ახლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ, შობის საღამო დგება. ნიუ ჯერსის პატარა ქალაქში ვარ, სადაც ფარგოს ფერები და განწყობაა. ნაძვის ხის ციმციმა შუქებით განათებულ ოთახში ვზივარ და ვცდილობ, არ ვიფიქრო, რომ რამდენიმე დღეში საქართველოში ვბრუნდები.
წინა ხუთშაბათს ვილა და ატლანტა დავტოვე. ჯერ კიდევ დამჭირდება დრო, შევეგუო, რომ მაშინ, იმ ხუთშაბათს, სახლიდან არ წამოვედი. გუშინ ვილას ალბომს რომ ვაკეთებდი Facebook-ზე, მთელი დღე მოვანდომე, სანამ ჩვენი ვოთსაფის გრუფიდან ფოტოებს ავარჩევდი. არჩეული ფოტოები კიდევ ერთხელ გადავარჩიე, იმის მიხედვით, თუ რა მომენატრებოდა ყველაზე მეტად.
რა მომენატრება ყველაზე მეტად?
პირველ რიგში, თავისუფლება. თავისუფლებაში ვგულისხმობ ყველაფერს, რაც საკუთარ თავზე უფლების მოპოვებას გულისხმობს - არანაირი სხვა პასუხისმგებლობა, გარდა ჩემი თავისა. დილით გაღვიძება და იმაზე ფიქრი, რამდენ ხანში ჩავიდე საუზმეზე. შხაპი საუზმემდე მივიღო თუ საუზმის შემდეგ? დროის განკარგვა და დღის დაგეგმვა მხოლოდ ჩემი სურვილების მიხედვით, რა მინდა გავაკეთო დღეს, მარტო მინდა გავაკეთო, თუ სხვებთან ერთად. ერთადერთი პასუხისმგებლობა ემორისთან მქონდა, სამეცადინოს სახით.
კიდევ რა მომენატრება?
ვილა, თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებით.
საუზმეები მომენატრება. ძირითადად, შვრიის ფაფა სხვადასხვა არომატებით (დარიჩინი ან ყავისფერი შაქარი და ნეკერჩხლის სიროფით) და ბანანი, ან იშვიათად - იოგურტი და ბანანი. შვრიას მიკროტალღოვანში შევდებდი და სანამ მზადდებოდა (2 წუთი), აპარატში ყავას ვყრიდი და ვრთავდი. ერთხელ, მარიანი და გაელი შემომესწრნენ და მარიანმა, კოლუმბიური ყავა მაქვს ძალიან კარგიო, გაგასინჯებო და მომცა. რომ ვაკეთებდი, მთხოვა, იქნებ მეც გამიკეთოო. დავუსხი, ფინჯანი აიღო, თან გაელი ეჯდა კალთაში და მითხრა, მე ამ ყავას თითქმის ვერ ვიმზადებ, დიდი დრო ჭირდება და გაელის გამო არ შემიძლიაო. მალევე წამოვედი, თორემ აუცილებლად გავუკეთებდი ყოველ დილას ყავას.
მომენატრება სამზარეულოში გატარებული დრო, სადაც მინიმალური კულინარიული ძალისხმევის ხარჯზე ვაკეთებდი დინერს. საღამოობით, უხშირესად ეკი უკვე იქ მხვდებოდა, ყოველდღიური 2 საათიანი დინერის მზადებაში გართული და "ნატალიია" (აქცენტი "ი"-ზე) მომესალმებოდა. მე ეგრევე დავინტერესებოდი, რას ამზადებდა. უხშირესად პასუხი იყო "ჩიქენ", თან ეშმაკურად გაიღიმებდა, იცის რომ ქათამს არ ვჭამ, მაგრამ ყოველ მომზადებისას, ჯერ მთავაზობდა და უარის მერე კოვზით მოჰქონდა პირთან და არ ნებდებოდა, სანამ არ შევჭამდი.
