Monday, September 30, 2013

My Polish, lucid dream (Or my melancholy blues)

   არა, ეს სიზმარი აუცილებლად უნდა მოვყვე,  როგორ ვცხოვრობდი პოლონეთში. ძილში თავიდან გავიფიქრე, პრაღა ხომ არ ავირჩიო-მეთქი, მაგრამ მერე პოლონეთის ერთ პატარა ქალაქში დავსახლდი.



   მე არ ვიყავი მარტო - ჩვენ ორნი ვცხოვრობდით დიდი კორპუსის მაღალ სართულზე, ერთ პატარა ბინაში, რომელშიც ჯერ არ გვქონდა ავეჯი, იყო სარემონტო და ვგეგმავდით ერთად გაგვეკეთებინა. შობის წინა პერიოდი იყო, ჩემი სახლიდან ძალიან აღმართიანი ქუჩით ავდიოდით ზევით და იქიდან მთელი ქალაქი ჩანდა, ქვევით დიდ ციხე-კოშკს ბერავდნენ და საშობაოდ უნდა მოერთოთ; ლამაზი, მრავალსართულიანი სახლებიც ციმციმა ნათურებით იყო მორთული.

  რომ ავედით, ჩემი ნინო (ო წარმოითქმის ოდნავ გაგრძელებით), პატარა გალავანზე დადგა და იქიდან გადახედა ქალაქს, მერე მე შემომხედა და გამიღიმა. სულ ერთი წამით წარმოვიდგინე, იქიდან რომ გადავარდნილიყო და გული ისე მომეწურა, მაშინვე თვალებით ვთხოვე ჩამოსულიყო.
  უცებ სიცილი მომესმა და დავინახე, იქვე, რამდენიმე გოგო იდგა, პატარა, ხის კარებიანი მაღაზია იმ დროს გაეღოთ. შევიხედე, პაწაწინა იყო,  შიგნით ხის დახლები და მაგიდები იდგა.  გავიფიქრე, რომ პატარა ყავახანას ხსნიდნენ, სადაც უგემრიელესი ცხელი შოკოლადი გაიყიდებოდა.  გამოველაპარაკე და სწორედ ასე აღმოჩნდა. საოცარი სურნელი იდგა ახლადგამომცხვარი ფუნთუშების, ათასგვარი ტკბილი ცომეული გამოეცხოთ და ვიფიქრე, ურიგო არ იქნებოდა მეგობრებისთვის შემეტყობინებინა (რომლებიც იმ პერიოდში გვსტუმრობდნენ ჩვენ) ამ ადგილის შესახებ და საღამოს ერთად დაგველია ცხელი შოკოლადი.

   ქალაქში ვმგზავრობდი რაღაც ხომალდით, რომელიც ღია იყო და  საოცარი სისწრაფით გადაადგილდებოდა დატვირთულ ქუჩებში.

  შემდგომ ყველაფერი მხოლოდ ეპიზოდებად მახსოვს, ყავახანაში ბევრი ადამიანი ერთად, მერე ჩვენს სახლში დაბრუნება და ოთახების ჩვენება მეგობრებისთვის.

  ის კი კარგად მახსოვს, რომ მთელი სიზმრის განმავლობაში, ძილში არ მტოვებდა შეგრძნება, რომ მქონდა საკუთარი სახლი, პოლონეთის პატარა ქალაქში, სადაც ვცხოვრობდი ჩემს საყვარელ ადამიანთან ერთად,  ახლოვდებოდა შობა,  ჩვენთან სტუმრად მეგობრები იყვნენ ჩამოსული (რამდენიმე მახსოვს, ვინც იყო) და ვიყავი ძალიან ბედნიერი.

   წუხელ საშინელი ღამე რომ მქონდა, ალბათ მფარველმა ანგელოზმა დღეს ნუგეშად ეს სიზმარი გამომიგზავნა.

Saturday, September 28, 2013

Географ глобус пропил и он свободен

    გარეთ ჭექა-ქუხილია და წვიმს. ზუსტად ისეთი ამინდია, როგორიც ბათუმში იცოდა ხოლმე. ახლა ამ სიმღერას ჩავრთავ [თქვენც გადადით და მოუსმინეთ], და როგორც სიმღერებმა იციან მოგონებების შემონახვა, ესეც თავის წილ,  ბათუმურ შეგრძნებებს მოიტანს.


