Saturday, October 26, 2019

შაბათის უმიზნო პოსტი

აი ვდგავარ და ვწერ და ვწერ ამ პოსტებს და არც კი ვიცი, ვინმე კითხულობს თუ არა (ცხადია, თინას გარდა. ახალ კომენტარს რომ დავინახავ ხოლმე, ზუსტად ვიცი ვისგანაა და ერთი სული მაქვს, როდის ვნახავ). ვერც ფეისბუქზე ვაშეარებ - ბლოგის ფეისბუქ ფეიჯიდან შემთხვევით ამომეშალა ჩემი თავი და ახლა დარჩენილია უადმინოდ, ანუ უპატრონოდ. ვერაფერს ვიზამ, რომ დავიბრუნო, როგორი სევდიანია არა? შევხედავ ხოლმე ფეიჯს და ვიცი, რომ აქტივობა აღარ ექნება.

ბოლო პერიოდია, ორ რამეზე მინდოდა დამეწერა, საინფელდზე, და "ბიჭის ცხოვრება"-ზე (ცალ-ცალკე, ცხადია). მაგრამ აი სულმოუთქმელად რომ გინდა ბევრი რამე თქვა და ვერ წერ, ეგ მომენტი მაქვს, მირჩევნია, ვილაპარაკო და ვინმეს მოვუყვე. ალბათ მერე დავწერ, ახლა ამ წუთას დიდად არ მინდა. რაღაცნაირად დაღლილი ვარ, დღეს ლექციაზე სტუდენტებთან inflammation ვერ გამოვთქვი, სამჯერ დავიწყე და არ გამომივიდა და ბოლოს გავჩერდი, თავი ჩავხარე და გამეცინა, ერთ-ერთი დამეხმარა "ინფლემეიშნ"-ო და იმათაც გადაედოთ სიცილი. სულ მაინტერესებს, ნეტა სტუდენტებს მოვწონვარ? თავს ლექტორად ვერც აღვიქვამ, რაღაც მათი ტოლი მგონია თავი, თითქოს შემთხვევით მოვხვდი ლექციაზე. ძალიან, ძალიან კარგი თაობაა. უკვე ასაკოვანი ადამიანივით მემართება ხოლმე, შევყურებ და გული სითბოთი მევსება.

ახლა დესკტოპზე ფოლდერი დავინახე სახელწოდებით "post inspirations" რომელიც ადრე შევქმენი, ალბათ ბლოგპოსტების ინსპირაციისთვის; გავხსენი და სხვა ფაილებთან ერთად ტუბერკულოზის გლობალური რეპორტი დამხვდა :))) ალბათ რაღაც მომენტში შემთხვევით ჩავაგდე მანდ.


როგორ მიყვარს ასეთი გეტრები და ჯეინ ბირკინის სტილი, ზოგადად :) ისე, ბოლო დროს ფრანგი ქალების სტილმა გამიტაცა. სულ მცირე, მაკიაჟმა, ძალიან სადაა და მძიმედ შეღებვას არ მოითხოვს. ვერ ვიტყვი, რომ ფრანგებივით ვიცვამ ან მომავალში ჩავიცვამ, მაგრამ რაღაცნაირი inspiring არის, რომ უყურებ, გინდება, რომ კარადიდან რაღაც ახალი გადმოიღო და ტანსაცმელი გადაახალისო, ან დილას სამსახურში წასვლისას ოდნავ მეტად გამოიპრანჭო, ვიდრე სხვა დროს.

Monday, October 21, 2019

Untitled Post



ეს პოსტი შემხვდა დრაფტებში, ოღონდ იყო აბსოლუტურად ცარიელი. ასე, ცარიელი დრაფტი შემინახავს დიდი რუდუნებით, გაურკვეველი მიზეზების გამო :) მაგრამ როგორც კი გავხსენი, გამახსენდა, რაზეც მინდოდა დამეწერა.

წინა კვირადღეს სოფელში წავედით, მე და მამა. დიდი ხანია, აღარ ვყოფილვარ და შემოდგომის პერიოდში იქაურობის ნახვა განსაკუთრებით მაინტერესებდა. ყველაფერი ტრადიციულად განვითარდა: წყნეთში სუპერმარკეტში შევედი "რამის" საყიდლად. რა თქმა უნდა, შიგნით რამდენიმეწუთიანი უმიზნო ყიალის შემდეგ, ისევ პური და ყველი ვიყიდე. მერე წყნეთს ავუყევით, უფრო და უფრო აცივდა, მანქანაში მინები ამოვწიეთ. მე ჰუდი გადავიცვი.

