ასეთი დღეები მიყვარს, ჩემს პატარა ოთახში რომ შემოვიკეტები, არსად მეჩქარება (სამეცადინო? არ მესმის რაზე ლაპარაკობთ), Sex and the City-ს რენდომ სერიას ჩავრთავ და თან მანიკურს ვიკეთებ, თავზე დიდი პირსახოცი მაქვს შემოხვეული და კერის, სამანტას, მირანდას და შარლოტის ამბებს ვისმენ. შემიძლია ეს წუთები მხოლოდ ისეთ მარტივ რაღაცებზე ფიქრს დავუთმო, როგორიცაა წავისვა თუ არა თმის დასახვევი კრემი დღეს (დიდი ხანია, არ წამისვამს და იმ დღეს ისე დამიხვია თმა, ბიჭებს ეგონათ, რომ ვარცხნილობა შევიცვალე).
Okay, ეს ინტრო იყო, ახლა ძირითად ეპიზოდზე გადავიდეთ.
ხუთშაბათს ჭამის ბრწყინვალე დღესასწაული - Thanksgiving იყო, რომელიც აქამდე ფილმებიდან და სერიალებიდან მაქვს ნანახი და ვიცი, რომ ოჯახის შეკრების ადგილია, სადაც ინდაურს ან რომელიმე სხვა კერძს აუცილებლად რაღაც ემართება.
ვილაში ლანჩი იყო დაგეგმილი 2 საათზე. მე ვერ დავრჩი, ბალასთან მივდიოდი დინერზე, მხოლოდ რამდენიმე წუთით ჩავედი. ყველა უკვე სასადილოში დამხვდა, საგანგებოდ გამოპრანჭულები. პატარა გაელი კუბოკრულ პერანგში იყო გამოწყობილი ❤ ჩემი უბერი რომ მოვიდა, გამომეკიდა, ხელი ჩამკიდა, ტირილი დაიწყო და არ მიშვებდა :(
ბალასთან დამხვდა სამოთხე! მოლი, გოგონა სუპერძალებით, დილის 8 საათიდან სამზარეულოში ამზადებდა მთელი დინერის კერძებს, სრულიად მარტო! ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ ამდენი რაღაც ერთმა ადამიანმა მოამზადა და ცოცხალი გადარჩა. სანამ ინდაური ღუმელში იბრაწებოდა, ჩამოვიარე და სხვა კერძებს გადავხედე. მართალი აღმოჩნდა რასაც ამბობენ - ინდაურზე მეტად გარნირებია საინტერესო მადლიერების დღის დინერში.
დინერის მოლოდინში, ვეიდს და განერს გავუშიანურდი. Okay, აქ უნდა გავჩერდეთ. ყველაფერი არც ისე მარტივადაა, როგორც ერთი შეხედვით ჟღერს. ვეიდი და განერი პიტბულები არიან, მე კი კინოფობია მაქვს. ამიტომ პირველი წინადადება ხელმეორედ წაიკითხეთ და მიხვდებით, რომ "გავუშინაურდი" ძალიან მარტივი სიტყვაა ჩემი მიღწევის გადმოსაცემად. როცა მოგვიანებით, მაგიდასთან ვიჯექი, ვეიდის თავი მუხლზე მედო და ვეფერებოდი, ზუსტად ვერ ვხვდებოდი, სიზმარში ვიყავი თუ ცხადში.
დინერი ზუსტად ისეთი იყო, როგორც ფილმებში! ბოლოს ყველა სკამებზე გადაწოლილი ვიყავით და ვკვნესოდით, მოლის ვაქებდით (უკვე მეათედ), ის კი წუწუნებდა თუ რა არ გამოუვიდა კარგად, რაც სხვა არავის გვაწუხებდა, იმიტომ რომ იდეალური დინერი მოამზადა! საუკეთესო ნაწილი ის იყო, როცა ბოლოს მოლიმ დიდი კონტეინერი გამივსო საჭმლით და წინ დამიდო. მთელი 3 დღე არაფერი მომიმზადებია და ამ ლეფთოვერებით გავიტანე თავი, გუშინ საღამოს დავამთავრე როგორც იქნა.
