Monday, June 20, 2011

სტანდარტული სიცოცხლე

  ძალიან ძნელია სტანდარტებით ცხოვრება.

   ჯერ სკოლაში დადიხარ, მერე ეგრევე აბარებ უნივერსიტეტში. დამთავრებისთანავე იწყებ მუშაობას. ან, თუ მუშაობას ვერა - სამსახურის ძიებას. მუდმივად გაქვს გაწერილი დილით ადგომის საათები, სულ სადღაც უნდა იყო. იცი, დღის განმავლობაში როდის უნდა ჭამო, როდის - იმუშაო.  დასვენების დღეები სწრაფად გადის, იმიტომ, რომ ისინიც გაწერილია.  იქნებ მე წინასწარ არ ვიცი, როდის მენდომება დასვენება? იქნებ სამი დღე მეყოს ძალების აღსადგენად, ან ერთი თვეც არ მეყოს? რატომ ატარებენ ადამიანები ერთ პატარა სიცოცხლეს მუდმივად მუშაობაში? რატომ არის დაგეგმილი წინასწარ ყველაფერი, რატომ მივყვებით ერთ სტანდარტს ყველა, როცა შეიძლება ყველაფერი ინდივიდუალურად, ჩვენზე მორგებული იყოს?


     ბავშვობაში რაღაც მოთხრობა წავიკითხე. არც ავტორი მახსოვს და შინაარსიც ძალიან ბუნდოვნად დამრჩა - თავიდან ბავშვები ეზოებში მხიარულად თამაშობენ, მერე დიდი, ნაცრისფერი შენობები ჩნდება და ყველა ამ შენობების სხვადასხვა სართულზე იყუჟება და ტელევიზორებს მიუსხდებიან. ბოლოს ეზოში აღარავინ ჩადის და გარეთ ყევლაფერი ცარიელდება.  მახსოვს, კითხვისას როგორ დავითრგუნე და მერე ამ მოთხრობისკენ მიხედვაც აღარ მინდოდა, ისეთ ცუდ განწყობას მიქმნიდა.

   ახლა ყველაფერს მივეჩვიე, სტანდარტებს მოვერგე.

   მაგრამ ხანდახან მაინც განსაკუთრებულად მიჭირს და მინდა გავექცე ამ შეშლილ ცხოვრების წესს, რომელიც წლების განმავლობაში ადამიანებმა დაუწესეს საკუთარ თავს. ასეთ დროს მგონია, რომ ვერ შევძლებ. ვერ შევძლებ ასე ცხოვრებას - მაღვიძარების ზარებს, არ-დაგვიანებებს, საღამოს კონკრეტული საათის ლოდინს, შაბათ-კვირებს და დაგეგმილ დასვენებებს. ან, პირიქით - გვიანობამდე ძილს, დეპრესიულ დღეებს, სამსახურის ძებნას და სასოწარკვეთილების წუთებს.

 რა ძნელია დიდად ყოფნა, ღმერთო ჩემო.


 ფოტო: Paige Apple

Saturday, June 11, 2011

Little white Lies

   საერთოდ, როცა ვაპირებ, ფილმზე დავწერო, ძალიან მიჭირს - დაწყება და გაგრძელებაც. მე არ ვარ კინომცოდნე ან კრიტიკოსი, რომ სწორი შეფასება გავაკეთო. ფილმებს იმის მიხედვით ვაფასებ, თუ რა ემოციას იწვევს ჩემში. ამიტომ, შესაძლოა უმეტესად სუბიექტური ვიყო.

  Little White Lies - ამ ფრანგულ  ფილმს გუშინ ვუყურე და მაშინვე ვიფიქრე, რომ აუცილებლად უნდა დამეწერა. ასეთი ტიპის, მშვიდი და ურთიერთობებზე აგებული სიუჟეტები იშვიათად მხვდება და ყოველთვის ვწერ ხოლმე.

   მოკლე მიმოხილვა - რეჟისორი არის გიიომ კანე [დიახ, ის გიიომი] და ერთ-ერთ მთავარ როლს მარიონ კოტილარი ასრულებს [რომელიც ძალიან ლამაზია - საერთოდ მე არ ვარ მისი სილამაზის თაყვანისმცემელი, მაგრამ აქ მომეწონა].


