Thursday, February 14, 2013

This Mess We're In

   ხანდახან არის მომენტები, როცა ვგრძნობ, როგორ ვკუმშავ მუშტებს სიბრაზისგან ისე, რომ ფრჩხილების ნაკვალევი ემჩნევა ხელისგულებს და ვნატრობ, რომ მალე მოვიდეს ის წყეული 1 საათი, როცა შემეძლება უბრალოდ ვეგდო გორგოლაჭებიან სავარძელში და ნელ რიტმში ვიტრიალო მარჯვნივ და მარცხნივ, მარჯვნივ და მარცხნივ. ხანდახან ადამიანების მიმართ ისეთ დაუძლეველ ზიზღს ვგრძნობ, რომ მეშინია. მეშინია, რომ ბოროტი ადამიანი გავხდები და სულ ასე შემეზიზღება ისინი.
 
   მე უკვე დავკარგე ადამიანებზე დაკვირვების სურვილი, ქუჩაში აღარ მაინტერესებს გარშემომყოფები და არც შემთხვევით შეხვედრილ უცნობებს ვაკვირდები შეფარვით. პირიქით, ხშირად ვნატრობ მათ სიკვდილს, სულ სულ ერთი წამით და მეორე წამს, როცა ეს აფექტის მდგომარეობა გამივლის, შეშინებული ვიხედები აქეთ-იქით და ველოდები, ჩემიდან შავი ჩრდილისმაგვარი არსება როდის გაღოღდება იმ საშინელი ხმებით, ფილმ ’მოჩვენებაში’ რომ არის.

  როცა ასეთ სიბრაზეს ვგრძნობ, აკანკალებული ხელებით ვხსნი იუტუბის გვერდს, შევდივარ ჩემს ფავორიტებში და ვრთავ მხსნელ სიმღერებს. ასეთი რამდენიმეა, ჟრუანტელის მომგვრელი სიმღერები, უცებ მთელ ტანში რომ ჩაგეღვრება და ფეხის თითებამდე ჩააღწევს.

 ერთ-ერთი ასეთი არის ეს დიდებული სიმღერა




  თავიდან ტომი იწყებს თავის გამორჩეული ხმით და მერე უცებ პიჯეი ჰარვი შემოდის და ამბობს the city sunset over me,  მე ამ დროს სახეზე ვგრძნობ ჩამავალი მზის სხივების ლიცლიცს, და მგონია, რომ ყველაფერი კარგად იქნება; მე სულაც არ ვარ ბოროტი გოგო და ჩემში არსებული კეთილი საწყისი გაიზრდება და განდევნის იმ შავ მაჯლაჯუნებს, რომლებიც ამ ბოლო დროს მაწევს სულზე და ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევს.
  
   თქვენ არ გეგონოთ, რომ მე სულ ასე მაჯლაჯუნებიანი დავდივარ და არაფერი კარგი აღარ მცხია. მაგალითად, მინდა მოგიყვეთ, როგორ მიყვარს კრისტიან ბეილი. როგორი კარგი ბიჭია, და როგორ იტირა ემ ტი ვის დაჯილდოების ცერემონიალზე პირდაპირ სცენაზე, ათასობით მაყურებლის წინ, როცა ჰიტ ლეჯერზე ვიდეოს უყურა. ვერ შეიკავა ცრემლები და ხმა აკანკალებული წარმოთქვამდა სიტყვას. ასე უპრეტენზიოდ მიყვარს ჩემთვის,  სადაც არის, ბედნიერი იყოს და თავის ჩვეული, კეთილი ღიმილით იღიმოს მუდამ.

ხანდახან ვდევნი ხოლმე ამ მაჯლაჯუნებს.

    თუმცა სულ ცოტა ხნის წინათ, სახლში რომ მოვდიოდი სწრაფი ნაბიჯებით, მუშტები ისევ მაგრად მქონდა შეკრული და ცრემლები მომდიოდა, გზად ვიღაცები მხვდებოდნენ, მაგრამ სახე არ ავარიდე, რა არის გასაკვირი იმაში, რომ ქუჩაში დადიოდეს გოგო, რომელიც ტირის?

   ახლა მე ავდგები, ბერგამოტიან ჩაის დავლევ, ტომი და პიჯეიც ჩემთან იქნებიან და ისევ დამავიწყდება, სულ ცოტა ხნის ხელისგულებზე ფრჩხილების ნაკვალევი რომ მემჩნეოდა.


5 comments:

  1. მუშათა კლასის წევრობა შვრება ამეებს :შ

    ReplyDelete
    Replies
    1. ხო :/ და რომ ვერაფერს გახდები, მაგის შეგრძნება არის საშინელი.

      Delete
  2. ნატ ძალიან კარგად წერ!
    მე გუბნები შენ ამას : * სრულიად ობიექტურად.

    ReplyDelete
    Replies
    1. ან, ყვლაზე მეტად ამ სიტყვების მოსმენა შენგან მიხარია ♡

      Delete