სამზარეულოში დილის სხივები შემოდის. მსუყედ ვსაუზმობ. დიდ, მყუდრო ფინჯანში ყავას ვისხამ და წყნარად, გარინდებული ვზივარ. ნელა ვსვამ. თითოეულ ყლუპს კარგად შევიგრძნობ, ჯერ ენის წვერზე ყავის ოდნავ მომწარო გემოს, მერე ყლუპის ტემპერატურას. იდეალურია. ცხელისა და თბილის ზღვარზეა, აღარც პირს გწვავს, მაგრამ ჯერ არც თბილი ეთქმის.
საღამოს თბილად განათებულ სამზარეულოში ღუმელიდან ახალგამომცხვარ ვაშლის ღვეზელს გამოვიღებ და ჩაის ტილოს დავაფარებ, სითბო რომ შეინარჩუნოს. სახლში დარიჩინის სურნელი დადგება. მაგიდასთან ჩამოვჯდები და ცალ ფეხს სკამზე ავკეცავ. კომფორტული ტანსაცმელი მაცვია, დიდი ზომის, ცოტა ფორმადაკარგული მაისური. ფანჯრიდან თვალს მივადევნებ, როგორ დაბრუნდებიან სამსახურებიდან მეზობლები. მანქანიდან გადმოსვლისას, ისინი ალბათ დაინახავენ ჩემი სამზარეულოს ფანჯრიდან გამომავალ ყვითელ შუქს.
No comments:
Post a Comment