   ფილმი ზოგადად არის, ნუ, ყველაფერზე - მეგობრობა, სიყვარული და ა.შ და ა.შ

   სიუჟეტს რაც შეეხება, მშრალად რომ ვთქვა, ასეთია - მეგობრები, რომლებიც ყოველ წელს ერთ-ერთი მათგანის აგარაკზე ისვენებენ, ახლაც მიემგზავრებიან იქ. თითქმის მთელი მოქმედება სწორედ იქ ვითარდება.


   ფილმი 2 საათსა და 34 წუთს გრძელდება, რაც საკმაოდ ბევრია. რაღაც მომენტებში, უფრო თავიდან, მეჩვენებოდა რომ ზოგიერთი ეპიზოდი ზედმეტად იწელებოდა. მაგრამ ნელ-ნელა, უკვე პესონაჟებს რომ მივეჩვიე, მინდოდა მთელი ღამე ვმჯდარიყავი და მეყურებინა მათი ცხოვრებისთვის, თუ როგორ გაგრძელდებოდა, პარიზში დაბრუნების შემდეგ.

    ყველაფერი ძალიან უბრალოდ არის გადმოცემული - უყურებ და გახსენდება, რომ შენც გქონია მსგავსი მომენტები ცხოვრებაში, რომ ეს ყველაფერი ძალიან ჩვეულებრივი და ყოველდღიურია. მგონი, სწორედ ამან მომხიბლა - დასასვენებლად წასვლა; ოთახებზე დასწრება, რომელი სად დაიძინებს; დილის საუზმე ერთად, ჰაერზე. საღამოს ჭიქა ღვინო; ბავშვები..  თუმცა, ეს ყველაფერი ძალიან ფონად გასდევს ფილმს.


    არ ვიცი, უყურეთ, უყურეთ და შეაფასეთ. ყოველ შემთხვევაში, დაიწყეთ მაინც და მერე თვითონ მივხდებით, გინდათ თუ არა გაგრძელება. გადმოსაწერი ბმული - Gol.ge

Friday, June 10, 2011

Starlight

   ასეა, ჩემი ბლოგი ჩემი სახლიაო, უთქვამთ ადამიანებს. სახლის [ამ შემთხვევაში – ბლოგის] ინტერიერს კი ხანდახან განახლება ჭირდება.

  მეც განვაახლე და ისე კმაყოფილი ვარ, რომ ცალკე პოსტს ვწერ. რასაც სხვა დროს არავითარ შემთხვევაში არ გავაკეთებდი.



   მოკლედ, შემოდით.  ჯერ ჰედერს შეხედეთ, მერე – მარჯვნივ ფოტოებს და ბოლოს ვერანდაზეც გადით.

ჰო, მანამდე ამ სიმღერასაც დაჰკლიკეთ.

 

Thursday, June 9, 2011

On strangers tides

 კარიბის ზღვის მეკობრეების მეოთხე ნაწილს მას შემდეგ ველოდები, რაც ამ ფილმის მესამე ნაწილი გამოვიდა და გავიგე, რომ გაგრძელებაც იქნებოდა; ანუ – 2007 წლის შემდეგ. ანუ, ზუსტად ოთხი წელია.

  რაც გავიგე, რომ სამგანზომილებიან ფორმატში იქნებოდა, მოლოდინი გამიორმაგდა და ის რომ გავიგე, პენელოპე კრუსი ითამაშებდა ერთ–ერთ მთავარ როლს, გამისამმაგდა.

თითქმის დღეებს ვითვლიდი.

  ეს ის ფილმია [განსაკუთრებით პირველი ნაწილი], რომელსაც ნებისმიერ დროს შემიძლია ვუყურო, ზედმეტი დაძაბულობის და კრიტიკის გარეშე, უბრალოდ ვუყურო და ყველაფერზე ვიცინო.

ეს ის ფილმია, რომელიც ძალიან, ძალიან მიყვარს.

  19 მაისს საქართველოში ნანატრი პრემიერა შედგა.

