Sunday, July 30, 2017

გადაყარე ნაგავი

ბავშვობიდან ეგეთი თვისება მაქვს - ყველა უსარგებლო ნივთს ვინახავ, არაფერს ვაგდებ. რა იცი, როდის დამჭირდეს-თქო, ჩემს თავს ვეუბნები. ვინახავ, ვინახავ და  მერე შემთხვევით ვპოულობ - კინოს ბილეთებს, სასტუმროს სამაჯურებს, ჩეკებს, სავიზიტო ბარათებს, იარლიყებს, კალმებს, ფურცელს, რომელზე დაწერილი ტექსტიც არაფერს მეუბნება, დახეულ/დიდი ზომის/დაპატარავებულ ტანსაცმელს..
მერე ვხვდები როგორ ბევრ ადგილს იკავებს ეს ამდენი ნივთი, რომლებიც, არ ვაღიარებ მაგრამ, უბრალოდ ნაგავია.

იგივე თვისება გადმომაქვს ურთიერთობებში და რომელიმე ადამიანთან ათას უსარგებლო მოგონებას და ემოციას ვიგროვებ.

 დროა, ნაგვის დროული გადაყრა ვისწავლო ☺

Friday, July 28, 2017

ჩემი გრინთაუნის ზაფხულები



"In the long dusks of summer we walked the suburban streets through scents of maple and cut grass, waiting for something to happen."















ცოტა ხნის წინ, ბრედბერიზე ვფიქრობდი, მის ბიოგრაფიასაც გადავავლე თვალი. უმთავრესად ხომ სამეცნიერო ფანტასტიკით არის ცნობილი, მისი ეს ჟანრიც ძალიან მიყვარს, მაგრამ ჩემთვის ის, პირველ რიგში, ბაბუაწვერას ღვინოა.

ცოტა შორიდან უნდა დავიწყო:

სკოლის პერიოდიდან ორი რამ მახსოვს ცხადად.

პირველ კლასში რომ მივედი, ვინაიდან ახალ გარემოს ჯერ მიუჩვევლები ვიყავით, მასწავლებელმა მერხზე ხელები დაგვაწყობინა, ცოტახნით თავი დადეთ და თვალები დახუჭეთო, გვითხრა. ჩვენც შევასრულეთ. მახსოვს ის უტყვი სიჩუმე, 40 ბავშვიან კლასში რომ დადგა უცებ. ხანდახან მგონია, რომ ერთხელაც ისევ იქ, პირველ კლასში, იმ მერხთან გავახელ თვალს და აღმოჩნდება, რომ მთელი ეს განვლილი ცხოვრება იმ შუადღის წაძინებისას დამესიზმრა.

მეორე რამ უფრო ხშირი და განმეორებადია - ზაფხულის არდადეგების პირველი დღე. დილას, თვალს რომ გავახელდი, ჭერს მივაშტერდებოდი და უცებ გამახსენდებოდა, რომ არაფერი, აბსოლუტურად არაფერი მქონდა გასაკეთებელი. წინ უამრავი უდარდელი დღე მელოდა. გრძელი, ზაფხულის დღეები. ნელა რომ მიიზლაზნებოდნენ და მთელი ჩემი ენერგია თამაშებში იხარჯებოდა.

ბრედბერი სწორედ ჩემი ბავშვობის ზაფხულებია. ის პირველი დილაა, როცა თვალს გავახელდი და ვხვდებოდი, რომ არაფერი მქონდა გასაკეთებელი, ნაყინის ჭამის და თამაშის გარდა. სოფელში გატარებული დღეებია, მინდვრებში სირბილით გაკაწრული ფეხებით, დღის ბოლოს მტვრის და ბავშვური ოფლის სუნით. საღამოს სოფლის აივანზე პირმოტეხილი ფინჯნიდან მირთმეული ჩაი და ყველი და პურია, მარილიანი ყველის და ტკბილ-ტკბილი ჩაის შერეული გემოებით. ზაფხულის ღამეების ხმიანობებია - ჭოტის კივილი, ძაღლის შორეული ყეფა, მეზობლის სახლიდან ქარის მოტანილი ხმადაბალი საუბრები და ჭიქებში კოვზების წკრიალი. დილით აივანზე მოფუსფუსე ბებოა, საუზმეს რომ გვიმზადებდა რუდუნებით, სანამ გავიღვიძებდით, მაგიდა გაწყობილი რომ დაგხვედროდა. ფიჭვების იდუმალი შრიალია და წიწვების მძაფრი სუნი. ახალგაჭრილი საზამთროს პირველი ნაჭერია, ხის აივანზე რომ ვჭამდით და პირდაპირ ვწუწავდით იატაკზე. კარადაში აღმოჩენილი წიგნის გაყვითლებული ფურცლების სუნია. შუადღის ჩამოცხომისას კალიების გულისწამღები ჭრიჭინია, ერთმანეთს აყოლილი და ხმაშეწყობილი. და საღამოების გარინდებაა, ტემპერატურა მაქსიმუმს რომ აღწევს, ჰაერი ისე იხუთება, ნიავი არ იძვრის და ფარდები უმოძრაოდ ჰკიდია.