სოფლამდე საათნახევრის გზაა, მაგრამ ყოველთვის განსაკუთრებით ვემზადები ხოლმე, თითქოს ხანგრძლივი მოგზაურობა მედოს წინ. სულ ის ერთი წასვლა მახსენდება, პატარა რომ ვიყავი, ერთ-ერთ ზაფხულის არდადეგებზე, ბიძაჩემის დიდ ვოლგაში რომ ჩავბარგდით. კარაქი მიგვქონდა და გზაში რომ არ გამდნარიყო, ცივი წყლით სავსე ქილაში ჩავდეთ პირდაპირ, შეფუთვის გარეშე. მახსოვს, მანქანის უკანა სკამზე როგორ გულაჩქროლებული ვიჯექი, რომ სოფლისკენ მივიჩქაროდით. არ ვიცი, რატომ დამამახსოვრდა მაინცდამაინც ეგ გასვლა, ან ის კარაქის ამბავი. ჰო, სოფელში მაცივარი არ გვქონდა და კარაქს და მსგავს პროდუქტებს, რომელთაც ცივი გარემო ჭირდებოდათ, პატარა საკუჭნაოში ვინახავდით, რომელსაც მხოლოდ პატარა სარკმელი ჰქონდა და სულ გრილოდა. არც რამის ყიდვის შესაძლებლობა იყო სოფელში, ერთადერთი პატარა მაღაზია ჰქონდა მეზობელს. ამიტომ თითქმის ყველაფერი აქედან მიგვქონდა. მე განსაკუთრებულად ვზრუნავდი, რომ ტკბილეული არ დამვიწყდებოდა, და წონის კანფეტი, რამდენიმე სახეობის, აუცილებლად გვედო ჩანთაში.

ახლაც ასე ვცდილობ ხოლმე "რამეების" მომარაგებას, მაშინ როცა მხოლოდ ერთი დღით მივდივარ იქ. შეიძლება არც კი ვჭამო, მაგრამ ალბათ ის მზადების პროცესი მიყვარს, რომლის ტრადიციაც ღრმა ბავშვობიდან მოდის.

სოფლის გზაზე რომ გადავუხვიეთ, უკვე იმ ადგილს ველოდებოდი, როცა აღმართებზე მიდიხარ, მიდიხარ და უკვე გგონია, აღარასდროს გამოჩნდება სოფელი და ამ დროს, უცებ, ერთ აღმართს აათავებ და ქვევით გადაიშლება ხეებში შერეული კრამიტის სახურავები. მამას ვთხოვე, გაეჩერებინა და ზევიდან ფოტო გადავუღე. თითქმის ყველა ჩასვლისას ვუღებ ამ ადგილიდან ფოტოს.



გზად, სოფლის შუკებში, ტრადიციულად არავინ შეგვხვედრია. სახლისკენ რომ შევუხვიეთ, აივანზე ბებო, ბიძაჩემი და მამიდა იყვნენ გადმოდგარი. აივანზე კომშით სავსე ჯამი იდო და სურნელს აფრქვევდა. მანდ მთავრდება ყველაფერი, იქაურობა აღარ ჰგავს ბავშვობის სახლს - ყველაფერი საშინლად არეულია და საცხოვრებლად ფაქტობრივად, უვარგისი, უფრო დროებით სადგომს გავს. ამ ჩასვლისას მივხვდი, რომ იქაურობის მხოლოდ აჩრდილი იყო დარჩენილი, სანამ სახლი არ გაკეთდება, უფრო სწორედ კი, თავიდან არ აშენდება, ერთი დღით გაჩერებაც კი შეუძლებელია. მაგრამ ცხადია, მაინც მიყვარს იქაურობა. ოთახში, კედელზე, მე და ჩემი ძმის ყოველწლიურ სიმაღლეში ზრდის აღმნიშვნელ ხაზებს ვუყურებდი. მახსოვს, ყოველთვის ჩასვლის პირველივე დღეს ვიზომებოდით ხოლმე.



მე და ბებო ეკლესიაში გავედით. ახლახან მოხატეს მთლიანად. რა საოცარია, ჩემს ბავშვობაში ეს პატარა ეკლესია თითქმის დანგრეული იყო, სახურავი აღარ ჰქონდა და ცალი კედელი ჩამონგრეული იყო, შიგნით სარეველა ბალახი იყო ამოზრდილი და ვერც შეხვიდოდი. მარიამობის ღამეს მაინც მთელი სოფელი მიდიოდა და სანთლებს ანთებდა. მერე ჯერ ააშენეს, წელს კი მოხატეს, თან ისეთი ლამაზია, რომ დიდხანს აღფრთოვანებული შევცქეროდი. მაგრამ შიგნით დიდხანს ვერ გავჩერდი. ბებო სანთლების ჩაწვას ელოდებოდა, მე შიგადაშიგ ეზოში გამოვდიოდი და დავხეტიალობდი. ვიხსენებდი ამ ეზოში გატარებულ ძველ დღეებს.