   მაინცდამაინც პრემიერაზე წასვლის სურვილი არ მქონია. ვიფიქრე, ჯერ პირველმა ტალღამ და ამბებმა გადაიაროს და მერე წავალ–მეთქი. თან, ამდენი ხანი ველოდე და რამდენიმე დღე არაფერს წყვეტდა.

   გაინტერესებთ, როგორი აღმოჩნდა ფილმი, რომელსაც ასე ველოდი?

  წარმოდგენა არ მაქვს!

   იმიტომ, რომ მე ის არ მინახავს. გაურკვეველი მიზეზების გამო, ფილმი აღარ გადის თბილისის კინოთეატრებში და როგორც ამბობენ, აღარც გავა.

  ასე გული ძალიან იშვიათად თუ დამწყვეტია რამეზე, მზად ვარ დაშნა მოვიმარჯვო და სამართალი ვეძიო.

დააბრუნეთ მეკობრეები თბილისში!

Friday, June 3, 2011

One of those days

     მე ვაპირებდი დამეწერა იმ დღეზე, ამერიკელები one of those days რომ ეძახიან.

  დილიდანვე რომ ცუდად იწყებ – თავი ყველაზე მახინჯი გგონია და ყველაზე ცუდ ტანსაცმელს იცვამ, გინდა რომ არავინ შეგნიშნოს და შენი დაღვრემილი სახით ყველასთვის შესამჩნევი ხდები. მეტროში თავს მიარტყამ და ამ მშვენიერ დღეს თავის ტკივილსაც მიუმატებ..

  one of those days.

  მუდმივად ამთქნარებ და იმ რაღაც აპარატში, მუდმივად ცივი და ცხელი წყალი რომ არის, ზუსტად იმ დროს გათავდება ცხელი წყალი და იძულებული ხდები, ნელ–თბილი ყავა დალიო.

one of those days.

   მერე საშინლად გაწვიმდება და ჩოლკა სალვადორ დალის ულვაშებს ემსგავსება და შენს ისედაც, დილიდან უნაკლო გარეგნობას კიდევ უფრო ამშვენებს. ყველა ე.წ 'სამარშრუტო ტაქსი' გადავსებულია და ამაოდ სველდები გაჩერებაზე, საბოლოოდ ისევ მეტროთი გიწევს წასვლა.

one of those days.

  სახლში რომ გარბიხარ და იმედი გაქვს, ეს ერთადერთი ადგილი მაინც არის, სადაც თავს უსაფრთხოდ იგრძნობ. სხვა თუ არაფერი, შეჭამ და ცოტა ნაკლებად გაღიზიანებული იქნები. მისვლისთანავე დედა ბუზღუნს იწყებს და ეს ბოლო იმედიც გიქრება.

one of those days.


  ბოლოს კი აღმოაჩენ, რომ ერთ–ერთ ყველაზე კარგ შეკრებაზე ვერ მიდიხარ.

   თავს აქნევ და იმეორებ – რა გაეწყობა, one of those days.

   მე ამაზე მინდოდა დამეწერა. მაგრამ ეხლა საათს შევხედე და 3 ივნისი დამდგარა. ჰოდა, დავივიწყე გასული დღე, ამერიკელები one of those days რომ ეძახიან, ვინაიდან უფრო  მნიშვნელოვანი დღე მოვიდა – ჩემი ძმის და რაფა ნადალის დაბადების დღე.

    ჩემი ძმა აგერ, გვერდით ოთახში ახველებს და ჯერ არც მიმილოცავს. ეხლა ვფიქრობ, ეს ფაქტი მხდის თუ არა ცუდ პიროვნებას. უბრალოდ ხვალ ავდგები და მივულოცავ. თუ დილით გამასწრო, სმს–ით მივულოცავ, ან ახლა გავაღვიძებ [დაიძინა უკვე]. საბოლოოდ კი დავასკვენი, რომ ამაზე არ არის საჭირო წერა. ინტერნეტი კი კარგი რამეა, მაგრამ ბლოგზე რომ დადგე და ძმაზე ილაპარაკო, რომელიც გვერდით ჰყავს, უკვე მეტისმეტია.

 სამაგიეროდ, ვინც გვერდით არ მყავს, იმას მივულოცავ აქ.

 Happy birthday, to my dear, old friend Rafa.