Sunday, November 28, 2010

მაგრად ვარ დავრბივარ

  ხანდახან ხომ ხდება, რომ რაღაც მუსიკის გავლენით იწერება პოსტი, და მერე რომ კითხულობ, სულ ის სიმღერა გახსენდება. დღეს იმდენ სიმღერას მოვუსმინე, რომ არც კი ვიცი, რომელი გამახსენებს ამ დღეს. პოსტს კი ზუსტად ვიცი, რაც გამახსენებს [შეგიძლიათ იხილოთ ბოლოში]. ტიმბალენდი მომწონს, რომ ვუსმენ მსუბუქ ხასიათზე ვდგები და მგონია, რომ ამქვეყნად პრობლემები არ არსებობს და ერთადერთი ის დაგრჩენია, მუსიკას მხრები ააყოლო, ისე როგორც კეტი პერი და ტიმბალენდის ეს საყვარელი კაცი აკეთებენ.

  მალე ახალი წელი მოდის და ალბათ ყველა თქვენგანმა უკვე შეამჩნია საახალწლო დეტალები, მაღაზიებში, ან ტვ-ში. მე ჯერ წინასაახალწლო განწყობას ველოდები, რომელიც ხანდახან გაკრთება სადღაც. როგორც არ უნდა ვიზრდებოდე და ვიცვლიდე შეხედულებებს, ახალი წელი მაინც ჯადოსნური და საყვარელია ჩემთვის. სამწუხაროა, რომ ამ ბოლო დროს სანტა კლაუსი აღარ მოდის, მაგრამ უმაგისოდაც ვახერხებ თავი გავიბედნიერო. ჩემთვის ვიწყობ ხოლმე დღესასწაულს, ერთი შოკოლადის კანფეტით, ან ინტერნეტში ნაპოვნი სურათით. აი, წელს პირველად ამ ფოტომ მომიტანა საახალწლო შეგრძნება.

Rafa & Goofy

  ახალი წელი ხომ რაღაცნაირად ბავშვობას გაგონებთ. არა? მე სულ ასე ვარ, მაგ დროს სასწაულების მჯერა და თავი პატარა მგონია. ბავშვობაზე გამახსენდა, რამდენიმე დღის წინ დედა საკუჭნაოს თუ რაღაც ამგვარ პატარა ოთახს ალაგებდა, უცებ დამიძახა და მე უხალისოდ გავემართე, რაღაცის დავალების მოლოდინში. ჯერ ის გავიგე, რომ მეუბნებოდა, ამ წიგნს არ ეძებდიო და მერე თვით ის დავინახე - პეპი და კარლსონი ერთად. ჩემი დალაქავებული, ძველი წიგნი. უცებ თავი იმ ბავშვად ვიგრძენი, საყვარელი სათამაშო რომ უყიდეს და გახარებულმა არ იცის, რა მოიმოქმედოს. ჯერ თვალები რომ უცინის და მერე სანუკვარ ნივთს გულში ჩაიკრავს. აღარ ვიცოდი რა მექნა, ხან ვკოცნიდი და ხან გულში ვიხუტებდი წიგნს. ამ წიგნის პრეისტორია ის არის, რომ ოდესღაც ჩვენს ნათესავს თითქმის ყველა საბავშვო წიგნი ვათხოვეთ - ლინდგრენის ემილი, ბიულერბიუელი ბავშვები და სალტკროკელები ერთად, ჰარი პოტერი და ა.შ და აღარ დაუბრუნებია. მეგონა რომ ეს წიგნიც ვათხოვე და იმის მერე მივტიროდი. მოულოდნელად კი აღმოვაჩინე, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში აქვე, ყუთში დებულა. აი, ასეთი ბედნიერება მეწვია და მას შემდეგ გვერდიდან არ ვიშორებ.

 ჰო, ჩემს ამბავს თუ იკითხავთ - მაგრად ვარ, დავრბივარ :)

Sunday, November 21, 2010

WTF

  სავარაუდოდ, ახლა ლონდონში ცივა და ნისლია. ადამიანებს თბილად აცვიათ და O2-სკენ მიიჩქარიან. ასე იქნება 1 კვირა - ყველა გზა O2-მდე მივა და ყველა თვალი ლონდონისკენ იქნება მიპყრობილი. მანამდე კი, ბევრს ემზადებოდნენ, ყველა გზა რომ ლონდონამდე მისულიყო.

The entrance hall to The O2

  გაუგებრად ვწერ არა? მოდი, ცოტა შორიდან დავიწყოთ.

