Saturday, June 30, 2012

All Tomorrow's Parties

      შაბათი დღები მიყვარს, როცა არ ვმუშაობ და საშუალება მაქვს მთელი დღე სახლში გავატარო, ფეისბუქზე ვიჯდე საათობით და ყველა სიახლეს გავეცნო, უმეტესწილად – უსარგებლოს. შიგადაშიგ სამზარეულოს მივმართო საკვების ან ყავისთვის და მერე კვლავ კომპიუტერს დავუბრუნდე. ვუყურო სექსი დიდ ქალაქში–ს მორიგ სერიას, მერე ისევ ფეისბუქზე ვსქროლო და პარალელურად ვუსმინო ბევრ მუსიკას.

  ზოგადად, დღევანდელი ცხოვრების გიჟური რიტმის გამო ფიქრისთვის დრო აღარ რჩება. ძირითადად, ათას სისულელეზე გიწევს ტვინის მომართვა.  ასეთი უსაქმური დღეები საჭიროა, როცა არაფერი არ უნდა აკეთო და უბრალოდ იფიქრო.

  ერთი ძალიან კარგი ფეისბუქ–ფრენდი მყავს, საინტერესო ფოტოებს დებს ხოლმე. დღეს ეს ფოტო რომ ატვირთა, ვიფიქრე, რომ სწორედ ამგვარი რამეებისთვის ვცხოვრობთ ამ სამყაროში.


  
    სხვა ყველაფერი იმას ემსახურება, რომ ასეთი რაღაცების კეთება შევძლოთ.  ხომ ძალიან მარტივია, მაგრამ ხშირად მავიწყდება, რა არის მართლა ღირებული, რა გაივლის  და რა რჩება სამუდამოდ. ხშირად მავიწყდება, რომ ამ ზაფხულს ლაშქრობაში უნდა წავიდე, რომ არც ერთი შანსი არ უნდა გავუშვა ხელიდან ახალი და საინტერესო ადამიანების გასაცნობად.

    მე სულ ვითვლი ასეთ დღეებს, როცა რაღაც საინტერესო მოხდა. ზოგიერთი დღე ისეთი უმნიშვნელოა, რომ გულს მირევს - არც ერთი საინტერესო ადამიანი, არც ერთი საინტერესო დეტალი, ერთ ახალ სიმღერასაც რომ ვერ აღმოაჩენ. 

    ხანდახან კი უბრალოდ მეზარება. მახსოვს, ოუფენ ეარის მეორე დღეზე წასვლა ლამის გადავიფიქრე, მერე ბილეთს დავხედე და ჩემს თავს ვუთხარი, რომ როგორც არ უნდა ცუდი ყოფილიყო ის დღე [თან ხომ ვიცოდი, რომ არავითარ შემთხვევაში არ იქნებოდა], მაინც  კმაყოფილი ვიქნებოდი, იმით, რომ კიდევ რაღაც გავაკეთე.

   ეგაა ცხოვრება, მხოლოდ შეგრძნებები რჩება თავში, დანარჩენი ისევ გარეთ გამოდის.
  და  მომავალში, არ ვიცი,  დახვრეტის მოლოდინში კედელთან ვიდგები თუ რას გავაკეთებ, ეს უბრალო საღამოც გამახსენდება, როცა ვუსმენდი ლიაპის ტრუბეცკოის და თავს უბრალოდ, კარგად ვგრძნობდი.
  

Sunday, June 10, 2012

ბაბუაწვერას ღვინოს დღეები



   ჩემს თავს პირობა უნდა მივცე, რომ საინტერესო ზაფხული მექნება.

   აუცილებლად უნდა მქონდეს საინტერესო ზაფხული. სხვაგვარად არ გამოვა. ყველაზე მეტად სპონტანურად გამოსული კარგი ამბები მიყვარს და ამჯერადაც ამის იმედზე ვიქნები.

    ალბათ ეგრეა ზოგადად, ბევრს უნდა საინტერესო ცხოვრება ჰქონდეს, მაგრამ ეზარებათ. და მერე ასეთები ვხდებით ყველა – დილით ზომბებივით მივდივართ ოფისებში, მერე 8 საათის განმავლობაში ვუყურებთ მონიტორს, საღამოს ასევე, ინდიფერენტული სახით ვბრუნდებით სახლში და კვლავ შევყურებთ მონიტორს, სადაც ვირტუალურად ვაფიქსირებთ, რომ ამის დედაც, საინტერესო ცხოვრება გვინდა გვქონდეს!

