Wednesday, January 7, 2015

ვარსკვლავები ბრწყინვალებენ, ანათებენ..

   ადრე, ყმაწვილქალობაში, ეკლესიაში დავდიოდი. ვაბარებდი აღსარებას, ვესწრებოდი წირვა-ლოცვებს, საშობაო და სააღდგომო ღამისთევებს. ვკითხულობდი ბევრ სასულიერო ლიტერატურას.

  განსაკუთრებულად მიყვარდა ღამისთევები - შობის და აღდგომის. ორივეს თავის საკუთარი შეგრძნება ჰქონდა ჩემთვის და დღემდე არ გამნელებია - ყოველი შობის და აღდგომის წინაღამეს მოდის და იმ დროს მახსენებს.

  ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერ დროს.

  მახსოვს, როგორი დიდი სიხარულით მევსებოდა გული, როცა შობის ღამეს საგალობელი "ალილო" იწყებოდა. როგორი სავსე ვიყავი რაღაც დიდით, ძალიან კარგით, რომელსაც ერქვა სიხარული, ბედნიერება, სიკეთე, სიყვარული და კიდევ რაღაც უფრო დიდი, ალბათ - თვითონ ღმერთი.

   მაშინ ვფიქრობდი, სად არის ეს ხალხი, ვისაც ახლა სძინავს, რესტორანში ან სადმე სხვა ადგილასაა, რატომ არ არის აქ, როგორ ვერ ხვდებიან, რომ შეუძლიათ მოვიდნენ და ასეთი დიდი ბედნიერება იგრძნონ, ისეთი დიდი, ისეთი არაამქვეყნიური, რომ ყველანაირი საზრუნავი უბრალო გახადოს და გაფიქრებინოს, რომ ამ წუთებისთვის ღირს ცხოვრება.

  მაშინ ვმარხულობდი კიდეც. არც სამარხვო ხორცებს ან ქაბაბებს ვჭამდი, არც უბედურად ვგრძნობდი ამით თავს და საქვეყნოდ არ ვაცხადებდი, რომ მარხვაზე ვარ. მაშინ ბევრად უფრო მეტად მიყვარდა ადამიანები, ვიდრე ახლა. 

  დღეს კი, როცა კიდევ ერთი შობის ღამე დადგა, მეც ყველანაირი ამქვეყნიური საზრუნავით დახუნძლული, სიხარულს და სიმშვიდეს მოკლებული ვარ, უკვე მხოლოდ მოგონებებში ვინახავ იმ სისავსის შეგრძნებას და ვხვდები, რომ ძალიან დავშორდი ჩემს ღმერთს. 

  12 რომ შესრულდა, აივანზე გავედი. განათებულ ფანჯრებს გავხედე და ვიფიქრე, რომ ესეც ჯადოსნობაა, შობის ღამეს სანთლების ციმციმს უყურებდე და გულში ჩუმად იმეორებდე - ვარსკვლავები ბრწყინვალებენ, ანათებენ ბეთლემსაო..

 

შობას გილოცავთ, მათ, ვისაც გწამთ.

8 comments:

  1. ჩემი თავი გამახსენდა ნატალია. აი, ის დრო, მეც რომ აღსარებას ვაბარებდი და ვეზიარებოდი, სამყარო სიკეთით სავსე მეგონა და ეკლესია ქრისტეს სახლი. თავს იქ სრულიად დაცულად და გულწრფელად ბედნიერად ვგრძნობდი და მერე... არ ვიცი, ბავშვობაში დარჩა ყველაფერი. ჩემი შეგნებული ცხოვრების ყოველი წელი, იყო ნგრევა და მსხვრევა ყველაფერი იმისა, რაც სინამდვილე მეგონა. ძალიან გულდასაწყვეტია, საშინელებაა. ყოველი წელი იყო მტკიცებულება იმისა, რომ რაც არ არსებობდა და მტენიდნენ, მამასხარავებდნენ. ძალიან დაგვცინეს, მაგრად.
    შობას გილოცავ და იმ მოსიარულე ვარკვლავის უკვდავებას ნატალია...

    ReplyDelete
  2. ეჰ, ნატალია, მგონია, რომ მაშინ უბრალოდ თავი გვქონდა სილაში და არ გვინდოდა რაღცეები რეალურად დაგვენახა :ს კითხვები არ დაგვესვა, პასუხები არ გაგვეგო, ეჭვები არ გაგვჩენოდა. კომფორტული იყო ეს ყველაფერი, მაგრამ მერე ვეღარ გაუძლეს ჩვენმა თავებმა. : ) შეიძლება უფრო მზად ვყოფილიყავით ცხვორებისთვის ეგ პერიოდი რომ არა, და ყველაფერი ვარდისფერი არ გვგონებოდა : )
    არ ვიცი, ხომ იცი, რომ ვფიქრობ :დ პასუხი ჯერ არ მაქვს : ))
    მიყვარხარ <3 :*

    ReplyDelete
  3. ცრუ სწავლებები, წინააღმდეგობა, პრობლემები ყოველთვის იყო. მაცხოვარი ადამიანად ყოფნის დროსვე ამხელდა და ებრძოდა მათ, ხომ გახსოვს სახარებიდან. ამიტომ, ამან არ უნდა დაგვაბრკოლოს.

    ის ხომ მამაა, მშობელია და ყოველთვის მიგვიღებს. როდის იყო, მშობელი უკან დაბრუნებულ შვილზე უარს ამბობდა :) ჩვენი სისუსტეები მან ყველაზე კარგად იცის. კარგია ეკლესიის წიაღში ყოფნა.