საჭმლის თემა რომ გავაგრძელო, წინა პარასკევს, ეკის და ვეიტაოს დაჟინებული თხოვნის შედეგად, ქართული კერძები მოვამზადე (შეგახსენებთ, რომ ეკი და ვეიტაო ჩემი ტაილანდელი და ჩინელი ძმაკაცები არიან, რესფექთივლი). თავი დავიზღვიე და იოლი კერძები ავარჩიე - ლობიო და ჭვიშტარი.
პარასკევს ლექციები არ მაქვს, ამიტომ გადავწყვიტე, ადრე დამეწყო კეთება და სანამ სხვები დაბრუნდებოდნენ, დამეხვედრებინა. ზუსტად ორსაათნახევარი ვიდექი სამზარეულოში! ლობიოს მოხარშვას დიდი დრო სდომებია, განსაკუთრებით, თუ თავზე ადგახარ ქვაბს
ამიტომ ამ ხნის განმავლობაში ბევრმა ვილელმა ჩაიარა და თავი დამაპატიჟებინა კერძზე. ბოლოს უკვე ინერციით ვპატიჟებდი იმათაც, ვისაც არანაირი სურვილი არ გამოუთქვამთ.
ჭვიშტარის ცომის მოზელა რომ დავიწყე, კოლუმბიელები, მიგელი და ბელისარიო შემომესწრნენ და ცხადია, დაინტერესდნენ რას ვაკეთებდი. მათაც თავი რომ დაიპატიჟეს, შემთხვევით ვისარგებლე და ბარემ დავიხმარე - ყველი მომიხეხეს ცომზე და კიტრი და პომიდორი გავარეცხინე სალათისთვის (ბელისარიო ისე ზერელედ რეცხავდა, სამჯერ მივაბრუნე ონკანთან, ბოლოს რომ მორჩა, ჯამი ამოიღო და მეუბნება you are going to wash it again don't you-ო).
სანამ ჭვიშტარებს ვაცხობდი, ვეიტაო შემოვიდა სამზარეულოში წუწუნით, შიმშილით ვკვდებიო, ამასობაში, ბალაც მოვიდა და ცოტახნით ვეიტაო პინგ პონგის თამაშით გაართო. მე ღმერთმა ზაჰირა გამომიგზავნა, რომელმაც სურვილი გამოთქვა სალათა დაეჭრა. სანამ ის მორჩებოდა, ჭვიშტარიც გამზადდა, ყველას მოვუხმე და სუფრას მივუსხედით (მადლობა ღმერთს, ყველა დაპატიჟებული არ მოვიდა).
მე იმდენად დაღლილი ვიყავი, ფაქტობრივად არ მიჭამია, აი, მონიკა რომ ჩენდლერის და ჯოუის სახლს დაალაგებს, ყველას დაპატიჟებს და ბოლოს მკვდარივით მიესვენება დივანზე, თქვენ დარჩით და მე წავუძინებო, ასე ვიყავი. მხოლოდ გემო გავუსინჯე კერძებს და ვუყურებდი, სხვები როგორ ჭამდნენ. ჭვიშტარი მოცარელათი გადასარევი გამოვიდა (ნუ, ჭვიშტარის გემო ჰქონდა სულ მცირე), ლობიო კი ზუსტად ისეთი, როგორსაც სახლში ვამზადებთ ხოლმე! ბალა მყავდა შემფასებლად და მანაც დაადასტურა, რომ ნამდვილი ქართული გემო ჰქონდა.
მიუხედავად ბევრი მჭამელისა, ლობიო მაინც დარჩა და ერთი კვირა თავი გამატანინა. არადა, მანამდე, ვინმეს რომ ეთქვა ჩემთვის, 3 დღის წინ მომზადებულ საჭმელს შეჭამო, არ დავუჯერებდი.
ტრადიციულად, პოსტის ბოლოს ახალი აჩემებული სიმღერა - მეცადინეობისას, შესვენების პერიოდში ვუსმენ ხოლმე და სკამზე დამჯდარი ვცეკვავ
No comments:
Post a Comment