Friday, September 7, 2018

From Georgia to Georgia

სასადილო ოთახში ვზივარ, დილის 9-ის ნახევარია. დღეს ადრიანად, 6 საათზე გამეღვიძა. ძილის შებრუნება ამაოდ ვცადე, ამიტომ ცოტა ძილბურანში ვარ, ყავას ვსვამ და დარჩენილ ავოკადოს ორ ნაჭერს ვუყურებ. ალბათ ვეღარ შევჭამ, საუზმისთვის მთლიანი ავოკადო არც ისე მსუბუქი აღმოჩნდა. მინის კარებიდან ვხედავ, როგორ გადიან ვილას მაცხოვრებლები და ემორისკენ ან CDC-სკენ მიიჩქარიან.



ჩემი ლექცია 10-ზე იწყება, პირველად მივდივარ ამ ლექციაზე, ნახევარი საათის გზაა ფეხით, იმედია, მივაგნებ.
დღეს ბოლო ლექცია მიცდება, ალბათ ეგრევე სახლში დავბრუნდები და საშინაო დავალებებს მივხედავ. ა, კიდევ, social security number მაქვს ასაღები და მაგაზეც უნდა ვიზრუნო. დღეს ხუთშაბათია, პარასკევობით ლექციები არ მაქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემთვის ვიქენდი დღეს იწყება.
ლეო მოიყურსა კნავილით, თავზე მოვეფერე და წავიდა. ახლა სკამზე ზის ჩემ წინ და კუდს ნებიერად აქნევს. ამას მოვწონვარ და ხშირად მოდის ჩემთან, ცოტას მოვეფერები და წავა, ასეთი ურთიერთგაგება გვაქვს, ზედმეტად არ ვაწუხებთ ერთმანეთს.


"ოფისს" ვუყურებ ეს დღეებია, საქართველოში დავიწყე რევოჩი და ახლა მერვე სეზონზე ვარ. საღამოობით სასადილოში ჩამოვიტან ხოლმე ლეპტოპს, ჩავრთავ, გარშემო ხალხი ირევა, ჭამენ, იცინიან, შიგადაშიგ გამომელაპარაკებიან და მე, მიუხედავად იმისა, რომ შემიძლია ზევით, ოთახში, სიწყნარეში ვუყურო სერიალს, აქ ყოფნა მირჩევნია, ამ აურზაურში.

აქ დიდი ტელევიზორი გვაქვს და ზოგჯერ ღამით ფილმს ვუყურებთ. ორი დღის წინ "მუმია" ვნახეთ და გერმანელი გოგო მთელი ფილმი ბუზღუნებდა რომ სისულელეს ვაყურებინებდით (მანამდე არ ჰქონდა ნანახი). გუშინ "ჰარი პოტერის" ნახვას აპირებდნენ, მე მეძინებოდა და არ დავრჩი.

ხანდახან მგონია რომ სიზმარში ვარ. ეს ყველაფერი იმდენად ამაღელვებელია, რომ თავს ვერ ვაკონტროლებ. Is this a real life? Is this just fantasy?

პ.ს დღეს ჯიმში ვაპირებ წასვლას. არ დამეზაროს, რა!

2 comments:

  1. ნატალია, რა მაგარი ამბავია! მასტერზე ხარ ? ინსტა სურათები ყველა სუპერ!!!
    კიდევ მოგვიყევი... <3 წარმატებები!

    ReplyDelete
    Replies
    1. თინა, აქ კომენტარს არ ველოდი და ისე გამიკვირდა და გამიხარდა! :))
      მასტერზე არ ვარ სამწუხაროდ, მხოლოდ ერთი სემესტრი ვარ როგორც non-degree სტუდენტი :)

      Delete