რომ გამოვბრუნდით, მეზობელი შეგვხვდა და ეკლესია ვინც მოხატა, ის ბიჭი აქო, ისეთი კარგი ბიჭიაო, როგორი ლამაზი მოხატულიცაა, ისეთივე ლამაზიაო. ჩვენი სოფლიდან არაა ეს ბიჭი, მაგრამ სანამ ხატავდა, იქ ცხოვრობდა და როგორც ჩანს, ყველაზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინა. მერე დავფიქრდი, ნეტა სინამდვილეში როგორი ბიჭია, სოფელში რომ თავი მოაწონო, ხომ ბევრი არაფერია საჭირო. შეიძლება, სინამდვილეში სექსისტი და ჰომოფობია, მაგრამ ეგ ხომ სოფელში არ ადარდებთ.

საღამოს ბიძაჩემი და მამიდა თბილისში წამოვიდნენ. მე დარჩენა მინდოდა, მაგრამ თან ვყოყმანობდი, ვიცოდი, დაძინება გამიჭირდებოდა, ყველას ერთ ოთახში უნდა დაგვეძინა მე კიდევ ღამე პატარა ფაჩუნიც მაღვიძებს. თან მითხრეს, ოთახში თაგვი გვყავსო. მეორე მხრივ, ბებო მარტო რჩებოდა, მე და მამა თუ წამოვიდოდით. სანამ ვფიქრობდი, დაგვაღამდა და მე ჩემი საყვარელი საქმიანობით დავკავდი - აივანზე გავედი და  სახლებიდან მომავალ ჭურჭლის წკარუნს და მეზობლების ლაპარაკის ხმიანობას ვუსმენდი. სიტყვები არასდროს აღწევს ხოლმე, მხოლოდ ის ისმის, რომ ერთმანეთში საუბრობენ.


ბებომ ჩაი მოადუღა, საინფორმაციო ჩართო და ოთახში კარი შემოვხურეთ. სანამ გადავწყვეტდი, დავრჩებოდი თუ არა, მეზობელი შემოვიდა და ჩაის სმაში შემოგვიერთდა, ძველი დრო გავიხსენეთ. ბოლოს მაინც გადავწყვიტე, წამოვსულიყავით. ბებომ ძალიან ინერვიულა, ამ შუაღამისას სად უნდა იაროთო. გზად ტყეზე უნდა გაგვევლო და გულის სიღრმეში მეც მეშინოდა, უფრო მამას ძველი მანქანის გამო, რომელიც როდის და სად გაგიფუჭდება, არავინ იცის. ბებოს შევპირდით, რომ მეორე გზით წავიდოდით და მაგ ტყეს არ გავივლიდით.

მაინც მაგ ტყით წამოვედით (ბევრად მოკლეა გზა). ტყეში არაფერი ჩანდა, მხოლოდ უცნაური ჩრდილები და მე, მანქანის ფანჯრიდან ყურებისას, წარმოვიდგენდი, იქ როგორ ცხოვრობენ იდუმალი არსებები, რომლებიც დღე არასდროს გენახებიან. თავში მამაზმე ერისთავის ფრაზა მიტრიალებდა - ეჰა, ღამევ, სულის ჩემისაებრ ბნელო, მამცნე იდუმალნი ზრახვანი შენნი - ყოველთვის ბნელ ღამეებში მახსენდება ხოლმე. ერთ ადგილას, სადაც გზის იქით ხევია და ტყე იწყება, დღე ყოველთვის ვჩერდებით ხოლმე. ახლაც, მამამ მკითხა, ხომ არ გავაჩეროთო :) მერე ის "თამაში" გავიხსენეთ, როცა ღამით სახლში უსაფრთხოდ ხარ და უცებ წარმოიდგენ, აი ახლა აქა და აქ რომ გამაჩინა, მარტო. და მერე ამ ადგილს რომ წარმოიდგენო, მამამ. არ ვიცოდი, თუ მაგ "თამაშს" მამაც თამაშობდა :)

მოვდიოდით ბნელ გზაზე და მთვარე ნამდვილი პროჟექტორივით ანათებდა, რაღაც მომენტებში მეგონა, უკან მანქანა მოგვყვებოდა და იმის ფარებია-მეთქი, გავიხედავდი  უკან და არაფერი ჩანდა, მხოლოდ სიბნელე.

