Monday, July 29, 2013

ჩემი ზაფხულის ღვინო

 როგორც იქნა მუშაობის ბოლო საათი დაიწყო. მე ვოცნებობ, როდის მოვა 11 საათი,  ავდგები და გავეშურები სახლისკენ.

  დავიღალე.

 არა დღეს, გუშინწინ ან იმის წინ, უბრალოდ ავდექი და დავიღალე.

  ვეღარც კოსმიური ენერგიები, კოცნები და ჩახუტებები მშველის.

  შვებულებაც არა და აღარ მოდის, არადა სულ 3 დღე დარჩა, მერე სტამბულში უნდა წავიდე და ოცნება ავიხდინო.

    და ახლა, როცა ყველაფერი ასე ახლოა,  მთელი ჩემი არსება ითხოვს საწოლზე გდებას, დილიდან ღამემდე, ღამით ემბრიონის პოზაში მოკუნტვას და  ძილს, დილით ზურგზე გადმობრუნებას და ჭერზე მიშტერებას.

    გუშინ სამგზავრო კბილის ჯაგრისი ვიყიდე; იკეცება და პაწაწინა კბილის პასტა მოყვება. ხელში რომ ვატრიალებდი,  უცებ ვიგრძენი, რომ მოგზაურობისთვის ვემზადებოდი და მთელ ტანში სასიამოვნო დენებმა დამიარა.  ”მოგზაურობა” ძალიან არასწორი სიტყვაა ალბათ 2 დღიანი გასვლისთვის, მაგრამ მე უკვე კბილები მიკაწკაწებს და ვცდილობ ბოლო ძალები მოვიკრიბო.  ქრონიკული დაღლილობაც ვერ შემიშლის ხელს, რომ ბედნიერი ვიყო.

  მინდა რომ სანაპიროზე ქარი მიწეწავდეს თმას, ზღვის მლაშე სუნი მცემდეს და ყველა უჯრედით ბედნიერი ვიყო, ზუსტად იქ და იმ დროს. მერე მეც მოგიყვებოდით, რისგან შედგება ჩემი ზაფხულის ღვინო.



Tuesday, July 23, 2013

Fix me

როგორ მინდა, ვიღაც გამოჩნდეს და მითხრას, რომ ყველაფერი კარგად იქნება.






 და მერე მართლა იყოს ყველაფერი კარგად.


Friday, July 12, 2013

Flowers in my hair

Ribbons around the fumes, we'll be sleeping soon
I'd like to sleep, sleep, sleep, sleep, sleep with you.
 

    როცა ამ გამხდარ, წვერებიან ბიჭს ვუსმენ, მგონია, რომ მას ამქვეყნად ყველაფერი ფეხებზე კიდია.
 მაგრამ როგორ შეიძლება ფეხებზე გეკიდოს ყველაფერი, როცა ასეთ სიმღერებს მღერი - ცოტა სევდიანს, ცოტა სამხრეთ ამერიკულს, ცოტა დაბოლილს, ცოტა მზის სხივებიანს და ცოტა შიშველს.

  ზაფხულის ღამეებში ციცინათელები აღარ ანათებენ. რამდენი ხანია, იცით, ციცინათელა აღარ მინახავს? აღარც გამჭვირვალე კაბები ფრიალებენ ქარში და ნაყინსაც დაეკარგა გემო.

 ჩვენ ერთმანეთს ცხოვრება წავართვით.

   მე, რომელსაც მინდა რომ დილით გვიანობამდე ვიძინო, გაღვიძების მერე ნახევარი საათი საწოლში ვიწვე და თვალებმოჭუტული მზის სხივებს ვათვალიერებდე წამწამებს შორის, მერე ნელ-ნელა ავდგე და ყავის გასაკეთებლად ძალები მოვიკრიბო - აი ასეთი მე უნდა ავდგე დილის 07:30-ზე, მძინარე სხეული რაღაც ზებუნებრივი ძალებით მივიტანო აბაზანამდე, მერე, როგორმე,  ტოსტი გავიკეთო და სამზარეულოში მთვარეულივით ვიჯდე სკამზე და ერთ ადგილას მიშტერებული ვღეჭავდე გახუხულ პურს.

 მერე ჩაწყვეტილი ხმით ვილაპარაკო სამსახურში, შიგადაშიგ ტუალეტში გავიქცე სატირლად, და საღამოს, აბსოლუტური დაღლილი, რომლის იქითაც წარმოუდგენელია დაღლა, ავდგე და დამძიმებული სხეული სახლში მივათრიო.

ღმერთო, სადაა ყვავილებიანი კაბები და გემრიელი ნაყინები?


ამ დროს კი სადღაც დევენდრა მღერის სევდიანად და სამხრეთ ამერიკულად; და სადმე, პარალელურ სამყაროში, მე ფრიალა კაბით და გაშლილი თმებით მინდორში ვდგავარ და ქარისთვის მაქვს სახე მიშვერილი.



  ღმერთო, წამიყვანე დუბროვნიკში, სადაც წითელკრამიტიანი სახლები და ფირუზისფერი ზღვაა. ან, არა, არა. სადმე მთიან, ხის პატარა სახლში წამიყვანე, ღამღამობით ჭერი რომ ჭრიალებს და შიშისგან ცივი დენები გივლის ტანში; გარეთ ხასხასა ბალახი და მაღლა ატყორცნილი ფიჭვებია. სადაც ისეთი სიჩუმეა, რომ დავჯდები, ჩემი სუნთქვის ხმას მოვუსმენ. ან დავწვები ბალახებში და გავიგებ, როგორ აცოცდება ბალახის ღეროზე ჭიანჭველა.

 დევენდრა კი მთხოვს, მთხოვს რომ მიმღეროს, და მეცეკვოს და მეცეკვოს... მერე კი ერთად დავიძინოთ.
  მე მინდა, რომ ჩვენ ერთად ვცეკვავდეთ, მინდა, რომ მას ცივი, სახლში მომზადებული ლიმონათი მივართვა და ჩემს გამჭვირვალე კაბას მზე ლანდავდეს.