ახლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ.. კარგი, ერთი და იგივე ფრაზით მიყოლებით ორი პოსტის დაწყება არ ივარგებს. კვირა დილაა და საუზმე პირდაპირ ყავით დავიწყე (ასეთი ერთეული შემთხვევები მახსენდება). მოიცა, დილაც არაა, 1 ხდება უკვე.
იდეაც არ მაქვს, რაზე ვწერო და ცოტა წინადადებებსაც ვერ ვმართავ. ჯერ ვიფიქრე, მომეყოლა როგორ მენატრება ატლანტა და ვილა, მაგრამ თან გამახსენდა, რომ წინა პოსტს უკანასკნელი დავარქვი, რაც თითქოს მიკრძალავს იქაურობაზე ისევ ვწერო. თან, ახლა პოლმა მომწერა რაღაც და რომ ვკითხე, ასე გვიან რატო გღვიძავს-თქო (დილის 4 ხდება იქ), ბორდგეიმი ვითამაშეთ გვიანობამდე და შემოვრჩიო. ამან ჩემი იქაური ბორდგეიმები გამახსენა და მოკლედ, არა, მოდი დღეს ვილაზე არ დავწერ.
ნიკ ქეივს ვუსმენ, იუთუბის საჯესთიდ ვიდეოებში შემომხვდა ლეონარდ კოენის სიმღერას აქავერებს (რამდენი უცხო სიტყვა დავწერე ერთ წინადადებაში?). როგორ შეუძლია ამ კაცს უცებ სევდის საბურველში გაგხვიოს. თან სულ სხვადასხვა სევდის. იმ დროს რაც გაწუხებს, იმას პოულობს, თუნდაც სადღაც სიღრმეში იყოს ჩამალული, ამოიტანს და გაიძულებს, იგრძნო. იმიტომ რომ, რაც უფრო მალავ, მით უფრო ახანგრძლივებ იმ სევდას. თუ დაუპირისპირდები და შეხედავ, უფრო ადვილია განთავისუფლდე.
მადლობა, ნიკ. You're always there for me.
No comments:
Post a Comment