   მეც ეგრე ვარ, ამის დედაც, საინტერესო ცხოვრება მინდა მქონდეს!  ხოდა აი ეგრე,  რობოტივით ვმუშაობ, ფულს კი სამსახურიდან გამოწვეული სტრესის მოხსნაში ვხარჯავ: ყოველ საღამოს მივდივარ სადმე და ვჭამ.

 ხო, ამ ეტაპზე აი ეგაა ჩემი ცხოვრება – ვმუშაობ და ვჭამ.

 არადა ყველაფერი სხვაგვარად მინდა რომ იყოს.



    მინდა რომ  ზოგიერთ ღამებში აი უცებ, ავდგე, წავიდე და ლუდი დავლიო, მერე ფეხით ვიარო  თბილისის ქუჩებში და დილით სამსახურში გამოუძინებელი და დაღლილი თვალებით მივიდე. მე მაინც მეყვარება ჩემი ასეთი სახე, იმიტომ რომ ზედ წინა ღამის კვალი იქნება.

  ლაშქრობაში უნდა წავიდე აუცილებლად, რადაც არ უნდა დამიჯდეს. არადა როგორ გამიჭირდება, ვიცი, მე – ასფალტის ადამიანს, მაგრამ მაინც წავალ და საერთოდ არ დავიწუწუნებ.

მარიხუანას მოწევა მინდა და ჯანდაბა, მაინც მოვწევ, რაც არ უნდა მოხდეს.

  ჩემი ბაბუაწვერას ღვინო უნდა დავწერო.  ავდგები და ზაფხულის საინტერესო დღეებს დავითვლი.   აი, დღევანდელი დღე უკვე ჩაეწერა ასეთი დღეების სიაში.



   თუ შენიშნეთ, რომ დღეს ჰაერში ჭეშმარიტი ზაფხული ტრიალებდა?  აი, მე, ანამ და მარიმ შევნიშნეთ. ბევრი ვისეირნეთ, ვჭამეთ ნაყინი და დავლიეთ ლიმონათი [ნუ, მარიმ დალია :)]. ასე მეგონა, ბრედბერის სამყაროში ამოვყავი თავი. არადა, მანამდეც ყოფილა ასეთი, ზაფხულისეული დღეები, უბრალოდ სახელი არ ერქვა ხოლმე და ახლა უკვე ბაბუაწვერას ღვინოს დღეებს დავუძახებ. 

  რა მშენიერია თბილისი ზაფხულობით არა?

   ეს ფეხბურთის ჩემპიონატის ზაფხულები განსაკუთრებით მიყვარს – სახლში მუდმივად კომენტატორის ხმა რომ გაისმის და შიგადაშიგ მამაჩემის და ჩემი ძმის შეძახილებიც  დაემატება ხოლმე, მერე დედა გაივლის შეწუხებული სახით და წუწუნებს, რომ აღარ შეუძლია ამდენი ფეხბურთის ატანა.

  მოკლედ, 60–იანი წლების ამერიკულ ზაფხულში მგონია თავი – ვითომ მაცვია ჭრელი, ფრიალა კაბა, ვზივარ კართანაზე, ვსვამ homemade ლიმონათს და ჰაერში ეს მუსიკა ჟღერს.


Tuesday, June 5, 2012

В левой руке - Сникерс, в правой руке - Марс

  დღეს საღამოს, სამსახურიდან სახლში რომ ვბრუნდებოდი, უცებ ძალიან მომინდა, ვინმესთან მელაპარაკა. არადა სრულიად მარტო ვიყავი და ვერც ვერავინ მოვიფიქრე, რომ დამერეკა და სახლამდე მოსასვლელი მიხვეულ–მოხვეული გზა ლაპარაკში გამელია.

   მერე სახლში მოვედი, საზაფხულო სალათა გავიკეთე კიტრით, პომიდვრით და ყველით, კომპიუტერი ჩავრთე და გამახსენდა, შემეძლო შემოვსულიყავი აქ და ჩემს ბლოგთან, ან როგორც გენებოთ, აქ შემოსულ ადამიანებთან მელაპარაკა.

   ეს რამდენიმე დღეა თავში სულ Tbilisi Open Air მიტრიალებს და ყველა შემხვედრს ჩემს ხელზე აღბეჭდილ, უკვე გაცრეცილ, ცისფერ ბეჭედდარტყმულ წარწერას – Open Air ვაჩეჩებ. მერე ვუყვები, თუ როგორი კარგი იყო ყველაფერი და როცა საუბარი უკვე სხვა თემებზე წარიმართება, მე ისევ მოგონებებში ვიძირები და ყურებში გუგუნი ჩამესმის. ხან "როძინა"–ს ვმღერი და ხან ჩუმად ვღიღინებ – В левой руке - Сникерс, в правой руке - Марс, Мой пиар-менеджер - Карл Маркс.

