ვილაში საერთო სამზარეულოა, სადაც ყველას თავისი ურნები გვაქვს (ნაგვის არ გეგონოთ, უბრალოდ სხვა სახელი ვერ მოვუფიქრე), ჩვენი პროდუქტების შესანახად. ურნას შენს სახელს დააწერ და ყველა პროდუქტს აქ ინახავ. თუ რამე გარეთ დაგრჩა და ზედ სახელი არ აწერია, კონფისკაციას ექვემდებარება - ასე გამაფრთხილა პირველივე დღეს ბალამ და მეც ზედმიწევნით გულმოდგინედ ვიცავ ამ წესს.
სამზარეულოს სისუფთავე და წესრიგში ყოფნა თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა, რასაც გააკეთებ - ნარჩენები მოასუფთავე და გადაყარე, რაზეც შეჭამ - გარეცხე და ადგილზე დადე. ცხადია, ამას ყოველთვის და ყველა არ იცავს, ამიტომ სამზარეულოში შესვლისას დაგხვდებათ დიდი მუყაოს პოსტერი წარწერით This is Disgusting! და გვერდით ყველა უპატრონოდ მიტოვებული პროდუქტი თუ გასარეცხი ჭურჭელი უდევს. ანუ, ერთგვარი სირცხვილის დაფაა.
სასადილო ოთახს იქით საჭმლის და სასმლის გატანა არ შეიძლება, ამიტომ პირველივე დღეს თურქული ყავით ხელში რომ შემოვბრძანდი, ყავა შესასვლელში დამატოვებინეს და მერე სასადილო ოთახში მომიწია დალევა.
სასადილო და ლეოს თათები |
კამილის ნამცხვარი |
პიკის საათი უფრო საღამოობითაა, როცა ყველა დაბრუნებულია და ძირითადად სასადილოში იკრიბებიან. ამ დროს არის ალიაქოთი და ხმაური. How was your day?! შემოგძახებს სანი, ტაილანდელი ბიჭი, რომელიც ყველაზე აქტიური, მხიარული და კომუნიკაბელურია. სანს მაროკოელი ზაჰირას გაკეთებული ბაქლავა ისე მოეწონა, რომ მერე თვითონაც გააკეთა და გვაჭამა. სხვათაშორის, ძალიან გემრიელი გამოუვიდა. ამჟამად სამოგზაუროდაა წასული და ვილაში სრული სიმშვიდე სუფევს.
თუ არ ჩავთვლით გაელის ხმამაღალ შეძახილებს.
გაელი 1 წლისაა და ვენესუელელი წყვილის შვილია. სრულიად საყვარელი და სასაცილო არსებაა, თითქმის არასდროს იცინის და ძირითადად უკმაყოფილო შეძახილები აქვს, მაგრამ ის იშვიათი შემთხვევები, როცა გაიცინებს, ერთ რამედ ღირს. ერთ დილას, საშინაო დავალებას სასადილოში ვწერდი, ვერ ვასწრებდი და ამიტომ საუზმის პარალელურად ვაკეთებდი, ამ დროს უცებ გაელი მობაჯბაჯდა და ხელები დამადო, აბა როგორ არ უნდა ამეყვანა ხელში! რომ ავიყვანე ძალიან სერიოზული და კოპებშეკრული შემომცქეროდა სახეში, მერე კი კომუნიკაცია ცხვირის შეჭმუხვნით გააგრძელა :) კალთაში ჩამიჯდა და ლეპტოპის კლავიატურას ეთამაშა. მისმა დედამ, მარიამ, ინგლისური ცუდად იცის, მაგრამ მაინც მოახერხა და მითხრა, you are very nice to kids-ო, სხვანაირად ურთიერთობ მათთან და ძალიან კეთილად ექცევიო. რაღაცნაირად გამიხარდა. იმის მერე, რომ დამინახავს, მარია სულ გაღიმებული მესალმება. მე და გაელიც უფრო დავმეგობრდით, შედარებით ხშირად მიღიმის :)
[ახლაც, პოსტის წერის დროს, გაელი დაქრის სასადილოში და ჭყლოპინებს, მარია უკან დასდევს]
შაბათი-კვირა შედარებით უფრო ზანტია ვილაში. ხშირად სასადილოს მუსიკის ჰანგები ავსებს - ფრანცისკა უკრავს პიანინოზე. ფრანცისკა გერმანელი გოგოა, დიდი კონტაქტი არ მქონია მასთან, მხოლოდ ღიმილიანი მისალმებით შემოვიფარგლებით. როცა ის პიანინოსთან ჯდება, მთელს ვილაში სიმყუდროვე ისადგურებს - ყოველთვის ისეთ მელოდიებს უკრავს, აი ამელის საუნდტრეკების სტილში.
ბიბლიოთეკა |
მეორე სართულზე ბიბლიოთეკაა, მეცადინეობისას სულ იქ გავდივარ, ჩემი ოთახი ძალიან ბნელია. იქ გასასვლელად საგანგებოდ ვემზადები, ვინაიდან კონდიციონერი ზედმეტად ძლიერად და ცივ ჰაერს უბერავს. ამიტომ საგულდაგულოდ ვიფუთნები, თუმცა მაინც ვიყინები. დღეს თბილი ჰუდი მეცვა, თავზეც მქონდა წამოფარებული და ისე ვკითხულობდი ეპიდემიოლოგიას, როცა ინდოელმა ბიჭმა გამოიარა და მითხრა, ეგრე რომ ზიხარ ლეპტოპთან, ჰაკერს გავხარო :D
დამთავრდა ჩემი შესვენება - მეცადინეობა უნდა გავაგრძელო.
საინტერესო ეტაპი ჩანს ✌️🌸
ReplyDeleteნამდვილად :)
DeleteZalian miyvars Seni postebis kiTxva ��
ReplyDeleteანა <3
Deleteძალიან მაგრად წერ ნატალია! წარმატებები შენ ყველა ეტაპზე <3
ReplyDeleteდიდი მადლობა <3
Delete