზია არ მღალატობს და შესაბამისად საოცნებო არ მელევა.. 

   ასე გამოდის, რომ ის ქვეცნობიერი ოცნება ბლოგზე ავისრულე. აქ ყველაფრის დაწერა შემიძლია, რაც მომესურვება.. ის, რაც მიგროვდება და რეალურ ცხოვრებაში ვერ ვამბობ, ვწერ პოსტებში.. 

  მე ასეთი მიყვარს ჩემი ბლოგი -  მწვანე და ემოციური, მზის თბილი სხივებით განათებული..

 

Wednesday, December 16, 2009

Inspired

  აი, როდესაც ფიქრობ რომ საერთოდ არ გინდა პოსტების წერა, და გგონია, რომ ალბათ კიდევ დიდხანს არაფერს დაწერ, უბრალოდ ჩართე მუსიკა და.. მაუსი თავისით წავა New Post-სკენ, და თითები თავისით დაიწყებს კლავიატურაზე სრიალს.

 მუსიკა ღვთიური ქმნილებაა, რომელიც gets you inspired [მინიშნება იმას, ვინც მიხვდება :)], სხვა თვალით დაგანახებს გარემოს. დაათვალიერეთ ფოტოები საყვარელი მუსიკის თანხლებით, და ნახავთ როგორი ეფექტი ექნება. იარეთ ნაცრისფერ ქუჩებში, მუსიკით ყურებში და იყავით ცოტა უფრო ბედნიერი, ვიდრე შავტანსაცმლიანი ხალხი გარშემო..

 მნიშვნელობა არ აქვს, რას უსმენ. მთავარია, შენმა მუსიკამ სამყარო ცოტა უფრო ფერადი გახადოს..  თავში სასიამოვნო ფიქრები აგიშალოს - ესპანეთზე, პენელოპე კრუსზე, ქვაფენილიან ქუჩებზე, შოკოლადზე და რაფა ნადალზე : )  პოსტები გაწერინოს - არეული და ქაოსური, ისევე როგორც შენი ფიქრები..

  კვირა დღე უნდა ვახსენო - არ შეიძლება რომ უყურადღებოდ დავტოვო. დილა ისე ცუდად დაიწყო - საზიზღარ განწყობაზე რომ ხარ და გარემოც პროვოცირებას უკეთებს შენს გაღიზიანებას. ინტერნეტიც გულს გირევს, მაგრამ მაინც არ ეშვები.. ბლოგზე შემოვედი და ეგრევე წინა პოსტზე კომენტარები ვნახე. ანნას კომენტარი იყო, რაფას ფოტოებს დავდებო, წერდა, შემდეგ უკვე - დავდეო. მთავარ გვერდზე გადავედი და აფეითებს შევხედე.. 

 

 თქვენ ალბათ ვერასდროს მიხვდებით, მე რა დამემართა ამის დანახვაზე.. საქმე რაფაში კი არ არის, არა. პოსტის სათაურშია, რომელმაც ამელის ეფექტი მოახდინა, ძალაუნებურად გამაღიმა და გარემო ნელ-ნელა გააფერადა. ასეთი დამთხვევები შემთხვევით არ ხდება :)

 უსმინეთ ტრევისს, დალიეთ ყავა და get isnpired! : )

 

Saturday, December 12, 2009

Stars are shining.. and smiling!

  ფოტოგრაფია მიყვარს, განსაკუთრებით - შავ-თეთრი ფოტოები. ზუსტად არ ვიცი რატომ, შეიძლება ამ დროს აქცენტი სურათზე გამოსახულ ადამიანზე გადაგაქვს, ან, თუ ადამიანი არ არის, ზოგადად აღიქვამ სურათს და ფერები არ გიშლის ხელს.. მოკლედ, მიყვარს, მიზეზების გარეშეც : )

  დღეს ერთ საიტზე, ცნობილი ადამიანების შავ-თეთრი პორტრეტები ვნახე და ძალიან მომეწონა.. რაღაცნაირები არიან, მგონია რომ არ თამაშობენ. ბუნებრივები ჩანან ამ ფოტოებზე, თან ყველა იღიმება [მეტ-ნაკლებად]..

