Tuesday, December 31, 2013

Ghost of 2013


    მე შეიძლებოდა, ვმჯდარიყავი ბრიუგეში, პატარა მოედანზე. ღია კაფეში მეწრუპა ცხელი გლინტვეინი და მომეწერა წერილები, თუ როგორი ბედნიერი ვარ.

  შეიძლებოდა, პრაღაში ვყოფილიყავი და უგემრიელესი, ცხელი შოკოლადის თანხლებით შემექნა პოსტები.

  კიდევ ათასი ქალაქი არსებობს, სადაც ბედნიერი ვიქნებოდი, თუ ახალ წელს იქ შევხვდებოდი.

   მაგრამ, მე აქ ვარ, თბილისში, სადაც ასაფეთქებლების გამაყრუებელი ხმა ყოველწამს მიფრთხიალებს გულს.
  დღეს საღამოს, როდესაც ქუჩაში ჩემს ნინოს ("ო" გამოითქმის გაგრძელებულად) ველოდი, გული მსოფლიოში ყველაზე ბედნიერად მიცემდა და არ მჭირდებოდა არც პრაღაში ყოფნა, არც გლინტვეინი ან ცხელ-ცხელი შოკოლადი იყო საჭირო, რომ ხმამაღლა მეთქვა - მე ბედნიერი ვარ!  ბედნიერი სწორედ აქ და ახლა.

   ქალაქები და თავგადასავლები მერე იქნება, ახლა კი, ამ პოსტის წერისას, როცა ვიხსენებ განვლილ წელს, თავისდაუნებურად მეღიმება და თვალები მიციმციმებს. წელს ჩემი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა და გახდა სავსე. სავსე ემოციებით, თავგადასავლებით, დეტალური ბედნიერებებით, ადამიანებით და ადამიანით.

  არ ვიცი, რას ველი ახალი წლისგან. მინდა რომ არ გავჩერდე და განვაგრძო ახალი ქალაქების აღმოჩენა და შეყვარება, წავიკითხო უფრო ბევრი წიგნი,  აღვფრთოვანდე კიდევ უფრო მეტი სიმღერით..   მინდა რომ ისეთი ადამიანი ვიყო, რომელიც კოსმოსში კარგ ენერგიებს გაუშვებს და მერე იგივენაირად დაუბრუნდება.

 მინდა.

 

Sunday, December 15, 2013

We'll Always Have Istanbul (and Batumi)

                                                                                                           Meet me
                                                                                                           In the evening
                                                                                                           For a kiss
                                                                                                           In Taksim Square.

                                                                                                           Dreamy
                                                                                                           Summer evening
                                                                                                           Make it sleazy,
                                                                                                           My dear friend.

     ამ სიმღერას არ ვუსმენდი სტამბულში, არც იქ მიმავალ ან იქიდან მომავალ გზაზე მომისმენია, მაგრამ როგორც კი ჩავრთავ, მაშინვე ის ხვატი მახსენდება, ტაქსიმზე რომ იდგა მოსაღამოვებულზე, აგვისტოს ერთ დღეს.


     ალბათ, არ ვიქნები გამორჩეული, მაგრამ  მაინც ვიტყვი, რომ თითქმის ცხადად მაქვს წარმოდგენილი, როგორ წავალ  კიდევ ერთხელ სტამბულში, დავლევ 1 ჭიქას და ვაკოცებ ტაქსიმზე.
  ასე მგონია, რომ ყველას რაღაც გვაერთიანებს, ვინც კი ამ ქალაქში ყოფილა - ყველას დაგვრჩა რაღაც გასაკეთებელი, რის გამოც უკან აუცილებლად ბრუნდებიან.

  [მახსოვს, როგორ ბობოქრობდა რამდენიმე ადამიანი იმ პერიოდში ფეისბუქზე, ყელში ამოსულ სტამბულზე და იქ მყოფ ქართველებზე, რომელთა გამოისობოთაც  გახდა სტამბული აუტანელი. მე ასეთ ადამიანებს ბოროტებს ვეძახი და არ ვყოყმანობ ამის ხმამაღლა თქმისთვის.]

   სტამბულამდე ბათუმი იყო. ამ ქალაქმა ბევრი ბედნიერი წუთი მაჩუქა, მთელი ცხოვრება რომ მეყოფა.  გამაცნო კარგი ადამიანები და მათთან ერთად დავაგროვე მოგონებები. 
  იქ ყოფნისას ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ვიღაც ან რაღაც, ყველა ჩემს ფიქრს კითხულობს და ზრუნავს, რომ ეს ფიქრები მაშინვე და დადებითად ამიხდეს. 

        ბოლო დღეებია, მთელი გულით და სულით მინდოდა, ბათუმში ვყოფილიყავი. დიახ, თოვლიან და უშუქო ბათუმში, პარალიზებულ ქალაქში, რომელიც ყველამ მიივიწყა. ვერც მივდიოდი და არც ვიცოდი, რით დავხმარებოდი მათ, უღონოდ ვიჯექი და მეგობრებისგან დაშეარებულ დათოვლილ ქუჩებს შევყურებდი.
 


  So, meet me in Taksim tonight, a drink and a kiss, what in the world could be more civilized?

Tuesday, December 3, 2013

* * *


     ეს არის ჩემი დღის ფოტო.

   არ ვიცი, ვინც ამ სერიალს არ უყურებს, მათთვისაც ისეთივე ემოციური დასანახია თუ არა, მე კი ლამის ცრემლებამდე მიმიყვანოს.