არა, ეს სიზმარი აუცილებლად უნდა მოვყვე, როგორ ვცხოვრობდი პოლონეთში. ძილში თავიდან გავიფიქრე, პრაღა ხომ არ ავირჩიო-მეთქი, მაგრამ მერე პოლონეთის ერთ პატარა ქალაქში დავსახლდი.
მე არ ვიყავი მარტო - ჩვენ ორნი ვცხოვრობდით დიდი კორპუსის მაღალ სართულზე, ერთ პატარა ბინაში, რომელშიც ჯერ არ გვქონდა ავეჯი, იყო სარემონტო და ვგეგმავდით ერთად გაგვეკეთებინა. შობის წინა პერიოდი იყო, ჩემი სახლიდან ძალიან აღმართიანი ქუჩით ავდიოდით ზევით და იქიდან მთელი ქალაქი ჩანდა, ქვევით დიდ ციხე-კოშკს ბერავდნენ და საშობაოდ უნდა მოერთოთ; ლამაზი, მრავალსართულიანი სახლებიც ციმციმა ნათურებით იყო მორთული.
რომ ავედით, ჩემი ნინო (ო წარმოითქმის ოდნავ გაგრძელებით), პატარა გალავანზე დადგა და იქიდან გადახედა ქალაქს, მერე მე შემომხედა და გამიღიმა. სულ ერთი წამით წარმოვიდგინე, იქიდან რომ გადავარდნილიყო და გული ისე მომეწურა, მაშინვე თვალებით ვთხოვე ჩამოსულიყო.
უცებ სიცილი მომესმა და დავინახე, იქვე, რამდენიმე გოგო იდგა, პატარა, ხის კარებიანი მაღაზია იმ დროს გაეღოთ. შევიხედე, პაწაწინა იყო, შიგნით ხის დახლები და მაგიდები იდგა. გავიფიქრე, რომ პატარა ყავახანას ხსნიდნენ, სადაც უგემრიელესი ცხელი შოკოლადი გაიყიდებოდა. გამოველაპარაკე და სწორედ ასე აღმოჩნდა. საოცარი სურნელი იდგა ახლადგამომცხვარი ფუნთუშების, ათასგვარი ტკბილი ცომეული გამოეცხოთ და ვიფიქრე, ურიგო არ იქნებოდა მეგობრებისთვის შემეტყობინებინა (რომლებიც იმ პერიოდში გვსტუმრობდნენ ჩვენ) ამ ადგილის შესახებ და საღამოს ერთად დაგველია ცხელი შოკოლადი.
ქალაქში ვმგზავრობდი რაღაც ხომალდით, რომელიც ღია იყო და საოცარი სისწრაფით გადაადგილდებოდა დატვირთულ ქუჩებში.
შემდგომ ყველაფერი მხოლოდ ეპიზოდებად მახსოვს, ყავახანაში ბევრი ადამიანი ერთად, მერე ჩვენს სახლში დაბრუნება და ოთახების ჩვენება მეგობრებისთვის.
ის კი კარგად მახსოვს, რომ მთელი სიზმრის განმავლობაში, ძილში არ მტოვებდა შეგრძნება, რომ მქონდა საკუთარი სახლი, პოლონეთის პატარა ქალაქში, სადაც ვცხოვრობდი ჩემს საყვარელ ადამიანთან ერთად, ახლოვდებოდა შობა, ჩვენთან სტუმრად მეგობრები იყვნენ ჩამოსული (რამდენიმე მახსოვს, ვინც იყო) და ვიყავი ძალიან ბედნიერი.
წუხელ საშინელი ღამე რომ მქონდა, ალბათ მფარველმა ანგელოზმა დღეს ნუგეშად ეს სიზმარი გამომიგზავნა.
რა კარგია, ხანდახან რა ცხადია ზოგი სიზმარი! როცა დააფიქსირებ, დაწერ და მერე გადახედავ, უჩვეულოდ მოგეჩვენება და თან საინტერესოდ, თითქოს პირველად გესმოდეს ის ამბავი. ნინო ალბათ ამელის ნინო იყო :)
ReplyDeleteკი, ნინო ამელის ნინოა : ))
Delete