Saturday, October 26, 2019

შაბათის უმიზნო პოსტი

აი ვდგავარ და ვწერ და ვწერ ამ პოსტებს და არც კი ვიცი, ვინმე კითხულობს თუ არა (ცხადია, თინას გარდა. ახალ კომენტარს რომ დავინახავ ხოლმე, ზუსტად ვიცი ვისგანაა და ერთი სული მაქვს, როდის ვნახავ). ვერც ფეისბუქზე ვაშეარებ - ბლოგის ფეისბუქ ფეიჯიდან შემთხვევით ამომეშალა ჩემი თავი და ახლა დარჩენილია უადმინოდ, ანუ უპატრონოდ. ვერაფერს ვიზამ, რომ დავიბრუნო, როგორი სევდიანია არა? შევხედავ ხოლმე ფეიჯს და ვიცი, რომ აქტივობა აღარ ექნება.

ბოლო პერიოდია, ორ რამეზე მინდოდა დამეწერა, საინფელდზე, და "ბიჭის ცხოვრება"-ზე (ცალ-ცალკე, ცხადია). მაგრამ აი სულმოუთქმელად რომ გინდა ბევრი რამე თქვა და ვერ წერ, ეგ მომენტი მაქვს, მირჩევნია, ვილაპარაკო და ვინმეს მოვუყვე. ალბათ მერე დავწერ, ახლა ამ წუთას დიდად არ მინდა. რაღაცნაირად დაღლილი ვარ, დღეს ლექციაზე სტუდენტებთან inflammation ვერ გამოვთქვი, სამჯერ დავიწყე და არ გამომივიდა და ბოლოს გავჩერდი, თავი ჩავხარე და გამეცინა, ერთ-ერთი დამეხმარა "ინფლემეიშნ"-ო და იმათაც გადაედოთ სიცილი. სულ მაინტერესებს, ნეტა სტუდენტებს მოვწონვარ? თავს ლექტორად ვერც აღვიქვამ, რაღაც მათი ტოლი მგონია თავი, თითქოს შემთხვევით მოვხვდი ლექციაზე. ძალიან, ძალიან კარგი თაობაა. უკვე ასაკოვანი ადამიანივით მემართება ხოლმე, შევყურებ და გული სითბოთი მევსება.

ახლა დესკტოპზე ფოლდერი დავინახე სახელწოდებით "post inspirations" რომელიც ადრე შევქმენი, ალბათ ბლოგპოსტების ინსპირაციისთვის; გავხსენი და სხვა ფაილებთან ერთად ტუბერკულოზის გლობალური რეპორტი დამხვდა :))) ალბათ რაღაც მომენტში შემთხვევით ჩავაგდე მანდ.


როგორ მიყვარს ასეთი გეტრები და ჯეინ ბირკინის სტილი, ზოგადად :) ისე, ბოლო დროს ფრანგი ქალების სტილმა გამიტაცა. სულ მცირე, მაკიაჟმა, ძალიან სადაა და მძიმედ შეღებვას არ მოითხოვს. ვერ ვიტყვი, რომ ფრანგებივით ვიცვამ ან მომავალში ჩავიცვამ, მაგრამ რაღაცნაირი inspiring არის, რომ უყურებ, გინდება, რომ კარადიდან რაღაც ახალი გადმოიღო და ტანსაცმელი გადაახალისო, ან დილას სამსახურში წასვლისას ოდნავ მეტად გამოიპრანჭო, ვიდრე სხვა დროს.

2 comments:

  1. ერთხელ გოგი გვახარიამ თქვა, ზოგჯერ ფილმში დიად იდეებზე მეტად იმის ყურება მიყვარს, ადამიანი ჩაის როგორ სვამსო. მეც ძალიან მიყვარს ასეთი დეტალებიანი ყოველდღიური ამბები.

    ReplyDelete
    Replies
    1. გოგის კარგი რამე უთქვამს, ზოგჯერ ეგეთ ჩაის სმას მოაქვს მთლიანად ფილმის განწყობა :)ისე, ახლა იდეა მომივიდა, რომ შემდეგ პოსტში ფილმებიდან ეგეთი სცენები გავიხსენო, სრულიად უბრალო, მარტივი, მაგრამ განწყობიანი.

      Delete