   ფესტივალზე ერთი კარგი რუსული ფილმი ვნახე. არც შედევრი, არც რაიმე განსაკუთრებული, მაგრამ ჩემთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი.

  Географ глобус пропил - ასე ჰქვია ორიგინალში და ნაწარმოების ეკრანიზაციაა.

   მთელი ფილმი ჩემი შიშების განხორციელება იყო. ვიქტორს თავის ცოლი უყვარდა მთელი ძალით, ცოლს კი ის სძულდა. თავიდან  ცდილობდა ურთიერთობის დალაგებას, მაგრამ არაფერი გამოუვიდა, ბოლოს კი, ჩემი აზრით ყველაზე ცუდი დასასრული ჰქონდა.  ეს იყო ძალიან ტრაგიკული ამბავი და მთელი არსებით მეცოდებოდა მთავარი გმირი, ფილმის დასრულებისას კი საშინლად, საშინლად შემეშინდა, ოდესმე მეც იგივე არ დამმართნოდა.
  
      როცა ბედნიერი ვარ, მუდმივად თან მდევს შეგრძნება, რომ ეს ყველაფერი დამთავრდება. ამიტომ ყოველთვის მეშინია, ვიყო კარგად; და როცა რაღაც მიხარია, თავს ბედნიერად ვგრძნობ, სადღაც გულის სიღრმეში, ჩუმად ვიწყებ ლოცვას, ღმერთო, რამე ცუდი არ მოხდეს, ეს ბედნიერება არ წამართვა-მეთქი.

   სიყვარულიც ეგ არის, თან ბედნიერებისგან და სიხარულისგან რომ ხარ ავსებული, და თან სულ, სულ გეშინია, რამე არ შეიცვალოს, უცებ ერთ დილას არ გაიღვიძო და  არ აღმოაჩინო, რომ ეს სიყვარული სადღაც გაქრა, ქმრის შეხებაზე ზიზღისგან გაკანკალებს და თმაგაჩეჩილი, ტირილისგან დასიებული თვალებით დადიხარ პატარა ბინის ოთახებში. 

Sunday, September 22, 2013

Let's make love in London

                                                                     And I was so much older then
                                                                     When I was young, when I was young..


   მაშინ, როცა ჩაბნელებულ დარბაზში 60-70-იანი წლების ფსიქოდელიური მუსიკა ჟღერდა, მე რაღაც ძალებით ისე მეძინებოდა, რომ მეგონა სადაცაა გონებას დავკარგავდი და ნახევრად გონებადაბინდულს ჩამესმოდა როლინგ სტოუნზის "Paint it black", თავი ყველაზე საიმედო მხარზე მედო და ვფიქრობდი, რომ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს და არ ვიცოდი, ფეხზე დგომას შევძლებდი თუ არა, იმის მიუხედავადაც, რომ ეს დოკ.ფილმი არ აღმოჩნდა, საერთოდ არ აღმოჩნდა, პინკ ფლოიდზე და არც მათი გამოსვლის უნიკალური კადრებისთვის მომიკრავს თვალი სადმე, მაინც ვფიქრობდი, რომ ეს იყო ერთ-ერთ საუკეთესო საღამო, რაც კი ოდესმე მქონია.

  მე ვნახე და მოვუსმინე ჯო ბოიდს, კაცს, რომელსაც უმუშავია პინკ ფლოიდთან, უნახავს სიდ ბარეტი და შეიძლება, რაღაც წვლილიც შეიტანა ჯგუფის წარმატებაში.

   ფილმში ვუყურე იმ პერიოდს, როცა პინკ ფლოიდის, როლინგ სტოუნზის და ჯიმი ჰენდრიქსის მუსიკას 'პოპ მუსიკას' უწოდებდნენ. ვნახე ალენ გინსბერგი და ახალგაზრდა მიკ ჯაგერი.  და ვნახე ეს ყველაფერი დაბინდული გონებით, როცა რაღაც მომენტებში სულ ვეთიშებოდი სამყაროს და მუსიკის მძლავრ ხმიანობაზე ისევ გონებაზე მოვყავდი.


    და მერე, როცა ბათუმის უკვე ნაცნობ ქუჩებში მოვდიოდით, მე ისევ მეშინოდა, რომ არ წავქცეულიყავი; ჯერ კიდევ მუსიკის ზემოქმედების ქვეშ ვიყავი და ჩუმად, სულ ჩუმად, ღიღინით ვიმეორებდი - When I was young, when I was young..