    ამასწინათ მოვისმინე ქადაგებაში, მარტოსულობის შეგრძნებაზე. უფალს, ჩიტი რომ ჩიტია და მწერი რომ მწერია, მათთვისაც გათვალისწინებული აქვს სარჩო-საბადებელი და საცხოვრებელი პირობები და მითუმეტეს, ადამიანს არასდროს მიატოვებს.

    ფანჯარაში ანთებული სანთლების ცქერა მეც მიყვარს. საერთოდ, უცრემლოდ არ გამომდის დღესასწაულის შეგრძნობა. მე და ლაშა ცოტა ხნის წინ დავბრუნდით საზეიმო წირვიდან. როგორი ნაცნობი გრძნობაა, რაზეც წერ: ნეტა ახლა ადამიანები ამაზე უკეთესს რას უნდა აკეთებდნენო :)

    კი ამბობ, დავშორდიო, მაგრამ დანარჩენ ნაწერს ეს არ ეტყობა. :) :)

    გილოცავ ქრისტეს შობას! ქრისტე ყველაზე ტკბილი სიტყვაა, ყველაზე-ყველაზე! :)

    ReplyDelete
  4. შობას გილოცავ ნატალია, ღვთის წყალობა და ბედნიერება არ მოგკლებოდეს.
    მეც იგივე მდგომარეოაბში ვარ. ოდესღაც, ძალიან შორ წარსულში ვმარხულობდი, აღსარებას ვამბობდი და ვეზიარებოდი. ღამისთევებზეც გული სიხარულით მევსებოდა. მერე ჩემივე მიზეზით დავშორდი ამ ყველაფერს, მაგრამ არ მავიწყდება ერთი ქადაგება, რომელიც არაკეთილსინდისიერ მღვდლებს ეხებოდა (რაც ასე აწუხებს დღეს ერს): წარმოიდგინეთ, მოდის ძალიან წმინდა წყარო, უნაკლოდ სუფთა. წყაროს შუაში დგას ბინძური ადამიანი და მისკენ მომავალი წყლიდან სუფთა ჭურჭლით გაწვდის წყალს. შენ ამით რამე გაკლდებაო? რომ დავფიქრდი, მივხვდი, რომ არც არაფერი... ეს ის თემაა, რომელზეც ბევრი შეიძლება ილაპარაკოს ადამიანმა, მაგრამ აქ ამის ადგილი არ არის :)
    კიდევ გილოცავ და კიდევ მრავალს დაესწარი :)

    ReplyDelete
  5. რა კარ შეგრძნებაზე წერ , რა მადლიერი განცდაა, სრულყოფილებასთან ძალიან ახლო.
    გილოცავ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს, უფალმა არ მოგაკლოს მისი მადლი. ზოგჯერ ხდება უფალს ვშორდებით, ამიტომ ხშირად იმეორე ,,ღმერთო არ დამივიწყო შენი დამვიწყებელი"-თქო.

    ReplyDelete
  6. ჯერ პოსტი და მერე როდეს და ანაბელის კომენტარები რომ წავიკითხე, გული დამწყდა რაღაცნაირად.

    მე მჯერა, რომ ადამიანები თვითონ ვიქმნით რეალობას, შესაბამისად, არავის უნდა მივცეთ უფლება რაღაცები დაგვაძალონ ან მოგვატყუონ.

    მეორე, კაცმა არ იცის, რა უფრო ტყუილია, რელიგია თუ ის რეალობა, რაშიც დღევანდელი მსოფლიო ცხოვრობს. სექსი, ნარკოტიკები, ეგოს ზეობა - ეს არის რეალობა და სინამდვილე? არ მინდა, დიდი მადლობა!!!

    სელინჯერი ძალიან იყო დაინტერესებული სხვადასხვა რელიგიებით და ყველა უყვარდა, შეიძლება ითქვას. მის ნაწარმოებებში, განსაკუთრებით გლასების ქრონიკაში კარგად აჩენს ამას.
    ჰოდა, შენ თუ იცნობ იესოს, გიყვარს და გინდა მასთან იყო, ასე უნდა გააგრძელო კიდეც და ზემოთ ელიზამ კარგად თქვა, მე პერიფრაზს გავაკეთებ, თუ ვიღაც შენს სუფთა წყალს ამღვრევს და არ გაცდის შენს ღმერთთან დაახლოებას, გვერდი უნდა აუარო და წინ წახვიდე.

    მე ვერ გეტყვი ზუსტ მიმართულებას, მაგრამ იმას, რასაც შენთვის სიმშვიდე, სიკეთის შეგრძნება და სიყვარული მოჰქონდა, მხოლოდ კარგი შეიძლება იყოს, ამიტომ ეცადე და ნელ-ნელა მიუბრუნდი.

    ბედნიერი იყავი!!!

    ყველანი ბედნიერები იყავით, როდე და ანაბელ, თქვენც! გეპოვოთ პასუხები და სიყვარული დაგბრუნებოდეთ უზენაესისადმი :-)

    ReplyDelete
  7. სოფი გეთანხმები, უბრალოდ დავაზუსტებ რომ აქ ზოგადად რელიგიაზე არ ვამბობ, მე კონკეტულად ქართულ რელიგიურ სიტუაციას ვგულისხმობ, რომელმაც უამრავი ადამიანი დაამახინჯა...
    მე და ყველანი აქ, ბედნიერებისთვის ვიარსებებთ სწორედაც, სხვანაირად არაფერს ექნება აზრი. ზოგჯერ წამოყოფს თავს წარსული, ესაა და ეს.

    ReplyDelete
  8. ძალიან ნაცნობი განცდებია.
    მომეწონა :)

    ReplyDelete