Friday, September 14, 2018

მარადმწვანე სტუდენტი ჰოტლანტაში

შემდეგი ლექციის დაწყებამდე ნახევარი საათი დარჩა, სტარბაქსში ამერიკანო ავიღე და საკლასო ოთახის წინ ვზივარ. ჯერ არ შევალ, ისედაც შემდეგი 2 საათი გამყინვარებაში ჯდომა მიწევს. დღეს შემთხვევით იდეალური ყავა შევქმენი, ამ ამერიკანოს დავამატე ცოტა თეთრი შაქარი და ცოტა - ყავისფერი შაქარი დარიჩინით. შესანიშნავი გემო მივიღე! სიტკბო იდეალურად აქვს და ბოლოში ოდნავ გაჰყვება დარიჩინის არომატი. იმედია, ლექციამდე შეინარჩუნებს სითბოს - აქ შენობებში ძალიან ცივა, ზამთრის ტანსაცმლით უნდა იჯდე, რომ არ გაიყინო. მაგალითად, გუშინ ორივე ლექცია (ანუ 4 საათი) ერთ ოთახში მქონდა, სადაც ყველაზე მეტად ცივა და მიუხედავად იმისა, რომ მომზადებული ვარ და შემოსაცმელი სულ დამაქვს, ბოლოსკენ სიცივე ძვალსა და რბილში გამიჯდა და აზროვნების უნარი დავკარგე.

დილას ერთი ლექცია უკვე მქონდა. იქამდე ნახევარი საათია ფეხით, რაც ერთი შეხედვით არაფერია - 40 წუთით ადრე გავდივარ სახლიდან და ჩემი ტემპით 10 წუთით ადრე ადგილზე ვარ. მაგრამ როცა საქმე ატლანტის ტენიანობას ეხება, ნახევარი საათი ფეხით სიარული ნიშნავს დანიშნულების ადგილამდე აბსოლუტურად სველ მდგომარეობაში მისვლას. ამიტომ ეძახიან აქაურობას Hotlanta-ს, ყოველდღე ერთი და იგივე ამინდია - 30-32 გრადუსი. სიცხე. თუმცა დადებითი მხარეც აქვს, წონაში დავიკელი.

გზად იმ ლექციისკენ

ფეხით სიარულთან ერთად ისიც მეხმარება, რომ ვილაში საჭმლის ოთახში ატანა არ შეიძლება და ამიტომ სუსნაობა ამოვიღე ჩემი ცხოვრებიდან, შებრაწული და დამარილებული ნუშის საჭმელად ყოველწამს სასადილოში ჩასვლა მეზარება (ამიტომ ერთ ჩასვლაზე ბევრს ვჭამ!).

[ლექციამდე 10 წუთი დარჩა, შევალ და პოსტს საღამოს დავამთავრებ]

საშინაო დავალებები უფრო და უფრო მემატება და მეც უფრო და უფრო ვხვდები, როგორი მნიშვნელოვანია, რომ რეგულარულად და სტაბილურად ვიმეცადინო. პროკრასტინაციის დემონთან ბრძოლის ახალი ხერხი მოვიფიქრე - თუ ერთი დავალების კეთებისას პროკრასტინაცია დამეწყო და მომინდა, რამე სხვა ვაკეთო, მეორე საგანზე გადავდივარ. როცა იქ მეწყება პროკრასტინაცია, ისევ პირველზე გადმოვდივარ და ასე, წინ და უკან.

ვცდილობ შეძლებისდაგვარად ჯანსაღად ვიკვებო. უფრო სწორედ, ვცდილობ, ძალიან არაჯანსაღად არ ვიკვებო. მაგრამ დღეს ცდუნებას ვეღარ გავუძელი და ლანჩზე როლინსის კაფეტერიაში პიცა პეპერონი ვიყიდე. არც ამხელას ველოდი და არც ის გამითვალისწინებია მეკითხა, ნახევარი პიცის არჩევის ოპციაც ხომ არ ჰქონდათ. ამიტომ  მხოლოდ სამი ნაჭერი შევჭამე და ახლა ლექციიდან ლექციაზე დავატარებ.
კაფეტერიაში შიგნით ადგილი არ იყო და გარეთ, მზის გულზე დავჯექი. პირგამოტენილმა გვერდით მაგიდას გავხედე, ერთი ბიჭი იჯდა და მწვანე ვაშლს ჭამდა :) ხვალიდან ისევ სალათებს ავიღებ.



7 comments:

  1. ვკითხულობ პოსტს, ძალიან სასიამოვნოდ მიდის ყველაფერი და უცებ: მოიცა, რა ეწერა? პროკრასტინაციას ასე შეიძლება ეშველოს? უნდა ვცადო სასწრაფოდ. მაგან დამღუპა და დამაქცია.

    ReplyDelete
    Replies
    1. ერთხელ ვცადე ჯერჯერობით და ეფექტურად იმუშავა, თუმცა მხოლოდ ერთი ცდით სანდო არაა :))

      Delete
  2. მწვანე ვაშლი :D

    ReplyDelete
    Replies
    1. სოფი გაგახსენდა? :დ

      Delete
    2. აუ რა კაი იყო აქტიურო ბლოგერული წლები. ეხა ძაან გამიხარდა შენ ამბებს რომ გვიყვები <3

      Delete