That night, we really made love in London.



Wednesday, September 18, 2013

A bit here and there

                                                              - Where were you before?
                                                              - A bit here and there. We move with the seasons.

  
     ბათუმში საუცხოო ამინდია. ღია კაფეში ვზივარ მეგობრებთან ერთად, ეხლახან გვქონდა ძალიან გემრიელი და ნოყიერი საუზმე (დიახ, საუზმე, 3 საათზე). 


   გუშინ საკონკურსო ფილმი - მეხუთე სეზონი ვნახე. ფილმი მუდმივ ზამთარზე, შიმშილზე, სასოწარკვეთასა და სახედაკარგულ ადამიანებზე.



    ერთ პატარა, ევროპულ სოფელში ასეთი რიტუალი აქვთ - ზამთრის მიწურულს გლეხები თივისგან შეკრულ ბიძია ზამთარს წვავენ და სოფლიდან აძევებენ.
 
  ფილმების ყურებისას არის მომენტები, როცა ერთი ეპიზოდს უყურებ და გონებაში ამბობ, მორჩა, ეს ფილმი მოგწონს. მეხუთე სეზონში ეს იყო ცეკვის სცენა, როცა ბიძია ზამთრის გაძევების რიტუალს ატარებდნენ. სოფლის მაცხოვრებლები ნათურებით განათებულ ხის სცენაზე ცეკვავდნენ, მშვენიერი სიმღერა ჟღერდა, იქვე ფურგონში ცხელ-ცხელი გლინტვეინი იყიდებოდა. სცენა ძალიან ლამაზი იყო, და ერთი შეხედვით სოფლის იდეალურ ცხოვრებას გვაჩვენებდა. მაგრამ რომ ვუყურებდი ამ სარიტუალო ცეკვას, ვხვდებოდი, რომ ეს ყველაფერი ძალიან სევდიანი იყო, საშინლად სევდიანი.

    თივას ცეცხლი არ მოეკიდება და სოფელში დგება მეხუთე სეზონი - მუდმივი ზამთარი. ძროხები აღარ იწველებიან, ფუტკრები იხოცებიან და ხალხი ნელ-ნელა საკუთარ სახეს კარგავს.

  ბოლო ეპიზოდზე თავი ისე ვიგრძენი, თითქოს გული ხელით მომიწურეს და წვეთი სისხლი აღარ დამრჩა. ვერც კი ვიტირე, გახევებულ ვიჯექი და არ ვიცოდი, რა მექნა; ან მე რას ვიზამდი, იქ რომ ვყოფილიყავი და ადამიანების ასეთი შეშლა მენახა. ალბათ ელისივით მეც ხმის ჩახლეჩამდე, გულის წასვლამდე ვიკივლებდი.



      ახლა, როცა აქ, კაფეში ვზივარ, გვერდით საყვარელი ადამიანები სხედან, მათ სახეებს ვუყურებ და  მიხარია, რომ შემოდგომაა, სექტემბრის მზიანი დღეები დგას, ჩვენ აქ ვართ და გვაქვს ჩვენი შემოდგომა, მესამე სეზონი.

Tuesday, September 17, 2013

Man of Hope



     შესავალის ნაცვლად

   დიდი ხანი ვოცნებობდი, ისეთი რამე გამეკეთებინა, რაც მსოფლიოს შეცვლიდა. მსოფლიოს შეცვლა თუ არა, ის მაინც მსურდა, ჩემი სახელი ბევრს გაეგო და ხალხს მნიშვნელოვანი საქმით გავეცანი (გაგეღიმებათ ალბათ, მაგრამ ნამდვილად ასე იყო).   მერე მივხვდი, რომ იდეალისტობა არაფერს მარგებდა და ცხოვრების მიზანი შევცვალე. ახლა მხოლოდ ვცდილობ, ვიყო ბედნიერი, ნებისმიერ დროს და ადგილას. ვიპოვო ისეთი დეტალი, რაც ბედნიერს გამხდის.


   გუშინ საღამოს, როცა ბათუმის ქვაფენილიანი ქუჩებით კინოთეატრ აპოლოსკენ მივეშურებოდი, საკმაოდ დიდი მოლოდინები მქონდა. ისეთ ადამიანზე უნდა მენახა ფილმი, რომელმაც მსოფლიო თუ არა, თავისი ქვეყანა და ხალხი მაინც შეცვალა.