  ვინც ჩოგბურთში ასე თუ ისე ერკვევა, ეცოდინება რომ არსებობს 4 დიდი ტურნირი, რომელიც ყველა სხვას აღემატება. მათ დიდი მუზარადის ტურნირებს უწოდებენ და სხვადასხვა დროს ყველა მათგანზე დავწერე. თუმცა, არის კიდევ ერთი, არანაკლებ პრესტიჟული ტურნირი, რომელსაც ATP World Tour Finals ქვია - WTF [რა? თქვენ გეგონათ აქ რამე უწმაწურს ვგულისხმობდი? :)]  მასში მხოლოდ მსოფლიოს პირველი 8 ჩოგბურთელი მონაწილეობს და შესაბამისად, ყველა თამაში საინტერესო და დაძაბულია. სხვა საჩოგბურთო ტურნირებისგან ფორმატითაც განსხვავდება - 2 ჯგუფია და თითო ჯგუფში 4-4 ჩოგბურთელია. ასევე, პირველივე მარცხი არ ნიშნავს ტურნირიდან გამოთიშვას, ჯერ ჯგუფური ეტაპის თამაშებია, შემდეგ კი - ნახევარფინალები და ფინალი.

  რაფა პირველი იყო, რომელმაც ადგილი მოიპოვა ამ ტურნირისთვის [ქულების მიხედვით]. ასევე მონაწილეობს როჯერ ფედერერი, რაღა თქმა უნდა :)  დანარჩენებს რაც შეეხებათ, თუ დაინტერესდებით, დეტალები შეგიძლიათ იხილოთ აქ - Barclays World Tour Finals

 ტურნირის დაწყებამდე მონაწილეები, საზეიმოდ გამოწყობილები, დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრს შეხვდნენ და მასთან ერთად ფოტოებიც გადაიღეს. 

პრემიერ მინისტრთან ერთად
  ასე ჩაცმულები, როგორც ერთ-ერთმა გულშემატკივარმა თქვა, ჩოგბურთელები გავდნენ ბავშვებს, რომლებიც ცდილობენ დიდებივით მოიქცნენ.

Kids

 დავიდ ფერერი ფრიად სასაცილოა, თავის ნაცრისფერ კოსტიუმში [ნუ, რაფაც არანაკლებ :D] 

დიდი რვიანი

 გადაღების შემდგომ პერიოდში კი სვამდნენ და ერთმანეთთან საუბრით იქცევდნენ თავს.


   ფოტოზე - ენდი მარეი ესაუბრება პრემიერ მინისტრს, უკანა ფონზე კი მოჩანს რაფა და კომპანია :))

დასასრულს კი, ეს ფოტო :)

Rafa & Rog

Monday, November 15, 2010

იდეალები და ცხოვრება, როგორც ასეთი

  გახსოვთ ფილმი, სურვილებით დაბრმავებული? კაცი რომ ეშმაკს მიყიდის სულს, 7 სურვილის სანაცვლოდ. ყველა სურვილს ეშმაკი თავისებურად უსრულებს. მერე ცდილობს უფრო დააკონკრეტოს, მაგრამ მაინც არასწორად უსრულდება. ასეთი გამოთქმა არსებობს - გეშინოდეს შენი ფიქრების, ვინაიდან ისინი ზეცაში ისმის. ან - გეშინოდეს შენი სურვილების, ხანდახან ისინი მართლა სრულდება. ორივე ერთი აზრის მატარებელია, პრინციპში. ამით იმის თქმა მინდა, რომ როგორც არ უნდა ეცადო შენი ცხოვრების შეცვლას [თუნდაც ჯადოსნობის გზით :)] და იდეალურთან მიახლოებას, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის მართლა იდეალური იქნება.

  საინტერესოა, ვის როგორ გვესმის სიტყვა 'იდეალური'. აი, მაგალითად იდეალური ქალი. როგორი უნდა იყოს? ყველა ნაკვთი იდეალური უნდა ჰქონდეს? თუ კი, მაშინ გაიხსენეთ ქალები, რომლებიც მსოფლიოში ულამაზესად არიან აღიარებული, შეხედეთ მათ ფოტოებს და მიხვდებით, რომ ეს ასე არ არის. იდეალური ნაკვთებით თოჯინას უფრო ჰგავს, ვიდრე ადამიანს.  კიდევ ერთი ფილმი მახსენდება, The Ugly Truth. მთავარ გმირს გვერდით იდეალური მამაკაცი ჰყავს - რომანტიული, საჩუქრებით ანებივრებს, მასზე ზრუნავს, სიურპრიზებს უკეთებს. მას კი ისეთი კაცი შეუყვარდება, რომელიც მხოლოდ სექსზე ფიქრობ, უხეშია და ა.შ

