ჰოდა, ზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს, ბათუმში, ავტობუსში ჩავჯექი და სტამბულისკენ გავეშურე.
ვიცოდი, რომ სტამბულში თავგადასავლები მელოდებოდა, ვიცოდი ჯერ კიდევ მაშინ, როცა 10 დეკემბერს, აკანკალებული ხელებით ინტერნეტით ბილეთზე თანხის გადახდა დავადასტურე, ბედნიერებისგან შეშინებულმა მიმოვიხედე და თანამშრომლებს ხმამაღლა ვუთხარი: "როჯერ ვოტერსის ბილეთი ვიყიდე".
ჩასვლამდე იყო დამქანცველი 20 საათი. დილის 10 საათისკენ სტამბულში შევედით. დაღლილობა სადღაც გაქრა, მე თვალები გამიფართოვდა და მღელვარებისგან სულმთლად ავკანკალდი.
ლუხუმებით, შემწვარი წაბლებით და სიმინდებით, ნაყინის გამყიდველი ბიჭებით, რომლებიც შიგადაშიგ პატარა ზარებზე ძლიერად შემოჰკრავენ ჯოხს და გამაყრუებელ ხმას გამოსცემენ.. ამ ყველაფერს აგვირგვინებს არსაიდან გამოჩენილი წითელი ტრამვაი, რომელიც უმანკოების მუზეუმის ერთ-ერთი გამოცემის ყდიდან გადმოდის თითქოს.
აი, მაგ დროს ხვდები, რომ უკვე საკუთარ თავზე გამოვცადე სტამბულის მაგია.
დავდიოდი ქუჩებში და ვიგრძენი, ერისენა ტენეცკაიასავით, მეც ატმის სურნელს რომ დავატარებდი. მივხვდი, რომ ეს იყო ბედნიერება - როცა რაღაცით მთლიანად სავსე ხარ და ვერ იხსენებ სხვა ვერც ერთ მდგომარეობას, რომლის გამოც ახლანდელს დათმობდი. როცა სულ რაღაც გიხარია, თან სულ გეშინია, ეს ყველაფერი არ გაქრეს, არ გამოგეღვიძოს. მეც ამ რაღაცით ავსებული, დავდიოდი და ჩუმად ვიმეორებდი: "მე სტამბულში ვარ, მე სტამბულში ვარ"..
ბევრი ვერაფრის ნახვა მოვასწარი. ვერაფრის კი არა, რაც კი მქონდა დაგეგმილი, არაფერი შემისრულებია. უმანკოების მუზეუმი დაკეტილი დამხვდა (სამაგიეროდ ძალიან ახლოს ვცხოვრობდი და დღეში რამდენჯერმე ავუვლ-ჩავუვლიდი ხოლმე), ჩილიმის მოწევა და ჩაის დალევა ვერ მოვასწარი, არც აია სოფიაში წავსულვარ..
და როგორც ყველა სხვა ადამიანი ჩემამდე, შევპირდი სტამბულს, რომ აუცილებლად დავბრუნდებოდი და ვიქნებოდი მანამ, სანამ არ მომბეზრდებოდა ის, თავისი დაღმართიანი ქუჩებით, ქვაფენილიანი ისტიკლალით, ხმაურიანი ტაქსიმით, ათასი ტურისტით და გაქნილი ტაქსის მძღოლებით.
პ.ს თავად კონცერტს რაც შეეხება, სიმართლე რომ გითხრათ, ძალიან მიჭირს წერა, ახლაც კი, როცა ყველა ემოცია განელებულია. დღესაც არ მჯერა, რომ 1 თვის წინ ჩემგან რამდენიმე მეტრში ის კაცი იდგა, რომელზეც ვლოცულობ.
კარგი წერის სტილი გაქვს ;)
ReplyDeleteმადლობა : ))
Deleteჩინებული პოსტია <3 ჩინებული ფოტოც : )
ReplyDeleteდა შენ საოცარი გოგო ხარ ნატალია მია <3