   ქუჩაში ან მაღაზიაში, სადაც მუსიკას გავიგებ, უნებურად ვიწყებ ცეკვას და სამსახურშიც, როგორც კი შესაძლებლობა მომეცემა, ამ დღეების სიმღერებს ვუსმენ და ისევ თვალწინ მიდგება ის სცენა – ღამე, ცაზე დიდი ვერცხლისფერი მთვარე, გვერდით ანძა, წინ დიდი, განათებული სცენა და უკანა ფონზე მოციმციმე თბილისი. 


 ძალიან კარგი იყო, ძალიან. 


    ეხლა უკვე ყველაფერი სასიამოვნოდ მახსენდება, ის ეპიზოდიც კი, ბოლოსკენ უღონოდ რომ ჩავიკეცე და უკვე მეგონა, ფეხზე ვეღარასდროს ავდგებოდი.  მომავალში უფრო ბევრი უნდა ვიყვირო და ვიხტუნო, მთელი ენერგიით, ხმის ჩახლეჩვამდე, დაცემამდე.. ვინაიდან ამ დროს ყველა მაყურებლის ემოცია ერთიანდება,  და მერე ერთად  იმ საოცარ აურას ქმნის, რაც კვირას საღამოს იყო მთაწმინდის ველზე. 






  მგონი, სულ ეს იყო. ეს პოსტიც ისევე ერთი ამოსუნთქვით დასრულდა, როგორც ეს საოცარი შაბათ–კვირა. 

  ახლა ვზივარ, ჩემს მაჯას დავყურებ  და სადღაც გულის სიღრმეში მუსიკა გუგუნებს ყრუდ – В левой руке - Сникерс, в правой руке - Марс, Мой пиар-менеджер - Карл Маркс..



 

Friday, June 1, 2012

I know what I will do this summer

   ეს ზაფხული უნდა იყოს წინა ზაფხულებისგან განსხვავებული.

  ბოლოსდაბოლოს, შვებულება პირველად მაქვს ცხოვრებაში.

  ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, გადავწყვიტე, რამდენიმე დღით მარტო წავიდე დასასვენებლად – არა ზღვაზე ან მთაში, არამედ რომელიმე პატარა ქალაქში, და პირველივე თავში სიღნაღი მომივიდა.



   სავარაუდოდ, საკმაოდ ძვირი სიამოვნება იქნება იქ სასტუმროში რამდენიმე ღამის გათევა. თან, რაც გადავათვალიერე ინტერნეტში, ერთადერთი სასტუმრო მომეწონა, შედარებით ნორმალური ინტერიერით. სამწუხაროდ, ფასებზე ვერანაირი ინფორმაცია ვერ მოვიძიე. საერთოდ, ამგვარი საორგანიზაციო საკითხები ყოველთვის მაშინებს – საბუთების შეგროვება, ინფორმაციის მოძიება და ა.შ მგონია რომ არაფერი გამომივა და ვერაფერს მოვასწრებ. ამჯერად ეს შიში ჯერ არ მაქვს, წინ დიდი დროა.  ნუ, ის უკვე დაგეგმილი მაქვს, რომ მარტინი უნდა წავიღო, საღამოობით ვსვა და აივნიდან მოციმციმე ქალაქის ხედით დავტკბე :)



  Nouvelle Vague იქნება შესანიშნავი საუნდტრეკი, როცა საღამოობით გავისეირნებ ხოლმე და ხალხს დავათვალიერებ. თან, იცით რა? სიღნაღს ჯერ არ ვიცნობ, და არც ის მიცნობს. მხოლოდ ერთხელ შევხვდით ერთმანეთს, დიდი ხნის წინ, სანამ შეღებავდნენ და პატარძალივით გამოაწყობდნენ. მანქანით გავიარეთ და მახსოვს, როგორ მომნუსხა, ვიწრო და აღმართიანი ქუჩებით. მაშინვე შემიყვარდა თავისი ბუნებრივი სილამაზით. ნეტავ ახლაც ისეთი ხელუხლებელი იყოს.

  სიღნაღის მერე წავალ სოფელში, სადაც პირველყოფილი სიმშვიდით დავტკბები. ფიჭვების სუნს ვისუნთქავ და ბადმინტონს ვითამაშებ.



  ზაფხულის უახლოესი გეგმები კი Tbilisi Open Air-ს უკავშირდება, ამ შაბათ–კვირას. მე უნდა დავლიო ლუდი და მოვისმინო ბევრი მუსიკა. ამინდის ღმერთებო, გთხოვთ, წვიმა შეაჩერეთ და მხოლოდ მზე და მთვარე გამოგვიგზავნეთ!