ახლანდელ ზაფხულებს ასეთი ხანგრძლივი უდარდელობა აღარ ახლავს თან. თუმცა, ერთი დღეც შეიძლება საკმარისი იყოს იმისათვის, რომ უზრუნველობის განცდა დაგეუფლოს, გეგონოს, რომ ეს დღე მთელ ცხოვრებას უდრის და ცოტათი უფრო დაუდევარი და თამამი გახდე. ახლანდელ ზაფხულებს ქუჩაში ღამეული სეირნობები და კოცნები დაჰყვება თან. და მხოლოდ ზაფხულის დღეებში შეიძლება, ჭრიჭინების შორეული ზუზუნი მოისმინო, ენაზე ნაყინის ტკბილი სიგრილე იგრძნო და უცებ მიხვდე, რომ suddenly everything, absolutely everything, was there. 

Wednesday, July 26, 2017

პირველი ნაბიჯი



ჩემს საყვარელ ბლოგზე პოსტი წავიკითხე, რომელიც გოგონების მხრიდან პირველი ნაბიჯის გადადგმას შეეხებოდა.
ამაზე აქამდეც ბევრჯერ მიფიქრია. არა, პირველი ნაბიჯის გადადგმაზე არა, მანდამდე არასდროს მივსულვარ. უფრო პირველი ნაბიჯის გადადგმის შიშზე. არა, არც ეგრე შორს წავსულვარ. დაახლოებით იმ ეტაპზე ვარ, როცა ბიჭი მომეწონება, უფრო ხშირად "ნეტავ გამომელაპარაკოს/რამე დამილაიქოს/დამიკომენტაროს/მომწეროს" ვფიქრობ, ვიდრე "ფეისბუქზე მოვძებნი და დავამატებ/ვნახავ მისი საყვარელი ბენდი რომელია და საუბარს გავუბამ".

აქამდე ეს საკითხი არ მაწუხებდა. არც კი განვიხილავდი, არათუ ვხვდებოდი, რომ პრობლემა იყო. ბოლო პერიოდში კი, რამდენჯერმე დაქრაშვის მცდელობის და "მაინც არაფერი გამოვა"-ს თქმის შემდეგ თავის მინებებისას, ცხადად დავინახე, რომ პრობლემაა. აქამდე, ვისთანაც კი რამე ფორმით ურთიერთობა მქონია, ყველა მათი ინიციატივით იწყებოდა და არც ერთი იყო ჩემი რჩეული. ამით არავის დაკნინებას ვცდილობ, უბრალოდ მე მაქვს ასეთი თვისება - სანამ არ დავრწმუნდები, რომ მას მოვწონვარ, მანამდე არ ვიწონებ.

საქმე იმაში არ არის, რომ გოგო ვარ და პირველი ნაბიჯის გადადგმა არ შეიძლება. არა. ყველაზე მეტად უარის მიღების მეშინია. ეს ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე დიდი შიშია და მარტო ბიჭისგან უარს არ ეხება, ნებისმიერი უარყოფა ცუდად მოქმედებს და ამიტომ, ვცდილობ, მინიმუმამდე დავიყვანო ისეთი ქმედებები, რომელიც პასუხს მოითხოვს და ეს პასუხი შეიძლება უარი იყოს.

ამ ეტაპზე, ვინმეს მოწონების შემთხვევაში, ინიციატივის გამოჩენაზე ფიქრს დაახლოებით იმდენი დროის გასვლის შემდეგ დავიწყებ, რამდენიც ჭირდება ადამიანის კარგად გაცნობას და მისი ინტერესების მეტ-ნაკლებად სრულყოფილად შესწავლას, შემდეგ მინი-კვლევის ჩატარებას და იმ ალბათობის გამოანგარიშებას, რამდენად შესაძლებელია, მასთან რამე წამოიწყოს ადამიანმა.

[ანუ - არასდროს]