Tuesday, June 5, 2012

В левой руке - Сникерс, в правой руке - Марс

  დღეს საღამოს, სამსახურიდან სახლში რომ ვბრუნდებოდი, უცებ ძალიან მომინდა, ვინმესთან მელაპარაკა. არადა სრულიად მარტო ვიყავი და ვერც ვერავინ მოვიფიქრე, რომ დამერეკა და სახლამდე მოსასვლელი მიხვეულ–მოხვეული გზა ლაპარაკში გამელია.

   მერე სახლში მოვედი, საზაფხულო სალათა გავიკეთე კიტრით, პომიდვრით და ყველით, კომპიუტერი ჩავრთე და გამახსენდა, შემეძლო შემოვსულიყავი აქ და ჩემს ბლოგთან, ან როგორც გენებოთ, აქ შემოსულ ადამიანებთან მელაპარაკა.

   ეს რამდენიმე დღეა თავში სულ Tbilisi Open Air მიტრიალებს და ყველა შემხვედრს ჩემს ხელზე აღბეჭდილ, უკვე გაცრეცილ, ცისფერ ბეჭედდარტყმულ წარწერას – Open Air ვაჩეჩებ. მერე ვუყვები, თუ როგორი კარგი იყო ყველაფერი და როცა საუბარი უკვე სხვა თემებზე წარიმართება, მე ისევ მოგონებებში ვიძირები და ყურებში გუგუნი ჩამესმის. ხან "როძინა"–ს ვმღერი და ხან ჩუმად ვღიღინებ – В левой руке - Сникерс, в правой руке - Марс, Мой пиар-менеджер - Карл Маркс.

   ქუჩაში ან მაღაზიაში, სადაც მუსიკას გავიგებ, უნებურად ვიწყებ ცეკვას და სამსახურშიც, როგორც კი შესაძლებლობა მომეცემა, ამ დღეების სიმღერებს ვუსმენ და ისევ თვალწინ მიდგება ის სცენა – ღამე, ცაზე დიდი ვერცხლისფერი მთვარე, გვერდით ანძა, წინ დიდი, განათებული სცენა და უკანა ფონზე მოციმციმე თბილისი. 


 ძალიან კარგი იყო, ძალიან. 


    ეხლა უკვე ყველაფერი სასიამოვნოდ მახსენდება, ის ეპიზოდიც კი, ბოლოსკენ უღონოდ რომ ჩავიკეცე და უკვე მეგონა, ფეხზე ვეღარასდროს ავდგებოდი.  მომავალში უფრო ბევრი უნდა ვიყვირო და ვიხტუნო, მთელი ენერგიით, ხმის ჩახლეჩვამდე, დაცემამდე.. ვინაიდან ამ დროს ყველა მაყურებლის ემოცია ერთიანდება,  და მერე ერთად  იმ საოცარ აურას ქმნის, რაც კვირას საღამოს იყო მთაწმინდის ველზე. 






  მგონი, სულ ეს იყო. ეს პოსტიც ისევე ერთი ამოსუნთქვით დასრულდა, როგორც ეს საოცარი შაბათ–კვირა. 

  ახლა ვზივარ, ჩემს მაჯას დავყურებ  და სადღაც გულის სიღრმეში მუსიკა გუგუნებს ყრუდ – В левой руке - Сникерс, в правой руке - Марс, Мой пиар-менеджер - Карл Маркс..



 

2 comments:

  1. წარმომიდგენია, რა კარგი იქნებოდა დასანახად, მაგრამ მე იქ მხოლოდ ყურების გარეშე თუ გავჩერდებოდი. :))

    ReplyDelete
  2. "დღეს საღამოს, სამსახურიდან სახლში რომ ვბრუნდებოდი, უცებ ძალიან მომინდა, ვინმესთან მელაპარაკა. არადა სრულიად მარტო ვიყავი და ვერც ვერავინ მოვიფიქრე, რომ დამერეკა და სახლამდე მოსასვლელი მიხვეულ–მოხვეული გზა ლაპარაკში გამელია." გოგო, მე რატომ არ გაგახსენდი??? აწი იცოდე, რომ შენი ზარი ყოველთვის გამახარებს. რომ მცოდნოდა, მე თვითონ დაგირეკავდი.

    ReplyDelete