 Walesa. Man of hope - ანჟეი ვაიდას ფილმი, პოლონელ პოლიტიკოს, ლეხ ვალენსაზე, არასაკონკურსო ფილმად იქნა ნაჩვენები კინოფესტივალზე. 

   ვინაიდან ჩემს თავს დავპირდი, რომ შუა ფილმიდან არასდროს გამოვალ, მხოლოდ ამიტომ ვუყურე 2 საათიან ფილმს ბოლომდე. კიდევ იმიტომ არ გამოვედი, რომ თავიდანვე გადავწყვიტე, ისე შემეხედა, ვითომ დოკუმენტურ ფილმს ვუყურებდი პოლონეთის უახლეს ისტორიაზე.  სწორედ ასეთი შთაბეჭდილება რჩება მთელი ფილმის განმავლობაში.

    მე წავიკითხე ანჟეი ვაიდას მიმართვა ბათუმის კინოფესტივალისადმი, ის წერდა, რომ უნდოდა გადაეღო ფილმი უბრალო ადამიანზე, რომელმაც შეცვალა ისტორია და პირველი ლეხ ვალენსა მოუვიდა თავში.  ვალენსა ნამდვილად უბრალო ადამიანი, ელექტრიკოსი იყო და მან მართლაც შეცვალა ისტორია.

    მაგრამ მაინც ვთვლი, რომ ეს ფილმი არის მხოლოდ პოლონელებისთვის, მათ ისტორიაზე. მათ გამოიარეს ეს წინააღმდეგობები და მათთვის არის მნიშვნელოვანი კიდევ ერთხელ გადახედონ ცოტა ხნის წინ ჩავლილ წარსულს. 

   ფილმი არ არის ისეთი, რომ შთაგაგონოს, სტიმული მოგცეს, შეცვალო მსოფლიო, გახვიდე ხალხში და წინააღმდეგობა გაუწიო რეჟიმს, რომელიც არ მოგწონს (მიუხედავად იმისა, რომ ეს ისტორია ძალიან გავს ჩვენსას).

   ღამით, როცა უკვე სახლისკენ მიმავალ გზას მივუყვებოდი, ღია კინოთეატრთან გავიარე, სადაც მოკლემეტრაჟიანი ფილმების სერია გადიოდა.  ქუჩის ფარნები ანათებდნენ, ცა მოწმენდილი იყო, ხალხი ჯგუფ-ჯგუფად  სეირნობდა და მაშინ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ეს იყო ის, რაც მე მინდოდა, ვყოფილიყავი აქ და ახლა. ისტორიის შეცვლა კი სხვა, უბრალო ხალხს მივანდე.

Tuesday, September 10, 2013

ძვირფას მეგობარს

   მე რომ წარმოსახვითი მეგობარი მყავდეს, აუცილებლად მივწერდი წერილს.

   მივწერდი, რომ წუხელ რაფამ ამერიკის ღია პირველობა მოიგო, ჩემი მეგობრები სანტორინიზე მიდიან, ხოლო საუკეთესო მეგობარს სულ მალე ქორწილი აქვს.  

   ჩემი დაბადების დღე ბათუმში ყოფნის პერიოდს ემთხვევა და მე ამ დღეს მეგობრებთან ერთად შევხვდები (When I wake, I shall have cake, and all the pretty little horses..).

   მე უკვე მყავს ნინო (’ო’ უნდა გამოითქვას გაგრძელებულად) და მჯერა კეთილი ადამიანების (Sans toi, les émotions d'aujourd'hui ne seraient que la peau morte des émotions d'autrefois).




Saturday, September 7, 2013

პირველი სიყვარული კონსტანტინოპოლში

    ამ ქალაქის მაგიაზე უკვე ბევრს ულაპარაკია და დაუწერია,  მაგრამ საკუთარ თავზე სანამ არ გამოცდი, ვერ მიხვდები რას ნიშნავს სტამბულის ჯადოსნობა. მეც თავიდანვე ასე ვიცოდი, რომ სხვების ნათქვამი საკმარისი არ იყო, რომ უნდა ჩავსულიყავი, და მაშინ მივხვდებოდი, რას უშვრება ეს ქალაქი ადამიანებს.

   ჰოდა,  ზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს, ბათუმში, ავტობუსში ჩავჯექი და სტამბულისკენ გავეშურე.