   მე ყოველთვის იდეალისტი ვიყავი. ადამიანებისგან ისეთ პიროვნებებს ვქმნიდი, როგორებიც სინამდვილეში არ იყვნენ და მერე იმედები რომ მიცრუვდებოდა, მათზე ვბრაზდებოდი. ნელ-ნელა მივხვდი, რომ ისინი არაფერ შუაში არიან. მათ არ უთქვამთ ჩემთვის, იდეალური ვარო. მე ვიყავი ყველაფერში დამნაშავე. დროთა განმავლობაში ჩემი იდეალები შევცვალე და ადამიანებს მოვარგე. ანუ, ახლა ჩემთვის იდეალური არ ნიშნავს მუდმივად კარგ ხასიათზე მყოფ პიროვნებას, რომელიც მუდამ მზად არის ვიღაცას დაეხმაროს და ა.შ ზედმეტად ხელოვნურად აღვწერე, მაგრამ ხომ ვხვდებით, რასაც ვამბობ? ვერ ვიტყვი, რომ ყველა ადამიანს ისეთს ვიღებ, როგორიც არის. ვერც ვერასდროს ვიქნები ასეთი. უბრალოდ ვცდილობ, ასე მოვიქცე. ცხოვრებაც უფრო მარტივია და მეც უფრო ბედნიერი ვარ.

    იდეალური სამყარო - ყველა კეთილი და ბედნიერი რომ იყოს, რა მოსაწყენი იქნებოდა, ხვდებით? უნდა არსებობდეს კარგი და ცუდი, რომ ერთმანეთს შეადარო და კარგი უფრო დააფასო და გიყვარდეს. უნდა არსებობდეს ომები, რომ მიხვდე, როგორი მნიშვნელოვანი ყოფილა მშვიდობა. მე პირადად, 2008 წლამდე და შემდეგ, მშვიდობა განსხვავებულად მესმის. როგორც არ უნდა მოიფიქრო ახალი, იდეალური სამყაროს მოდელი, ის ვერ იქნება რეალურზე უკეთესი.  ერთხელ მე და ანა ვლაპარაკობდით, ზუსტად არ მახსოვს, საიდან დავიწყეთ, მაგრამ ბოლოს დასკვნა ასეთი იყო - სამყარო იდეალურია ისეთი, როგორიც ახლა არის. სამყარო სულ ასეთი იყო. გააჩნია, შენ როგორ შეხედავ მას.

What would be life, without coffee? :)

Saturday, November 13, 2010

Annie Leibovitz - Magic Photography

   სიმართლე რომ გითხრათ, მე არც თუ ისე ბევრ ფოტოგრაფს ვიცნობ. უფრო გულახდილი რომ ვიყო, ასე, სახელით და გვარით არავინ არ ვიცი, მის გარდა.
 
  ანი ლიბოვიცი ჩემი საყვარელი ფოტოგრაფია. პირველივე ნახვისთანავე მოვიხიბლე მისი ნამუშევრებით და დიდი ხანია ვაპირებ მასზე პოსტის დაწერას. სავარაუდოდ, ეს პოსტი გამოვა ძალიან დიდი, მაგრამ ნაკლები სიტყვებით და ბევრი სურათით. ვისაც აქამდე არ გსმენიათ ლიბოვიცის შესახებ, ვფიქრობ ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ ჩემსავით შეგიყვარდებათ.

  მის ფოტოებს აქვს დამახასიათებელი ნიშნები და ადვილად გამოარჩევ სხვებისგან, ყველა მათგანი რაღაც ისტორიას ყვება. ალბათ ამან მომხიბლა ყველაზე მეტად.  თუმცა წაკითხულს ნანახი ჯობია, როგორც იტყვიან [ყოველ შემთხვევაში, მე ასე გეუბნებით ახლა :)]

  თუმცა მე ბიოგრაფიების კითხვა ბავშვობიდან არ მიყვარს, ცოტაოდენ ბიოგრაფიულ დეტალებს გვერდს ვერ ავუვლი :)  ანი ლიბოვიცმა პირველად მოღვაწეობა დაიწყო ჟურნალ Rolling Stone-ში, 1970 წელს. 1980 წლის 8 დეკემბერს, მას ჟურნალისთვის უნდა გადაეღო  ჯონ ლენონი. ლენონმა მოითხოვა, რომ მასთან ერთად იოკო ონოც ყოფილიყო ჟურნალის გარეკანზე. ანიმ სწორედ ამ დროს გადაიღო ლენონის და ონოს ცნობილი ფოტო.

ამ ფოტოს გადაღებიდან რამდენიმე საათის შემდეგ მოკლეს ჯონ ლენონი.

