გუშინ დავფიქრდი, რომ მკითხონ – რა გიყვარს? რას ვუპასუხებდი. ოღონდ როგორი სიყვარული იცით, არა ჩვეულებრივი – მეგობრები, დედა, ჩემი პროფესია, ბლოგერობა და ასეთი ტიპიური რაღაცეები.
აი, რა მიყვარს მე:
Tweety – მულტფილმი არც მინახავს ბევრჯერ, თვითონ პერსონაჟი მიყვარს – აი რომ ვუყურებ, სიყვარულისგან ვდნები ხოლმე, ისეთი ტიპია – ყვითელი, დიიდი თავით და ლურჯი თვალებით. არაფერი არ მაქვს თვითის, ერთადერთი მაისური, რომელიც ძალიან მიყვარს. სულ მინდა ვიყიდო რამე – საყურე, ან მობილურებზე რომ აკრავენ რაღაც სტიკერებს, მაგრამ ვერასდროს მოვაბი თავი.
მწვანე – მხოლოდ საყვარელი ფერი კი არ არის, აი ისეც, სიტყვა 'მწვანე' უკვე ძალიან კარგ რაღაცასთან ასოცირდება, გული მითბება ხოლმე.. ჩემი ფერია, მამშვიდებს.
ამელი – უკვე იმდენად ხშირად ვახსენებ აქაც და ისეც, ყველაფერს ამ ფილმს ვუკავშირებ – მოვლენებს, ჩემს ემოციებს..
ესპანეთი – ამაზე ბევრი დავწერე უკვე, საყვარელ ქვეყანაზე ბევრად მეტია, ჯადოსნურ მხარედ მაქვს უკვე წამოდგენილი :)
ყავა – ყავის სმა მთელი რიტუალია ჩემთვის. ყველგან არ ვსვამ. სადმე ისეთ გარემოში, სადაც თავს კომფორტულად არ ვგრძნობ, თუ მთავაზობენ, ყოველთვის უარს ვამბობ. უნდა ვიყო სახლში, ან მეგობართან, და თავს მყუდროდ ვგრძნობდე. თვითონ პროცესი – პირველი ყლუპიდან ბოლო ყლუპამდე, მთლიანად უნდა შევიგრძნო.
შოკოლადი – ზოგადად ტკბილეული ძალიან მიყვარს, მაგრამ ყოველთვის მაინც ვამბობ რომ მიყვარს შოკოლადი, და არა მაგალითად ნაყინი, რომელიც არანაკლებ საყვარელია ჩემთვის. რაღაცნაირად პატივს ვცემ შოკოლადს და პირველ ადგილზე ვაყენებ.
ნადალი – ჩოგბურთზე მეტად ნადალი მიყვარს. ხშირად ვუყურებ თამაშებს, სადაც რაფა არ მონაწილეობს და დიდ სიამოვნებასაც ვიღებ. მაგრამ თუ მეცოდინება რომ მან თამაშს დაანება თავი, ალბათ აღარასდროს ვუყურებ ჩოგბურთს.
Grey's Anatomy - ჩემი ფილმი [თუ სერიალი]. როცა ცუდ ხასიათზე ვარ და ვუყურებ - შვებას ვპოულობ; როცა კარგად ვარ და ვუყურებ - ბედნიერი ვარ. არა, ბედნიერი სულ ვარ, რომ ის არსებობს და ჩემს გვერდით არის, ისევე როგორც ამელი. My imaginary friends :love:
პ.ს პოსტი დრაფტში მეგდო და სოფის გამო დავასრულე, საერთოდ არ ვარ ხასიათზე და რაღაც უგერგილოდ დავწერე.
Update: რაზე, რა-ზე ვფიქრობდი, როცა ამ პოსტს ვწერდი და გრეის ანატომია დამავიწყდა?? აშკარად არ ვიყავი ხასიათზე...