მანქანამ ყოჩაღად გაგვტარა ფათერაკებით აღსავსე ტყიანი გზა. მერე თბილისში შემოვედით და გარე განათებებთან ერთად ყველა ჯადოსნობაც გაქრა.

Monday, October 14, 2019

Friends?

 People don't listen, they just wait for their turn to talk.

ადრე წავიკითხე ეს ფრაზა (ავტორი აღარ მახსოვდა, ახლა დავგუგლე და ჩაკ პალანიკი ყოფილა) და მგონი მაშინ ფეისბუქზეც დავაშეარე. თითქოს დავეთანხმე, მაგრამ მერე მივხვდი, რომ არა, მე ყოველთვის ვუსმენ! როდესაც მესაუბრებიან, განსაკუთრებით, თუ საქმე ეხება პრობლემის გაზიარებას, მოსმენის პარალელურად თავში ათასი ვარიანტი მიტრიალებს რომ საჭირო სიტყვები მოვძებნო, პირველ რიგში, ემპათიის გამოსახატად და შემდეგ, დასახმარებლად. ისე მივეჩვიე რომ ყოველთვის სასარგებლო უნდა ვიყო, უკვე ყველასთან ერთნაირად ვარ, მეგობარი იქნება, ნაცნობი და თუ შემთხვევითი შემხვედრი, ყველასთან ერთნაირად დიდ ძალისხმევას ვდებ. ამ ბოლო დროს მივხვდი, რომ ცოტა გადავიღალე. ხშირად ვგრძნობ თავს გამოფიტულად, ენერგიადაცლილად. ამდენი შინაგანი ენერგიის დახარჯვა სხვებზე, მაშინ როცა ხშირად ისინი ვერც კი ამჩნევენ ამას, მალე დამშრიტავს და გამიჭირდება მომავალში მხოლოდ ჩემს თავზეც რომ მეყოს. არ იფიქროთ, რომ ემო თინეიჯერივით ვწუწუნებდე, რეალურად და პრაგმატულად ვუდგები ამ საკითხს, ბოლო დროს უკვე გახშირდა, როცა ვხვდები რომ ერთი ღიმილიც კი დიდ ენერგიად მიჯდება. მგონია რომ უნდა ვეცადო, ცოტა გულგრილი გავხდე. ამას განსაკუთრებით მაშინ ვგრძნობ, როცა მინდა, მე მომისმინონ და სანაცვლოდ ვიღებ არაფერს, ან უარესი, მსმენელი თავის პრობლემით მპასუხობს.

ჰოდა ის ზემოთმოყვანილი ფრაზა გამახსენდა და დავფიქრდი, რომ არ მინდა, ჩემი მეგობრობა ეგ იყოს - რიგრიგობით საუბარი. რაც უფრო მემატება ასაკი, მით უფრო მეტ გამოცდილებას ვიძენ და კომფორტულად ვარ საკუთარ თავთან, შემიძლია პრობლემებს ჩემით გავუმკლავდე, მაგრამ ხანდახან მეგობრები ენერგიის ერთადერთი წყარო ხდებიან და ეგეთ დროს არ მინდა, ზერელე დამოკიდებულება მივიღო.

ცოტა ხნის წინ რაღაც ფერსონალითი ტესტი გავაკეთე და, შეიძლება ეგ ტესტები ხშირად სასაცილოა, მაგრამ ერთი ისეთი რაღაც ეწერა, რომ თვალი ამიხილა, უფრო ზუსტად, თავის სახელი დაარქვა რაღაცას, რასაც აქამდე ვერ ვხვდებოდი - იქ ეწერა, რომ ის ფერსონალითი, რაც მე ამომივიდა, ღრმა, ძლიერ კავშირებს აქცევს ყურადღებას მეგობრობაში და ზედაპირული ურთიერთობები არ შეუძლია, ამიტომ ზოგჯერ მეგობრებისთვის დამღლელიც არის, იმდენად ბევრს ითხოვს, და ზოგჯერ მეგობრებს კარგავს კიდეც, თუ მათი მხრიდან იგივე არ მიიღო.

რა სასაცილოა, თითქოს იზრდები და ბევრი რამ იცვლება, მაგრამ ხშირად 32 წლის ასაკშიც შეიძლება 18 წლის გოგოსავით წერდე :)