Sunday, October 21, 2018

Homesick

ორი დღის წინ, ჩემს მენტორს შევხვდი. ატლანტის old Fourth Ward-ის ნაწილში მივსეირნობდით, როცა მკითხა: Are you homesick?

აქამდე არასდროს გამომიცდია სამშობლოს მონატრება. შეიძლება მომნატრებია სახლი, ჩემი საწოლი, მაგრამ საკუთარი ქვეყნის მონატრება როგორი შეგრძნება იყო, რას მოიცავდა, არ ვიცოდი.
აქ რომ ჩამოვედი, თავიდან იყო ეიფორია, ყველაფერი ახლით აღფრთოვანება. მერე უცებ, შემპარავად დაიწყო. რაღაც ადგილები, მოგონებები მახსენდებოდა ფლეშბექებად. მერე  ეს ფლეშბექები უფრო გახშირდა და ყოველ გახსენებაზე რაღაც სიტკბოშერეულ სევდას ვგრძნობ.
ძირითადად ეს კადრები, მოგონებები მოიცავს ჩემს სოფელს და ჩვენს ძველისძველ სახლს იქ. ალბათ იმიტომ, რომ ამქვეყნად ერთადერთი ადგილი, რომელიც მე მეკუთვნის, ჩემს ოჯახს ეკუთვნის, ის ძველი, ძველისძველი სახლია.

მახსენდება, როგორი მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, ბიძაჩემი თაფლს რომ იღებდა, ოთახში საგულდაგულოდ შევიკეტებოდით, ფუტკრები რომ არ მოსულიყვნენ და ვუყურებდით, როგორ ჩააწყობდა ფიჭებს ცილინდრულ დიდ მოწყობილობაში და ხელით დაატრიალებდა. ახლაც მახსოვს ის ხმა, ტრიალისას რომ გამოსცემდა, თითქოს სადაცაა უნდა გაფრინდესო. ფიჭის მძაფრი, ტკბილი სურნელი. თაფლი არასდროს მყვარებია, მაგრამ ამ დროს აუცილებლად ვჭამდი ცოტა თაფლიან ფიჭას, დავღეჭავდი და ბლანტი, ჩამტკბარი თაფლი ჩაიღვრებოდა პირში.

საღამოობით აივანზე გამართული ვახშამი? ფუტკრებს უკვე ეძინათ და თაფლს თამამად გამოვიტანდით გარეთ მაგიდაზე. ბიძაჩემი ჩაის დააყენებდა (მე მაინც ჯიუტად შაქრით ვატკბობდი, თაფლიანი არ მიყვარდა) და ყველი და პურს ვატანდით. ახლაც მახსოვს ის კონტრასტული გემო, მარილიან ყველისას რომ ტკბილი ჩაი შეერეოდა. სოფლის გრილი სიჩუმე, ჭოტის კივილი. ქვედა მეზობლებიდან სინათლე ამოდიოდა და ჭურჭლის წკრიალის ხმა მოისმოდა. ჩვენი სახლის გვერდით, შარაგზის გადაღმა კი რუსიკო ბებო უწყრებოდა თავის შვილიშვილებს, მისი მჭექარე ხმა სოფლის სიჩუმეს კვეთდა.
მახსენდება იქაური ქლიავის ხეები, წითელი, წვნიანი ქლიავის, ოდნავ მჟავე გემო რომ აქვს და ძალიან ტკბილია. აქ ვიყიდე ერთხელ ისეთი ქლიავი, ოღონდ უზარმაზარი იყო. გემო ისეთივე ჰქონდა, თუმცა ნაკლებ არომატული.



No comments:

Post a Comment