Friday, October 12, 2018

All that jazz



7 ოქტომბერი
ნიუ ორლეანში ვარ და კაფე დუ მონდეში ვზივარ. იმ კაფეში, რომელზეც მაისში, ზემოხსენებულ პოსტში ვოცნებობდი.

კვირა შუადღეა, აქაურობა სავსეა, დაღლილი ვარ და ცოტა თავი მტკივა. ჩვენმა Airbnb-ის ჰოსტმა გაგვაფრთხილა, დუ მონდეში პირდაპირ ასალაგებელ მაგიდასთან დასხედით, მხოლოდ ტურისტები იცდიან რიგშიო. ამიტომ, აქ რომ შემოვედით (თუმცა აქამდე შემოსასვლელად მაინც მოგვიწია რიგში ყოფნა) პირდაპირ შაქრის პუდრით სავსე მაგიდასთან გამოვემართე და დავჯექი.

ჩავისუნთქე და მიმოვიხედე.

უამრავი ხალხია, ყველა ხმამაღლა ლაპარაკობს, ალაგ-ალაგ სიცილი მოისმის. არავინ იცის, რომ ეს-ესაა ოცნება  ავიხდინე, რომ აქ, ზუსტად ამ ადგილას მოსვლა, ჯერ კიდევ მაშინ გადავწყვიტე, როცა ამერიკაში წამოსვლა შორეულ გეგმაში იყო. ხალხს ვათვალიერებ, გარეთ ვიხედები და ვხედავ, ქუჩდან ერთმა გოგომ როგორ გადაუღო ფოტო აქაურობას. მგონი, კადრში მეც მოვხვდები. არც ამ გოგოს ეცოდინება, რომ ჩემი ოცნების ახდენის მომენტი გადაიღო.

თავი ისევ მტკივა, მაგრამ თითქოს ხალხის ხმას დაუწიესო, ქუჩიდან მუსიკა გაისმა. მალე მიმტანი მოვა და ლეგენდარულ ბენიეს შევუკვეთავ!

ბენიე ცნობილი ნიუ ორლეანური დესერტია. იწერება როგორც beignet და ფრანგულად გამოითქმის, პირველი "ე" ოდნავ უნდა მოუყრუო. ჩვენებურ პონჩიკს ჰგავს, მაგრამ გულსართი არ აქვს.
ყველაზე ცნობილი ბენიე აქ, დუ მონდეში აქვთ. ეს კაფე 1862 წლიდან არსებობს და ნიუ ორლეანის ერთ-ერთი ღირშესანიშნაობაა. მიუხედავად იმისა, რომ 24 საათიანი რეჟიმით მუშაობს, შემოსასვლელად რიგში დგომა დაგჭირდებათ.

შევუკვეთე ბენიე და ყავა ვარდკაჭაჭით (Chicory coffee ასე ვთარგმნე, მე მგონი სწორია). ეს ყავაც დუ მონდეს ღირშესანიშნაობაა. კლასიკურად რძით კეთდება, მაგრამ მე რძის გარეშე შევუკვეთე - ნამდვილი ყავის გემო მირჩევნია.

მიმტანი მოდის და ვხედავ, როგორ მიახლოვდება ის, რომლის გასინჯვაც წელიწადია მინდოდა - ბენიე!


პირველივე მოკბეჩისას შაქრის პუდრი მთელ მაგიდას ეფინება. პირიც, ალბათ, პუდრიანი მაქვს, მაგრამ არ მადარდებს და ასე, მოსვრილი სახით გარშემო ვიხედები. სწორად მოვიქეცი, პირის მოწმენდაზე რომ არ ვიზრუნე, ყველა მაგიდა ერთნაირ მდგომარეობაშია - თეთრი ფხვნილი უწესრიგოდ მიმობნეული. შეუძლებელია, რომ ბენიე სხვანაირად ჭამო.

მისისიპიდან გრილი ჰაერი უბერავს, მე ცხელ ყავას დიდ ყლუპებად ვსვამ, ბენიეს ვაყოლებ და ტელეფონიც თეთრად იფიფქება.

ქუჩის რომელიღაც კუთხიდან ჯაზის ჰანგები მოისმის და გვერდით მაგიდასთან ხმამაღლა იცინიან. ნიუ ორლეანში ვარ.

[ეს სიმღერაც შემთხვევით მოვისმინე ერთ მაღაზიაში, როცა აქაურ ტკბილეულს, პრალინეს ვყიდულობდი]




No comments:

Post a Comment