Friday, June 1, 2012

I know what I will do this summer

   ეს ზაფხული უნდა იყოს წინა ზაფხულებისგან განსხვავებული.

  ბოლოსდაბოლოს, შვებულება პირველად მაქვს ცხოვრებაში.

  ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, გადავწყვიტე, რამდენიმე დღით მარტო წავიდე დასასვენებლად – არა ზღვაზე ან მთაში, არამედ რომელიმე პატარა ქალაქში, და პირველივე თავში სიღნაღი მომივიდა.



   სავარაუდოდ, საკმაოდ ძვირი სიამოვნება იქნება იქ სასტუმროში რამდენიმე ღამის გათევა. თან, რაც გადავათვალიერე ინტერნეტში, ერთადერთი სასტუმრო მომეწონა, შედარებით ნორმალური ინტერიერით. სამწუხაროდ, ფასებზე ვერანაირი ინფორმაცია ვერ მოვიძიე. საერთოდ, ამგვარი საორგანიზაციო საკითხები ყოველთვის მაშინებს – საბუთების შეგროვება, ინფორმაციის მოძიება და ა.შ მგონია რომ არაფერი გამომივა და ვერაფერს მოვასწრებ. ამჯერად ეს შიში ჯერ არ მაქვს, წინ დიდი დროა.  ნუ, ის უკვე დაგეგმილი მაქვს, რომ მარტინი უნდა წავიღო, საღამოობით ვსვა და აივნიდან მოციმციმე ქალაქის ხედით დავტკბე :)



  Nouvelle Vague იქნება შესანიშნავი საუნდტრეკი, როცა საღამოობით გავისეირნებ ხოლმე და ხალხს დავათვალიერებ. თან, იცით რა? სიღნაღს ჯერ არ ვიცნობ, და არც ის მიცნობს. მხოლოდ ერთხელ შევხვდით ერთმანეთს, დიდი ხნის წინ, სანამ შეღებავდნენ და პატარძალივით გამოაწყობდნენ. მანქანით გავიარეთ და მახსოვს, როგორ მომნუსხა, ვიწრო და აღმართიანი ქუჩებით. მაშინვე შემიყვარდა თავისი ბუნებრივი სილამაზით. ნეტავ ახლაც ისეთი ხელუხლებელი იყოს.

  სიღნაღის მერე წავალ სოფელში, სადაც პირველყოფილი სიმშვიდით დავტკბები. ფიჭვების სუნს ვისუნთქავ და ბადმინტონს ვითამაშებ.



  ზაფხულის უახლოესი გეგმები კი Tbilisi Open Air-ს უკავშირდება, ამ შაბათ–კვირას. მე უნდა დავლიო ლუდი და მოვისმინო ბევრი მუსიკა. ამინდის ღმერთებო, გთხოვთ, წვიმა შეაჩერეთ და მხოლოდ მზე და მთვარე გამოგვიგზავნეთ! 

5 comments:

  1. ხელუხლებელი აღარაა, კინოს დეკორაციასავით გადაღებეს :(

    ReplyDelete
  2. მეგობარო, რა გაშინებს - ბოლოსდაბოლოს ჩაირბენ და ადგილზე გაარკვევ ყველაფერს : )

    ReplyDelete
  3. ra kargia dasveneba marto... martini, tavisupleba da bevri xetiali... rogor minda :(

    ReplyDelete
  4. აუცილებელია ცხოვრებაში ერთი ასეთი ზაფხული და ერთი (ანუ რამდენიმე) ასეთი საღამო სიღნაღის აივნებზე.
    აუცილებლად აისრულე ეს სურვილი, ნატალია.

    ReplyDelete
  5. აუცილებლად აიხდინე.

    ReplyDelete