 











 

 და ბოლოს, მე ვისი ღიმილი მიყვარს, თუ მიხვდებით?.. : )

Friday, December 11, 2009

Lifelines

  როცა ყველა ახალი წლისთვის ემზადება, ბლოგებზე თოვლი წამოვიდა და საახალწლო ჰედერები გამოჩნდა, ჩემთან ისევ ხასხასა მწვანე ფერი დომინირებს..  

 მე ისევ იმ პლეილისტს ვუსმენ, რასაც ამ ზაფხულს ვუსმენდი და მერე მივივიწყე. 

 ერთ-ერთი სიმღერა პოსტის ბოლოში იქნება. ჯერ არ ვიცი რომელი; რომ დავამთავრებ წერას, მერე გადავწყვეტ. 

 ჩემი ქრონიკული პროცესი გამწვავდა, იმავე პლეილისტის გამო..

  მთავარი დრო კი არ არის, მთავარია მიზანი - რომელიც ყოველთვის მიღწევადია. ოღონდ, ყველაფერი უნდა გააკეთო მისთვის. 

 ასეთ არაიდეურ პოსტს პირველად ვწერ მგონი, ან მეორედ.. შეიძლება, მესამედაც.

  just follow your lifelines : )

Wednesday, December 9, 2009

Passion Ambition Butter

  ახლახან დავამთავრე ფილმი Julie & Julia. ვისაც არ გინახავთ, ფილმში მოქმედება ორ პარალელურ დროს ვითარდება - 1949 და 2002 წლებში. ჯული ცხოვრობს ნიუ იორკში, რომელიც 29 წლის აღმოაჩენს თავის მოწოდებას - კულინარია. ის ხელმძღვანელობს ჯულიას წიგნით, რომელიც სწორედ 1949 წლის პარიზში ცხოვრობს. პარალელურად ჯული ბლოგზე წერს თავის ყოველდღიური კულინარიული შემოქმედების შესახებ, მას აქვს მიზანი - ერთ წელში გააკეთოს გარკვეული რაოდენობის კერძი, რომელთა რეცეპტები ჯულიას წიგნშია მოცემული.

 ჯული 29 წლის მიხვდა რა სურდა, ჯულია 40+ წლისა. ზოგი საერთოდ ვერ პოულობს თავის ადგილს ცხოვრებაში.. ან არ იცის რა უნდა, ან იცის, მაგრამ იქ არ არის, სადაც უნდა იყოს. მიხარია, რომ მე ვიცი და იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო. ბედმა გამიღიმა ამ შემთხვევაში - 15 წლისა უკვე სამედიცინოზე ვსწავლობდი, თუმცა იმ დროს გააზრებული არ მქონდა, რომ მე უკვე პროფესია ავირჩიე. წლების გასვლასთან ერთად, უფრო და უფრო ვრწმუნდებოდი, რომ ეს ის იყო - ჩემი პროფესია. მე-4 კურსზე, ყოველთვის იმის გახსენება, რომ მე სამედიცინოზე ვსწავლობ, ბედნიერებით მავსებდა და ღმერთს მადლობას ვწირავდი ამისთვის. წარსულში იმიტომ ვლაპარაკობ რომ, როგორც ყველაფერს, ამასაც მივეჩვიე და ყოველ მოგონებაზე თავს ბედნიერად აღარ ვგრძნობ. არა იმიტომ, რომ მომბეზრდა. უბრალოდ, ადამიანები ხომ ყველაფერს ვეჩვევით - ბედნიერებასაც და მწუხარებასაც.

 თქვენ ყველას გაქვთ თქვენი პროფესია? მე ვფიქრობ რომ არა, მითუმეტეს საქართველოში. ნაკლებად მჯერა, რომ ყველას მოლარეობა, ეკონომისტობა და კიდევ უამარავი ბანკთან დაკავშირებული სამსახური უნდოდეს. 