   ვიცოდი, რომ სტამბულში თავგადასავლები მელოდებოდა,  ვიცოდი ჯერ კიდევ მაშინ, როცა 10 დეკემბერს, აკანკალებული ხელებით ინტერნეტით ბილეთზე თანხის გადახდა დავადასტურე, ბედნიერებისგან შეშინებულმა მიმოვიხედე და  თანამშრომლებს ხმამაღლა ვუთხარი: "როჯერ ვოტერსის ბილეთი ვიყიდე".

   ჩასვლამდე იყო დამქანცველი 20 საათი. დილის 10 საათისკენ სტამბულში შევედით. დაღლილობა სადღაც გაქრა, მე თვალები გამიფართოვდა და მღელვარებისგან სულმთლად ავკანკალდი.
    როცა ჩადიხარ უცხო ქალაქში, რომელსაც მანამდე ფოტოებით და სხვების მონაყოლით იცნობ,  უცებ კი არ გეცემა თავზე და გეუბნება - აი შენ სტამბულში მოხვედიო. მღელვარების კანკალებიც გაივლის, ავტობუსების სადგურშიც ჩამოხვალ (სადაც ყველა მხრიდან ქართული ლაპარაკი ისმის და წარწერებიც ქართულია), ჩაჯდები ტაქსში, მიდიხარ გზებზე დიდი სისწრაფით და შიშისგან უნებლიედ ხმამაღლა წამოგცდება "ვაიმე", რაც ძალიან ახალისებს ტაქსის მძღოლს, რომელიც სადღაც ვიწრო ქუჩაზე ჩამოგსვამთ და ხელით მიგანიშნებთ სადც უნდა წახვიდეთ. გაუყვები სხვებთან ერთად გზას, აღმოჩნდები ისტიკლალზე  და.. იქ გრიგალივით დაგატყდება თავს  სტამბული, აგიტაცებს და ჰაერში დაგატრიალებს, თავისი შაურმებით, სტარბაქსებით, რახათ 
ლუხუმებით, შემწვარი წაბლებით და სიმინდებით, ნაყინის გამყიდველი ბიჭებით, რომლებიც შიგადაშიგ პატარა ზარებზე ძლიერად შემოჰკრავენ ჯოხს და გამაყრუებელ ხმას გამოსცემენ..  ამ ყველაფერს აგვირგვინებს არსაიდან გამოჩენილი წითელი ტრამვაი, რომელიც უმანკოების მუზეუმის ერთ-ერთი გამოცემის ყდიდან გადმოდის თითქოს.

  აი, მაგ დროს ხვდები, რომ უკვე საკუთარ თავზე გამოვცადე სტამბულის მაგია.

   დავდიოდი ქუჩებში და ვიგრძენი, ერისენა ტენეცკაიასავით, მეც ატმის სურნელს რომ დავატარებდი.  მივხვდი, რომ ეს იყო ბედნიერება - როცა რაღაცით მთლიანად სავსე ხარ და ვერ იხსენებ სხვა ვერც ერთ მდგომარეობას, რომლის გამოც ახლანდელს დათმობდი. როცა სულ რაღაც გიხარია, თან სულ გეშინია, ეს ყველაფერი არ გაქრეს, არ გამოგეღვიძოს.  მეც ამ რაღაცით ავსებული, დავდიოდი და  ჩუმად ვიმეორებდი: "მე სტამბულში ვარ, მე სტამბულში ვარ"..

  ბევრი ვერაფრის ნახვა მოვასწარი. ვერაფრის კი არა, რაც კი მქონდა დაგეგმილი, არაფერი შემისრულებია. უმანკოების მუზეუმი დაკეტილი დამხვდა (სამაგიეროდ ძალიან ახლოს ვცხოვრობდი და დღეში რამდენჯერმე ავუვლ-ჩავუვლიდი ხოლმე), ჩილიმის მოწევა და ჩაის დალევა ვერ მოვასწარი, არც აია სოფიაში წავსულვარ..
 და როგორც ყველა სხვა ადამიანი ჩემამდე, შევპირდი სტამბულს, რომ აუცილებლად დავბრუნდებოდი და ვიქნებოდი მანამ, სანამ არ მომბეზრდებოდა ის, თავისი დაღმართიანი ქუჩებით, ქვაფენილიანი ისტიკლალით, ხმაურიანი ტაქსიმით, ათასი ტურისტით და გაქნილი ტაქსის მძღოლებით.




