Monday, September 23, 2019
25 years of FRIENDS
გუშინ 25 წელი გავიდა Friends-ის პირველი სერიის გამოსვლიდან. როგორი საოცარია, არა? ჩემს ცხოვრებაში ეს სერიალი 2014 წელს გამოჩნდა. მას შემდეგ, ანუ უკვე 5 წელია, ისინი სულ ჩემთან არიან - ჯოუი, ჩენდლერი, მონიკა, რეიჩელი, ფიბი და როსი. ახლაც ჩართული მაქვს და მათ ფონზე ვწერ (კონკრეტულად "The One with Rachel's Assistant") და სერია იწყება ასე:
მონიკა და ფიბი ქოფი ჰაუსში სხედან და მონიკა ეკითხება: Phoebe, do you think that your favorite animal says very much about you?
ფიბი ოდნავ გაოცებული პასუხობს: What, you mean behind my back?
მაინც რატომ არის ასეთი კარგი ეს სერიალი? რატომ არის, რომ ვისაც უყვარს, ვერ ჩერდება, იმდენს ლაპარაკობს? მარტო მე რამდენჯერ მილაპარაკია ჩემს მეგობრებთან! გამიხსენებია ციტატები, რომლებიც ორივე მხარემ ზეპირად ვიცით, მაგრამ მოთმინებით ვაცდით, როდის დაამთავრებს მეორე და ბოლოს ხმამაღლა ვიცინით, ან ვერ ვითმენთ და მეორე ციტატის თქმას ვიწყებთ. ცხოვრების ყველა მომენტზე რომ სერიალიდან რაღაც მომენტი გვახსენდება?
როგორ შეიძლება, ყველაფერზე ფრენდსი გახსენდებოდეს! - ეს კითხვა ალბათ ერთხელ მაინც დაუსვამთ თქვენთვის, თუ ამ სერიალის მოყვარული ხართ.
ყველას აქვს თავის მიზეზი, რატომ უყვარს "მეგობრები". ჩემთვის ეს არის.. ჰმ, ბევრი რამ, მაგრამ ცოტა ხნის წინ მთავარ მიზეზს მივხვდი, რომელიც ერთი შეხედვით, არც ისე პირველხარისხოვანია, მანამდე ბევრი რამ შემიძლია ჩამოვთვალო, უბრალოდ ეს კონკრეტული მიზეზი ახლახან აღმოვაჩინე - ეს არის მონიკას სახლი. და სახლში არ ვგულისხმობ მხოლოდ შენობას, ოთახებს. ვიცი, რომ ის ყოველთვის იქაა. როცა ჩავრთავ, დამხვდება და თავს შინ ვიგრძნობ. შეიძლება ის არაა ჩემი ოცნების სახლი, არც დიდებულია, არც რამე განსაკუთრებული, მაგრამ "It's so pretty. And look, it's purple!" (ალბათ ამას რეიჩელის ხმით კითხულობთ, არა?). მონიკას სახლი აერთიანებს ყველას, ექვსივე მეგობარს, რომლებიც დღის ბოლოს იქ იყრიან თავს, დაუკაკუნებლად შედიან, დაუპატიჟებლად გამოაღებენ მაცივარს და დღის ამბების მოყოლას იწყებენ. მონიკა კი is always a hostess.
ალბათ მიხვდებით, რომ ექვსიდან ყველაზე მეტად მონიკასთან ვაიგივებ თავს. ცოტათი როსთან (როცა მეგობრებთან ჩემს სფეროზე ვიწყებ საუბარს და არავინ მისმენს), ცოტათი ჩენდლერთან (როცა მეგობრებმა არ იციან, ზუსტად რას ვაკეთებ და ერთხელ იმუნოლოგიც კი ვეგონე. could they be more wrong?), უფრო ცოტათი ჯოუისთან (პიცა, სენდვიჩი, საჭმელი!).
ვიღაცები რომ განხილვას იწყებენ ხოლმე, ხაზს უსვამენ სერიალის ნაკლოვანებებს, საერთოდ ვერ ვხვდები, რაზეა საუბარი, როცა ჩემთვის "Friends" სერიალი აღარ არის. როგორ შეიძლება, განვიხილო ის, რაც ძალიან მიყვარს? ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნაკლოდ მიმაჩნია. უბრალოდ ჩემთვის ის უფრო მეტი გახდა და მაგ ზღვარს, როცა ობიექტურად უნდა განმეხილა, დიდი ხნის წინ გადავაბიჯე.
კიდევ რა საოცარი თვისება აქვს იცით? ყოველ ჯერზე, ხელახლა ყურებისას, რაღაც ახალს აღმოვაჩენ, არა, უფრო სწორედ, ახალი პერსპექტივიდან ვხედავ, ხან სერიალს, ხან რომელიმე ამბავს და ხანაც - პერსონაჟს. ბოლო ყურებისას, მაგალითად, ჩენდლერი პირველ სეზონებში ჰმ, საკმაოდ სიმპათიური ბიჭი ყოფილა. წინა ნახვისას, ჯენიფერ ენისტონის რეიჩელი მომწონდა ძალიან (კი, სწორად წაიკითხეთ, იმას ვგულისხმობ, რომ ახლებურად შევხედე, როგორ კარგად ითამაშა ენისტონმა ეს პერსონაჟი), იმის წინა ნახვაზე ფიბი მომწონდა განსაკუთრებულად და ა.შ.
პ.ს ამ ფოტოზე რა ახალგაზრდები არიან! ფიბი განსაკუთრებით საოცარია პირველ სეზონში, გრძელი ქერა თმებით და ცოცხალი ღიმილით.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment