"In the long dusks of summer we walked the suburban streets through scents of maple and cut grass, waiting for something to happen."
ცოტა ხნის წინ, ბრედბერიზე ვფიქრობდი, მის ბიოგრაფიასაც გადავავლე თვალი. უმთავრესად ხომ სამეცნიერო ფანტასტიკით არის ცნობილი, მისი ეს ჟანრიც ძალიან მიყვარს, მაგრამ ჩემთვის ის, პირველ რიგში, ბაბუაწვერას ღვინოა.
ცოტა შორიდან უნდა დავიწყო:
სკოლის პერიოდიდან ორი რამ მახსოვს ცხადად.
პირველ კლასში რომ მივედი, ვინაიდან ახალ გარემოს ჯერ მიუჩვევლები ვიყავით, მასწავლებელმა მერხზე ხელები დაგვაწყობინა, ცოტახნით თავი დადეთ და თვალები დახუჭეთო, გვითხრა. ჩვენც შევასრულეთ. მახსოვს ის უტყვი სიჩუმე, 40 ბავშვიან კლასში რომ დადგა უცებ. ხანდახან მგონია, რომ ერთხელაც ისევ იქ, პირველ კლასში, იმ მერხთან გავახელ თვალს და აღმოჩნდება, რომ მთელი ეს განვლილი ცხოვრება იმ შუადღის წაძინებისას დამესიზმრა.
მეორე რამ უფრო ხშირი და განმეორებადია - ზაფხულის არდადეგების პირველი დღე. დილას, თვალს რომ გავახელდი, ჭერს მივაშტერდებოდი და უცებ გამახსენდებოდა, რომ არაფერი, აბსოლუტურად არაფერი მქონდა გასაკეთებელი. წინ უამრავი უდარდელი დღე მელოდა. გრძელი, ზაფხულის დღეები. ნელა რომ მიიზლაზნებოდნენ და მთელი ჩემი ენერგია თამაშებში იხარჯებოდა.
ბრედბერი სწორედ ჩემი ბავშვობის ზაფხულებია. ის პირველი დილაა, როცა თვალს გავახელდი და ვხვდებოდი, რომ არაფერი მქონდა გასაკეთებელი, ნაყინის ჭამის და თამაშის გარდა. სოფელში გატარებული დღეებია, მინდვრებში სირბილით გაკაწრული ფეხებით, დღის ბოლოს მტვრის და ბავშვური ოფლის სუნით. საღამოს სოფლის აივანზე პირმოტეხილი ფინჯნიდან მირთმეული ჩაი და ყველი და პურია, მარილიანი ყველის და ტკბილ-ტკბილი ჩაის შერეული გემოებით. ზაფხულის ღამეების ხმიანობებია - ჭოტის კივილი, ძაღლის შორეული ყეფა, მეზობლის სახლიდან ქარის მოტანილი ხმადაბალი საუბრები და ჭიქებში კოვზების წკრიალი. დილით აივანზე მოფუსფუსე ბებოა, საუზმეს რომ გვიმზადებდა რუდუნებით, სანამ გავიღვიძებდით, მაგიდა გაწყობილი რომ დაგხვედროდა. ფიჭვების იდუმალი შრიალია და წიწვების მძაფრი სუნი. ახალგაჭრილი საზამთროს პირველი ნაჭერია, ხის აივანზე რომ ვჭამდით და პირდაპირ ვწუწავდით იატაკზე. კარადაში აღმოჩენილი წიგნის გაყვითლებული ფურცლების სუნია. შუადღის ჩამოცხომისას კალიების გულისწამღები ჭრიჭინია, ერთმანეთს აყოლილი და ხმაშეწყობილი. და საღამოების გარინდებაა, ტემპერატურა მაქსიმუმს რომ აღწევს, ჰაერი ისე იხუთება, ნიავი არ იძვრის და ფარდები უმოძრაოდ ჰკიდია.
ახლანდელ ზაფხულებს ასეთი ხანგრძლივი უდარდელობა აღარ ახლავს თან. თუმცა, ერთი დღეც შეიძლება საკმარისი იყოს იმისათვის, რომ უზრუნველობის განცდა დაგეუფლოს, გეგონოს, რომ ეს დღე მთელ ცხოვრებას უდრის და ცოტათი უფრო დაუდევარი და თამამი გახდე. ახლანდელ ზაფხულებს ქუჩაში ღამეული სეირნობები და კოცნები დაჰყვება თან. და მხოლოდ ზაფხულის დღეებში შეიძლება, ჭრიჭინების შორეული ზუზუნი მოისმინო, ენაზე ნაყინის ტკბილი სიგრილე იგრძნო და უცებ მიხვდე, რომ suddenly everything, absolutely everything, was there.
პირმოტეხილი ფინჯნიდან ჩაი, ყველი და პური - ნამდვილი vintage-ია ჩემთვის. ოხ, ნატალია, რა კარგი რამე დაგიწერია. ჩავიკითხე, დავხუჭე თვალები და ზუსტად ზუსტად აღმოვჩნდი ჩემს მთიან სოფელში. ვიცი, შენ პათეტიკურად გეჩვენებოდა სულ "მხოლოდ მთებშია თავისუფლება" ლოლ მაგრამ არის და რა ვქნა. არის!!!
ReplyDeleteმადლობა, რომ განაგრძობ წერას.
არა, მართლა მთებშია თავისუფლება, უბრალოდ ეს ფრაზა გაცვითეს უაზროდ :))
Deleteმადლობა, რომ ჩემს პოსტებს კითხულობ! <3
ეს პოსტი გამომომრჩენია <3 რა კარგია
ReplyDeleteბოლო აბზაცი <3