 გუშინ მულპის დაბადების დღეზე ვიყავი. უსაყვარლესი ადამიანია, მგონია რომ ასტრიდ ლინდგრენის წიგნიდან არის გადმოსული. 21 წლის გახდა. ადრე ვლაპარაკობდით, ცხოვრებაში რაღაცის მიღწევაზე და მოსწრებაზე, და უცებ ამბობს - მე რაღა უნდა ვთქვა, 20 წლის ვარ და ჯერ ხიდიდან არ გადმომხტარვარ-ო. ბევრი ვიცინეთ ამ სიტყვებზე, ტიპიურად მოაზროვნე ადამიანი არ არის, შეუძლია შოკოლადის ფილით და ცხელი ყავით თავი ისე ბედნიერად იგრძნოს..   ხო მართლა, მარიამი ჰანნას და არის :) 

Sunday, December 6, 2009

Admired

   ალბათ ყველას აქვს  პატარა თუ დიდი გატაცებები..  რომელიც, უფრო ხშირად თინეიჯერობის ასაკში იჩენს თავს მთელი ძალით, როცა სხვადასხვა ადამიანები უყვარდებათ და აღმერთებენ ხოლმე. არ ვიცი, ახლა როგორ არის, მაგრამ ჩემს დროს [:D] ასე იყო. მერე კი, როცა ’დიდები’ ვხდებით, სხვა რაღაცეები ხდება პრივილეგირებული და ვივიწყებთ ძველ სიყვარულებს. 

  თვითონ ’გატაცება’ არაჩვეულებრივი სიტყვაა - როცა რაღაც ისე მოგწონს, რომ ფიქრებით გიტაცებს და სხვაზე ვეღარაფერზე ფიქრობ.  CinnamonGirl-მა მითხრა ერთ-ერთ კომენტარში, გატაცებადი ხარო. რომ დავფიქრდი, მაშინ მივხვდი რომ მართლა ასეა. ყოველთვის მინდა ვიყო რაღაცით შეპყრობილი, ძალიან მსიამოვნებს ეს პროცესი. გვერდიდან შეიძლება სასაცილოდაც ჩანდეს, მუდმივად ერთსა და იმავეზე რომ ფიქრობ და ლაპარაკობ. თუმცა, დავივიწყოთ ის გვერდიდან დანახული - მთავარია, მე ვგრძნობ თავს ძალიან კარგად ჩემი პატარა გატაცებებით. გუშინ დავფიქრდი, მაინც რით ვარ გატაცებული-თქო და საკმაო ფიქრის შემდეგ, სამი რაღაც გამახსენდა.

 ბლოგერობა -  ხანდახან მაქვს მომენტი, როცა ვფიქრობ, რა მინდა საერთოდ, რატომ ვწერ.. თუმცა, საერთო ჯამში, უკვე ჩემი ცხოვრების ნაწილს შეადგენს ბლოგი და დიდ სიამოვნებას ვიღებ პოსტების წერით & კითხვით. ჩემი ოჯახის წევრებმა არ იციან ბლოგის შესახებ. ჯერჯერობით არც მინდა თქმა, თუმცა ოდესმე ვეტყვი ალბათ. 

 ეს ფოტო  გუგლში ძებნისას, ერთ-ერთ უცხოურ ბლოგზე ვნახე და ძალიან მომეწონა 

 

  ესპანეთი -  ჩემი ესპანეთისადმი სიყვარული პროცესია, რომელიც ხან ქრონიკულია და თავს არ მახსენებს, ხანდახან კი მწვავდება, და ამ პერიოდში ან ბლოგზე ვწერ პოსტებს, ან ამ შესანიშნავ საიტზე ფოტოებს ვათვალიერებ. პროცესის გამწვავება კი შეიძლება რომელიმე სიმღერამ, ამინდმა ან პოსტმა გამოიწვიოს. დღეს წავიკითხე ზუსტად ანას არაჩვეულებრივი პოსტი. კომენტარშიც მივწერე, ყველაზე ესპანური პოსტია მსოფლიოში-მეთქი :)