   1983 წლიდან, ლიბოვიცმა მუშაობა დაიწყო ჟურნალში Vanity Fair, სადაც დღემდე მოღვაწეობს და სხვადასხვა დროს უამრავი ცნობილ ადამიანი ჰყავს გადაღებული [მეც ამ ჟურნალიდან აღმოვაჩინე :)]

 For Vanity Fair:

სკარლეტ იოჰანსონი, კირა ნაითლი და ტომ ფორდი
Master Class
Not So Desperate Housewives

Rhapsody In Blue

Send In The Gowns
პენელოპე კრუსი და ვუდი ალენი

  1998 წლიდან მან ასევე დაიწყო თანამშრობლობა ჟურნალ ვოგთან, სადაც ბევრი საინტერესო ნამუშევარი შეიქმნა. მათ შორის არის:

კირსტენ დანსტი, როგორც დედოფალი მარია ანტუანეტა.




  ასევე ფოტოების სერია თემაზე 'ალისა საოცრებათა ქვეყანაში', სადაც ალისას როლში ნატალია ვოდიანოვაა, სხვა პერსონაჟები კი ცნობილი დიზაინერები არიან.

Natalia Vodianova as Alice
Karl Lagerfeld & Natalia Vodianova
Galliano as the Queen of Hearts, accompanied by his King, Alexis Roche
Donatella Versace and Rupert Everett
Stephen Jones (right) and Lacroix, as the March Hare

  განსაკუთრებულია მისი სარეკლამო ფოტოები ლუის ვიტონისთვის - კატრინ დენევის, გორბაჩოვის, ანდრე აგასის & შტეფი გრაფის და სოფია და ფრენსის ფორდ კოპოლას მონაწილეობით.

Sometimes, Home Is Just a feeling

A Journey Brings Us Face With Ourselves
Is There Any Greater Journey Than Love?

   ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო არის 2007 წელს დისნეისთვის გადაღებული ფოტოების სერია, სადაც ცნობილი ადამიანები დისნეის სხვადასხვა მულტფილმების პერსონაჟები არიან. მაშ ასე, Year of a Million Dreams:

Where You’re The Fairest Of Them All
Juliane Moore and Michael Phelps from The Little Mermaid
Where A Whole New World Awaits

Where Dreams Run Free

Where The Magic Begins

Where You Never Have To Grow Up

Where You’re Always The King Of The Court

Where Your Every Wish Is Our Command

Where Every Cinderella Story Comes True

 ეს იყო მცირედი, რაც მე შევარჩიე თქვენთვის. სხვა დანარჩენისთვის გუგლი არსებობს :)

პ.ს
Annie Leibovitz

Tuesday, November 9, 2010

იცი, მე ბლოგი მაქვს

  მახსოვს, ბაბისა  ამბობდა, როცა ადამიანები ბედნიერები არიან, იშვიათად წერენო. რომ დავფიქრდი, მივხვდი, რომ ადამიანებს ბედნიერების გადმოცემა უფრო უჭირთ, ვიდრე დარდის. ბედნიერები რომ არიან, მაშინაც უნდათ წერონ, ყველას გააგონონ, მაგრამ უჭირთ. აი სევდა კი ადვილად გადმოსაცემია. ნამდვილად ასეა.

  პატარა რომ ვიყავი, სოფელში გორაზე ჩავდიოდი ხოლმე ბავშვებთან ერთად. მთელ დღეებს ასე აქეთ-იქით სიარულში ვატარებდით, ხან წყალს ვაგუბებდით და თავკომბალებს ვაკვირდებოდით, ხან ყვავილებს ვაგროვებდით. საღამოს ფეხები სულ ტალახიანი მქონდა ხოლმე. მაგრამ იცით? საერთოდ არ მადარდებდა. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი ის იყო, რომ მეორე დღეს ტყეში ავსულიყავი და თან რამე საგზალი წამეღო.

  დღიურებს მაშინაც ვწერდი. ვთვლიდი, რომ სასაცილოდ, მაგრამ ვწერდი. ახლაც ასე ვთვლი, მაგრამ მაინც მსიამოვნებს, როცა ვკითხულობ.

  წუხელ სიზმარში ბლოგერებს შევხვდი. სადღაც სტადიონის შუაგულში ვისხედით. რატომღაც ჩემი ძმაც იყო და რომ ამეხსნა, თუ საიდან ვიცნობდი ამ ხალხს,  იძულებული გავხდი, გამემხილა ჩემ ბლოგის ამბავი. ავდექი და ვუთხარი - 'იცი, მე ბლოგი მაქვს'. ყველას გაეცინა. ის კი აღარ მახსოვს, მას რა რეაქცია ჰქონდა.