მომენატრება სამზარეულოშივე გამართლი დინერები, როცა სასადილო ოთახამდე არც გავდიოდით და გრძელ მაგიდასთან, ფეხზე მდგომები ვჭამდით. ერთხელ, პოლის შემოთავაზებული ვიეტნამური ბრინჯის (?) როლები მოვამზადეთ. ვიეტნამელი არავინ იყო იქ, მაგრამ პოლი იმდენად გატაცებული იყო აზიური სამზარეულოთი, რომ რეცეპტი საიდანღაც მოჩხრიკა. გარდა როლებისა, იმდენი რამ მოვამზადეთ ერთად, სასადილოში აღარ გავიტანეთ და ადგილზე ვჭამეთ. სანმა უგემრიელესი სტეიკები შეწვა, ეკმა - ქათამი რაღაც სუნელებით, მე.. დოქტორ პეპერი მივიტანე :D. ზუსტად იმ დროს, როცა ვთქვით, რომ ჭამისგან ვეღარ ვსუნთქავდით, სანმა შემოგვთავაზა - ვის უნდა ბესთ აის ქრიმ ინ ზე ვორლდ! რა თქმა უნდა, ყველას გვინდოდა. ნაყინს ჯულიანამ და კაროლმა დულსე დე ლეჩე (ჩვენებურად მოხარშული სგუშონკა) ამოუდეს გვერდით. ამ დროს დავრწმუნდით, რომ კუჭს ლიმიტი არ აქვს.
მეორედ ვიეტნამური როლები რომ გავაკეთეთ, ტრადიციულად ისევ სამზარეულოში დავრჩით და ისევ უამრავი ვჭამეთ. კიმი შემოგვიერთდა და ბრინჯის თხელი ფურცლები რომ დაინახა (როლებს რაშიც ვახვევდით), მომეცით აბა ეგ თრეშ ბეგში შეხვეული რაღაც, გავსინჯო როგორიაო :) ბელისარიოს მხოლოდ როლებისთვის სოკოს შეწვა ვანდეთ და უცებ საიდანღაც პულვერიზატორი რომ ამოიღო და ტაფას დაასხა, ლამის ხელებში ვეცი, მისი მზარეულობის შესაძლებლობები რომ ვიცოდი, არ იყო გამორიცხული, რაღაც არაჭამადი გამოეყენებინა შეწვისას. მაგრამ სხვებმა ამიხსნეს, ზეითუნის ზეთია ეგეთ ფორმაშიო. ეკი თავზე ადგა და დაჰყვიროდა, დროზე შეწვიო, ისეთი სასაცილოები იყვნენ, იატაკზე ჩავიკეცე და ისე ვიცინოდი.
კიმი მომენატრება, რომელსაც სამზარეულოში ვხვდებოდი ძირითადად და "მაი ჯორჯიან ფრენდ!" - შემომძახებდა. მომენატრება მისი გულიანი სიცილი, რამეს რომ ვეტყოდი და მომიბრუნდებოდა - "გერლ, იუ არ ქრეიზი!"; ბილიარდს თამაშობდა ხშირად და როცა ჩავუვლიდი, ხელს გამომიწოდებდა და დამატრიალებდა, როგორც ცეკვისას.
ბელისარიოს "ადამაშვიილი!" - შორიდან, როგორც კი დამინახავდა, დაიყვირებდა და სასადილოში ყურებამდე გაღიმებული შემოაბიჯებდა. მერე სამზარეულოში ერთად თუ ვამზადებდით რამეს, ყოველ წუთში იმეორებდა ან მღეროდა "ნატალიაა, გერლ ფრომ ჯორჯია". დღემდე ვერ დავაჯერე, რომ ესპანურად ვლაპარაკობ. ყოველ თქმაზე, გაგულისდებოდა და მეუბნებოდა - "ჯუ დონ სფიქ სფენიშ, ნატალია! ჯუ დონ ივენ ჰევ ე ქლუ!"
