ახლა, როცა უკვე ღამის 10 საათია, ხვალ დილას სხვა ბინაში გადავდივარ და ჯერჯერობით მზადყოფნასთან ახლოსაც არ ვარ (ოთახს თვალი მოვავლე და ყველგან ჩემი ტანსაცმელი ყრია, სამ მაგიდაზე თანაბრადაა მიმოყრილი ნივთები და უზარმაზარ ჩანთაში ისე უწესრიგოდაა ტანსაცმელი, რომ თავიდანაა ჩასალაგებელი) ვცდილობ მოვიფიქრო რამე მიზეზი, თუ რატომ არ ვალაგებ ჩანთას, ან თუნდაც რატომ არ ვწერ დავალებას (რომელიც უკვე დილისთვის გადავდე - ადრე გავიღვიძებ).
საღამოს სირბილიდან რომ დავბრუნდი, სადილის მომზადება დამეზარა, თან ვიფიქრე რომ ძალიან არ მშიოდა და ნაყინი ვჭამე, რომელმაც მადა გამიძლიერა. ახლა ვზივარ, ამ შუაღამისას და ძალიან მშია. სამზარეულოში ჩამბრუნებელი არ ვარ, ისევ სჯობს ბარგი ჩავალაგო.
ხუთშაბათი, 20 სექტემბერი
ახალ ბინაში წარმატებით გადმოვედი,გუშინ ბარგი ძალიან ოპერატიულად ჩავალაგე, საშინაო დავალების დაწერა აღარ მომიწია - ლექტორმა პირადი პრობლემების გამო ლექცია გადაგვიდო. ახლა უკვე ღამეა და ახალ ბინაში ვარ, ნეტფლიქსზე ფრენდსს ვუყურებ და ვჭამ სწრაფადმომზადებად ბრინჯს მექსიკურად. Netflix and chill, მოკლედ.
ცოტა შეშფოთებული ვარ - შეიძლება ეს დღე ჩემი გასუქების პირველი დღე იყოს. დამლაგებლებმა ბინაში სნექები და მაცივარში კოკა კოლები დამახვედრეს. ასე იქნება ყოველ კვირას. საჭმელზეც მეტი წვდომა მაქვს, ვილას აკრძალვები მომეხსნა. იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ პირველივე დღეს ნებისყოფამ მიმტყუნა, ყველა სნექი გავხსენი და კოკა კოლაც კი (!) დავლიე, მომავალი კარგს არაფერს მიქადის.
თან დღეს სირბილიც გამოვტოვე. ეს დღეები სტაბილურად დავრბოდი ახლომდებარე პარკში. "პარკის" გაგონებაზე ვაკის პარკი ან დედაენის ბაღი არ წარმოიდგინოთ - ჩვეულებრივი ტყეა. განათებაც კი არაა, ხმაურიანი ქუჩიდან შედიხარ და დიდი ხეებით გარშემორტყმულ გზაზე აღმოჩნდები. შიგნით, სიღრმეში ერთი დიდი სახლი დგას. აი, ტიპიური ამერიკული სახლი, კოხტა და ლამაზი. გზას თუ გააგრძელებ, ტბა შემოგხვდება, პატარა მდინარეც ჩამოდის და ყველგან ციყვები დახტიან.
გუშინ გვიან მოგვიწია ვილადან გასვლა და სირბილისას ჩამომაღამდა. სადღაც გულის სიღრმეში შემეშინდა, კი უსაფრთხოა და მორბენლებიც მხვდიან აქა-იქ, მაგრამ უკუნეთში მაინც საშიში ფიქრები გიტრიალებს ადამიანს.
ა, ჰო, გუშინწინ 31 წლის გავხდი.
აღვნიშნეთ ბურგერებით. ბალამ შემომთავაზა ეს ადგილი, რომელიც ძალიან ამერიკული და ფილმის სცენასავით იყო. უკვე იმდენ სიტუაციაში აღვნიშნე, ხან ხმამაღლა და ხან - გულში, ფილმში მგონია-მეთქი თავი, ბოლოს მივხვდი, აქ უბრალოდ ყველაფერი ფილმის სცენასავითაა. აღმოჩნდა რომ ჰოლივუდი საკმაო სიზუსტით გადმოსცემს ამერიკულ ყოფას.
შემწვარი მწვანე პომიდვრები |
საღამოს ვილაში რომ დავბრუნდი, ზაჰირას და ჩემს დაბადების დღეს აღნიშნავდნენ ტორტით. უფრო სწორედ, ზაჰირა აღნიშნავდა თავის ტორტით, მაგრამ დილას მითხრა, შენთვისაც არის ტორტი და მოდი საღამოსო. ცოტახნით შევუერთდი. ზეჰრამ მითხრა (ზაჰირა და ზეჰრა სხვადასხვა ადამიანები არიან), ცოტა თურქს გავხარო (თავად თურქია), მე ვუთხარი, თურქები ლამაზები არიან და ძალიან მომწონს-მეთქი, ამ დროს მუჰამედი ჩაერია, არაო, არ გავხარ თურქსო და ისე გამოუვიდა, რომ თურქები ლამაზი არ ჰგონია და ზეჰრამ დაუწყო ჭუჭყუნი, ამ დროს სარა ჩაერია სიტუაციის გასარკვევად და მუჰამედს ეჩხუბა, რას ქვია ლამაზებად არ მიგაჩნია, შეგიძლია თქვა, რომ შენს გემოვნებაში არ ჯდება, მაგრამ ლამაზი არ არის, რატომ ამბობო და ოთახიდან გავარდა :D არადა სარა გერმანელია. უბრალოდ ქალების დასაცავად გამოვიდა, როგორც მივხვდი.
ეს სიმღერა დიდი არაფერია, უბრალოდ კოკა კოლას გიფთ შოფში იყო ჩართული, რაღაცას ვარჩევდი და უცებ მივხვდი, რომ აქ და ახლა, ბედნიერი ვიყავი. რომ ვუსმენ ახლაც მსიამოვნებს.
No comments:
Post a Comment