Thursday, December 30, 2010

Tie Break - წლის პოსტი

  
   მახსოვს, შარშან როგორ არ მინდოდა შემაჯამებელი პოსტის დაწერა და რაღაც ორსიტყვიანი note დავწერე. ჰანნა მეუბნებოდა, რა იყო ეგ, კაცი იფიქრებს რომ შენ ცხოვრებაში მეტი არაფერი ხდებაო. მაშინდელი განწყობა გადმოვეცი კარგად, რომ წერა არ მინდოდა და შესაბამისი პოსტიც გამოვიდა.
   წელს პირიქით არის, წერა მინდა და მოყოლა, რა ხდებოდა ჩემს თავს ამ წლის განმავლობაში. რამდენიმე დღის წინ მობილურში ჩავიწერე რამდენიმე მოვლენა, რომ არ დამვიწყებოდა, და ეხლა ვნახე, რომ ის მოვლენები აღმინიშნავს, რაც ცხოვრებაში პირველად გავაკეთე.

  მოკლედ, წელს პირველად:

  ვითამაშე ჩოგბურთი,  და ამ მოვლენას ცალკე პოსტიც მივუძღვენი. აქ აღარ დავწერ, თუ როგორი სიამოვნებაა, თვითონ გამოსცადეთ.

  პირველად ვიჩხუბე უცნობ ადამიანებთან, თან ბიჭებთან და თან, პატარა ბიჭებთან. ახლა რომ ვიხსენებ, ძალიან მრცხვენია, მაშინ კი ისე გავბრაზდი, რომ ყოველგვარი შეკავების რეფლექსები მომეხსნა [სხვათაშორის, ესეც ჩოგბურთს უკავშირდება].
 
  მოვიპარე სიმინდი - აი, მთელი ცხოვრება ვოცნებობდი, და ბავშვობაში ისეთი ვიყავი, სიმინდის მოპარვას როგორ გავბედავდი. ეხლა, როცა გავიზარდე და ცუდი რაღაცეები კეთების სურვილი გამიჩნდა, ავისრულე ეს ოცნება. ნუ, მთლად მე არ გადავსულვარ ყანაში და არ მომიტეხავს ტაროები, მაგრამ თანამონაწილე ვიყავი. ისე მიხაროდა, მინდოდა ყველას გაეგო :D

  ვიყავი გასაუბრებაზე, უფრო სწორედ, ტესტირებაზე, ალდაგი BCI-ში. პირველად გავგზავნე CV, ეგრევე დამირეკეს და მივედი. მართალია ამაოდ, მაგრამ მაინც - გამოცდილებაა.

  სხვა მნიშვნელოვანი მოვლენებიდან  აღსანიშნავია ის, რომ 8 წლიანი სწავლის და მე ვიტყოდი, ტანჯვის შემდეგ, დავამთავრე უნივერსიტეტი [პრინციპში, ესეც პირველად მოხდა ჩემ ცხოვრებაში]. ჩავაბარე სახელმწიფო გამოცდა, რომელიც მანამდე რაღაც შიშისმომგვრელად ჟღერდა ჩემთვის, მაგრამ მორიგი, ტიპიური გამოცდა აღმოჩნდა.
 
  მქონდა ძალიან სასიამოვნო ზაფხული - ვიყავი სოფელში და იქიდან ჩამოვიტანე პოსტების ნუსხა, რომელთაგან მხოლოდ ორი იქცა ნამდვილ პოსტად. ძალიან განსხვავებული დასვენება იყო. მგონი, პირველად ვიყავი Wonderland-ში. ალბათ იმ პოსტებიდანაც ჩანს, ახლა რომ ვკითხულობ, მე თვითონ ვერ ვცნობ საკუთარ თავს.


   ასევე, პირველად მივიღე მონაწილეობა ბლოგერების კონკურსში. მართალია, წარუმატებლად, მაგრამ ამ შემთხვევაში მე მხოლოდ მონაწილეობაც მაკმაყოფილებს.
  სულ ეხლახან კი, ძალიან საყვარელმა ადამიანმა - ვასასიმ, მე წლის ბლოგერად დამასახელა და ჯილდოც მომცა. აქ კიდევ ერთხელ უნდა გადავუხადო მადლობა მას. უკვე აღარ ვიცი, როგორ გამოვხატო ჩემი სიხარული. ხომ ვამბობდი ადრე, ბედნიერების გადმოცემა ძნელია-მეთქი :)

   ჩემმა საყვარელმა რაფამ, წელს პირველად შეასრულა Career Grand Slam, რაც ნიშნავს იმას, რომ ოთხივე დიდი სლემის ტურნირი მოიგო სულ მცირე ერთხელ მაინც. ეს წელი მისთვის ნამდვილად განსაკუთრებული იყო და აქ იმიტომ აღვნიშნავ, რომ დიდი სიამოვნება მივიღე მისი თამაშების ხილვით და გამარჯვებით გამოწვეული ჩემი წილი სიხარულიც მერგო.

    ეხლა დავფიქრდი, და მეტს აღარ დავწერ. იყოს მხოლოდ ის, რაც პირველად მოხდა ჩემთვის და მოხდა წელს. თუ რამე დამავიწყდა, მერე რომ გამახსენდება, ჩავამატებ. ამიტომ არის კარგი ბლოგი. თან, ახალ წლამდე მინდა კიდევ ერთი პოსტიც მოვასწრო. ხომ გეუბნებით, საშინლად მაგვიანდება-მეთქი :)

8 comments:

  1. მიხარია კარგი ამბების მოსმენა :)
    ყველაფერი პირველი კარგია.
    წარმატბები ნატალია პირველობაში! :*

    ReplyDelete
  2. შენი ბლოგი, ძალიან შემიყვარდა, რაღაცნაირად კარგი ადამიანი ხარ(ასე თქმა მაინც ძნელია, მაგრამ მე მგონია რო ასეა:)
    გისურვებ საინტერესო და წარმატებულ წელს.
    პ.ს შემაჯამებელ პოსტს,მეც ძვლივს მოვაბი თავი

    ReplyDelete
  3. და მე headervმომოწნს :)

    ReplyDelete
  4. რა საყვარელია... :* შენსავით...

    ReplyDelete
  5. მე ჩოგბურთელი მეგონე თავიდან )))
    გისურვებ შემდეგ წელსაც ბევრი საინტერესო პირველი რაღაცები გქონოდეს )
    მეც უნდა დავწერო ალბათ პოსტი '2010'ში პირველად აღმოვაჩინე ნატალიას ბლოგი და შემიყვარდა' :)) (საერთოდ ვერ ვეკარები ბლოგს ეს დღეებია, ახალი წლის ბრალია ალბათ. აი შენ რომ ამბობ ბედნიერი რომ ხარ წერა გიჭირსო, ასეთი რამ პირველად დამემართა)

    ReplyDelete
  6. ამას რო ვკითხულობდი, ის გამახსენდა, ჩვენ რო ვსეირნობდით და გასაუბრებებზე, შენი ზაფხული არდადეგებზე და იმ ცუღლუტობებზე რო ვლაპარაკობდით, ბავშვობაში რომ არ ჩაგვიდენია : )

    ხოოდა, მრავალს ჩემო კარგო ნატალია :)

    ReplyDelete
  7. გილოცავ პირველებს : D

    ReplyDelete
  8. ძალიან მაგარია პირველი რამეები :)
    მიყვარს

    ReplyDelete