- ბათ აი დუ - ვეტყოდი უმანკოდ გაოცებული, მერე ესპანურად მიწყებდა სწრაფად ლაპარაკს, თან მიყურებდა და იღიმებოდა, იცოდა, თითქმის არაფერი მესმოდა. მაგრამ მე მაინც ჯიუტად ვეუბნებოდი, რომ სწრაფად ლაპარაკობს და ამიტომ არ მესმის.
პოლი მომენატრება, თავისი გერმანული თავაზიანობით (არ ვიცი, ეს თავაზიანობა გერმანულია თუ თვითონაა უბრალოდ ასეთი). თან ახერხებდა თავაზიანი ყოფილიყო და თან მუდმივად კბილს მკრავდა - ჩემს მფლანგველობას და საჭმლის მუდმივად გაფუჭებას. ერთხელ ვახსენე, მოდელინგს ვმეცადინეობ-მეთქი და ჩემი მოძრაობები გააკეთა, ოღონდ გადაპრანჭულად, ბევრი ვუმტკიცე, ეს მოდელინგი მოდელობასთან არაფერ შუაშია-მეთქი, მაგრამ ამაო გამოდგა. ყავას დიდად არ ვსვამდა, მაგრამ რომ შევთავაზე, დამთანხმდა, კონცენტრაციაში მეხმარებაო. ერთხელ ოთახში ვიყავი და კარზე კაკუნი გაისმა, პოლი მომადგა შეწუხებული ღიმილით, შენი დახმარება მჭირდება, ძალიან ბევრი მაქვს სამეცადინო და ყავა მჭირდებაო. ერთხელ აღმოვაჩინე, რომ ბელისარიომ მოუდუღა ყავა და მოღალატე ვეძახე, მაგრამ დამამშვიდა, ძალიან ცუდი ყავააო და გამასინჯა - მართლა ცუდი იყო. მაგრამ აბა კოლუმბიელს მაგას როგორ ვეტყოდით, ცუდ ყავას ადუღებო. ამიტომ, ბელისარიო რომ შემოვიდა და ჰკითხა, როგორ მოგწონსო, მე ვუთხარი, ისეთი კარგია, ახლა ბოლომდე დალევს-მეთქი და თან პოლს ნიშნისმოგებით ვუღიმოდი. პოლი მიყურებდა "ამას მე მიკეთებ?" სახით და ძალით დალია ის ყავა. ბელისარიოს შემდეგ შემოთავაზებაზე, ყავა ხომ არ გინდათო, პოლმა სასოწარკვეთილმა შემომხედა, ნატალია, შენ გააკეთე ყავაო. მე ძალიან კმაყოფილი ვიღიმებოდი - I'm always the hostess!
მიგელი მენატრება, ჩემი სალსას მასწავლებელი. ჩემს მოუქნელ ნაბიჯებს რომ სულ აქებდა და there you go! შესძახებდა, თუ მოვახერხებდი და ფეხზე არ დავაბიჯებდი. ძალიან მონდომებული იყო, რომ მე და პოლს სალსა გვესწავლა და სულ ერთად გვაცეკვებდა.
ჯულიანას და კაროლის მომზადებული ბრიგადეირო მენატრება. კაროლის დაბადების დღეზე გამოაცხვეს ტორტი ბრიგადეიროთი, პირველი ნაჭერი მე მომცეს და სანამ ნაჭრებს ანაწილებდნენ, მე ვერ მოვითმინე და სულ შევჭამე :(
მე და ანდრეას ყველაზე კარგად გვესმოდა ერთმანეთის ხუმრობა და ჩაბჟირებამდე ვიცინოდით ხოლმე ერთად, ისე რომ სხვები ვერც ხვდებოდნენ, რა ხდებოდა.