   პ.ს თავად კონცერტს რაც შეეხება, სიმართლე რომ გითხრათ, ძალიან მიჭირს წერა, ახლაც კი, როცა ყველა ემოცია განელებულია. დღესაც არ მჯერა, რომ 1 თვის წინ ჩემგან რამდენიმე მეტრში ის კაცი იდგა, რომელზეც ვლოცულობ.

Tuesday, September 3, 2013

ბათუმის კინოფესტივალის საკონკურსო ფილმები



   მოგეხსენებათ, როგორი კბილების კაწკაწით ველოდები ამ ფესტივალს, ამიტომ, როცა საკონკურსი ფილმების სია გამოქვეყნდა, მაშინვე გადავხედე ჩამონათვალს და თითოეულზე მცირე ინფორმაცია მაინც მოვიძიე.
  ვიფიქრე, კარგი იქნებოდა თქვენთვისაც გამეზიარებინა.

  სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების სექციაში 10 ფილმია წარმოდგენილი:


1. The Fourth Child, Vahid Mousaian. (ირანი)

  ფილმი ორ ადამიანზე - მსახიობი ქალი, რომელიც კინოს მიატოვებს და ფოტოგრაფობას გადაწყვეტს და მამაკაცი. ისინი ერთად მიემგზავრებიან სომალში.

(სამწუხაროდ ტრეილერი ვერ ვნახე).


2.  Lunchbox, Ritesh Batra,  (ინდოეთი/საფრანგეთი/გერმანია/აშშ)

  მოქმედება ვითარდება მუმბაიში, ახლადდაქვრივებული სუდიფსა და დიასახლის ილას შორის ურთიერთობა იწყება ე.წ ლანჩბოქსის საშუალებით, რომლითაც ისინი ერთმანეთს ჩანაწერებს უგზავნიან





3. Before Snowfall, Hisham Zaman, (ნორვეგია/გერმანია/ერაყი)

 ერაყელი ბიჭი სიარი, თავის დის საძებნელად მიემგზავრება, რომელიც ქორწილიდან გაიქცა. სტამბულში ის გოგონას, სახელად ევინს, შეხვდება და მასთან ერთად აგრძელებს მოგზარობას. ისინი ერთად გაივლიან საბერძნეთს, გერმანიას და ნორვეგიას.





4. A Field in England, Ben Wheatly, (დიდი ბრიტანეთი)

 ფილმის აღწერა ერთ-ერთ საიტზე: A Field In England is a psychedelic trip into magic and madness from Ben Wheatley, award-winning director of Down Terrace, Kill List and Sightseers.


 



5. The Geographer Drank His Globe Away, Alexander Veledinsky (რუსეთი)

   ბიოლოგი  ვიქტორ სლუჟკინი, უფულობის გამო ერთ-ერთ სკოლაში გეოგრაფიის მასწავლებლად იწყებს მუშაობას.  მის ცხოვრებაში ბევრი პრობლემაა: უფულობა, ცოლთან პრობლემები, სტუდენტებთან დაპირისპირება..  და მუდმივი მარტოობის შეგრძნება.



 6. Lifelong, Asli Ozge, (თურქეთი/გერმანია/ჰოლანდია)

 ფილმი მოგვითხრობს ცოლ-ქმარზე - თანამედროვე არტისტი ელა და მისი არქიტექტორი ქმარი კენი,  ცხოვრების იმ ეტაპზე, როცა ურთიერთობა კარგავს თავის ბრწყინვალებას



7. Fatshaker, Mohammad Shirvani,  (ირანი)






8. Parajanov, Olena Fetisova & Serge Avidekian (სომხეთი/საფრანგეთი/საქართველო/უკრაინა)

ამ ფილმზე ვერანაირი ცნობა ვერ მოვიპოვე სამწუხაროდ, მაგრამ მიხვდებით, რაზეც იქნება :)



9. Fifth Season, Peter Brosens & Jessica Woodworth (ბელგია/საფრანგეთი/ჰოლანდია)

  ბელგიის პატარა სოფელში ცხოვრება ნელი ტემპით მიმდინარეობს - გლეხები უვლიან ფერმებს და წველიან ძროხებს, ბავშვები თამაშობენ ტყეში.. სოფელი დანარჩენი მსოფლიოს პრობლემებისგან თთქოს განყენებულია.





10.  A Fold in my blanket, Zaza Rusadze, (საქართველო)