 რაფა ნადალი - აი ნადალით მართლა შეიძლება ითქვას რომ გატაცებული ვარ : ) სხვა თუ არაფერი, ყოველთვის რაღაც ტურნირია და ძალაუნებურად მახსენებს თავს. თუმცა, ტურნირების გარეშეც სულ მახსოვს; თუ მაინც არ გამახსენდა, პეკინზე, ნაიკის მაღაზიის ვიტრინაში უზარმაზარი ასეთი ფოტო არ მაძლევს დავიწყების საშუალებას [პირველად ვერ შევნიშნე სხვათაშორის და ჰანნამ დამანახა :))]. დედამ იცის ჩემი ნადალისადმი დამოკიდებულების შესახებ და ღიმილიანი სიყვარულით ეკიდება ამ ამბავს :) ყოველთვის ერთი შემთხვევა მახსენდება - მადრიდის რეალის თამაში იყო და დედა იძულებით უყურებდა ტვ-ს, ვინაიდან ერთი და იგივე ოთახში იყვნენ ორივე - ტვ და დედა. უცებ კადრში რაფა გამოჩნდა, თამაშს ესწრებოდა. მე ხმამაღლა შევძახე - ’რააფა!’ 

  მაშინვე მესმის დედას ხმა:  ’ნადალი! დაინახე?’ 

  -  კი, დავინახე..  

 -  აბა შენ რაფა რატომ თქვი?

 - დედა, რაფა და ნადალი ერთი და იგივეა, ასე ქვია :D 

  ცოტა ხნის შემდეგ მეკითხება - ’დე, ნადალი ასე რატომ გიყვარს?’ და მაშინვე ამატებს ’არა, კი კარგია, რომ გიყვარს, მაგრამ რატომ?..'  :D

 პ.ს აუცილებლად მინდა ვთქვა, რომ წინა პოსტი ერთ-ერთ ყველაზე უგერგილო პოსტად მიმაჩნია, მითუმეტეს საიუბილეო არ უნდა ყოფილიყო..


Thursday, December 3, 2009

პოსტი № 100 - New Year

 პირველ რიგში - ჩართეთ მუსიკა პოსტის ბოლოს  :)

    თითქმის ჩაბნელებული, თბილი ოთახი. ბუხარი ანთია და ცეცხლის ტკაცატკუცი ისმის. ჰაერს დამწვარი შეშის სუნი დაკრავს.. შენ ხალიჩაზე, ბუხრის წინ ზიხარ; სახეზე ცეცხლის სინათლე დაგთამაშებს, თვალები  დახუჭული გაქვს და სულ ოდნავ იღიმები. ოთახის ერთ კუთხეში ნაძვის ხე დგას, და მქრქალ სინათლეზე ჯადოსნურად ბრწყინავს. ფანჯრიდან, გამჭვირვალე ფარდის მიღმა, გარე განათების ფონზე ჩანს როგორ ცვივა თოვლის ფანტელები და ალბათ, ძალიან, ძალიან ცივა. გვერდით საყვარელი სასმელი/სასუსნავი გიდევს, ფეხებზე თბილი წინდები გაცვია, სახე ფუმფულა სვიტერში გაქვს ჩამალული და ფიქრობ ახალ წელზე, ზღაპრებსა და სასწაულზე.. ახალ წელს ხომ ყველას გჯერათ სასწაულების? სულ რამდენიმე წუთით მაინც. 

  მე მიყვარს ახალი წელი. თუმცა არა 1 იანვარი და შემდეგი დღეები, ქუჩაში შუშხუნები რომ ყრია და ჰაერში ბოლის სუნი ტრიალებს, ადამიანები კი ზედმეტად ნაჭამი/ნასვამი სახეებით დადიან.  