ანას შეძახილი - "ნატალია, გოუ დაუნ!" - სადმე ბარში რომ ვიყავით, თეძოების სამხრეთ ამერიკულ მოძრაობას მასწავლიდა ხოლმე და ამ შეძახილზე ცეკვით და თეძოების ქნევით უნდა ჩავმჯდარიყავი და მეც მორჩილად ვასრულებდი :D
და ჩემი პაწაწინა გაელი! ჩემს დანახვაზე სახე რომ უნათდებოდა, მორბოდა და ხელს ჩამკიდებდა. წამოსვლის დღეს, მარიანი და გაელი დასამშვიდობებლად ოთახში
მომადგნენ, გაელის ძილის დრო იყო და წასვლისას ვეღარ ვნახავდი. ჰოლში ბევრი
ვითამაშეთ და თითქოს ხვდებაო, არაფრით არ მიშვებდა, მარიანს ოთახში რომ
შეჰყავდა, გამოექცა, ხელი ჩამკიდა და ბიბლიოთეკისკენ მიმათრევდა სათამაშოდ. მარიანმა ოთახში შეყვანა რომ სცადა, ტირილი დაიწყო და ბოლოს იძულებული გავხდი, მომეტყუებინა, წავალ და
ახლავე მოვალ-მეთქი. ოთახისკენ რომ მივდიოდი, ჰოლში უკვე ნიკაპი
ამიკანკალდა, ოთახში შევედი თუ არა, ბალიშში ჩავემხე და ბევრი ვიტირე.
დღეს გაელს საჩუქრები გამოვუწერე ვილას მისამართზე და პატარა ქარდიც მიუვა, იმედია, ოდესმე კიდევ შეგხვდები-მეთქი, ვწერ.
ეს სიმღერა შემთხვევით აღმოჩენილი არაა, მხოლოდ მე და ერთმა ადამიანმა ვიცით, რას ნიშნავს :)
i relate to it
ReplyDeletei hear you
მე ისეთ მდგომარეობაში აღმოვჩნდი, რომ ჩემი სახლის მეზობლები, რომლებიც ერთი სემესტრით იყვნენ, იანვარში თავიანთ სახლებში გაიკრიფნენ. ცოტა ხანს არამიშავდა დღესასწაულებზე და თებერვალი ძალიან გამიჭირდა მათ გარეშე. ისე ცხადად მახსოვს ახლაც ის განცდა.
<3
ჰო, როგორი სევდიანი და თან რაღაცნაირად სასიამოვნო განცდაა, რომ ეს ყველაფერი იყო და მოხდა :)
Deleteპირველ რიგში, თავისუფლება. თავისუფლებაში ვგულისხმობ ყველაფერს, რაც საკუთარ თავზე უფლების მოპოვებას გულისხმობს - არანაირი სხვა პასუხისმგებლობა, გარდა ჩემი თავისა. დილით გაღვიძება და იმაზე ფიქრი, რამდენ ხანში ჩავიდე საუზმეზე. შხაპი საუზმემდე მივიღო თუ საუზმის შემდეგ? დროის განკარგვა და დღის დაგეგმვა მხოლოდ ჩემი სურვილების მიხედვით, რა მინდა გავაკეთო დღეს, მარტო მინდა გავაკეთო, თუ სხვებთან ერთად. ერთადერთი პასუხისმგებლობა ემორისთან მქონდა, სამეცადინოს სახით.
ReplyDeleteეს აბზაცი მეგონა რომ მე დავწერე
ზუსტად ასეთი გრძნობა მქონდა
პირველად ხდებოდა ჩემთვის ასეთი თავისუფლება როცა არავის წინაშე არ ვიყავი ვალდებული უახლოესი მეგობრის წინაშეც კი ვინც ჩემს წინა ოთახში ცხოვრობდა, ჯგუფშიც ერთად ვიყავით, ერთი სამეცადინო გვქონდა და მთელ დღეს ერთად ვატარებდით...