Tuesday, September 17, 2013

Man of Hope



     შესავალის ნაცვლად

   დიდი ხანი ვოცნებობდი, ისეთი რამე გამეკეთებინა, რაც მსოფლიოს შეცვლიდა. მსოფლიოს შეცვლა თუ არა, ის მაინც მსურდა, ჩემი სახელი ბევრს გაეგო და ხალხს მნიშვნელოვანი საქმით გავეცანი (გაგეღიმებათ ალბათ, მაგრამ ნამდვილად ასე იყო).   მერე მივხვდი, რომ იდეალისტობა არაფერს მარგებდა და ცხოვრების მიზანი შევცვალე. ახლა მხოლოდ ვცდილობ, ვიყო ბედნიერი, ნებისმიერ დროს და ადგილას. ვიპოვო ისეთი დეტალი, რაც ბედნიერს გამხდის.


   გუშინ საღამოს, როცა ბათუმის ქვაფენილიანი ქუჩებით კინოთეატრ აპოლოსკენ მივეშურებოდი, საკმაოდ დიდი მოლოდინები მქონდა. ისეთ ადამიანზე უნდა მენახა ფილმი, რომელმაც მსოფლიო თუ არა, თავისი ქვეყანა და ხალხი მაინც შეცვალა.


 Walesa. Man of hope - ანჟეი ვაიდას ფილმი, პოლონელ პოლიტიკოს, ლეხ ვალენსაზე, არასაკონკურსო ფილმად იქნა ნაჩვენები კინოფესტივალზე. 

   ვინაიდან ჩემს თავს დავპირდი, რომ შუა ფილმიდან არასდროს გამოვალ, მხოლოდ ამიტომ ვუყურე 2 საათიან ფილმს ბოლომდე. კიდევ იმიტომ არ გამოვედი, რომ თავიდანვე გადავწყვიტე, ისე შემეხედა, ვითომ დოკუმენტურ ფილმს ვუყურებდი პოლონეთის უახლეს ისტორიაზე.  სწორედ ასეთი შთაბეჭდილება რჩება მთელი ფილმის განმავლობაში.

    მე წავიკითხე ანჟეი ვაიდას მიმართვა ბათუმის კინოფესტივალისადმი, ის წერდა, რომ უნდოდა გადაეღო ფილმი უბრალო ადამიანზე, რომელმაც შეცვალა ისტორია და პირველი ლეხ ვალენსა მოუვიდა თავში.  ვალენსა ნამდვილად უბრალო ადამიანი, ელექტრიკოსი იყო და მან მართლაც შეცვალა ისტორია.

    მაგრამ მაინც ვთვლი, რომ ეს ფილმი არის მხოლოდ პოლონელებისთვის, მათ ისტორიაზე. მათ გამოიარეს ეს წინააღმდეგობები და მათთვის არის მნიშვნელოვანი კიდევ ერთხელ გადახედონ ცოტა ხნის წინ ჩავლილ წარსულს. 

   ფილმი არ არის ისეთი, რომ შთაგაგონოს, სტიმული მოგცეს, შეცვალო მსოფლიო, გახვიდე ხალხში და წინააღმდეგობა გაუწიო რეჟიმს, რომელიც არ მოგწონს (მიუხედავად იმისა, რომ ეს ისტორია ძალიან გავს ჩვენსას).

   ღამით, როცა უკვე სახლისკენ მიმავალ გზას მივუყვებოდი, ღია კინოთეატრთან გავიარე, სადაც მოკლემეტრაჟიანი ფილმების სერია გადიოდა.  ქუჩის ფარნები ანათებდნენ, ცა მოწმენდილი იყო, ხალხი ჯგუფ-ჯგუფად  სეირნობდა და მაშინ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ეს იყო ის, რაც მე მინდოდა, ვყოფილიყავი აქ და ახლა. ისტორიის შეცვლა კი სხვა, უბრალო ხალხს მივანდე.

1 comment:

  1. რამდენჯერ მიფიქრია ამაზე, რომ იცოდე და ჩემი 28 წლის მანძილზე, ის დავასკვენი, რომ ადამიანები, რომლებიც მართლა ცვლიან სამყაროს, ამაზე არც ფიქრობენ.
    ვალესა, კიდევ, უდავოდ ქარიზმატული კაცია, თუმცა, მგონია, როგორც უმეტეს შემთხვევაში ხდება, შესაბამის დროს შესაბამის ადგილას მოხვდა და გონებაც შესაბამისი აღმოაჩნდა.

    ველოდები კიდევ სხვა ფილმებზე დაწერას შენგან, მაგრამ რაღაც უღიმღამოდ უნდა მიდიოდეს ეგ ფესტივალი, თუ მე მეჩვენება?

    ReplyDelete