გარშემო სრული იდილიაა - დედას ძინავს, დანარჩენები სახლში არ არიან, მე ტესტებს შორის პერიოდი მაქვს, ყავა მოვიდუღე და საათის წიკწიკს ვუსმენ.

მარტო ცხოვრების იდეა სულ უფრო და უფრო მძლავრად შემოდის ჩემს გონებაში. ზუსტად არ მახსოვს, რა ასაკიდან მომინდა ცალკე მეცხოვრა, თუმცა ეს არც თუ ისე დიდი ხნის წინ იყო. ვინაიდან ჩემი საკუთარი სახლი კიდევ დიდხანს არ მექნება [რეალურად რომ შევხედოთ მოვლენებს], გადავწყვიტე ჩემი სასურველი სახლის მოდელი შემექმნა [გამოდის, რომ მეოცნებე რეალისტი ვარ]. ზოგადად, სახლზე ბევრს არ ვოცნებობ. მახსოვს, ასეთი ტეგ-თამაში რომ იყო - 5 ოცნება, უმეტესობას ერთ-ერთ პუნქტად საკუთარი სახლი ჰქონდა და მე ეს საკმაოდ მაკვირვებდა. ახლა კი, დასვენების და განტვირთვის მიზნით, ჩემს სახლს ვქმნი.
ჩემი ბინა იქნება 4 სართულიანი სახლის მესამე სართულზე. აი, ჩვეულებრივ კორპუსში კი არა, უფრო არასტანდარტულში, შიგნით რომ შეხვალ და კერძო სახლის შთაბეჭდილებას ტოვებს. აუცილებლად ექნება დარაბები, თანაც - მწვანე.
[შთაგონებულია ამ ფოტოთი]

ოთახები იქნება ნათელი და მზიანი [თუნდაც მოღრუბლულ ამინდში]. სამზარეულო ძალიან მყუდრო და თბილ ფერებში. მახსოვს,
ერთი საახალწლო რუსული ფილმი ვნახე და იქ მთავარ გმირ გოგონას აქვს ისეთი სამზარეულო, რომ სიმყუდროვისგან სავარძელზე მოიბუზები და გენდომება, ხელში დიდი ჭიქით ცხელი ყავა გეჭიროს და თვალები დახუჭული გქონდეს.

სამზარეულოს ფანჯრებზე მექნება ჭრელი და გამჭვირვალე ფარდები, აი ისეთი, მხოლოდ სამზარეულოს რომ უხდება. აქ გავატარებ უმეტეს დროს - გამოვაცხობ, სტუმრებს მივიღებ და ნოუთბუქთან ვიჯდები. [მარტო მე მაქვს ასეთი გართულება სამზარეულოზე, თუ თქვენც გიყვართ?]
საძინებელი იქნება ღია მწვანე ფერში [დაახლოებით ისეთში, როგორიც ახლაც მაქვს], მექნება ფართო საწოლი და კარადა უამრავი სათავსოთი. სარკეები, დიდი ფანჯრები და აივანი, საიდანაც სასურველია ლამაზი ხედი იშლებოდეს. ჰო, აუცილებლად საწერი მაგიდა, უამრავი წვრილმანით [ბლოკნოტები, სტიკერები, შუში სუვენირები..] და წიგნების თარო.

ნუ, აბაზანაზე რა საჭიროა წერა.
და კიდევ ერთი ოთახი - მისაღები, ყოველდღიური თუ რაც არის, მოკლედ ოთახი, რომელიც ყველაზე დიდი იქნება, ტელევიზორით, რბილი დივანით, დაბალი მაგიდით და ბევრი სივრცით.

ჰო, ფოტოები არც ისე ემთხვევა ჩემს წარმოდგენილ ოთახებს.
აი ასე, მხოლოდ 3 ოთახისგან შედგება ჩემი მწვანე დარაბებიანი, ნათელი სახლი.
პ.ს კადნიერებას ვიჩენ და რატომღაც, ეს სახლი საფრანგეთში ან იტალიაში წარმომიდგენია.