ძვირფასო მეგობარო,
ალბათ ძალიან გაგიკვირდება, თუ გეტყვი, რომ ამ შუა, უფრო სწორედ კი სამხრეთ-აღმოსავლეთ ამერიკაში, ვზივარ და ცხელ ძაღლს ვუყურებ. ღამეა, 10 ხდება. აქაც აცივდა. დღეს აივნის კარი რომ გავაღე, მივხვდი, რომ ის გადამწყვეტი მომენტი დადგა, როცა კარები და ფანჯრები უნდა შემოხურო. დედა ყოველ ზაფხულს ოცნებობს ხოლმე, აი ის დრო როდის მოვა, ფანჯრებს რომ შემოვხურავთო.
კერი ამბობს ერთხელ, “There is a time of year in New York when, even before the first leaf falls, you can feel the seasons click. The air is crisp, the summer is gone. And for the first night in a long time, you need a blanket on your bed.” მე დღეს ვიგრძენი ეგ მომენტი, მიუხედავად იმისა რომ ცოტა ხანი არაა, რაც აგრილდა.
ეს პატარა ბინა ცოტათი კერის სახლს ჰგავს. ხანდახან, ძალიან იშვიათად, მე თვითონაც კერიდ ვგრძნობ ხოლმე თავს. თუმცა მე უფრო ტრანსფორმირებული და სხვანაირი კერი ვარ. ანაც საერთოდ არ ვარ კერი, მხოლოდ ის საერთო გვაქვს, რომ ორივე ვწერთ, თუმცა, სხვადასხვა თემებზე. მოკლედ, არ ვყოფილვარ კერი.
საღამოობით, სახლში რომ ვზივარ და ვმეცადინეობ, ან ტელევიზორს ვუყურებ, ვხედავ, როგორ შემოდის ჩამავალი მზის ბოლო სხივები, ჟალუზებს შორის გაიწელება და ყვითლად ადგას კედელზე, მერე მუქდება, მუქდება, ცეცხლისფერი ხდება და ბოლოს წითლდება. ამ დროს ატლანტის სქაილინიც ჩამუქებული და მზისგან აბრდღვიალებულია. ჯენერალ მუირიდან დინერზე შეკრებილი ხალხის მხიარული სიცილის ხმა აღწევს.
დღეს მირა გავაცილე. დილას ყავაზე შევხვდით ჯენერალ მუირში, გარეთ ვისხედით, სასიამოვნოდ გრილოდა და ბოლოჯერ ვუსმენდი მის შიშებს და წუხილებს. ახლა, ალბათ, თვითმფრინავშია. ძალიან, ძალიან ხანგრძლივი ფრენები უდევს წინ. დამშვიდობებისას ვთქვით, რომ აუცილებლად შევხვდებით, საქართველოში, ყაზახეთში ან ავსტრალიაში. თან გულში მეცინებოდა, რომ ეს ამბავი სულაც არაა შეუძლებელი, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ.
მალე ვილაში ვბრუნდები. არადა ზუსტად დღეს, ამ ბინაში რომ შემოვედი, აქაური სუნი ძალიან მშობლიური გახდა. როცა სუნს ვეჩვევი და მაშინ ვგრძნობ შინ თავს, მაშინ ვგრძნობ სრულ კომფორტს. მომენატრება აქაურობა.
No comments:
Post a Comment