  წინასაახალწლო პერიოდი მიყვარს, დეკემბრის დასაწყისიდან. მიყვარს პირველი მაღაზია, სადაც საახალწლო მორთულობას შევნიშნავ; ქუჩები, უამრავი ნათურით რომ არის მორთული. საღამოს განათებულ ფანჯრებში ყურება - ნაძვის ხეებს ვეძებ, თუ დავინახავ; ერთგვარი თამაშია.  დეკემბრის ბოლო დღეებში ყველას ეტყობა სამზადისი, ადამიანები ჩქარი ნაბიჯით და დიდი პარკებით დადიან. 31 დეკემბრის საღამოს გარეთ თუ ყოფილხართ - მაღაზიებში დიდი მოძრაობა რომ არის, მანქანიდან უყურებ განათებულ ვიტრინებს და გიხარია რომ ყველა სახლისკენ მიდის და შენც მალე იქნები შენს სახლში.

ეს საიუბილეო, მე-100 პოსტია და ჩემს ახალ წელს ეძღვნება :)

Tuesday, December 1, 2009

Maybe someday..

  ხომ არსებობს პოსტები, რომლებიც არ გინდა ყველამ ნახოს. აი, არ გინდა რა, ვიღაცამ ერთი თვალი შეავლოს ბლოგროლ.გე-ზე და  ცივად დააჭიროს ’არ მომწონს’ ან თუნდაც ’მომწონს’. .

 ეს პოსტი სწორედ ასეთია.

 ერთხელ, ჯეოსელის Blackberry-ს რეკლამას რომ ვუყურებდი, კერძოდ იმ მომენტს, შავ კაბაში ჩაცმული გოგო რომ გადმოდის მანქანიდან [მინდოდა ვიდეოც დამედო, მაგრამ ვერსად ვერ ვნახე], დედას ვუთხარი, მეც ასეთი ვიქნები-მეთქი.. არ ვიცი რატომ მომაფიქრდა, რომ მაინცდამაინც მისთვის შემედარებინა თავი, იმ დროს კი ზუსტად ასე ვფიქრობდი, რომ მომავალში ასეთი უნდა ვყოფილიყავი. 14-15 წლისას რომ მომსვლოდა ეს აზრი, კიდევ ჰო, მაგრამ 22 წლის რომ ვგეგმავ, რაღაცით ხომ მაინც უნდა ვემზადებოდე, ფონს ვქმნიდე იმ მომავლისთვის?..

  მე კი ისევ ხაკისფერი სპორტული შარვალი, სპორტული ფეხსაცმელი [სხვა რა ვუწოდო არ ვიცი - არც კედებია და არც ბოტასები, სადღაც შუაში] და ძველებური სვიტერი მაცვია; და დილით სახლიდან ისე გავდივარ, ენ ჰეთევეის გმირი რომ გადის  ფილმში The Devil Wears Prada - თმებს ორივე ხელით დავაწყობ თუ გავასწორებ, ჰიგიენურ პომადას წავისვამ ტუჩებზე,  სარკეს რამდენიმე წამით შევავლებ მზერას - სახეზე ხომ არაფერი მაცხია-თქო და გავრბივარ. . თუ სადმე მივდივარ, მაშინ კი ვცდილობ თავს მივხედო, თუმცა ეს ძალიან იშვიათად ხდება. სულ ვამბობ - მერე, მერე.. მერე ვიქნები ისეთი, როგორიც მინდა, რომ ვიყო. აი, შავ კაბაში გამოწყობილი გლამურული გოგოც მერე ვიქნები :)

 p.s გუშინ დავამთავრე ჰემატოლოგია; ზურას ნახვა ისე მინდოდა, ისე.. მაგრამ, ვერ გავბედე. მის პალატასთან ვიჯექით, ექიმები შევიდნენ ზუსტად იმ დროს შემოვლაზე, მაგრამ თვალიც ვერ მოვკარი, იმდენი ხალხი იყო შიგნით. მაშინაც ასე ვთქვი - მერე, სხვა პაციენტს გავუღიმებ თბილად და ვაგრძნობინებ, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანია-მეთქი..

 აი, რა მოხდებოდა, რომ შევსულიყავი, გამეღიმა და მეთქვა - ’მე სტუდენტი ვარ, წინა კვირას გნახე და უბრალოდ მინდოდა გამეგო, როგორ ხარ..’ არაფერი ჰო? მაგრამ არ გავაკეთე..