კვირა 23.09.12 პრესკაფეში ვზივარ. ხალხი ბევრია, ყველა ხმამაღლა ლაპარაკობს. მე Massive Attack-ს ვრთავ და ბატარეის ბოლო ამოსუნთქვას ვიყენებ.
ბათუმში წვიმს და ცივა. დღეს საღამოს კინოფესტივალის დახურვაა, რომელსაც ვერ ვესწრები.
ბათუმი წვიმაში მშვენიერია. საერთოდ, ბათუმი ყოველთვის მშვენიერია. მე მახსოვს, როგორ ვოცნებობდი ევროპის ქალაქებზე, სადაც ვიწრო ქუჩები, ქვაფენილები და ლამპიონებია. მაშინ არ ვიცოდი, რომ ასეთი ქალაქი აქ, საქართველოში მექნებოდა და ის იმაზე მეტად შემიყვარდებოდა, ვიდრე უნდა გიყვარდეს ერთი ჩვეულებრივი ქალაქი..
გარეთ წვიმს, სულ წვიმს.
ძალიან მწყდება გული, რომ მხოლოდ ერთ ფილმს დავესწარი და ისიც არასაკონკურსოს. შესაბამისად არ ვიყავი პროდუქტიული და პოსტებსაც ვერ ვწერდი. შემეძლო დამეწერა ვორკშოპზე, გახსნაზე, მაგრამ თავს ბოლომდე ჩართულად ვერ ვგრძნობდი მხოლოდ ორიოდე დღით რომ დავესწარი მიმდინარე მოვლენებს და წერის სურვილიც არ მქონია. ახლაც, ეს ნაგვიანევი პოსტი ნაჩქარევად და რამდენიმე დღის განმავლობაში არის დაწერილი, მაგრამ აუცილებლად უნდა მომეყოლა თქვენთვის, თუ როგორი კარგი ამბები ხდება სექტემბრის 1 კვირის განმავლობაში ბათუმში.
მინდა, რომ კინოფესტივალზე უფრო მეტი მქონდეს მოსაყოლი თქვენთვის; გულს იმით ვიმშვიდებ, რომ ბევრმა ბლოგერმა ძალიან კარგად გააშუქა ფესტივალის დღეები. შემდეგ წელს, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ამ პერიოდში შვებულებას ავიღებ და მთლიანად დავესწრები BIAFF–ს. კინოფესტივალის ჩასატარებლად ყველაზე კარგი პერიოდია არჩეული - სექტემბერი, თბილი დღეები, ნაკლები ხალხი, რაც საშუალებას გაძლევს მთლიანად შეგიძლია შეიგრძნო ბათუმის აურა.
კვირა 23.09.12, პრესკაფე. გარეთ ისევ წვიმს. ხალხს ვათვალიერებ და ხანდახან სხვის მზერასაც ვეჩეხები. აი ეხლა, აქ, წითელ სავარძელში მჯდარი, ყურებში Massive Attack-ით და ჭიქა
კაპუჩინოთი,
ვხვდები, რომ ზუსტად ის მომენტია, როცა არაფერი არ არის ზედმეტი - ადამიანები, მუსიკა, ამინდი.
ყველაფერი თავის ადგილზეა
და მეტი არაფერი მინდა.
და ყოველთვის, როცა
გავიხსენებ 2012 წლის BIAFF–ს, ეს ეპიზოდი იქნება პირველი, რომელიც
კადრებად გამივლის წინ და ყურებში კვლავ Splitting The Atom გამიელვებს..
ქვაფენილების დაგებას, სჯობს სანიაღვრე სისტემა მოაწესრიგონ მანდ.
ReplyDeleteძალიან გალამაზდა ბათუმი. წელს ვერ წავედი და ახლა ორმაგად მომენატრა, ამ პოსტის მერე :(
ReplyDelete