Thursday, September 27, 2018

The one with grocery

დღეს პირველად მოხდა, რომ ატლანტაში წვიმა 15 წუთზე მეტხანს გაგრძელდა. ეს საკმაოდ უცნური რამაა, ვინაიდან ძირითადად აქ წვიმა ისე უცებ მთავრდება, ხანდახან ვერც ვიგებ. როგორც ჩანს, ზევით ვიღაცას მაგრად ეზარება რომ აი, ატლანტასაც წვეთები დაასხას, ისედაც ამდენი ქალაქია მსოფლიოში, ამიტომ უცებ მოიშორებს - აიღებს და დიდი ვედროთი ჩამოასხამს ხოლმე. დღეს ეტყობა ეგ ვიღაცა საკმაოდ უსაქმურად იყო და დიდი მონდომებით მიუდგა საქმეს, ბოლო ორი საათია წვიმს. უნივერსიტეტიდან სახლამდე დიდი მანძილი კი არაა, მაგრამ წვიმაში საკმაოდ დასველება მოვასწარი, ამიტომ გვარიანად შემცივდა. თან ბინაში კონდიციონერი ჩართული დამრჩენია და არც აქ დამადგა უკეთესი დღე.
 
ცოტა გავთბი, ყავა ჩამოვისხი, ყურძენი გავირეცხე და ჯამით მოვიდგი, ტელევიზორში "აირონმენს" ვუყურებდი და უცებ გამახსენდა, რომ პოსტი მაქვს დასამთავრებელი.


სანამ შემდეგ ნაწილზე გადავიდოდე, მინდა გავამხილო, რომ ამ ხნის ქალი მოვიყარე და  პირველად დამემართა - ტელევიზორზე გავხდი დამოკიდებული! ღამით ტელევიზორის ფონზე ვიძინებ, დილას გავიღვიძებ თუ არა, ვრთავ, საუზმეს "ფრენდსის" ფონზე ვიმზადებ (აღმოჩნდა, რომ რომელიმე არხზე ფრენდსი ყოველთვის გადის რომელიმე), ყავასთან ერთად ვუყურებ, ხანდახან მეცადინეობის დროსაც მაქვს ჩართული, უბრალოდ ხმას ვუთიშავ. ერთხელ ისე დაემთხვა, რომ არსად არაფერი იყო და კარდაშიანებს ვუყურე. გეფიცებით, ეგეთი სულელური რამ არასდროს მინახავს.

პოსტის მთავარი თემა: თუ როგორ წავედი დამოუკიდებლად პროდუქტების საყიდლად.

კვირას დილით, 2 კვირის დაძველების მქონე პური რომ გავხუხე და ძველი მოცარელას ერთი ნაჭერი მივაყოლე, მივხვდი, რომ პროდუქტების საყიდლებზე წასვლის დრო დადგა. 

ვილადან წამოსვლას უამრავ დადებით მხარე აქვს, შემიძლია დილას პიჟამოებით ვიარო და სამზარეულოში გასასვლელად საგანგებო ჩაცმა არ დამჭირდეს, შემიძლია საჭმელი საძინებელში ვჭამო (თუმცა ეს ჯერ არ გამიკეთებია), მთელი მაცივარი ჩემია.. მაგრამ უარყოფითიც ახლავს - პროდუქტის საყიდლებზე წასვლა. ვილაში ყოველდღე მოხალისე მოდიოდა თავისი მანქანით და რამდენიმე ადამიანი მივყავდით მარკეტში. აქ გადმობარგების წინ პროდუქტი უკვე მითავდებოდა, გადმოსვლის მერე 5 დღე ისე გავიდა, წასვლა ვერ მოვახერხე და  მაცივარი თითქმის ცარიელი მქონდა. საყიდლებზე წასვლა ასეთი big deal იმიტომაა, რომ აქ მარკეტი ყოველ ფეხის ნაბიჯზე არაა, მხოლოდ ჰიპერმარკეტებია, რომლებიც ძირითადად დასახლებიდან მოშორებით მდებარეობს და ამიტომ ერთ წასვლაზე კვირის სამყოფი პროდუქტი მაინც უნდა იყიდო. შესაბამისად, ფეხით წახეტიალება არ გამოდგება - იმდენ პარკს სახლამდე ვერ ათრევ.

კვირადღე როგორღაც გადავაგორე, ვმეცადინეობდი და დრო არ მქონდა. ორშაბათს ზუსტად ვიცოდი, რომ კროგერში უნდა წავსულიყავი. კროგერი ყველაზე ახლოს, 5 წუთის სამანქანო გზაზე მდებარე ჰიპერმარკეტია. გადავწყვიტე, რომ გასეირნება არ მაწყენდა და ფეხით გავუყევი. გზის დიდი მონაკვეთი ტყეში გაყვანილ გზაში ვიარე, სადაც კაციშვილი არ ჭაჭანებდა, მხოლოდ ტყიდან ჩიტების ხმა ისმოდა. ბოლოსკენ გზად გალილეო შემომხვდა, კროგერიდან ბრუნდებოდა (გალილეო ბრაზილიელია და ვილაში ცხოვრობს).

კროგერში მისვლისას ყველაზე დიდი ურიკა ავიღე და წინასწარ შედგენილ სიას მივყევი (აპლიკაცია გადმოვწერე მობილურში, კარგად გამომადგა). სიას რაც უფრო აკლდებოდა შეძენილი პროდუქტები, მით უფრო მეპარებოდა შიში, რომ ამდენს მარტო ვერ დავძლევდი (იმის მიუხედავად, რომ იქიდან უბერით ვაპირებდი წამოსვლას).  საბოლოოდ, სიიდან რაღაც ნაწილის ყიდვაზე მაინც უარი ვთქვი, რაც ძალიან საჩქარო არ იყო. სალაროსთან ჯერ მარტო ამოლაგებაზე დამჭირდა უამრავი დრო, ბოლოს როგორც იქნა ყველაფერი გავატარეთ და გარეთ გამოვედი, რომ უბერი გამომეძახებინა. 


უბერი რომ მოვიდა, საბარგული ავავსე. გზად მძღოლმა მკითხა, საიდან ხარო. From Georgia_მეთქი და გავაგრძელე: But the country of Georgia, not the state.." I know, I hear your accent-ო, გამაწყვეტინა :(  5 წუთში სახლთან ვიყავით, სანამ საბარგულიდან პარკები ამომქონდა და ხელზე გადავიკიდებდი,  ბოლოს ხელზე ადგილი რომ აღარ დამრჩა, მძღოლმა მკითხა, დარწმუნებული ხარ, რომ მარტო შეძლებ მიტანას და დახმარება არ გჭირდებაო? შევძლებ-მეთქი, ყოყმანით ვუთხარი და მართლაც წარმატებით მივიტანე ლიფტამდე. ლიფტში უკვე გმირულად დავეცი, პარკებიანად ჩავჯექი და არც მაშინ წამოვმდგარვარ, ვიღაც რომ შემოვიდა. ის რამდენიმეწუთიანი სიმძიმის ტარება საკმარისი აღმოჩნდა, იმ საღამოს ხელი პირთან ვერ მიმქონდა, ისე მიკანკალებდა.

 ესეც before-after ფოტო:



რამდენიმე დღე მშვიდად შემიძლია ვიყო - მაცივარი სავსეა.

No comments:

Post a Comment